პროფესია: ჟანგბადის გამყიდველი

პროფესია მრავალნაირია. ეს განსაკუთრებით თურქეთში იგრძნობა ხოლმე, რადგან საგანგებოდ უსვამენ ხაზს. აი, კაცი ფლავს ყიდის ქუჩაში და მის ურიკას აწერია „ფლავის ოსტატი მურადიო“, იმ ფარდულში „მეთევზე ინსანია“, სიმიტებს, რომ ყიდის, ის „მესიმიტე ბურაქია“. არსებობს კიდევ „მეკატლეტე იუსუფი“. ამ უკანასკნელს ისე უყოჩაღია, რომ მთელ თურქეთში რესტორნების ქსელი აქვს და რესტორანი ცარიელი არასდროს არის. თავად იუსუფი ახლა, თურმე ისვენებს და ყველაფერს მისი შვილები მართავენ. ისეთი გემრიელი კატლეტები აქვს, შენდაუნებურად ამბობ „აფერინ, იუსუფ, ძმაო“.

ყველა პროფესია პატივსაცემია, თუმცა… ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ  თურმე ჩვენს შორის ჟანგბადის გამყიდველებიც ყოფილან.  უცნაური პროფესიაა, ჩემი აზრით.

არსებობს დანადგარი, რომელიც დენის წყაროსთან მიერთებით ჟანგბადს გამოიმუშავებს.  დანადგარი ძვირი ღირს, მაგრამ შენ ბევრი ფული გაქვს და ყიდულობ. აბანდებ, ასე ვთქვათ.

არსებობენ ადამიანები, რომელთა ფილტვები ჩვენსავით ვეღარ სუნთქავს და სახლში ასეთი აპარატი ჭირდებათ, რომ სპეციალური ნიღაბი მიუერთონ და სუფთა ჟანგბადი ისუნთქონ, იარსებონ… და შენ, შენს დანადგარს მათზე აქირავებ. დღიურად აქირავებ, უფრო სარფიანია. ძვირად აქირავებ, იცი გადაგიხდიან, რამეს მოიკლებენ და აპარატის ქირას მოგცემენ, რადგან ჟანგბადი ჭირდებათ, შენ კი ჟანგბადს ყიდი, რადგან…

ჟ ა ნ გ ბ ა დ ი ს   გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი   ხ ა რ!

ჟანგბადი მეთვრამეტე საუკუნეში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თავისი დროის ორმა უდიდესმა ქიმიკოსმა აღმოაჩინა-შვედმა კარლ შეელემ და ინგლისელმა ჯოსეფ პრისტლიმ.  მიღებულ აირს „ცეცხლოვანი ჰაერი“ უწოდეს. ჟანგბადის მიღება მრავალნაირად შეიძლება, დაწყებული ჰაერის დაყოფით შემადგენელ ნაწილებად, რთული ნივთიერებების დაშლით დასრულებული. მაგ. ვერცხლისწყლის ოქსიდის გახურებით დაშლით პრისტლიმ ჟანგბადი მიიღო. თუ ჟანგბადს სინჯარაში შევაგროვებთ და  ბჟუტავ კვარს ჩავუშვებთ ცეცხლი აბრიალდება. ეს დაადასტურებს, რომ ნამდვილად ჟანგბადი გვაქვს. პრისტლიმ და შეელემ კი ეს ყველაფერი ბოლომდე ვერ გაითავისეს. სწამდათ, რომ ზოგიერთი ნივთი ცეცხლის მატერიას, ანუ „ფლოგისტონს“  შეიცავდა და ყველა წვადი ნივთი მისით მდიდარი იყო. მაგ. აცეტონი ძალიან კარგად იწვის. რა გამოდის, ბევრი ფლოგისტონი აქვს? რკინის ნივთი კი არ იწვის, რაც ნიშნავს, რომ მასში ფლოგისტონი არ არის. არ დაიჯეროთ… ავავსოთ კოლბა ჟანგბადით და მოვათავსოთ რკინის სახეხი, ფანტასტიურად დაიწვება. ეს იმიტომ ხდება, რომ „ფლოგისტონს“  „ცეცხლოვან ჰაერთან“ შეერთება ძალიან უყვარს. ამ გაუგებრობას წერტილი ფრანგმა ანტუან ლავუაზიემ დაუსვა და დაამტკიცა, რომ ფლოგისტონი და ცეცხლოვანი ჰაერი კი არა, მისმა კოლეგებმა ახალი ელემენტი ჟანგბადი მიიღეს.

ლავუაზიემ სახალხოდ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარა. არ დაინანა და მეცნიერებას ერთი დიდი ალმასი შესწირა. 1772 წელს ყველას თვალწინ სპეციალურ თუჯის ქილაში ალმასი დაწვა. მაშინ იუთუბი, რომ ყოფილიყო, ეს ვიდეო მილიონ ნახვას დააგროვებდა. ალმასმაც არ დააყოვნა და გაქრა…ანუ, დაიწვა…ანუ, ჟანგბადთან შევიდა რეაქციაში და ნახშირორჟანგად გარდაიქმნა. ექსპერიმენტის დასრულებისას ქილა ზუსტად იმდენივეს იწონიდა, რასაც ექსპერიმენტამდე.

„ფლოგისტონი“ მოკვდა, ბატონებო!…

მატერიის შენახვის კანონს გაუმარჯოს!…

 

ჟანგბადი ყველგანაა. ჰაერში ხომ არის 21%, ოქსიდების სახით ირგვლივაცაა მიმობნეული. მაგ. ქვიშა სილიციუმის ოქსიდია. წყალბადის ოქსიდი ხომ იცით რაც არის, ეგეც ბლომადაა პლანეტაზე.

რაკეტის საწვავის ერთ-ერთი კომპონენტი თხევადი ჟანგბადია. ლურჯი კამკამა ფერის არის და გამჭირვალეა. თხევადი ჟანგბადი პარამაგნიტურია. ანუ, თუ მაგნიტურ ველში მოვათავსებთ დამაგნიტდება. მარტივად, რომ დავწეროთ, თუ მაგნიტურ შემრევს ავიღებთ, ზედ თხევადი ჟანგბადით ქიმიურ ჭიქას შემოვდგამთ, სითხე თავად დაიწყებს მოძრაობას, შიგნით მაგნიტის მოთავსების გარეშე. თხევადი ჟანგბადი მაგნიტის კვალდაკვალ მოძრაობს.  თუ თხევადი ჟანგბადი გვექნება (არადა, გაკვეთილზე რანაირად გვექნება) შეგვიძლია რაკეტის საწვავი ჩიფსებით გავაკეთოთ. ამ ცდას ქიმიურ შოუებზე იყენებენ.

ჩიფსები დავაქუცმაცოთ და რკინის თასში მოვათავსოთ. შემდეგ თხევადი ჟანგბადი დავასხათ. რაც იქ მოხდებაააა… იფიქრებთ, რომ რაკეტა გაფრინდა. ქიმიურ შოუზე ამ ცდას დამცავი ბადის მიღმა აკეთებენ.

ჟანგბადის არეში ყველაფერი იწვის. მენდელეევის პერიოდული სისტემის ყველა მეტალი ოქსიდს წარმოქმნის. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი მაგნიუმია, რომელიც ჰაერზეც კი კაშკაშა ალით იწვება. მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც ციფრული ფოტო აპარატი სიზმრადაც კი არავის ენახა, ფოტოგრაფები განათებისთვის (ფლეშისთვის) მაგნიუმის წვას იყენებდნენ. შემდეგ, პროცესი დაიხვეწა და ერთჯერად ნათურებზე გადავიდნენ, სადაც მაგნიუმის ლენტი და ჟანგბადი იყო. ზოგიერთი მეტალი წვის დროს ალს აფერადებს. ლითიუმი წითლად, ნატრიუმი ყვითლად, კალიუმი იისფრად. ჟანგბადის არეში მეტალის დაჟანგვა სწრაფი პროცესია. ეს პროცესი ჰაერზე ნელაც შეიძლება მოხდეს და წლობით გაგრძელდეს. საუბარი კოროზიაზეა, რომელზეც ერთ-ერთ ადრინდელ სტატიაში დავწერე.

შეიძლება, რომ ჟანგბადი ანათებდეს, მაგრამ ამავე დროს არაფერთან რეაგირებდეს? თურმე შეიძლება. ეს სინგლეტური ჟანგბადია და ამ ტერმინის  შესახებ უფრო ექიმებმა და ფიზიკოსებმა იციან. საქმე აღგზნებულ ჟანგბადს ეხება, რომლის ცხოვრების ხანგრძლივობა დაახლოებით 45 წუთია.  მის მისაღებად ქლორია აუცილებელი, რომელსაც გავატარებთ ნატრიუმის ტუტის და წყალბადის ზეჟანგის ხსნარში. შედეგად, ჟანგბადის სინგლეტური ფორმა წარმოიქმნება 1O2. აქ ჟანგბადის მოლეკულას გაცილებით მაღალი ენერგია აქვს. სიბნელეში მოყვითალო იისფერი ნათება აქვს და ეს მანამდე გრძელდება, სანამ მთელი  სინგლეტური ჟანგბადი  ჩვეულებრივ ჟანგბადად არ გარდაიქმნება.

ამ მოვლენას საინტერესო გამოყენება ქონია.  ფიზიკოსებმა ძლიერი ქიმიური ლაზერი შექმნეს, რომელიც სინგლეტურ ჟანგბადს იყენებს. ამ ლაზერს სამხედრო საქმეში რაკეტსაწინააღმედგო თავდაცვაში შეხვდებით. ასევე, ინფორმაციის გადაცემაში შორ მანძილებზე. ლაზერის მეშვეობით მეტალების ჭრაც შესაძლებელია. ექიმები კი სინგლეტურ ჟანგბადს, კიბოს მკურნალობის პროცესში, დასხივებაში იყენებენ. ასეთი ჟანგბადი ადამიანის უჯრედში მოხვედრისას, მას ბოლომდე შლის. პროცესს ფოტო ტოქსიურობა ეწოდება. ამ თვისებას იყენებენ სიმსივნური უჯრედის დაშლისთვის. ყოველ შემთხვევაში ცდილობენ.

სინგლეტურ ჟანგბადს გარემოს ქიმიაშიც თავისი გამოყენება აქვს, კერძოდ, ჩამდინარე წყლების სტერილიზაციისთვის.

ჟანგბადის ალოტროპია ყველამ იცის, ოზონი ეწოდება და ფორმულა  O3-ია. ჟანგბადისგან განსხვავებით, ოზონს სუნი აქვს. მისი სახელი ბერძნული ენიდან ასეც ითარგმნება-„სუნის მქონე“. ჭექა-ქუხილის შემდეგ, რომ სუფთა ჰაერის სურნელია, ეგ არის ოზონის სუნი.  მიხვდით ალბათ, რომ ბუნებაში ოზონი ჭექა-ქუხილის დროს წარმოიქმნება. წარმოიქმნება მზის რადიაციის გავლენითაც.  თუმცა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ოზონთან შეხება გვიწევს, როდესაც დიდი ელექტროგადამცემი ხაზები მუშაობს და ოთახში ქსეროქსის მანქანებია ჩართული.

არსებობს სპეციალური დანადგარები-ოზონატორები, რომლებიც სასმელი წყლის დეზინფექციას აკეთებენ. სამედიცინო ნივთების სტერილიზაციშიც იყენებენ. სახლის კედლებზე წარმოქმნილ ობსაც ოზონის ეშინია. თუმცა, ოზონის სუნთქვა არ შეიძლება, ტოქსიურია და ბევრ დაავადებას იწვევს.

თუ გვაქვს ბარიუმის პეროქსიდი და კონცენტრირებული გოგირდმჟავა, ასევე ამწოვი კარადა მუშა მდგომარეობაში, მაშინ ოზონის მიღება შეგვიძლია. გოგირდმჟავა ჩავასხათ ჭიქაში და დავამატოთ ბარიუმის პეროქსიდი, ოზონი საკმაოდ ინტენსიურად გამოიყოფა. ნამდვილად ოზონი გამოიყო? ჭიქასთან პინცეტით მივიტანოთ კალიუმის იოდიდში და სახამებელში დასველებული ქაღალდი. ქაღალდი ლურჯდება, რადგან კალიუმის იოდიდის და ოზონის ურთიერთქმედებით იოდი წარმოიქმნება.

ჟანგბადის მნიშვნელობა ნებისმიერი ცოცხალისთვის წარმოუდგენლად დიდია. სუნთქვის დროს, ისინი მოიხმარენ ჟანგბადს და გამოყოფენ ნახშირორჟანგს და წყალს.

ადამიანის სისხლის 1გ ჰემოგლობინი იკავშირებს 1,33სმ3 ჟანგბადს ოქსიჰემოგლობინის სახით. იგი ადვილად იშლება და კაპილარების მეშვეობით ქსოვილების უჯრედებს ამ გზით აწვდის სასიცოცხლო პროცესებისთვის საჭირო ჟანგბადს. მისი მოქმედებით ორგანიზმში მიმდინარეობს ნელი ჟანგვის პროცესი (ამ დროს სითბო გამოიყოფა). გამოყოფილი ენერგია ორგანიზმის ცხოველქმედებას ხმარდება. ჰემოგლობინსა და ჟანგბადს შორის კავშირს ახორციელებს რკინის იონი (Fe2+), რომელიც ჰემოგლობინის შედგენილობაშია. უძრაობის მდგომარეობაში, ერთი საათის განმავლობაში, ადამიანი 0,5მ3 ჰაერს ჩაისუნთქავს. ადამიანის ორგანიზმი ჩასუნთქვის დროს ითვისებს  არსებული ჟანგბადის 1/5 ნაწილს. დარჩენილი 4/5 ნაწილი თავისი პარციალური წნევით ხელს უწყობს ჟანგბადის დიფუზიას ფილტვების ალვეოლებსა და კაპილარებში. დღე-ღამის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმი საშუალოდ 0,5მ3 მოიხმარს. ადამიანის ორგანიზმში ჟანგბადი დაახლოებით 65%-ია, რადგან ის შედის მისი შემადგენელი ნივთიერებების (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და სხვ) მოლეკულებში.

ჟანგბადის სატურაცია კი, ანუ ჟანგბადით გაჯერება, 95%-ზე ზემოთ უნდა იყოს (სასურველია).

ჰოდა, არიან ადამიანები, რომელთა ფილტვებს სუფთა ჟანგბადი ჭირდებათ.

არიან ჟანგბადით მოვაჭრეებიც, რომლებიც ასეთ ადამიანებს ჟანგბადს დღიურად აყიდებენ.

ფასს არაფერს დააკლებენ…

ზუსტად იციან, საქონელი ისეთია, იყიდი!

ყველაფერზე უარს იტყვი და ჟანგბადს იყიდი!

კომენტარები

comments