პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ გავაუმჯობესოთ შეფასების პრაქტიკა: პირველი კლასიკური გიმნაზიის გამოცდილება

მეოთხე კლასიდან მეხუთე კლასში გადასვლის შემდეგ მკვეთრად უარესდება მოსწავლეთა შეფასება. ამ პრობლემას თითქმის ყველა ქართულ სკოლაში ვაწყდებით. სტატიაში მოთხრობილია, პრობლემის გადაჭრის რა ხერხებს მიაგნეს თბილისის კლასიკური გიმნაზიის მასწავლებლებლმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა, 2010-2011 სასწავლო წელს განხორციელებული პრაქტიკული კვლევის შედეგად.

მოსწავლეების შეფასება სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლაში მოსწავლეთა შეფასების სისტემის გამართულ და ეფექტიან მუშაობას. შეფასების მიზანია, გამოავლინოს მოსწავლის უნარები და შესაძლებლობები, აამაღლოს სწავლის მოტივაცია, დაეხმაროს მოსწავლეს სწავლის პროცესის წარმართვაში, მიაწოდოს მშობელს, მასწავლებელს და ადმინისტრაციას ინფორმაცია მოსწავლის მიღწევებზე სტანდარტთან მიმართებაში და დაეხმაროს მასწავლებელს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.
საქართველოში, 2004 წლიდან, განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმების შედეგად, შეიცვალა ზოგად განათლებაში შეფასების სისტემა. ცვლილებები შეეხო დაწყებით საფეხურზე შეფასებას, რომლის თანახმად, I-IV კლასებში იწერება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება, ხოლო მეხუთე კლასიდან განმავითარებელთან ერთად _ განმსაზღვრელიც (ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2009). განმსაზღვრელი შეფასება გვიჩვენებს, თუ რამდენად ახლოსაა მოსწავლე დასახულ მიზანთან, განმავითარებელი შეფასება კი აღწერს მიღწევებს და მიუთითებს გამოსასწორებელ ასპექტებზე.
სწორედ განმავითარებელი შეფასების შემოღებას უკავშირებენ მასწავლებლები მეოთხე კლასიდან მეხუთე კლასში გადასვლის შემდეგ მოსწავლეთა შეფასებაში მკვეთრ ვარდნას. დაბალი შეფასება, ბუნებრივია, მშობლების უკმაყოფილებასაც იწვევს.
თბილისის კლასიკურმა გიმნაზიამ ამ პრობლემაზე მუშაობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შესთავაზა. სკოლასთან ერთად, განათლების ადამინისტრირების სტუდენტებმა 2010-2011 სასწავლო წელს ჩავატარეთ პრაქტიკული კვლევა, რომლის მიზანიც ზემოთ წამოჭრილი პრობლემის გადაჭრა იყო.
პრაქტიკული კვლევა განსხვავდება ჩვენთვის ნაცნობი, ტრადიციული კვლევისგან. პრაქტიკული კვლევისას ორგანიზაციის თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობენ კვლევის პროცესში და ის არ სრულდება პრობლემის შესწავლით ან რეკომენდაციების მიცემით. საკვლევ პრობლემას განსაზღვრავს სკოლა და შემდეგ, კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე, ცვლილების დაგეგმვის, განხორციელების და შედეგების შეფასების პროცესს სკოლაში ჩამოყალიბებული კვლევის კომისია მართავს. მკვლევრები, ჩვენს შემთხვევაში, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები, მხოლოდ ფასილიტატორების როლს ვასრულებდით. თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში კვლევის კომისია შვიდი პედაგოგისგან შედგებოდა.
კვლევის მთავარი კითხვა ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: რა არის დაწყებით საფეხურზე, კერძოდ, V კლასში განმსაზღვრელი შეფასების შემოღებით გამოწვეული პრობლემების მიზეზები? კითხვაზე პასუხის გასაცემად კვლევის ჯგუფმა მონაცემები შევაგროვეთ ჩაღრმავებული ინტერვიუების, ფოკუს ჯგუფების, მეორადი მონაცემების დამუშავების და ანკეტირების საშუალებით. კვლევის მიმდინარეობის პარალელურად კვლევის კომისია იკრიბებოდა, განიხილავდა პრობლემას და მსჯელობდა გადაჭრის გზებზე.
შეგროვებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა კვლევის ძირითადი მიგნებები:
(1) მეხუთე კლასში შეფასების ვარდნა არ არის გამოწვეული განმავითარებელი შეფასების შემოღებით. პრობლემა არსებობდა განმავითარებელი შეფასების შემოღებამდე. XII კლასის მოსწავლეების IV და V კლასებში მიღებული შეფასებების ანალიზმა ანალოგიური ტენდენცია აჩვენა.
(2) გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს შორის: მასწავლებლებთან ჩატარებული ინტერვიუებისა და საკითხის საკვლევი კომისიის სხდომებზე მიმდინარე განხილვისას გამოიკვეთა, რომ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს შორის არ ხდება ინფორმაციის ხშირი და სისტემატური გაცვლა. მასწავლებლები ინდივიდუალურად ცდილობენ სწავლების და შეფასების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრას, არ ხდება მიღებული გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება და განხილვა.
(3) მკვეთრად განსხვავებული შეფასების სიმბოლოები და ტერმინოლოგია მეოთხე და მეხუთე კლასებში: მასწავლებლებთან ჩატარებული ინტერვიუებისა და საკითხის საკვლევი კომისიის სხდომებზე მიმდინარე განხილვისას ასევე გამოიკვეთა, რომ მეოთხე კლასის მასწავლებლებს ერთმანეთისაგან განსხვავებული შეფასების სისტემები აქვთ (მაგ.: მზე, ყვავილი, დროშა და ა.შ.). მეხუთე კლასის მასწავლებლები კი მათგან სავსებით განხვავებულ სიმბოლოებსა და ტერმინოლოგიას იყენებენ მოსწავლეთა შეფასებისას, რაც ბავშვებში დაბნეულობასა და გაურკვევლობას იწვევს.
(4) მეხუთე კლასის პედაგოგების შეუსაბამო მოლოდინები ბავშვების მიმართ: ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ისინი კარგად არ იცნობენ მეოთხე კლასის სასწავლო გეგმას (რეფორმის შედეგად სტანდარტში შეტანილი ცვლილებების გამო) და მოსწავლეთა ცოდნას და უნარებს მეოთხე კლასის ბოლოს.
(5) შეფასებისას მეოთხე კლასის მასწავლებლების ლმობიერი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ: როგორც ინტერვიუებიდან გაირკვა, მეოთხე კლასის მასწავლებლები მკაცრად არ აფასებენ საკუთარ მოსწავლეებს იმის გამო, რომ ბავშვები მტკივნეულად განიცდიან უარყოფით შეფასებებს. პედაგოგების მტკიცებით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მშობელს დასჯის სხვადასხვა მეთოდი გამოუყენებია ბავშვის მიერ მიღებული დაბალი შეფასების გამო. ასევე, ბავშვების მიმართ ლმობიერი დამოკიდებულების მიზეზად დასახელებული იყო დაწყებითი კლასის მასწავლებლების ხანგრძლივი ურთიერთობა ერთსა და იმავე ბავშვებთან და მათ მიმართ განსაკუთრებით კეთილგანწყობილი დამოკიდებულება.
პრობლემის მიზეზების შესწავლის შემდეგ კვლევის კომისიამ განახორციელა შემდეგი ცვლილებები:
(1) მესამე კლასის მასწავლებლებისათვის მეხუთე კლასის საგნობრივი სტანდარტის გაცნობა: მესამე კლასის ორი პედაგოგი გაეცნო ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტს. სტანდარტის გაცნობის მიზანი იყო, მასწავლებლებს მეოთხე კლასის სასწავლო გეგმის შედგენისას გაეთვალისწინებინათ მიღებული ინფორმაცია. მათ საკლასო აქტივობები ისე უნდა დაეგეგმათ, რომ მოსწავლეს მიეღო ისეთი ცოდნა და გამოემუშავებინა ის უნარები, რომლებიც მას მეხუთე კლასის პროგრამის დასაძლევად დასჭირდებოდა. საგნობრივი სტანდარტის გაცნობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მესამე კლასის მასწავლებლებს საშუალებას მისცემდა, გაეთვალისწინებინათ და სიახლეები შეეტანათ შემდეგი სასწავლო წლის დაგეგმვაში.
(2) თანამშრომლობის გაღრმავება IV და V კლასების მასწავლებლებს შორის: ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების და შეფასების პროცესში არსებული პრობლემების ნათლად დანახვის მიზნით, მეოთხე კლასის მასწავლებელი და მეხუთე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დაესწრნენ ერთმანეთის გაკვეთილებს. თითოეული პედაგოგი აკვირდებოდა კოლეგის მიერ მოსწავლის შეფასების პროცესს და იწერდა შენიშვნებს. ინტერვენციის ამ მოდელის განხილვისას კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ კომისიის თავმჯდომარეს მეოთხე კლასის მოსწავლეები, დაკვირვების მიზნით, შეეფასებინა მეხუთე კლასის საგნობრივი სტანდარტის გათვალისწინებით. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ეს ინტერვენცია მაისში განხორციელდა. შესაბამისად, მოსწავლეები საკმაოდ მომზადებულები იყვნენ მეხუთე კლასისათვის. გაკვეთილს ესწრებოდა მეოთხე კლასის დამრიგებელი, კვლევის კომისიის წევრი, რომელიც შემდეგ მეხუთე კლასში ჩატარებულ ქართულის გაკვეთილსაც დაესწრო. ამის შემდეგ კომისიის თავჯდომარე საკუთარი ინიციატივით დაესწრო ქართული ენის გაკვეთილს პარალელულ მეოთხე კლასში, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ამ ორი კლასის მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა შეფასების პროცესის შედარება. მასწავლებლებმა შეძლეს უკეთ დაენახათ მსგავსებები და განსხვავებები, დაეახლოებინათ კრიტერიუმები და გაეაზრებინათ შეფასების პროცესში წარმოქმნილი სირთულეები. კვლევის კომისიის სხდომაზე მათ გამოთქვეს მოსაზრებები და გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები. განხილვისას ისინი დაეთანხმნენ კომისიის წევრებს, რომ საჭირო იყო მეოთხე და მეხუთე კლასებში გამოყენებული ყოფილიყო შეფასების მსგავსი კრიტერიუმები.
ინტერვენციის ამ ეტაპების დასრულების შემდეგ, კვლევის კომისიის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გააკეთეს დაწყებითი კლასების კათედრის წევრებთან, კერძოდ, მესამე და მეოთხე კლასების მასწავლებლებთან. პრეზენტაციის მიზანი იყო მიღებული გამოცდილების გაზიარება და ინტერვენციის მომდევნო ეტაპზე გადასვლა. პედაგოგებმა განხილვისას აღნიშნეს, რომ მეხუთე კლასის შეფასების კრიტერიუმებიდან თითოეულის გამოყენება აუცილებელია მეოთხე კლასშიც და რაიმეს შეცვლა ამ კუთხით საჭირო არ არის. გადაწყდა, რომ მესამე კლასის მასწავლებლები და მეოთხე კლასის ის პედაგოგი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით დაესწრო გაკვეთილზე ერთი კვირის განმავლობაში, შეფასების ამ კრიტერიუმებს გამოიყენებდნენ საკუთარ მოსწავლეებთან.
(3) შეფასების კრიტერიუმების დაახლოება: მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასების მასწავლებლებმა ერთად განიხილეს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ მეხუთე კლასისათვის შემუშავებული შეფასების კრიტერიუმები. განხილვისას პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ ამ კრიტერიუმების გადატანა უცვლელად შეიძლებოდა მეოთხე კლასში მოსწავლეთა შეფასებისთვის. გადაწყდა, რომ მესამე და მეოთხე კლასების მასწავლებლები, ერთი კვირის განმავლობაში, საგაკვეთილო პროცესში უცვლელად გამოიყენებდნენ აღნიშნულ კრიტერიუმებს და დააკვირდებოდნენ შეფასების პროცესს.
იმის გათვალისწინებით, რომ კვლევითი ნაწილი მეორე სემესტრში დასრულდა, კვლევის კომისიის სხდომებზე წამოჭრილი ინიციატივების განხორციელება დროის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა. ასევე იყო ინიციატივები, რომელთა დასანერგადაც საჭირო იყო ადმინისტრაციის აქტიური ჩარევა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კვლევის კომისიამ ადმინისტრაციისათვის შეიმუშავა რეკომენდაციები დაწყებით საფეხურზე შეფასების სისტემის გასაუმჯობესებლად. ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი განიხილავენ კვლევის კომისიის მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციებს და გაითვალისწინებენ სასკოლო სასწავლო გეგმაში.
კვლევის კომისიამ აღნიშნული რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:
1) საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება პედაგოგებს შორის: (ა) თანამშრომლობა III, IV და V კლასების მასწავლებლებს შორის. შემუშავდეს III, IV და V კლასების მასწავლებლებს შორის რეგულარული სამუშაო შეხვედრების გრაფიკი; როგორც გოუერი და საფიერი აღნიშნავენ, კარგი შეფასების სისტემის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია: „იმ მასწავლებელთა ჯგუფმა, რომლებიც ერთსა და იმავე კლასთან მუშაობენ, ან ერთსა და იმავე მასალას ასწავლიან (ან ორივე პირობას აკმაყოფილებენ), ერთად უნდა იმუშაოს შეფასების საერთო დავალებების/ამოცანების შექმნაზე” (გოუერი & საფიერი, 2010, გვ.415). (ბ) შეფასების ერთიან კრიტერიუმებზე შეთანხმება: IV და V კლასების მასწავლებლები შეთანხმდებიან კონკრეტულ საგანში შეფასების ერთიან კრიტერიუმებზე; (გ) მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენება IV და V კლასებში, როგორც შეფასებისას, ასევე სწავლების შინაარსში; (დ) III და IV კლასების პედაგოგები გაეცნონ V კლასის საგნობრივ სტანდარტებს, სტანდარტში ცვლილებებს და პირიქით.
2) სასურველია, მეხუთე კლასში პედაგოგისა და მოსწავლეების მიერ ერთმანეთის გაცნობის და შეგუების მიზნით, პირველ სემესტრში, ერთი თვის განმავლობაში მასწავლებლებმა თავი შეიკავონ დაბალი ნიშნების წერისგან და ის მოსწავლეები, რომლებსაც სასწავლო პროცესში ხარვეზები აქვთ, შეაფასონ მხოლოდ განმავითარებელი შეფასებებით. მნიშვნელოვანია, სასკოლო სასწავლო გეგმაში ნათლად და დეტალურად იყოს ასახული დაწყებითი საფეხურის, კერძოდ კი, მეოთხე და მეხუთე კლასებისათვის კრიტერიუმების ჩამონათვალი, ანუ რა ცოდნა და უნარები უნდა მიიღოს თითეული კლასის ბოლოს მოსწავლემ. ასევე, უნდა შემუშავდეს ერთიანი სტანდარტი დაწყებითი საფეხურისთვის.
მეხუთე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტის გაცნობის შემდეგ, მესამე კლასის მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ არსებობს გარკვეული განსხვავებები მეოთხე და მეხუთე კლასების კრიტერიუმებს შორის (მაგალითად, გრამატიკაში). ზოგიერთი მასწავლებელი, ამ განსხვავების აღმოსაფხვრელად, დამატებითი სახელმძღვანელოების დახმარებით მუშაობს. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, ყველა პედაგოგისთვის ერთიანი მოთხოვნა არ არსებობს. პედაგოგებმა ინტერვიუში აღნიშნეს, რომ შეეცდებიან, მეხუთე კლასის საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნები გაითვალისწინონ მეოთხე კლასის სასწავლო პროცესის დაგეგმვისას.
თბილისის კლასიკური გიმნაზიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მიღებული გამოცდილების გამოყენება შეუძლიათ იმ სკოლებს, რომლებშიც ანალოგიური პრობლემა დგას და მისი გამომწვევი მიზეზებიც იდენტურია. კლასიკური გიმნაზია აგრძელებს ინტერვენციის განხორციელებას. თუმცა კვლევის პირველ ეტაპზე მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ მეოთხე კლასიდან მეხუთეში გადასვლისას შეფასებაში ვარდნა არ უკავშირდება განმავითარებელი შეფასების შემოღებას. ეს პრობლემა არსებობდა განმავითარებელი შეფასების შემოღებამდე. პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია (1) მეოთხე და მეხუთე კლასების მასწავლებლების ერთობლივად მუშაობის და (2) მეხუთე კლასში გადასვლის პირველ პერიოდში მხოლოდ განმავითარებელი შეფასების გამოყენებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი