დისტანციური სწავლების გამოწვევები გაკვეთილზე და როგორ გავართვათ მათ თავი

უკვე ორი თვეა, რაც საგანმანათლებლო პროცესებმა სახლის კედლებში გადაინაცვლა. ქართულ სკოლას დისტანციურ ფორმატში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვა სასკოლო საზოგადოებისთვის საუკუნის გამოწვევად იქცა.

განათლების სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, სკოლის ყველაზე პრიორიტეტულ ამოცანად მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს შორის ეფექტიანი პროფესიული ურთიერთობის შენარჩუნება,  ცოდნათა გამეორება-განმტკიცება და  საგანმანათლებლო გამოცდილების შესაძლებლობის ფარგლებში გამდიდრება რჩება. ასევე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მოსწავლეებისთვის საჭირო სასწავლო მომსახურების მიწოდების უსაფრთხო გზების გამონახვა.

ბუნებრივია, დისტანციური ფორმატი ვერ ჩაანაცვლებს სასკოლო დღის ჩვეულ რეჟიმს, რადგან მოსწავლეებს და მასწავლებლებს შორის კომუნიკაცია სტანდარტული საგაკვეთილო სტრუქტურით ვერ წარიმართება. აქედან გამომდინარე, შეიზღუდა საგაკვეთილო დრო და წარმოიქმნა დილემათა მთელი ჯაჭვი, რომელთა გადაჭრასაც გარკვეული გამოცდილება, დრო და ძალისხმევა სჭირდება.

სასწავლო მოტივაციის შექმნა ურთულესი ამოცანაა შინ სწავლის პირობებში. გარეგანი მოტივაციისა (განმსაზღვრელი შეფასება) თუ სხვა წამახალისებელი აქტივობების გარეშე დარჩენილი მოსწავლის სახეცვლილ სასწავლო პროცესში ჩართვა არც თუ ისე ადვილია. მშობელს არ აქვს მასწავლებლის ფუნქციის შეთავსების ვალდებულება, ბავშვს კი ოჯახში ყურადღების მობილიზება ორმაგად უძნელდება და ყველა შესაძლო ხერხს მიმართავს მეცადინეობის თავიდან ასარიდებლად.

რატომ უნდა დაინტერესდეს   ონლაინ გაკვეთილზე  მოსწავლე ჩემი დავალებით? აი, რა კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს  დისტანციური დავალების დაგეგმვის პროცესში. დაგვჭირდება ერთგვარი დავალება-კაუჭები, რომლის დახმარებითაც მოსწავლის სასწავლო პროცესში  ინტერესით ჩართვას შევძლებთ. ამას გარდა, ბავშვები შეძლებისდაგვარად უნდა დავაკავოთ ისეთი საქმიანობით, რომელიც აკადემიური მიზნების მიღწევას სახლის პირობებშიც ხელმისაწვდომს გახდის. დავალებები მაქსიმალურად უნდა მოვარგოთ ოთხ კედელში გამოკეტილი მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებს (რა შეუძლიათ დამოუკიდებლად, რა ტექნიკური საშუალებით, რესურსით არიან აღჭურვილნი და ა.შ.). ამას გარდა, დისტანციურ შეხვედრებზე  მოსწავლეებს ახალი გამოცდილების გაზიარების საშუალება თუ მიეცემათ, ეს მათი ჩართულობის ხარისხს გაზრდის და სასწავლო პროცესსაც გამოაცოცხლებს.

თავიდან მოსწავლეთა დაინტერესება ძალიან გამიჭირდა. პოზიტიური ვიდეო ინსტრუქციების, სამოტივაციო თვალსაჩინოების თუ დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმის მიუხედავად, მოსწავლეთა დისტანციურ დავალებებში ჩართულობის ხარისხი ძალიან დაბალი იყო.

როგორ გადავჭერით ეს პრობლემა? ერთ-ერთი ძალიან საჭირო ადამიანური თვისების – ცნობისმოყვარეობის დახმარებით. კეთებით სწავლების, კვლევისა თუ პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებზე დაყრდნობით, მოსწავლეთა საცხოვრებელი გარემო საკვლევ საგნად და სასწავლო რესურსად ვაქციეთ. ამას გარდა, შევეცადეთ, რომ სასწავლო აქტივობების უმეტესობა რეალური (ბუნებრივად არსებული თუ ხელოვნურად შექმნილი) საჭიროებებისთვის დაგვეკავშირებინა.

რაც შეეხება უშუალოდ მასწავლებლის „სამზარეულოს“, პირველ გამოწვევად დისტანციური დავალების დაგეგმვას დავასახელებდი.

ადრე როგორ ვგეგმავდით გაკვეთილს? – ვარჩევდით სასწავლო თემას, ვისახავდით მიზნებს, ვინიშნავდით გაკვეთილის ფაზების შესაბამის აქტივობებსა თუ რესურსს, საჭიროებისამებრ, ვქმნიდით ან ვიმარაგებდით საგაკვეთილო მასალებს და ფიზიკურ გარემოსაც საგაკვეთილო მიზნის შესაბამისად ვაწყობდით… რაც შეეხება დავალებას, იგი უმეტესად გაკვეთილზე შესრულებული სამუშაოს, ანუ ახალი ცოდნისა თუ უნარის ინდივიდუალურად განმტკიცებას ემსახურებოდა.

და რა ხდება ახლა? – ვცდილობთ გაკვეთილის საშინაო დავალებაში ჩაშენებას. აქედან გამომდინარე, მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის როლი ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეს აღარ აქვს იმ დოზის აკადემიური მხარდაჭერა, რასაც სკოლაში მისგან იღებდა. ამიტომაც, თითოეულ დავალებას თან უნდა გაყვე ვიდეო ან აუდიო ინსტრუქციის სახით, სადაც თანმიმდევრულ ნაბიჯებად ჩაშლი შესასრულებელი სამუშაოს ყველა დეტალს, გზავნილს გაამდიდრებ თვალსაჩინოებით, მისაღები დავალების ნიმუშებით და ა.შ.

შემდეგი გამოწვევა თავად საგაკვეთილო პროცესი გახლავთ. საკლასო ოთახებში მასწავლებლის მდებარეობა, მისი მოძრაობის სიხშირე და ტრაექტორია, მერხების განლაგება, გამოყენებული რესურსები და ა.შ. მოსწავლეთა საჭიროებასა და გაკვეთილის მიზანს მაქსიმალურად იყო მორგებული და გაკვეთილის მიმდინარეობაც გაცილებით დინამიკური და მრავალფეროვანი (საკლასო, ჯგუფური, წყვილები, ინდივიდუალური) გახლდათ.

რა ხდება ახლა? – დისტანციური გაკვეთილი მაგონებს ყოველ წუთს სხვადასხვა ოთახში თვალდახუჭულ სირბილს, რადგან მათ რომც უყურებდე, მაინც ვერ ხედავ. არ იცი, რა ხდება მათ საშინაო-საკლასო ოთახებში, როცა შენ ახალ საკითხს განმარტავ, კითხვებს სვამ ან ვარაუდის გამოთქმას ითხოვ. მთავარი დილემაც ესაა – კლასი აღარაა ერთიანი სივრცე, გუნდი… თითქოს ბავშვები წინ გისხედან, ხედავ და გესმის მათი, მაგრამ ამ ვირტულური ფანჯრების მიღმა იმდენივე ოჯახი ფეთქავს, რამდენი მოსწავლეც ესწრება გაკვეთილს. ამას გარდა, მრავალშვილიან თუ პატარა სახლის მქონე ოჯახებს ბავშვებისთვის იზოლირებული სამეცადინო სივრცის გამოყოფა უჭირთ და რა გასაკვირია, თუ მათ აბსტრაქტულ საგანმანათლებლო სივრცეში შემოტყუებას ვერ ვახერხებთ?!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მასწავლებელი არა მარტო აკადემიური,  ეთიკური   გამოწვევის  წინაშეც დგება.

განსხვავებულ ფორმატში უწევდა თანამშრომლობა „მოსწავლე-მშობელი-მასწავლებელი“ ჯაჭვის თითოეულ წევრს. დღეს კი სამივე რგოლი ერთ სივრცეში მოხვდა. ამას გარდა, დაწყებით საფეხურზე მშობელთა ნაწილს სხვადასხვა მიზეზით მასწავლებლის ფუნქციის შეთავსებაც უწევს, რასაც დადებით მხარესთან ერთად უარყოფითი შედეგებიც ახლავს.

განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, მშობლებს არ უნდა შევუქმნათ დამატებითი სირთულეები. ისინი უნდა დავამშვიდოთ  და ავუხსნათ, რომ  ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიმდინარე დისტანციური სწავლება არსებითად მხარდაჭერაზეა ორიენტირებული… ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ მიერ დასმულ კითხვებს, დროულად მივაწოდოთ უკუკავშირი და ნათლად ავუხსნათ, როგორი ფორმით ვმუშაობთ მათ შვილებთან.

როგორც ხედავთ, ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, თუმცა სასკოლო საზოგადოების მხრიდან –  დიდი ძალისხმევა, მშობლებისგან კი თანამშრომლობის სურვილია საჭირო. ძალიან დაგეხმარებათ მათთან ინდივიდუალურად დაკავშირება, რეალური საჭიროების რაც შეიძლება ეფექტურად, დელიკატურად წარმოჩენა, მშობლის როლის მკაფიოდ განსაზღვრა, მათი ჩართულობის მნიშვნელობის ხაზგასმა და ა.შ. თუმცა ზემოაღნიშნულ პროცესებში უმჯობესია, მასწავლებელი სასკოლო გუნდთან (ფსიქოლოგი, დამრიგებელი, ადმინისტრაციის წევრი და სხვ.) თანამშრომლობის შედეგად დასახული სტრატეგიული გეგმით მოქმედებდეს.

ონლაინ ჩართვების დროს, მასწავლებელი კიდევ ერთი ურთულესი გამოწვევის წინაშე დადგა. როგორ უნდა შეძლო ახალი ცოდნის გადაცემა შემცირებული და სახეცვლილი გაკვეთილების ფონზე?!

ეს ყველაფერი თავიდან შეუძლებლად მეჩვენებოდა. თუმცა მე და ჩემს კოლეგებს მიზნის მიღწევაში საკმაოდ მრავალფეროვანი და ახალ გამოწვევებს მაქსიმალურად მორგებული ერთ-ერთი აკადემიური პლატფორმა დაგვეხმარა. მასში ფაქტობრივად, მთელი სკოლა გადავაწყვეთ, ანუ გავაციფრულეთ: შევქმენით კლასები და შევარჩიეთ დისტანციური დავალებების ფორმატი, რომელიც მოსწავლისთვის ნაცნობი ყველა შესაძლო ფორმით (პრეზენტაცია, ფურცელი ჩანაწერებისთვის, ფოტოს, ხმოვანი და ვიდეო გზავნილის ატვირთვის ფუნქციები და სხვ.) დავალებების აწყობას, გაგზავნას, შესრულებული სამუშაოს მიღებას და მასზე უკუკავშირის მიწოდებას უზრუნველყოფდა. მსგავსი „გაჯეტები“ მრავლად მოიძებნება ციფრულ სამყაროში, მთავარია, სწორად შეარჩიო შენი სკოლის მიზნისა და ინტერესების შესაბამისი „იარაღი“ და მისი ეფექტურად მართვა ისწავლო. ამას გარდა, ონლაინ ჩართვებს მოსწავლეთა მცირე ჯგუფებთან წარვმართავთ, რაც თითოეული მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობას, ახალი ცოდნის ეფექტურად გადაცემა-განმტკიცებას და ქცევის მართვას მნიშვნელოვნად აადვილებს.

კიდევ ერთ  გამოწვევად მოვიაზრებ ემოციურ ფაქტორს, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას ან პირიქით – უკონტროლოს ხდის. ამის მიზეზი შეიძლება ბავშვის შინაგანი განწყობა ან ინდივიდუალური ბუნება იყოს. განვიხილოთ მოსწავლის მაგალითი, რომელიც ჩუმად იჯდა გაკვეთილზე ან სხვადასხვა მიზეზით უჭირდა საგაკვეთილო პროცესში მიზნობრივად ჩართვა. იგი მაქსიმალურად ეცდება, გაექცეს სასწავლო გარემოს, რომელიც მისთვის ორმაგად არასასურველი გახდა. რაც შეეხება გადაჭარბებულ ჩართულობას, მოცემულ შემთხვევაში მას უმეტესად კომუნიკაციის სიმწირე განაპირობებს. მსგავს შემთხვევაში სასურველია, მოსწავლეს სხვადასხვა გზით დავუკმაყოფილოთ „სოციალური შიმშილი“. ინერტულ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან კომუნიკაციისას კი კომპლექსური მიდგომაა (ინდივიდუალური კონტაქტი, მშობლის „გადმობირება“, მეტი მხარდაჭერა დავალების შესრულებისას, შესასრულებელი სამუშაოს პრობლემის შესაბამისად გამარტივება და სხვ.) საჭირო.

დისტანციური სწავლებისას ერთ-ერთ  გამოწვევას  მიღწეული შედეგების გაზომვა წარმოადგენს.  კლასის, საგნის და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, მასწავლებელს შეუძლია განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება.

ურთიერთგაზიარებისა და ჯგუფური მუშაობის დეფიციტის  გარკვეულწილად მოგვარება შესაძლებელია, თუმცა დამატებით ადამიანურ და ტექნიკურ რესურსს საჭიროებს. დისტანციური შეხვედრების ნაწილი შეგვიძლია, დავუთმოთ მოსწავლეთა მიერ მართულ მინი-პრეზენტაციებს. ამას გარდა, თუ სკოლას შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა აქვს, შეუძლია, შექმნას ერთგვარი ონლაინ სივრცე (საიტი, ბლოგი), რომელზე წვდომაც მხოლოდ სასკოლო საზოგადოებას ექნება და მოსწავლეები ერთმანეთს ახალ ნამუშევრებსა თუ გამოცდილებას გაუზიარებენ. რაც შეეხება ჯგუფურ სამუშაოს, მოსწავლეთა მცირე ჯგუფების დაკავშირებისთვის შეგვიძლია, გამოვიყენოთ საგნობრივი შეხვედრებისთვის შერჩეული უსაფრთხო „საკლასო ოთახი“. შეხვედრების დრო და ხანგრძლივობა შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს. ჩემი აზრით, მსგავსი ინიციატივები პოზიტიურად იმოქმედებს მოსწავლეთა ჩართულობაზე და ურთიერთსწავლების, თვითგამოხატვისა და გაზიარების პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სივრცე მზად არ აღმოჩნდა დისტანციური სწავლა-სწავლების თანმხლებ გამოწვევებთან გასამკლავებლად, საშინაო სკოლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა. რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიოსთვის ისევ პრიორიტეტულ საკითხად რჩება განათლება, რომლის დახმარებითაც ადამიანი ამ ახალ გამოცდილებასაც განვითარების შემდგომ საფეხურად აქცევს.

 

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

კომენტარები

comments