პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოქმედებს თუ არა უარყოფითად სტერეოტიპების შთაგონება მხოლოდ გოგონებზე?

როდესაც 2005 წელს ლარი სამერსმა, იმ დროისთვის ჰარვარდის პრეზიდენტმა, თავისი აზრი გამოთქვა „ბუნებრივი უნარების” შესახებ, როდესაც ის განმარტავდა ბიჭებისა და გოგონების განსხვავებულ მოსწრებას მათემატიკასა და სხვა ზუსტს მეცნიერებებში, ის დაადანაშაულეს ხსენებულ დისციპლინებში სწავლის გართულებულად წარმოდგენაში გოგონებისთვის, მაგრამ არ იქნა დადანაშაულებული ბიჭებისადმი მიკერძოებულ მიდგომაში.

ახალი კვლევების თანახმად, სივრცეზე ორიენტირებულ ამოცანებს ცუდად ასრულებენ გოგონები (ან ბიჭები) იმ შემთხვევებში, როდესაც წინასწარ ეუბნებიან, რომ ეს მათი ბუნებრივი უნარის ბრალია, როცა მათ მიერ ჩაბარებულ ტესტში მიღებული ქულები განსხვავდება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მიერ იგივე ტესტში მიღწეულ შედეგებთან შედარებით.
კვლევაში, რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალ “Learning and Individual Differences”-ის თებერვლის გამოცემაში, ფსიქოლოგმა ანჯელიკა მოიმ სკოლის დამამთავრებელი კლასის (high school) 201 მოსწავლეს განუცხადა, რომ ისინი ჩააბარებენ ტესტს, რომლის მიხედვითაც შეფასდება წარმოსახვითი ობიექტების მენტალური მანიპულაციები. იმავდროულად მათ აუწყეს, რომ ამ სავარჯიშოს, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „მენტალური როტაციის ტესტი”, ბიჭები უფრო კარგად ასრულებენ, ვიდრე გოგონები. ამგვარი წინა-ტესტური კომენტარი წარმოადგენს შთაგონების სტანდარტულ გზას, რომელსაც ფსიქოლოგები „სტერეოტიპულ მუქარას” უწოდებენ.
როგორც გამოვლინდა, როდესაც ტესტის ჩამბარებლებს ახსენებენ, რომ ჯგუფები, რომლებსაც ისინი ეკუთვნიან, დაბალ ქულებს იღებენ, ისინი მართლაც ცუდად ართმევენ თავს დავალებას, ვიდრე იმ შემთხვევებში, როდესაც მსგავსი წინასწარი კომენტარები არ ესმით არავისგან. შიში იმისა, რომ ისინი ნეგატიურ სტერეოტიპს გაამართლებენ, ამცირებს მათი ქმედების პროდუქტიულობას.
მაგრამ ანჯელიკა მოიმ შემდეგი ნაბიჯი გადადგა: მან მოსწავლეები ოთხ ჯგუფად გაყო და თითოეულს კონკრეტული ახსნა შესთავაზა თუ რატომ აბარებენ გოგონები ცუდად აღნიშნულ ტესტს. პირველ ჯგუფს უთხრეს, რომ ეს გამოწვეულია გენეტიკური სხვაობით ბიჭებსა და გოგონებს შორის. მეორე ჯგუფს განუცხადეს, რომ პრობლემა დროითი შეზღუდვა იყო: ბიჭებს ისევე წარმატებით შეუძლიათ ამ ტესტის ჩაბარება, როგორც გოგონებს, მაგრამ ამ უკანასკნელებზე უფრო ძლიერად მოქმედებს ის გარემოება, რომ შეიძლება დროში ვერ ჩაეტიონ ტესტზე მუშაობისას. მესამე ჯგუფს მოახსენეს, რომ ამაში დამნაშავეა ზოგადად ადამიანებში არსებული სტერეოტიპული წარმოდგენები, რომ გოგონებს უფრო ნაკლები უნარი აქვთ ამ ამოცანის შესრულებისთვის, ვიდრე ეს სინამდვილეშია. მეოთხე ჯგუფს კი მარტივად მხოლოდ ის აუწყეს, რომ ამ ტესტს ბიჭები უფრო კარგად აბარებენ, ვიდრე გოგონები. ამის შემდეგ თითოეული ჯგუფი შეუდგა სამუშაოს.
შედეგები ასეთი იყო: გოგონებმა, რომლებსაც საკუთარი წარუმატებელი ტესტირების გარეგან მიზეზებზე მიუთითეს (დროითი შეზღუდვა ან სხვებში არსებული სტერეოტიპები), კარგად ჩააბარეს ტესტი. მაგრამ თუ მათ ამ წარუმატებლობის შინაგან მიზეზზე მიუთითებდნენ, – დეფექტური გენები, – ისინი ცუდად ასრულებდნენ ამ სავარჯიშოს. ამ ექსპერიმენტის ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა ის იყო, რომ ბიჭებიც ისევე ცუდად აბარებდნენ ტესტს, როდესაც მათ ეუბნებოდნენ, რომ სწორედ გენებია ამგვარი გენდერული სხვაობის ბრალი ტესტში მიღებული ქულების თვალსაზრისით.
აღმოჩნდა, რომ გენეტიკური ხასიათის ახსნები ამა თუ იმ სამუშაოს შესრულების წარმატება-წარუმატებლობის შესახებ, არ არის სასარგებლო არავისთვის: გოგონები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი უხარისხო გენები არ მისცემს მათ ბიჭებთან ძლიერი კონკურენციის გაწევის საშუალებას, ბიჭები კი იმაზე ნერვიულობენ, რომ ვერ გაამართლებენ იმ მაღალ მოლოდინს, რომელიც უკავშირდება Y ქრომოსომას. „აქ მნიშვნელობა არ აქვს ეს გენეტიკური ახსნა სიმართლეა თუ არა ან რა დოზით არის ის მართალი” – წერს მოი. „რაც რეალურად გავლენას ახდენს, არის იმის რწმენა, რომ მარცხი ან სირთულე წარმოიქმნება გენეტიკური ფაქტორით”.
თუკი ამგვარი გენეტიკური ახსნა სიმართლეა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მას, როგორც სოლიდურ სამეცნიერო მოწმობას. მაგრამ დაუსაბუთებელი საუბრები ამა თუ იმ უნარის გენეტიკური დეტერმინირებულობის შესახებ, – იქნება ის კოლეჯის პრეზიდენტების საჯარო გამოსვლებსა თუ საგაზეთო სტატიების სათაურებში, – გვარიანი ზიანის მიყენება შეუძლია ნებისმიერი ადამიანის აზროვნებასთვის, ქალი იქნება ის თუ კაცი.

მშობლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ ასეთი ზიანის მომტანი საუბრების წინააღმდეგ მოქმედება გონების მოქნილ ბუნებაზე ხაზის გასმით ყოველი შესაძლებლობისას. მაგალითად, თუკი მიუთითებენ, რომ „მენტალური როტაციის ტესტის” მსგავსი ამოცანების შესრულების ხარისხი უმჯობესდება წვრთნითა და პრაქტიკით. ტესტის ჩამბარებლებს შეუძლიათ საკუთარ თავს შთააგონონ შემდეგი: „მე ამას წარმატებით გავართმევ თავს, თუ მაქსიმალურად შევეცდები კონცენტრაცირებას” ან „პრაქტიკასთან ერთად თანდათან უკეთესად შევასრულებ ამ ამოცანას”. ეს არ არის საკუთარი სიძლიერის მტკიცების იაფფასიანი მეთოდი, არამედ გონების იმგვარად მომართვაა, როდესაც მას მაქსიმალურის გაკეთება შეუძლია.

თარგმნა დავით თინიკაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი