პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წარმატების გაკვეთილები  

ძალიან მოულოდნელად დადგა დრო, როცა ჩვენ ჩვენდაუნებურად ჩვეულებრივი პროფესიის ადამიანების შემჩნევა და დაფასება ვისწავლეთ. ეს ამბავი მადლიერების ტაშმა გამახსენა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ ექიმებს მიუძღვნა და ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო, პოზიტიური აქციით სამედიცინო პერსონალის მიმართ მადლიერება გამოხატა. აქციას ექიმების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თვალზე ცრემლმომდარი მედიკოსები წერდნენ, რომ საზოგადოების მხარდაჭერამ და ეროვნულმა სოლიდარობამ მათ თავი საჭირო ადამიანებად აგრძნობინათ, გაამხნევა და მუშაობის ძალა შეჰმატათ.

წარმატება სხვა არაფერია, თუ არა აღიარება. აღიარონ სხვებმა, რომ ის, რასაც შენ წარმოადგენ, რასაც შენ ქმნი, რასაც შენ აკეთებ-ემსახურები, სასარგებლოა, კარგია, საჭიროა, მისაღებია, დასაფასებელია.

ამ დრომდე ჩვენს ქვეყანაში წარმატებულად ის ადამიანები ითვლებოდნენ, ვინც თანამდებობრივ ან ფინანსურ ძალაუფლებას ფლობდა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახე იყო. ეს ის გამღიზიანებლებია, რაზეც ჩვენი საზოგადოება რეაგირებს და ამ კლასიფიკაციის ადამიანებს ავტომატურად ანიჭებს წარმატებულის ტიტულს. (ასეთ დროს აღარ ვფიქრობთ-ხოლმე, როგორ მოიპოვა ამ ადამიანმა ეს ტიტული, რა მეთოდებით იბრძოლა და რა დამსახურებისთვის გახდა მდიდარი, გავლენიანი ან პოპულარული.)

ექიმებისთვის მიძღვნილმა მადლიერების ტაშმა და მედიკოსების უკუკავშირმა კიდევ უფრო გამიღრმავა ეჭვები, რომ არაერთ დასაფასებელ პიროვნებას ვკლავთ ჩვენი უყურადღებობით. იმის გამო, რომ ყოველდღიურად ტელევიზორში არ ჩანს; იმის გამო, რომ თავის საქმეს ჩუმად აკეთებს და  თვალში არ გვეჩხირება; იმის გამო, რომ შესაძლებლობების გამოვლენისთვის სასურველი გარემო ვერ შევუქმენით; იმის გამო რომ უკანა მერხე ზის და ვერ ვამჩნევთ!

ამ მოცემულობაში მნიშვნელოვანი მგონია, ვესაუბროთ ბავშვებს წარმატების შესახებ. რათა ხელი შევუწყოთ, მომავალ თაობაში სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას, რათა დავეხმაროთ ბავშვებს საზოგადოებაში ინდივიდის როლის გააზრებაში.

ერთხელ სკოლის დირექტორებს შევთავაზე, მიეწვიათ სკოლაში წარმატებული ადამიანები და მოეწყოთ ბავშვებთან შეხვედრები. მათი უმრავლესობა ფიქრით ყველაზე ცნობილ, ყველაზე გავლენიან პირებთან წავიდა. დაასახელეს კიდეც, ვის მოწვევას ისურვებდნენ სკოლაში. ყველა დასახელებული პირი  საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი იყო. რომ ჩავეკითხე, ნუთუ არავინ ცხოვრობს სასკოლო თემში, რომელიც საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსწავლეებისთვის-მეთქი. დაფიქრდნენ და გულწრფელად მითხრეს, რომ ამაზე არ უფიქრიათ.

რატომ არ შეიძლება სკოლაში მივიწვიოთ ერთ-ერთი მოსწავლის პაპა, რომელიც იმ სოფელში ერთადერთი ფეხსაცმლის შემკეთებელი ოსტატია?! „საპოჟნიკი“ შოთას დახმარება მთელ სოფელს სჭირდება და უკვე ასაკში შესული შოთაც დიდი სიხარულით ემსახურება სოფელს. რატომაც არ არის წარმატებული ჩვენი უბნის სამარშუტო ტაქსის მძღოლი, ერთ-ერთი მოსწავლის მამა, რომელიც თავის უბანში იმიტომ მუშაობს, ყველა ნაცნობს უფასოდ მოემსახუროს და მარტოხელა მოხუც მგზავრებს, თავად დაეხმაროს ხურდა ფულით. ზურა აკეთებს იმას, რაც შეუძლია, აკეთებს ხარისხიანად, სიამოვნება მოაქვს თავისი მგზავრებისთვის და აქვს ოჯახისთვის საკმარისი  ანაზღაურება. რატომ არ შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანები მივიწვიოთ სკოლაში, გავაცნოთ შვილების, შვილიშვილების თანაკლასელებს და ვისაუბროთ, რა სიამოვნებას იღებენ ისინი ერთი შეხედვით არც ისე პერსპექტიული საქმის კეთებისგან. რაზე ოცნებობდნენ ბაშვობაში და რამ შეუშალათ ან შეუწყოთ ხელი ამ ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე?!

ამას რომ ვაკეთებდეთ სკოლებში, მრავალმხრივ სარგებელს მიიღებდა საზოგადოება. 1. ბავშვები დაინახავდნენ, რომ საზოგადოებას სჭირდება ადამიანები და არა უმაღლესი სასწავლებლების დიპლომები. 2. თემის წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურად გვემსახურებიან, თავს უფრო საჭირო ადამიანებად იგრძნობდნენ. 3. გაუმჯობესდებოდა კომუნიკაციის ხარისხი თემსა და სასკოლო საზოგადოებას შორის და ა.შ.

მე თუ მკითხავთ, ჩენ ვკარგავთ ადამიანებს. ვკარგავთ იმათაც, ვინც საზოგადოების სამსახურში რუტინულ საქმეს გულით და ხარისხიანად აკეთებს, და იმათაც, ვინც ახლა უკანა მერხთან ზის, თავი მაგიდაზე უდევს და პერსპექტივასაც ვერ ხედავს, რომ ოდესმე ისეთი წარმატებული გახდება, დღეს ტელევიზორში რომ აჩვენებენ და მისი სკოლის დირექტორი რომ ისურვებდა სკოლაში მიეწვია.

იმისთვის, რომ სკოლამ დაანგრიოს მოძველებული სტერეოტიპები; იმისთვის, რომ გავაცნოთ ბავშვებს რიგითი ადამიანები, ვისზეც დგას საზოგადოება; იმისთვის რომ გავზარდოთ სკოლაში მშობლებისა და თემის ჩართულობა; იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ბავშვებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები; იმისთვის, რომ არ ეშინოდეთ წარმატების სიშორის; იმისთვის, რომ სკოლებში დავნერგოთ ღირებულებითი განათლების კომპონენტები – მნიშვნელოვანია სკოლების დირექტორებმა,  მასწავლებლებმა და მშობლებმა გადადგან პატარა, სწორი ნაბიჯები და ჩაუტარონ ბავშვებს რეალური წარმატების გაკვეთილები.  რეალურის და არა ისეთის, როგორსაც ტელევიზორში ვხედავთ, როგორსაც ინტერნეტში ვხედავთ, როგორიც ჩვენგან ძალიან შორს არის.

 

კიდევ ერთი აქტივობა, რაც მინდა შემოგთავაზოთ „წარმატების გაკვეთილებია“, პროექტი, რომლის მიზანიც ბავშვების თვითშეფასების გაზრდა და  მოსწავლეებში საზოგადოების თითოეული წევრის როლის და მნიშვნელობის გააზრებაა.

ეს პროექტი როგორც მშობელმა რამდენჯერმე განვახორციელე და ყოველ ჯერზე დიდი სიხარული და აღმაფრენა გამოხატეს ბავშვებმა. იმ იმედით, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდება და ბავშვები სკოლის მერხებს დაუბრუნდებიან,  გაგიზიარებთ გაკვეთილის გეგმას და დანართ მასალას, რომელიც პროექტის განუყოფელი ნაწილია.

წარმატების გაკვეთილებს სჭირდება მხოლოდ უოლტ დისნეის ანიმაციების ყველასათვის საყვარელი გმირების დაბეჭდილი ფოტოები, რომელსაც ბმულის სახით აქვე გაგიზიარებთ, შეძლებთ მის ჩამოწერას და დაბეჭდვას.

 

წარმატების გაკვეთილის გეგმა:

საგანი: სადამრიგებლო საათი
თემა: ცნება „წარმატების“ გააზრება ბაშვებში.
მიზანი: მოსწავლეების თვითშეფასების ამაღლება, საზოგადოების თითოეული წევრის როლის და მნიშვნელობის გააზრება.
კლასი: VI, VII, VIII
ფასილიტატორი: მშობელი/პედაგოგი
საჭირო დრო: – 60 წუთი
მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა – 25
აქტივობისთვის საჭირო რესურსები: „დისნეის“ მულტიპლიკაციური ფილმების ცნობილი გმირების დაბეჭდილი ფოტოები.
ფასილიტატორის ცოდნა   და  უნარჩვევები: ჰქონდეს გააზრებული წარმატების განსაზღვრება. შეეძლოს ბავშვებთან მუშაობა, იყოს საინტერესოდ მოსაუბრე და გაკვეთილის პროცესში შეეძლოს შედეგზე ორიენტირებული გადაწყეტილების მიღება. იცნობდეს დისნეის ზღაპრის ცნობილი პერსონაჟების ფსიქოტიპებს.

 

გაკვეთილის მსვლელობა:

I ეტაპი: დისკუსია, კითხვაპასუხი. (დრო-15 წუთი)

  • ფასილიტატორის N1 შეკითხვა კლასს- უსურვებიათ თუ არა თქვენთვის წარმატება? ან თუ ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენ უსურვეთ სხვას წარმატება?!
  • ფასილიტატორის N2 შეკითხვა კლასს- – რა არის წარმატება? რას გულისხმობს წარმატება? რას მოიაზრებთ, როცა ვინმეს წარმატებას უსურვებთ?
  • ფასილიტატორის N3 შეკითხვა კლასს- ვინ არის წარმატებული ადამიანი, ვისაც თქვენ იცნობთ, გთხოვთ, დაასახელონ ცალკეული ადამიანები. და გვითხარით, თქვენი აზრით, რატომ არიან ისინი წარმატებულები. რითი მიაღწიეს წარმატებას? რამდენად მისაღებია თქვენთვის ის გზა, რითიც ამ ადამიანმა მიაღწია წარმატებას?
  • ფასილიტატორის N4 შეკითხვა კლასს- – როგორ გამოიყურება წარმატებული ადამიანი? როგორ უნდა შეატყო ადამიანს, რომ წარმატებულია? აღწერეთ ის.
  • ფასილიტატორის N5 შეკითხვა კლასს- – რა სჭირდება ადამიანს, რომელი თვისებები და უნარები სჭირდება, რომ მიაღწიოს წარმატებას?

ბავშვი, რომელიც გასცემს პასუხს, გამოდის დაფასთან, წერს დასახელებულ უნარს/თვისებას და უბრუნდება მერხს.

სასურველია, ფასილიტატორმა ხელი შეუწყოს, რომ წარმატებულ ადამიანებს შორის ბავშვებმა დაასახელონ, როგორც კაცები, ასევე ქალები. ამ თემას მეტად სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რათა უნებურად არ გაამყაროს გენდერული სტერეოტიპები.

ფასილიტატორს მოლოდინი უნდა ჰქონდეს, რომ ბავშვები მოკლედ უპასუხებენ, შესაძლოა ზოგიერთი მათგანი არ ჩაერთოს პროცესში, ასევე აქტიური დისკუსია არ შედგეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაკვეთილი წარუმატებლად მიდის.

 

I ეტაპის ბოლოს ფასილიტატორი აღნიშნავს, რომ წარმატება ნიშნავს აღიარებას. აღიარონ სხვებმა, რომ რასაც შენ აკეთებ, კარგია, საჭიროა, მნიშვნელოვანია. ამ აღიარებას ვეძახით წარმატებას. იმის გამო, რომ აღიარება მოიპოვოს, ზოგიერთი ადამიანი არასწორ გზას ირჩევს ან არასწორი მეთოდებით ცდილობს ამ აღიარების ანუ წარმატებულის ტიტულის მოპოვებას.

 

II ეტაპი: დისნეის გმირების დახასიათებით წარმატების გააზრება. (35 წთ)

 

  • ფასილიტატორი ცარიელ მერხზე/მაგიდაზე უკუღმა მხრიდან გაშლის დისნეის ცნობილი გმირების დაბეჭდილ ფოტოსურათებს. თითოეულმა ბავშვმა უნდა აიღოს ერთი ფოტო, ისე რომ ვერ დაინახოს, ფოტოზე გამოსახული გმირი.
  • როდესაც ბავშვები ფოტოსურათთან ერთად დაბრუნდებიან თავიანთ სკამებზე, ფასილიტატორი მათ მისცემს 3 წუთს, იმისთვის რომ იფიქრონ, კონკრეტული პერსონაჟი წარმატებულია თუ არა. 3 წუთის გასვლის შემდეგ, ბავშვები სათითაოდ იტყვიან თავიანთ აზრს ზღაპრის პერსონაჟის შესახებ.
  • ფასილიტატორმა უნდა გააფრთხილოს ბავშვები, რომ მათ დრო არ დაკარგონ ზღაპრის შინაარსის მოყოლაში. მაქსიმუმ 1,5 წთ-ის ფარგლებში დაასახელონ მათი პერსონაჟი წარმატებულია თუ არა; რამ განაპირობა ან რამ შეუშალა ხელი წარმატის მიღწევაში.
  • პრეზენტაციის პროცესში, ფასილიტატორმა უნდა გამოავლინოს ბავშვების მიერ დასახელებული თვისებები/უნარები, რც ზღაპრის პერსონაჟებს წარმატების მიღწევაში დაეხმარა, და თუ ეს თვისებები/უნარები არ წერია დაფაზე, თავად მიამატოს.
  • მნიშვნელოვანია, ფასილიტატორს გააზრებული ჰქონდეს ზღაპრის თითოეული პერსონაჟის ფსიქოტიპი. ეს საჭიროა, რათა არ წაახალისოს ზღაპრის უარყოფითი პერსონაჟების გამოვლენილი თვისებები: მაგალითად, სიცრუე, ძალადობა, არაგუნდურობა, დაუდევრობა და ა.შ.
  • პერსონაჟებს შორის არიან დადებითი და უარყოფითი გმირები. ფასილიტატორი უნდა ელოდოს, რომ უარყოფით გმირებს, ბაშვები არ დაასახელებენ წარმატებულად. თუ რომელიმე ბავშვის შემთხვევაში ასე მოხდა, შეუძლია დანარჩენ ბავშვებს სთხოვოს გამოთქვან აზრი და ამ გზით მიიყვანოს კლასი სასურველ შედეგამდე.
  • ეს თამაში საშუალებას მისცემს ფასილიტატორს, ინდივიდის წარმატება და საზოგადოებრივი სიკეთე დააყენოს ერთ მხარეს.

II ეტაპის პროცესი მხიარულად, ხალისით, ხმაურით მიდის. როგორც წესი, ყველა მოსწავლე ჩართულია პროცესში.

 

III ეტაპი: შეჯამება (10 წუთი)

 

დასასრულს ფასილიტატორი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს იმ თვისებებს, რაც ადამიანებს წარმატების მიღწევაში ეხმარება.

 

  • მიიღო განათლება
  • გქონდეს მიზანი
  • გქონდეს დაგეგმვის უნარი – სწორი, თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმისთვის.
  • იყო შრომისმოყვარე
  • გქონდეს მოტივაცია, აკეთო სიკეთე და უკეთესობისკენ შეცვალო გარემო.
  • გქონდეს უნარი, შექმნა ახალი ღირებულებები და არ დაექვემდებარო არსებულ სტერეოტიპებს.
  • შეგეძლოს კეთილგანწყობილი ურთიერთობების დამყარება და გქონდეს გუნდური მუშაობის უნარი.
  • იყო მოხერხებული და საჭიროების შემთხვევაში, შეგეძლოს გეგმის შეცვლა.
  • იყო გაბედული- არ შეგეშინდეს ვინ რას იტყვის.
  • იყო გულწრფელი და მართალი.

 

სულ ბოლოს, ფასილიტატორი მადლობას უხდის ბავშვებს აქტიური მონაწილეობისთვის. და სასურველია სიტყვით მიმართოს მოსწავლეებს. მაგალითისთვის, შემოგთავაზებთ შეჯამების ჩემეულ ვერსიას:

სხვადასხვა დროში და სხვადასხვა ქვეყანაში, თემში, საზოგადოებაში სხვადასხვა რამ ფასდება წარმატებად. მაგალითად, ცირკის თანამშრომლებს შორის წარმატებულია ის, ვინც ბაგირზე თავისუფლად გადის, მაგრამ ჩვენთან ეს არ ითვლება წარმატებად. ადრე წარმატებულად ითვლებოდა ქალი, რომელიც გემრიელ და მრავალფეროვან საჭმელს აკეთებდა ოჯახში, ახლა ეს აღარ არის წარმატების საზომი. სინამდვილეში წარმატება სუბიექტური მცნებაა, წინასწარ და ზუსტად ვერავინ გეტყვის, რას ნიშნავს შენთვის წარმატება ან რა მოგიტანს წარმატებას.  თითოეული ადამიანი, თავის გამოცდილებას და ინტუიციას ენდობა. უსმინეთ საკუთარ თავს, აკეთეთ ის საქმე, რომელიც გიყვართ, რომელსაც სიამოვნება მოაქვს თქვენთვის და ცხოვრებას უმარტივებს/ულამაზებს/უხალისებს თქვენს გარშემომყოფებს. წარმატებული ხარ, როცა ხარ ნამდვილი, გულწრფელი და ბუნებრივი. წარმატებული ხარ, როცა შეგიძლია დაეხმარო სხვას. წარმატებული ხარ, როცა გადალახავ დაბრკოლებებს, რომელიც ხშირად გვხვდება. რეალური წარმატება არ არის ძალაუფლება, ფული ან ძვირადღირებული ნივთები. ეს შეიძლება იყოს წარმატების თანმდევი, მაგრამ რეალური წარმატება თვალით არ ჩანს და თვალით არ იზომება. რეალურად წარმატებას ვგრძნობთ მხოლოდ გულით და გონებით. და წარმატებული ადამიანი გაცილებით ბევრია, ვიდრე ტელევიზორში ჩანს, მაღალ თანამდებობებზე მუშაობს ან ფინანსურ ძალაუფლებას ფლობს. წარმატებული ადამიანები ჩვენს გვერდით დადიან ქუჩებში, გველოდებიან სახლებში და ჩვენთან ერთად დარბიან სკოლის დერეფნებში. მთავარია, შევამჩნიოთ მათი ძლიერი მხარეები და ვაღიაროთ ისინი.

 

წარმატებებს გისურვებთ!

ანიმაციის გმირები ფოტოები

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი