სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

რუსუდან კაიშაური – იმედისა და რწმენის პოეტი

“სკოლაში პირველად რომ მივედი, ისეთ კლასში შემიშვეს, საიდანაც რამდენიმე ქართულის მასწავლებელი უკვე გაქცეული იყო. მაშინ ეს არ ვიცოდი. გაკვეთილზე შევედი თუ არა, ყველა ბავშვმა ამოიღო საღეჭი რეზინი და ღეჭვა დაიწყო. შემთხვევით საღეჭი რეზინი მეც აღმომაჩნდა, ამოვიღე ჩანთიდან და მათთან ერთად დავიწყე ღეჭვა, თან გულწრფელად ვუთხარი ბავშვებს: საღეჭი რეზინი ძალიან მიყვარს, მაგრამ კლასში ღეჭვა მერიდებოდა-მეთქი… იმ დღის შემდეგ ჩემს გაკვეთილზე რეზინის ღეჭვა აღარავის მოსურვებია”.

 

ასე დაიწყო მასწავლებლობა პოეტმა, ხუთი შვილის დედამ რუსუდან კაიშაურმა. თავდაპირველად 166-ე საჯარო სკოლაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, დღეს კი “კავკასიურ სახლში” საკვირაო სკოლის მასწავლებელია.

– ქალბატონო რუსუდან, ქალისთვის მეტისმეტად ბევრი ხომ არ არის, იყოს პოეტი, ხუთი შვილის დედა და მასწავლებელი?

– ლექს “ჩემს ვედრებაში” ვაჟა-ფშაველა წერს: “მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული”. რატომღაც ყოველთვის რთულ გზას ვირჩევდი. ერთხელ ვთქვი კიდეც: ხუთი შვილი იმიტომაც გავაჩინე, მინდოდა, ამით ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე დაგროვილი ცოდვები გამომესყიდა, უფრო მეტად “შევწუხებულიყავი”, მეტი ძალისხმევა დამჭირვებოდა. სიმართლე გითხრათ, ისიც არ ვიცი, ვის წინაშე ჩადენილი ცოდვები უნდა გამომესყიდა, მაგრამ მიმაჩნდა, რომ ამ გზით ჩემს შეცდომებს ნაწილობრივ მაინც გამოვასწორებდი. ხუთივე შვილი საქართველოსთვის ურთულეს პერიოდში – ომის, უსინათლობის, უგაზობისა და უდიდესი გაჭირვების დროს გავაჩინე. მეუღლე მეხუთე შვილის გაჩენიდან წლის თავზე გარდამეცვალა. ალბათ, ბედისწერა იყო, რომ შვილები მარტოს გამეზარდა…

– ხუთი შვილის მხოლოდ გაზრდაც კი, აღზრდაზე რომ არაფერი ვთქვათ, დიდ პრაგმატულობას მოითხოვს, პოეტისთვის კი ალბათ ერთიორად ძნელია ყოფით პრობლემებთან გამკლავება…

 

– მიმაჩნია, რომ პოეტი სხვებზე მეტი სიყვარულის მატარებელია და ეს სიყვარული მის შემოქმედებაში გადადის. უსიყვარულოდ არაფერი კეთდება. ღმერთმაც ხომ დიდი სიყვარულით შექმნა სამყარო და თვითონ ადამიანიც, რომელიც პატარა შემოქმედია. ამ დიდი სიყვარულით დავზარდე შვილები. ისინიც ლექსებივით იყვნენ: ზოგი – ასეთი, ზოგი – ისეთი, ზოგი – კარგი, ზოგი – ცუდი… როდესაც ძალიან მიჭირდა, ყველაზე მეტად ჩემი შემოქმედება მეხმარებოდა. აქ შემეძლო მეპოვნა ნავსაყუდელი, ამომესუნთქა, ყველასა და ყველაფრისგან დამესვენა.

სიმართლე გითხრათ, ჩემი ოჯახური და შემოქმედებითი ცხოვრება ერთმანეთს ხელს არ უშლიდა. შოთა იათაშვილმა, ჩემმა მეგობარმა, ჩემზე ასეთი შინაარსის ლექსი დაწერა: შეუძლია, ცალი ხელით ერბოკვერცხი აკეთოს და თან ლექსები გამოუშვასო.

ისე, დედობაა პირველი თუ შემოქმედება, ვერ გაიგებ. ადამიანს ქვეცნობიერად მაინც სურს, მისი სული უკვდავი იყოს, უკვდავებისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა კი ალბათ იქნებ თავს ვიტყუებ, მაგრამ მგონია, რომ ასეა.

– ერთი ფრაზით, რას დაარქმევდით თქვენს პოეზიას?

 

– არ ვიცი, ამაზე არასოდეს მიფიქრია. ალბათ იმედისა და რწმენის პოეზიას. ასეთი ვარ, არ მჩვევია ხელის ჩაქნევა – ძიება მიყვარს, მომავლისკენ ყურება, მოძრაობა… ჩემს საქმიანობაშიც, სულ მაინტერესებს, რა არის ახალი, რა იცვლება…

– თქვენს თავს როგორც პედაგოგს როგორ დაახასიათებდით?
– მასწავლებლობა დიდად არ განსხვავდება დედობისგან. როდესაც ხუთი შვილი გყავს, იგივეა, რაც შინ სკოლა გქონდეს. ვიდრე ბავშვები პატარები არიან, მათ შორის განსხვავება დიდად შესამჩნევი არ არის, მაგრამ იზრდებიან, სხვადასხვანაირები ხდებიან, შენ კი ყველას უნდა გაუგო, ყველასთვის მისაღები და საყვარელი იყო, ეძებ რამეს ისეთს, რაც ამ ბავშვებს გააერთიანებს… დიდხანს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ყველა მათგანისთვის მისაღები და მივხვდი: ეს იყო უპირობო სიყვარული. მერე უკვე, როცა სკოლაში ვასწავლიდი, მყავდა ისეთი მოსწავლეები, მოურჯულებლებს რომ ეძახიან – მოუხელთებლები, ძნელად აღსაზრდელები, და, რაც მთავარია, მათი მშობლები. მთავარი პრობლემა მშობლებია. ბავშვი ყველა კარგია, მათ მშობლები ზრდიან ცუდად და აკომპლექსებენ. და მივხვდი, რომ მათთან ურთიერთობის დროსაც სიყვარულია მთავარი. მოსწავლე გულწრფელ, უპირობო სიყვარულს უნდა გრძნობდეს, ხედავდეს, რომ პატივს სცემ, ექცევი ისე, როგორც გინდა მოგექცნენ შენ.
იყო დრო, როდესაც საბავშვო ბაღშიც ვასწავლიდი, სკოლაშიც და სტუდენტებსაც ვუკითხავდი ლექციებს. სამივეგან მიმქონდა ერთი და იგივე თამაში და აღმოვაჩინე, რომ მას სამივეგან ერთნაირად აღიქვამდნენ. ეს იმიტომ, რომ შინაგანად ყველა ბავშვია, და თუ მასწავლებელი სათუთად შეეხება ამ გრძნობას, მოსწავლეებიც აუცილებლად შეიყვარებენ მას.

– ხომ არ გაქვთ გამოცდილება, რომელსაც სხვა მასწავლებლებსაც გაუზიარებდით?

 

– საკვირაო სკოლამ 2008 წელს მოაწყო საზაფხულო ბანაკი, სადაც ოცდაათი ბავშვი წავიყვანეთ, მათ შორის – გორიდან დევნილები. ფაქტობრივად, ისინი საომარი მდგომარეობიდან მოხვდნენ ბანაკში და საფუძვლიანი რეაბილიტაცია სჭირდებოდათ. იყვნენ აგრესიულები, გამძაფრებული ჰქონდათ თავდაცვის ინსტიქტი, ატარებდნენ დანებს… ამ ბავშვებთან ურთიერთობა არც ისე ადვილი იყო, მაგრამ მალე ყველასთან მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ და იცით, რა დაგვეხმარა ამაში? – სამართლიანობა. ბავშვი უსამართლობას არ უნდა გრძნობდეს. შესაძლოა, ბევრი არაფერი მომეკითხებოდეს, მაგრამ ვცდილობ, კრიტიკულ სიტუაციაში ბავშვს ისე მოვექცე, როგორც, ვისურვებდი, იმავე სიტუაციაში მომქცეოდნენ მე. ასეთი დამოკიდებულება ამართლებს.

– ქალბატონო რუსუდან, რას ნიშნავს იყო მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი?

– მე მგონია, რომ ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბავშვს აძლევს როგორც ცოდნას, ასევე განვითარებას. სხვათა შორის, ბავშვის განვითარების მიხედვით შეგიძლია იმსჯელო იმაზე, როგორი ქართულის მასწავლებელი ჰყავს. მართალია, სხვა საგნის მასწავლებელსაც შეუძლია, დიდი გავლენა მოახდინოს მოსწავლეზე, მაგრამ მშობლიური ენისას უფრო მეტი ტვირთი აწევს, რადგან იგი ვალდებულია, იზრუნოს მოსწავლის ზოგად განათლებაზე, მის მსოფლმხედველობაზე, ღირებულებებზე… თუ მასწავლებელს სურს, მოსწავლისთვის მისაღები იყოს, არც ერთი წუთით არ უნდა მოდუნდეს, თვითონაც გამუდმებით უნდა სწავლობდეს, არ ჩამორჩეს დროს, იცნობდეს ბავშვის ინტერესებს, კითხულობდეს ყველაფერს, რასაც მისი მოსწავლეები კითხულობენ, ნახოს ყველა ფილმი თუ სპექტაკლი, რასაც ბავშვები უყურებენ… მე თუ მკითხავთ, არც ის ვარგა, მოსწავლისადმი ფამილარული დამოკიდებულება გქონდეს და შენიშვნას საერთოდ არ აძლევდე, მაგრამ კარგი იქნება, თუ სხვების თანდასწრებით არ მისცემ. ამასთან, მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მაშინაც კი, როცა შენიშვნას აძლევ, პატივს სცემ მას, გული შეგტკივა მასზე.

მასწავლებელი უნდა ეცადოს, შეძვრეს მოსწავლის ტყავში და მისი თვალით შეხედოს სამყაროს. პედაგოგები ჩივიან, ესა თუ ის მოსწავლე კლასში დადის და მღერისო. მე ამას სხვანაირად ვუყურებ. შესაძლოა, ბავშვს სულაც არ უნდა მასწავლებლის გაბრაზება, უბრალოდ, ასეთ ხასიათზეა… მას უნდა გავუგოთ. პედაგოგმა სიტუაციის მარტივად განეირტალება უნდა შეძლოს.

არ არის აუცილებელი, მასწავლებლმა დიდი განათლება მისცეს მოსწავლეს; არც ის, თვითონ იცოდეს ყველაფერი. ყოფილა შემთხვევა, მოსწავლეს უფრო მეტი სცოდნია ამა თუ იმ საკითხის შესახებ. კომპიუტერის საუკუნეში ეს არ არის ტრაგედია. მთავარია, მასწავლებელმა მოსწავლეს ინტელექტი გაუღვივოს და აქცენტების სწორად დასმაში დაეხმაროს.

– მოსწავლეები თუ იცნობენ თქვენს შემოქმედებას და თუ ეცვლებათ თქვენდამი დამოკიდებულება, როდესაც გაიგებენ, რომ პოეტი ხართ?

 

– როგორც გითხარით, მე შვილებთანაც კი ვმალავდი ჩემს შემოქმედებით მხარეს და თავისთავად ცხადია, მოსწავლეებმაც დიდხანს არ იცოდნენ ჩემი პოეზიის შესახებ. პოეზია უკანონო შვილივითაა – მალავ, მაგრამ კანონიერზე მეტად გიყვარს. რა თქმა უნდა, დამოკიდებულება გარკვეულწილად ეცვლებათ… ჩემი აზრით, ყველა მასწავლებელი და, საერთოდ, ადამიანი პოეტი უნდა იყოს, რათა ბავშვს ყოველი დღე პოეზიად უქციოს. ბავშვებს კი ვასწავლი, თვითონვე იყვნენ პოეტები, რათა სხვებს გაულამაზონ ცხოვრება. მე მგონია, პოეტები სწორედ იმისთვის გაჩნდნენ, რომ ცხოვრება უფრო ლამაზი ყოფილიყო. ყოველდღიურობით ცხოვრება ძალიან ძნელია. სამწუხაროდ, დღეს ცხოვრება ისეა პოლიტიზებული, რომ პოეზიის ადგილი აღარ არის. არადა, პოეზიის გარეშე ადამიანები რობოტებს დაემსგავსებიან, ეს კი ქვეყნიერების აღსასრული იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი