პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ზოგადი განათლების ხარისხის შეფასების მნიშვნელობა იზრდება

ევროპის კავშირისთვის განათლება არის მთავარი გამოწვევა კონკურენტუნარიანობისა და სოციალური კავშირის გასაუმჯობესებლად. განათლების ხარისხზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ადამიანის პიროვნული განვითარება.

განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ინერგება განათლების ევალუაციისა და ინსპექტირების სისტემები. ევროკავშირის რეკომენდაციით, წევრმა ქვეყნებმა განათლების ხარისხის შეფასების გამჭვირვალე სისტემები უნდა დანერგონ1.
შეფასების რეკომენდებული სისტემა მოიცავს შიდა ან/და გარე შეფასებას. წესისამებრ, შიდა შეფასებას ახორციელებს სკოლა. ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში შიდა შეფასება სავალდებულო ან მკაცრად რეკომენდებულია. გარე შეფასება მოიცავს სკოლის საქმიანობის თითქმის ყველა მიმართულებას2. ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, ევროპის კავშირის წევრმა ქვეყნებმა, მათი განსაკუთრებული ეკონომიკური და სოციალური პირობების, აგრეთვე კულტურის გათვალისწინებით, უნდა შექმნან ხარისხის შეფასების გამჭვირვალე სისტემები ან ხელი შეუწყონ მათ განვითარებას.
განათლების ხარისხის შეფასების სისტემის მიზანი უნდა იყოს:
. განათლების ხარისხის გაუმჯობესება; სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა; მოსწავლეებისთვის შესაძლებლობათა თანასწორობის უზრუნველყოფა;
. სკოლების წახალისება თვითშეფასების განსახორციელებლად;
. გარე შეფასების სისტემის განვითარება. ამ ღონისძიებამ შესაძლებელი უნდა გახადოს სკოლის მუდმივი განვითარების ხელშეწყობა3.
საქართველოში 2010 წლიდან ინერგება სკოლების შეფასების სისტემა, რომელიც მოიცავს შიდა შეფასებას (თვითშეფასება) და გარე შეფასებას (ავტორიზაცია, აკრედიტაცია). თვითშეფასებას ახორციელებს დაწესებულება და ადგენს ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშს, ხოლო გარე შეფასებას – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
ავტორიზაცია სავალდებულოა. ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებელი პროცედურა. ავტორიზაციის გარეშე სკოლის ფუნქციობა დაუშვებელია.
ავტორიზაციის სტანდარტებია:
. საგანმანათლებლო პროგრამები;
. მატერიალური რესურსი;
. ადამიანური რესურსი.
საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი გულისხმობს, რომ სასკოლო სასწავლო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს სკოლის მისიას და ეროვნულ სასწავლო გეგმას.
მატერიალური რესურსის სტანდარტი სკოლებს ავალდებულებს, ჰქონდეთ სასწავლო პროცესის განსახორციელებლად საჭირო მატერიალური ბაზა, რომელიც მოსწავლის საჭიროებებს იქნება მორგებული.
ადამიანური რესურსის სტანდარტის მიხედვით, სკოლამ მასწავლებლები უნდა შეარჩიოს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად. მათთან უნდა დაიდოს ხელშეკრულებები. სკოლას შემუშავებული უნდა ჰქონდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები.
აკრედიტაცია ნებაყოფლობითია და მისი მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება განათლების ხარისხის ასამაღლებლად.
საქართველოში არსებობს აკრედიტაციის შემდეგი სტანდარტები:
. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;
. სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;
. მოსწავლეთა მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;
. სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;
. სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.
აკრედიტაციის სტანდარტები იმ შემთხვევაშია დაკმაყოფილებული, თუ სასკოლო სასწავლო გეგმა, სკოლის მისიაში ასახული საერთო პრინციპებიდან და პრიორიტეტებიდან, ასევე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ.
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ხელს უნდა უწყობდეს თითოეული მოსწავლისთვის კვლევისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, აძლევდეს მათ ცოდნისა და უნარების გამოყენების შესაძლებლობას. სკოლამ უნდა ჩართოს სასკოლო საზოგადოება სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებისა და შეფასების პროცესში.
სკოლაში სასწავლო პროცესი უნდა განხორციელდეს ორგანიზებულად. სწავლების მეთოდები მორგებული უნდა იყოს ცალკეული მოსწავლის, მოსწავლეთა ჯგუფებისა და მთელი კლასის საჭიროებებს.
მოსწავლის ცოდნის შეფასების კრიტერიუმებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მოსწავლის ინფორმირება მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახებ.
მოსწავლეს უნდა შეეძლოს, მიიღოს სკოლაში სათანადო კონსულტაცია თავისი მიღწევების გასაუმჯობესებლად. სკოლა უნდა დაეხმაროს მას.
მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ თვითრეალიზაციის საშუალება. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებას.
სკოლის პერსონალი უნდა მონაწილეობდეს მათ საჭიროებათა შესაბამისი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში.
სკოლამ უნდა შეიმუშაოს მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმაში განსაზღვრული პრიორიტეტების მექანიზმები. ამასთან, სკოლაში არსებული მატერიალური რესურსი (ტექნიკური აღჭურვილობა, სახელმძღვანელოები და სხვა) ხელმისაწვდომი უნდა იყოს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.
სკოლაში უნდა მოქმედებდეს ხარისხის ამაღლების სისტემა, რომელიც ითვალისწინებს “დაგეგმე – განახორციელე – შეამოწმე – განავითარე” ციკლს. სკოლამ უნდა შეძლოს, გამოიყენოს შიდა და გარე შეფასება სასკოლო გარემოსა და სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად.
———–
1 https://ec.europa.eu/education/school-education/doc828_en.htm#doc2
2 Education, Audiovisual and Culture Executive Agency, Eurydice, Key Data on Education in Europe 2012, gv. 39
3 https://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=OJ:L:2001:060:0051:0053:DE:PDF

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი