პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ლევან ბუთხუზი – მასწავლებელი არის ბურჯი, რომელზედაც დგას სახელმწიფო და საზოგადოება

National Geographic  — ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების პერიოდული გამოცემაა, რომელიც პირველად 1888 წლის ოქტომბერში გამოიცა და 126 წლის შემდეგ უკვე  მსოფლიოს 37 ქვეყანაში გამოდის. მისი მკითხველთა რაოდენობა კი დაახლოებით 100 მილიონს შეადგენს. ისტორია, გეოგრაფია, ანთროპოლოგია, არქიტექტურა, კულტურა, მეცნიერება, ფოტოგრაფია – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ჟურნალი აშუქებს და რომელიც მის  მსოფლიო პოპულარობას განსაზღვრავს. მისი საავტორო ნიშანი, ყვითელი ჩარჩო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდია და იგი  განათლებასა და მეცნიერებაზე მიუთითებს.

2012 წლიდან საქართველოში  ქართულ ენაზე  გამოიცა „National Geographic საქართველო”, რომელიც ქართველ მკითხველში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მთავარი რედაქტორი ლევან ბუთხუზი mastsavlebeli.ge-ს სტუმარია.
თუმცა „National Geographic საქართველო”-მდე ლევან ბუთხუზმა მსოფლიოს გარშემო ველური ბუნების შესწავლის დიდი გზა გაიარა. უდაბნო, ტროპიკული ტყეები, სტეპები, ტუნდრა, ტაიგა –  თითქმის 40 ქვეყანა შემოიარა, სადაც მგლების, აფთრების, ლეოპარდების, სპილოების, მაიმუნების და ველური ბუნების თითქმის ყველა ბინადრის ცხოვრებას სწავლობდა.  

თუმცა ყველაფერი საქართველოდან დაიწყო. ბავშვობიდან ცხოველების უსაზღრო სიყვარულმა ბიოლოგობა გადააწყვეტინა, ველური ბუნების შესწავლა კი ლაგოდეხის ნაკრძალიდან დაიწყო. 

„მას შემდეგ უამრავი ქვეყანა მოვიარე და დავრწმუნდი – არსად ისე ახლოს არ არიან ვარსკვლავები, როგორც ლაგოდეხის ნაკრძალში. საოცრებაა. ლაგოდეხის ნაკრძალიდან დანახული ცის მსგავსი სამყარო არ არსებობს. იმ დღეებიდან კიდევ ერთი “კადრი” ჩამრჩა მეხსიერებაში. ერთ დღეს გარიჟრაჟზე ავდექით და დასაკვირვებლად გავედით. ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრზე ვიყავით. ერთ ადგილზე შესასვენებლად ჩამოვსხედით. მზე ამოსვლას იწყებდა. დავინახე, მოპირდაპირე კლდის ქიმზე მგელი იდგა. ასწია თავი და ყმუილი დაიწყო, მაგრამ საზარელ ხმას კი არ გამოსცემდა, მისი ყმუილი ბეთჰოვენის მუსიკას ჰგავდა. გავირინდეთ, თითქოს სიცოცხლეს “ესალმებოდა”. მგლის ყმუილი ამომავალი მზის ჰიმნი იყო. ვარსკვლავებიანი ცა და ეს “კადრი” ალბათ არასდროს დამავიწყდება, მიუხედავად იმისა, რომ მერე ცხოვრებაში ბევრი ლამაზი რამ ვნახე”.
„სამი რამ ამდიდრებს ადამიანს სულიერად – კითხვა, მუსიკა და მოგზაურობა. რომელიმე კონპონენტი თუ ამოვარდნილია, ამით ადამიანი არ მდაბლდება, მაგრამ უკეთესია, რომ ეს ასე იყოს. როდესაც შენს თავთან რჩები და გაქვს ემოციის გადაცემის მოთხოვნილება,  ამ ყველაფერს ერთად კრავს  მოგზაურობა. მოგზაურობა ამდიდრებს ადამიანს, რადგან ხვდები სხვა კულტურებს. სხვანაირად მოწყობილი ტვინის ადამიანებს ნახავ. ის უფრო ღიას, ტოლერანტულს გხდის და  უკეთესი გადაწყვეტილებების საშუალებას გაძლევს. ამით შენს ქვეყანასაც  მეტად გამოადგები. ეს არის ჩემი მოტივაცია და პრაქტიკული შედეგი, რაც შეიძლება მოგზაურობამ მოიტანოს. არსებობენ   ადამიანები ვისაც, არ უყვართ მოგზაურობა, მაგრამ ჩემთვის ეს  არის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება,  ახლის მიღება და ჩემი სულიერი სამყაროს გამდიდრება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კმაყოფილების გრძნობაა.  

საქართველოში ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ აუცილებელია სამოგზაუროდ საზღვარგარეთ წასვლა.  ვიდრე საზღვარგარეთ მოგზაურობას დავიწყებდი, მანამდე შესწავლილი მქონდა მთელი საქართველო. მე თუ მკითხავთ, დანაშაულია, როდესაც შენი სამშობლო არ გაქვს ნანახი. არადა, დღეს არც თუ ისე ძვირი ჯდება საქართველოში მოგზაურობა.  საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანს შეუძლია ძალიან მარტივად ზურგჩანთა მოიკიდოს და თუ ფიზიკურად მზად არის, საქართველო დალაშქროს. საქართველო არის – მთელი მსოფლიო კონცენტრირებული პატარა ადგილას. იმდენი ეთნიკური, სუბენთნიკური, ბუნებრივი სიმდიდრე გვაქვს პატარა ქვეყანაში, რომელიც მაქსიმუმ 70 ათასი კვ. კილომეტრია, ისეთი უზარმაზარი ეკოსისტემებია კონცენტრირებული – სუბტროპიკებიდან დაწყებული უდაბნოთი დამთავრებული, მთა, ზღვა, ყველაფერი რაც ბუნებაში არსებობს, ამას ბევრ ქვეყანაში ვერ შეხვდებით. ეს რაც შეეხება ველურ ბუნებას, მაგრამ თვითონ ადამიანური თვალსაზრისით. ერთი შეხედვით გვგონია,  რომ საქართველოს სუბეთნიკური და მიკროეთნიკური გარემო – იმერელი, მეგრელი, კახელი და ა.შ. – ვიცით, მაგრამ გამოდის, რომ ძირითადად ყველას ვიცნობთ ანეგდოტებიდან და გარკვეული სტერეოტიპები გვაქვს ჩამოყალიბებული, რომელიც რეალობასთან ნაკლებად არის ახლოს და ზედაპირულია. ის სიღრმეები, რაც ადამიანებს აქვთ ადგილზე, რუკის იმ წერტილში უნდა ნახო, სადაც ისინი ცხოვრობენ. ეს ცალკე მთელი სამყაროა.

როდესაც შენ ტურისტად კი არ ჩაიქროლებ  სადმე, ვთქვათ რაჭაში, არამედ რომელიმე ოჯახში შეხვალ დასველებული და ითხოვ თავშესაფარს. ოჯახის წევრები  სიამოვნებით დაგელაპარაკებიან  ჩაისთან და არ არის საჭირო ღრეობა. ამ დროს სრულიად სხვა განზომილებაში გადადიხარ და ადამიანური კომუნიკაციები გაჩვენებს, ადგილზე რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ამა თუ იმ კუთხის მაცხოვრებელი, ვიდრე თბილისში ნახულობ. ამ თვალსაზრისით ეს მრავალფეროვნება საქართველოსთვის ძალიან დიდი სიმდიდრეა. ამას რომ სწავლობ, ამისთვის სულ არ არის საჭირო, სადღაც აფრიკაში ირბინო, ამის დრო მოვა. შენს ქვეყანას კარგად რომ იცნობ, უკვე მზად ხარ ისეთი კულტურების სანახავად, რომლებიც რადიკალურად განსხვავებულია შენგან. როდესაც არ იცნობ და სხვა ქვეყნის სანახავად გარბიხარ,  ეს სიბრიყვეა, აროგანტობას ნიშნავს. ეს ჩემი აზრით, დანაშაულია,  რადგან „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდას” პრინციპია. ადამიანს თუ მოგზაურობა უყვარს, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა სხვა ქვეყანაში წავა თუ არა, მისთვის საკმარისია საკუთრი სახლის მოშორებით ნახოს განსხვავებული ადგილი.   

 
მოგზაურობის ინტერესი ადამიანს ალბათ ბავშვობიდან უნდა გაუღრმავდეს. გარკვეულწილად  ეს ფუნქცია აქვს ექსკურსიებსაც. რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო ექსკურსიები და როგორია თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ? 

 
მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვი სადაც არ უნდა წავიყვანოთ, ეს ძალიან კარგია მისთვის. არაფერი რომ არ აჩვენო და არ ასწავლო, მაინც დადებითად აისახება მის გონებაზე. თუმცა,  არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მიზანს და ამოცანას, რისთვის მიგყავს ბავშვი და როგორ აჩვენებ იმას, რაც უნდა ანახო. რა თქმა უნდა, ეს მასწავლებლის კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული. ექსკურსია ისეთივე რთულად დასაგეგმი და მეთოდოლოგიურად გასამართია, როგორც გაკვეთილი. ეს ფაქტობრივად გაკვეთილია, მხოლოდ გარეთ. უბრალოდ მცხეთაში წაყვანა და  ჯვარის ან სვეტიცხოველის ჩვენება, არაფერს ნიშნავს. თბილისელი ბავშვი, რომელიც მიდის მშობლებთან ერთად დასავლეთისკენ, ყოველთვის ხედავს ამ ძეგლებს, მშობლებიც უყვებიან მოკლე ისტორიას.

ამიტომ ეს არაფერს ნიშნავს, ხიბლი იმაშია, როდესაც ბავშვი მიგყავს, ვთქვათ, სვეტიცხოველთან, ხელს ადებინებ მის კედელზე და რაღაც ისტორიას უყვები. არ არის საჭირო მაინცდამაინც „დიდოსტატის მარჯვენიდან” მოუყვე.

უფრო მნიშვნელოვანია რეალური ისტორიის მოსმენა, ვთქვათ,  რა ხდებოდა სვეტიცხოველის მშენებლობის პერიოდში გიორგი პირველის ეპოქაში. ანუ  მთავარია – მიზანი, ამოცანა და მეთოდოლოგია. თუ ამ თვალსაზრისით ექსკურსია გამართულია, ბავშვს ყოველთვის დააინტერესებს იგი. მე ვთვლი, რომ სასკოლო ცხოვრებაში ექსკურსია არსებითად მნიშვნელოვანია და ის, რეგულარულად უნდა ეწყობოდეს. სკოლები აუცილებლად უნდა ხარჯავდნენ თანხებს ამ მიმართულებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეროვნულ მუზეუმში ისეთი სიმდიდრეა დაცული და ისეთი გამოცდილი თანამშრომლები არიან, რომლებიც ჩვეულებრივი გიდებივით კი არ ესაუბრებიან ბავშვებს, არამედ რეალური ისტორიებით შეახებენ მოსწავლეებს ცალკეულ ნივთს. ამიტომ თითო დღე თითო სკოლამ რომ მიიყვანოს ბავშვები და  ოქროს ფონდში ჩაიყვანონ, მოზარდი იქიდან მნიშვნელოვნად გამდიდრებული წამოვა. ამასთან, მიმაჩნია, რომ  ბავშვს აუცილებლად უნდა მიეცეს თამაშის საშუალება. ამ გზით უნდა მიიღოს ინფორმაცია, სხვა შემთხვევაში ექსკურსიაც მოსაწყენი იქნება და დაემსგავსება ზუსტად იმ გზას, როდესაც მამას მიჰყავს დასავლეთში და უბრალოდ აჩვენებს ისტორიულ ძეგლებს. 

მოგზაურობის შემადგენელი ნაწილია ლაშქრობა, რომელიც ასევე დანერგილია სკოლებში
ლაშქრობაც ისეთივე მნიშვნელოვანია მოზარდისთვის, როგორც ექსკურსია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფიზიკური დატვირთვა მოზარდისთვის აუცილებელია. ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებასთან კავშირი და ამ ყველაფრის აღქმა. მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ლაშქრობაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, საღამოს კოცონთან ჯდომა, აზრების გაცვლა, ლაპარაკი.  თუ პატარა ბავშვებზეა საუბარი, ზღაპრების და „შავი ხელის” ისტორიების მოყოლა. შინაარსს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია კომუნიკაცია და პატივისცემა ერთმანეთისა, რომელიც ბავშვისგან ამ დროს გაუცნობიერებლად იბადება. თბილისს როგორც კი გაცდება, ადამიანი იცვლება, რადგან მისთვის განსხვავებულ გარემოში ხვდება. იმისათვის, რომ გარემოსთან ნებისმიერ შემთხვევაში ადეკვატურად იგრძნო თავი, ბავშვობიდან უნდა იყოს ჩადებული ბუნებასთან კონტაქტი. ერთი სიტყვით, ლაშქრობები მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, ბუნებასთან სიახლოვის თვალსაზრისით, მაგრამ სოციალური კომუნიკაციების ჩამოყალიბების კუთხით, განსაკუთრებით საჭიროა. ბუნებაში, ღია გარემოში, მოზარდებს შორის სულ სხვა დამოკიდებულება ყალიბდება. 
რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდისთვის ცხოველებთან სიახლოვე?

წარმოუდგენლად დიდი და ამის ილუსტრირება ერთი მარტივი წინადადებით შეიძლება: ბავშვს, რომელსაც თავიდანვე ვუნერგავთ ცხოველის სიყვარულს, ბუნებრივად უყალიბდება თანაგრძნობის განცდაც, ხოლო ადამიანი, რომელსაც თანაგრძნობა შეუძლია, ტრადიციულად მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისაა. 
„National Geographic” მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული გამოცემაა. რას ნიშნავს საქართველოსთვის „National Geographic საქართველოს” გამოცემა?
პირველ რიგში „National Geographic” –  ეს არის ის ღირებულებები, რომელიც დასავლურ კულტურაშია, განსაკუთრებით მეცნიერებასა და განათლებასთან მიმართებაში. სწორედ ამის ნაწილი გახდა საქართველო.

 „National Geographic”-ის მიზანი არის ცოდნის გავრცელება. რა ტიპის ცოდნაზეა საუბარი – ნებისმიერი მიმართულების – მეცნიერება იქნება, ხელოვნება, ჰუმანიტარული დარგები, გეოპოლიტიკა  თუ სხვა.

კვალიფიციური ინფორმაციის გავრცელება ისეთი სახით ხდება, რომ ეს ვიზუალურად მარტივი აღსაქმელი, მაგრამ წასაკითხად არც ისე მარტივი იყოს. აქ გამოქვეყნებული სტატიები, არ არის პოპულარული მეცნიერება, ეს ისეთი სტატიებია, რომელიც დაწერილია ზღურბლზე, რომელიც  ადამიანს, განსაკუთრებით მოზარდს, დამატებით კითხვებს უჩენს, რომ იქექოს ენციკლოპედიაში, ინტერნეტში, რაღაც ტერმინი ან მოსაზრება ეძებოს. სწორედ ეს ნაწილი აქვს დაჭერილი „National Geographic”-ის.  საქართველოს შესვლა ამ დიდ ოჯახში იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ღირებულებითი სისტემის ნაწილი ხდები. პატარა ბავშვებზე არ არის აქ საუბარი, რადგან მათთვის სხვა ჟურნალები გამოიცემა და სხვა პროდუქტები არსებობს, საუბარია 14-15 წლიდან და შემდგომ, უკვე სტუდენტური ასაკის ახალგაზრდებზე. ჩვენი მკითხველის ასაკი შეუზღუდავია და შეიძლება 80 წლის და ზევითაც იყოს. თუმცა ჩვენ ძალიან ვზრუნავთ ახალგაზრდებზე და განათლების კომპონენტი არსებითად მნიშვნელოვანია. ამიტომ ამ ღირებულებებში საქართველოს ჩართვა და მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება ამ ჟურნალის  და წარმომადგენლობის იმ ოფისის მისიაა, რომელიც საქართველოშია.

„National Geographic საქართველო” უპირველესად ნიშნავს იმას, რომ გამოცემა ქართულ ენაზე გამოდის, სადაც ჩვენი კონტრაქტის საფუძველზე 70 პროცენტი იმისა იდენტურად  იბეჭდება, რაც 40 ქვეყანაში გამოდის, 30 პროცენტი კი უნდა იყოს ადგილზე წარმოებული სტატიების ან ფოტოგრაფიის კრებული. ეს არ არის იმპერატიული მოთხოვნა. თავიდან მეგონა, რომ 30 პროცენტი ძალიან ცოტაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ  ბევრია. National Geographic–ის სტანდარტები ძალიან მაღალია. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი ჟურნალისტი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ამ მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას, მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. განსაკუთრებული ტრენინგები არ არის საჭირო, უბრალოდ პროცესში ჩართვაა საჭირო. ჟურნალმა უკვე მოიკიდა ფეხი საქართველოში, მჯერა იქნება კიდევ მრავალი წელი და ნელ–ნელა შეივსება ეს 30 პროცენტიც. ჩემი აზრით, არ უნდა გვეშინოდეს, როდესაც პროფესიონალი მიგვითითებს, ფრთები არ უნდა მოგვეკვეცოს, ქართველებს ესეც სასწავლი გვაქვს. „National Geographic საქართველო” ძალიან პოპულარულია გარკვეულ წრეში. ჩვენ გვინდა, რომ ეს წრე გავარღვიოთ და ყველასთვის ცნობისმოყვარე და დაინტერესებული ადამიანებისათვის პოპულარული გავხადოთ.  მაქსიმალურად ვცდილობთ ნელ–ნელა, კარგი გაგებით „მეტასტაზივით”, მოვედოთ მთელს საქართველოს, რადგან ამაზე უკეთეს საკითხავს ამ სფეროში ადამიანი ვერ იპოვის, ეს დაამტკიცა 126 წელმა, და 100 მილიონმა მკითხველმა მთელს მსოფლიოში.  
თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად ინტერესდებიან ქართველი მოზარდები „National Geographic საქართველო”-თი,  რადგან ჩვენთან არსებობს მოსაზრება, რომ ეს ჟურნალი უფრო დიდების საკითხავია.  
გამოწერებით თუ ვიმსჯელებთ (გაყიდვებზე ჯერ კვლევა არ ჩაგვიტარებია), ჩვენი მკითხველი ძირითადად არის 25 წლის ზევითაა, შედარებით დაბალი პროცენტია სტუდენტები და მოზარდები კიდევ უფრო პატარა. ის, რომ ეს ჟურნალი დიდების საკითხავია, სწორია. თუმცა 14-15 წლის მოზარდის ინტერესები, უკვე გადადის ზრდასრული ადამიანის ინტერესებისაკენ და უფრო მეტად კითხულობენ  დიდების ლიტერატურას.  ვაშინგტონი ამბობს, კარგია 25 წლის ზევით რომ არის მკითხველი, მაგრამ ჩემი პერსონალური ინტერესია, რაც შეიძლება მეტი  ახალგაზრდა ჩავრთო. ამისათვის  დამატებით სამუშაოებს ვასრულებთ, დავდივართ სკოლიდან სკოლაში, ვაკეთებთ პრეზენტაციებს,  გვინდა მაღალკლასელი მოსწავლეები დავაინტერესოთ. საჯარო სკოლებთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვინდა დავამყაროთ. ახლა მაგალითად 2000 სკოლის დირექტორს დავუკავშირდით, გვინდა ჟურნალი გამოიწერონ თვითღირებულების ფასად. ამასთან მთელი პაკეტი იქმნება მასალებისა, რომელიც გვინდა განათლების სამინისტროსთან ერთად  2015 წლიდან შევთავაზოთ. მომავალი წლიდან კარგი გაგებით აგრესიულად ვგეგმავთ სკოლებში შესვლას და მოზარდებთან მუშაობას. უნდა ითქვას, რომ ეს მეთოდი, ამ ჟურნალის და მისი წარმომადგენლობის პირდაპირი საქმე არ არის, მაგრამ მინდა, რომ ჩვენი  პროდუქტი პირველ რიგში იყოს მასწავლებლისთვის და  მოზარდებისთვის, რომ „მოიწამლონ”  „National Geographic საქართველო” -თი. მე მჯერა, თუ ისინი ერთხელ მაინც მოიხიბლებიან  რომელიმე სტატიით, აქ არის 6 სფერო – საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და ექსტრემალური მეცნიერებები, გეოპოლიტიკა, ველური ბუნება, ფიზიკა-ქიმია და სხვა ბევრი მიმართულება,  დამერწმუნეთ,  ვეღარ დაანებებს თავს, რადგან  „National Geographic საქართველო”  ცოდნის დაულეველი წყაროა. 
რამდენად მნიშვნელოვანია „National Geographic საქართველო” მასწავლებლებისთვის? 
„National Geographic საქართველო”-ს ორი მხარე აქვს – პირველია მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლება. იგი იძლევა ზღვა მასალას გაკვეთილის გამრავალფეროვნების, უკეთ ჩატარებისა და მეთოდოლოგიური თვალსაზრისით ახალ ეტაპზე გადასვლის კუთხით. ყველანაირი ინფორმაცია ეძლევა, რომელიც წელგამართულმა შეიძლება მიაწოდო ბავშვს და არ შეეშინდება, რომ მოსწავლე გამოგიჭერს  ფაქტის არასწორად დასახელებაში.

 მსოფლიო გადატვირტულია, ე.წ. „ჯანყი” ინფორმაციით და მასწავლებელს ისევე როგორ მეც, მიჭირს გავარკვიო, სად არის რეალობა და სად არის ვიღაცის გამოგონილი ჭორი. ეს ის ჟურნალია, რომელიც გარანტიას გაძლევთ, რომ მოტანილი ფაქტი,  იქნება ეს მეცნიერების თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით,  შეგიძლია ბავშვს თამამად გადასცე. მეორე მხარე პრაგმატული და პრაქტიკული მხარეა.  მასწავლებელს მოეთხოვება გარკვეული ატესტაციების და კრედიტების დაგროვება, რომ უფრო მაღალ იერარქიულ დონეზე ავიდეს და ელემენტარულად, მისი ხელფასი გაიზარდოს. რამდენადაც ვიცი ყოველთვის ჭირს კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება, რომელიც უფრო გააადვილებს ტესტირების პროცესს. „National Geographic საქართველო” არამარტო ჟურნალი, რამედ მთელი მასალაა, რომელიც მას მოჰყვება, შიდა დახურულ პორტალზე, რომელზეც მაქვს წვდომა და შემიძლია მასწავლებლებს შევთავაზო, ეს არის ძალიან სასარგებლო მისთვის, ვინც დაინტერესებულია წინსვლით (მატერიალურ წინსვლას ვგულისხმობ). ჯერჯერობით არ მინდა ვინმემ ჩემი ნათქვამი დაპირებად ჩათვალოს, მაგრამ ახლა ვმუშაობთ და გვინდა 2015-16 წლიდან  მასწავლებლებისთვის სტიპენდიების და გრანტების მთელი კასკადი შევიმუშაოთ. (ცხადია, ბავშვებისთვის ეს ყოველთვის იქნება), ვფიქრობთ ფორმაზე,  საინტერესო მასწავლებლების გამოვლენასა და სტიპენდიების დანიშვნაზე, რომ მათ გაუჩნდეთ დამატებითი მოტივაცია, უფრო მეტად ჩაიხედონ იმ ლიტერატურაში, რომელსაც ჩვენ ვფლობთ  და ვთავაზობთ წასაკითხად.  

თუ იცნობთ ქართულ განათლების სისტემას და თუ გაქვთ რჩევები მათთვის?

 
ვერ გავთავხედდები და დღევანდელ განათლების სისტემაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ღრმად არ ვარ ჩახედული. თუმცა გვერდიდან ვადევნებ თვალს. მე როგორც ბიოლოგი, უფრო ბიოლოგიის გაკვეთილებით  ვინტერესდები და ახლობლების შვილებს სულ ვეკითხები, რას და როგორ  ასწავლიან  და ისეთი სტატისტიკა დამიგროვდა, რომ მთლად სახარბიელოდ არ არის საქმე. როგორც ირკვევა, ბავშვებისთვის გაკვეთილი ტვირთია, რომელიც უნდა გადააგორონ. ტვირთის განცდა ხშირ შემთხვევაში მოდის მასწავლებლიდან და სისტემიდან. ნებისმიერი უმნიშვნელო  რამ, შეიძლება ისე საინტერესოდ მიაწოდო მოსწავლეს, რომ მან რაღაც მაინც დაიმახსოვროს. ეს მე პირადად არ ვიცი როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ მგონია, რომ განათლების სისტემა მუდმივად უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ სწავლის მეთოდები უფრო და უფრო დაიხვეწოს. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას სხვადასხვანაირი მეთოდი სჭირდება. არ შეიძლება ერთი და იგივე ტერმინოლოგიით ესაუბრო მე-5 კლასელს და მეთორმეტე კლასელს და ერთი და იგივე ვიზუალი შესთავაზო. მასწავლებელი არის ბურჯი, რომელზეც დგას სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც ჩვენი მომავალია. სახელმწიფოს შეიძლება ვურჩიო, რომ მასწავლებელს ჰქონდეს დაინტერესება, თვითონ განვითარდეს და მეთოდოლოგიები განავითაროს. მაგრამ მასწავლებელს თუ ცხოვრების ბოლომდე,  ვთქვათ 100 ლარი ექნება ხელფასი, ძალიან ძნელი იქნება მისი ენთუზიაზმის შენარჩუნება.

სამწუხაროდ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ შეძლო ამ პრობლემის მოგვარება.  ყველაზე დიდი სიმდიდრე,  რაც  საქართველოში გვაქვს –  ეს არის ინტელექტი, ისევე როგორც სამხრეთ კორეაში. იქ 20 წლის წინ ისევე გატყავებული იყო სახელმწიფო, როგორც ჩვენ ვართ ამჟამად, მაგრამ ბოლო კაპიკები ჩადეს განათლებაში და არ დაელოდნენ ხვალინდელ ეფექტს, გრძელვადიან შედეგზე გათვალეს და დღეს რა მიღწევაც აქვთ, ყველამ კარგად ვიცით.

როგორც კი ამ კეთილ ნებას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს, არ იქნება საჭირო წარმატების მისაღწევად 5 და 10 თაობის ლოდინი. არსებობენ სახელმწიფოები, რომლებმაც ერთ თაობაში მიაღწიეს უმაღლეს შედეგს, სამხრეთ კორეა ამის შესანიშნავი მაგალითია. უნდა შეიქმნას 10–წლიანი პროგრამა და სახელმწიფო ბოლომდე უნდა მიჰყვეს მას, მიუხედავად ხელისუფლებების ცვლილებისა. ეს ჩემი, როგორც მოქალაქის რჩევაა.  

ესაუბრა თამარ კაციტაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი