პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

საკლასო ოთახში, მოსწავლის პირისპირ – რამდენიმე შეთავაზება მასწავლებელს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებისთვის

დღეს თითქმის ყველა პედაგოგი თანამედროვე სკოლის ერთ-ერთ უპირველეს პრობლემად სწავლის მიმართ მოსწავლეთა დაბალ მოტივაციას დაასახელებს. ამას ზოგი საგანმანათლებლო პოლიტიკის ხარვეზებს მიაწერს, ზოგი – სკოლისგან დამოუკიდებელ პრობლემებს და ზოგიც საზოგადოების ბრალეულობას ხედავს. დამნაშავის ძებნა შორს წაგვიყვანს და ბოლოს მაინც საკლასო ოთახში, მოსწავლის პირისპირ დაგვაბრუნებს. 
ცნობილია, რომ სწავლის სურვილ­სა და მოტივაციას ბავშვები მე-7-მე-8 კლასებში თანდათანობით კარგავენ, ანუ ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ საშუალო სკოლის მოსწავლეებთან დგას. რა თქმა უნდა, აქ გადამწყ­ვეტ როლს გარდატეხის ასაკის თავისე­ბურებები თამაშობს. ამ დროს ბავშ­­ვები დამოკიდებულებებს იცვლიან, საკუთარი თავის დამკვიდრების იოლ გზებს ეძებენ და სირთულეებს გაურბიან. 
ალბათ ყველას გვყოლია სკოლაში ერთი მასწავლებელი მაინც, რომელ­­მაც ესა თუ ის საგანი შეგვაყვარა. ფაქტია, რომ ყველა პედაგოგს შეუძ­­ლია, გავლენა მოახდინოს საკუთარი მოსწავლეების მოტივაციაზე. 
რა ვერ მოგვიგვარებს პრობლემას
სპონტანურობა – ეს ნიშნავს, რომ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ საგაკ­ვეთილო გეგმაზე, გავთვალოთ ყვე­­ლა ასპექტი: მოსწავლეთა როგორ ქცევას ველოდებით, წინ რა უძღოდა ამ გაკვეთილს, ჩამოვაყალიბოთ, რა სიახლე შეგვიძლია მივაწოდოთ ბავშვებს. თითოეული მოსწავლის­თ­ვის მოფიქრებული უნდა გვქონ­დეს ერთგვარი დავალება, რითიც ინდი­­ვიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გაკვეთილის პროცესში მის ჩართულობას ვუზრუნველ­ვ­ყოფთ, უნდა დავუკავშიროთ ერთ­­მა­­ნეთს გაკვეთილის მიზნები, სტრატე­­გია და მოსალოდნელი შედეგები. 
შეფასებაში ასახული დისციპლინა – ხშირად მასწავლებლები ამ მხრივ ცდილობენ მოსწავლეთა დაინტე­რე­­სებას საგნით და შეფასებას იყე­­ნებენ მოსწავლეთა დასასჯელად, რაც თავიდანვე მცდარი და არას­წორი საქციელია ჩვენი მხრიდან, სჯობია ვცადოთ და შეფასების განსხვავე­ბული ფორმები მოვი­ფიქ­როთ კონ­­კრეტული კლასისთვის (სასურვე­ლია ბავშვებთან ერთად). მოსწავლეები ამ ასაკში არაპროგრამულ დავა­ლე­ბებს ხალისით ასრულე­­ბენ, მაგა­ლი­თად, საპრეზენტაციო თემების წერასა და კლასის წინაშე წარდგე­ნას, ფილმების გადმოწერას ინტერნეტიდან, ვიზუალური თუ აუდიო წყაროების მოძიებას, ლაშქ­­რობე­ბის, ექსკურსიების ან გასვ­ლი­თი გაკვე­­თილების ორგანიზებას, დისკუსი­ებისა და დებატების მოწ­­ყო­ბას. ამ ყველაფერში შეგვიძლია აქტიურად გამოვიყენოთ კომპონეტიანი შეფასების სისტემა, შევუფა­სოთ შეძენილი უნარ-ჩვევები, აზროვნე­ბის დემონსტრირების ფორმები და სხვა.
შევუქმნათ ყველა მოსწავლეს პორ­­ტფოლიო, რომელშიც მთელი წლის ნამუშევრებს შევუნახავთ (თემებს, ტესტებს, ილუსტრაციებს, მოძი­ებულ მასალებს და ა.შ.) სასწავლო წლის ბოლოს კი მისი შეფასება პორტფოლიოს მიხედვითაც შეგვეძლება. 
სიმკაცრე – ამ ასაკში რაც მათ ყვე­­ლაზე მეტად გვაშორებს, ეს სიმკაც­­რეა. ყოველ წამს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ მეგობრები ვართ, მხო­ლოდ განსხვავებული უფლება-მოვალეო­ბე­ბით. ნუ მივცემთ საშუალებას, სხვაგან ეძებონ საკუთარი თავის გამოხატვისა და აზრის გამოთქმის გზები. დავანახოთ ღია და გულწრ­ფელი დამოკიდებულება მათი პიროვ­­ნებების მიმართ, არასდროს მივცეთ შენიშვნა სხვისი თანდასწრებით (ამისთვის შესვენებაც შეიძლება გამოვიყენოთ და საგაკვეთილო პროცესის შემდგომი პერიოდიც). ყველა ხერხი უნდა მოვსინჯოთ მათი ნდობის მოსაპოვებლად, რადგან თანამედროვე მოსწავლე უშუალოდ ჩვენი და ჩვენი საგნის საჭიროების დასაბუთებასა და დამტკიცებასაც ითხოვს. თითოეულ შეცდომას სასჯელი კი არა, დახმარება უნდა მოსდევდეს.
რა შეიძლება დაგვეხმაროს მოტივაციის შექმნასა 
და ამაღლებაში:

   
დროის ეფექტურად მართვა – გაკ­­ვეთილის დროის არასწორ განაწი­ლებას დისციპლინის პრობლემები მოსდევს. სასურველია, გაკვეთი­ლის სტრუქტურა და დროის განაწი­ლე­ბა კლასთან ერთად განვიხილოთ. გაკ­­ვეთილის ეფექტური დაგეგმვითა და მართვით მოსწავლეებს დროის ეკონომიურად გამოყენების მაგალითი უნდა მივცეთ.
აქტივობების მრავალფეროვნება – ნუ იქნება ჩვენი გაკვეთილი ერთ­­­ფეროვანი და მოსაწყენი. რაც შეიძ­­ლება, მეტი ხალისითა და ენთუ­ზი­აზმით დავიწყოთ იგი. მივმართოთ სხვადასხვა სახის აქტივობასა თუ მეთოდს (ჯგუფური მუშაობა, დისკუსია, კონკურსი, წერითი დავა­ლე­ბა, პრეზენტაცია, თვალსაჩინოებები, აუდიო ჩანაწერები, ვიდეო ჩანაწე­რები და ა.შ.), რაც გაკვეთილს უფრო აქტიურს გახდის, ხოლო მოსწავ­ლე­­ების ჩართულობის დონეს საგრძ­ნობ­ლად აამაღლებს. 
ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები – საინტერესო და ეფექტური გაკვეთილის დაგეგ­მ­ვა­სა და წარმართვაში ყველაზე მეტად ვიზუალური მასალის სიმრავლე გვეხმარება. ბავშვების სამყაროს აღქმა ძირითადათ ხომ თვალის მეხსიერებას ეფუძნება. ყველაზე დიდ ინტერესს ისინი ფილმებისა და ინტერნეტის მიმართ იჩენენ – რატომ არ გამოვიყენოთ ეს სიკე­თე­ები? გაკვეთილის თემატიკიდან გამომდინარე, მოვძებნოთ მასა­ლე­ბი ინტერნეტსივრცეში (ფილმი, კლიპი, ნაწყვეტი ფილმიდან, სიმღერა, დო­­კუმენტური მასალა, ფოტომასა­­ლა, საგნობრივი თამაშები და ა.შ), მასა­­ლის ნახვის ან მოსმენის შემდეგ დისკუსია მოვაწყოთ. თუ კომპი­უტე­რი ან ინტერნეტი არ გვაქვს, შეგ­­ვიძ­­­ლია თავად მოსწავლეებს დავავალოთ მასალის მოძიებაცა და წარდგინებაც.  
მეგობართა ჯგუფი – მეგობართა ჯგუფს სკოლის რამდენიმე მასწავ­ლებელი ქმნის, რომლებიც საკუთა­რი საქმიანობის მუდმივი გაუმჯო­ბესებითა და დახვეწით არიან დაინ­­ტერესებულნი. მეგობართა ჯგუფი იმისთვის იქმნება, რომ კოლეგები ერთმანეთს პედაგოგიური პრაქტი­კის კრიტიკული შეფასებით დაეხმა­რონ. ისინი ერთობლივად განსაზღვ­რა­ვენ სასწავლო მიზნებს და მათ მისაღ­წე­ვად მეთოდებსა და სტრატეგიებს შეიმუშავებენ, აგრეთვე კონკრე­ტულ მოსწავლეთა საკითხებს, ან სასწავლო პროცესში წამოჭრილ პრობლე­მებს განიხილავენ. მეგობართა ჯგუ­­ფის წევრები ახალი რესურსების მოძიებისა თუ გამოყენების უნარ-ჩვევებს ერთმანეთისგან სწავლო­ბენ. ჯგუფი თვეში ერთხელ ან ორჯერ იკრიბება რამდენიმე საათით. გამოც­­დილება მოწმობს, რომ მეგობართა ჯგუფის წევრი მასწავლებლის მოსწავლეები უფრო მეტად მოტივი­რე­ბულები არიან და მაღალი აკადემი­ური მოსწრებითაც გამოირჩევიან. 
როდესაც მასაწავლებელს ვურჩევთ  რა საქმიანობა წარმართოს მოს­წავ­ლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, აუცილებლად უნდა გავითვალის­წი­ნოთ, რომ გაკვეთილის დაგეგმვას, დოკუმენტების წარმოებას თუ კლას­­გარეშე ღონისძიებებს არც თუ ისე ცოტა დრო სჭირდება, არადა დროის სიმცირეს ყველა უჩივის, თუმცა წარსულს უნდა ჩაბარდეს ის შეხე­­დულება, რომ მასწავლებლის ვალ­­დებულებაში მხოლოდ საგაკვეთი­ლო ცხრილით გათვლილი საქმიანობის შესრულებაა და საგაკვეთილო პრო­­ცესის შემდეგ იგი სკოლას აღარ ეკუთვნის; ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რა სიამოვნებას გავაღვიძებთ ჩვენს მოსწავლეებში  აქტივობებით გაჯერებული გაკვე­თილებითა და ღონისძიებებით, აუ­­ცილებლად მოვახერხებთ გამოვნა­ხოთ დროც და შესაძლებლობაც.
 ერთიცაა,  თანამედროვეობამ თა­­ვისი აჩქარებული რიტმით, ტექნი­კური განვითარებითა და ახალი გა­­მოწვევებით სხვა ტიპის და შეხე­დუ­ლებების ახალგაზრდობა ჩამოაყა­ლი­ბა, უფრო მეტად კრიტიკულები, თავისუფლები, პრაგმატულებიც და ზოგადი ინფორმაციებით დატვირ­თულები, ჩვენ მათ წინაშე ვეღარ წარმოვჩინდებით მოუმზადებლები  ისინი ჩვენგან ყოველ გაკვეთილზე სიახლესა და ისეთ ინფორმაციას ელიან რომელიც თანამედროვე მექანიზმებითა და ინსტრუმენტე­ბით არის მოძიებული, გადმოცემული ან განმტკიცებული. მათ სურთ ყავდეთ აქტიური და თანამედროვე მასწავლებელი, რაც ვფიქრობ, არ უნდა იყოს ძნელი, მთავარია   ჩვენი სურვილი და მონდომება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი