ასე საჭირო სოციალური უნარები   

ჩემი შვილის მასწავლებელთან შეხვედრა მქონდა, საბავშვო ბაღს ამთავრებს და სკოლაში მიდის. იმაზე ვლაპარაკობდით, რამდენად მზად არის ახალი ეტაპისთვის. მითხრა, ბავშვების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი და საგანმანათლებლო დაწესებულებები მეტ-ნაკლებად საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე იყვნენ შეთანხმებული, ბავშვმა თავიდანვე რომ იცოდეს, რომ წესი წესია, ისინი სხვებთან თანაცხოვრებას გვიმარტივებს და იმისთვისაა შექმნილი, რომ დავიცვათო.

 

დემოკრატიაც ხომ ეგ არის, ყველასათვის გამჭვირვალე წესებისა და კანონების შექმნა მონაწილეობის საფუძველზე და მათი დაცვა მანამ, სანამ უკეთეს წესებს არ მოვიფიქრებთ. უსარგებლო წესების წინააღმდეგ ბრძოლა და ერთმანეთის მოსაზრებების პატივისცემა.

 

ბაღში წესების დაცვა ბავშვებს რთული შემთხვევების უკონფლიქტოდ მოგვარებაში ეხმარება – დაელოდე, სანამ სხვა ლაპარაკობს და მერე თქვი შენი აზრი; თუ რამე არ მოგწონს, ახსენი, რა გიქმნის დისკომფორტს; პატივი ეცი სხვის სივრცეს; ჰკითხე მეგობარს, გათხოვებს თუ არა ნივთს; უნდა თუ არა დაგეხმაროს, არ დასცინო, არ დაარტყა, არ იყვირო და სხვა პრინციპები კომუნიკაციას უფრო მარტივს და მშვიდობიანს ხდის. მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემი შვილი გადასარევად ახერხებს ამ წესების დაცვას და რთული მდგომარეობებიდან გამოსავალს ვერბალური კომუნიკაციით ახერხებს – ჩხუბის, კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე.

 

იქიდან სამსახურში მივედი, საინფორმაციო გამოშვებებში სოლიდური, გადაწყვეტილების მიმღები კაცების თავყრილობა იყო, სადაც მოულოდნელად ერთმა მეორეს თავში წამოარტყა. იმან – რა ხდებაო და ატყდა ჩხუბი. ხელჩართული ჩხუბი, წიხლებით, მუშტებით და დალურჯებული თვალებით. არ არის კარგი, როცა ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები ისე იქცევიან, როგორი ქცევაც სასკოლო ასაკის ბავშვსაც  კი აღარ შეეფერება. არც ის არის კარგი, ასეთ ხალხს ამ რუდუნებით გაზრდილი ბავშვების მომავალზე რომ აქვთ გავლენა.

 

ადაპტაციური სოციალური ქცევა იმას გულისხმობს, რომ უნდა შეეგუო ადამიანებს, რომლებთანაც გიწევს ურთიერთობა და იმ სიტუაციას, რომელშიც იმყოფები. ასეთი ქცევა ორ მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს: ერთი მხრივ, უნდა შეძლო გასაგებად და თავდაჯერებულად გამოთქვა და გამოხატო შენი სურვილები და განცდები და, მეორე მხრივ, შეძლო, გაუგო სხვას. ეს კი მოვლენათა სოციალური კონტექსტის სხვადასხვა პერსპექტივიდან, სხვადასხვა პოზიციიდან დანახვას და შეფასებას მოითხოვს. შესაბამისად, სხვისი როლის გათავისების უნარის უქონლობა ხელს გვიშლის დავინახოთ მოვლენები სხვა ადამიანის თვალთახედვიდან, თანავუგრძნოთ სხვა ადამიანს.

 

გამართულ სოციალურ უნარებს, სხვა ადამიანებთან ჯანსაღი კომუნიკაციის გარდა, სწორი თვითმართვა, თვითშეფასება და თვითგამოხატვაც განაპირობებს. და თუ თვალს გადავავლებთ ადამიანებსა და ურთიერთობებს ჩვენ გარშემო, მივხვდებით, რომ ის, რასაც ბავშვებს ვთხოვთ და სამართლიანადაც, ვინაიდან ეს მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო უნარია, ზრდასრული საზოგადოებისთვის საკმაოდ დეფიციტურია.

 

როგორ შეიძლება ავხსნათ, თუ არა მწირი სოციალური უნარებით ის, რომ ყველა, ვინც არ მოგვწონს, გვინდა გაქრეს. ან ის, რომ დიალოგის, ახსნისა და მოსმენის გარეშე ვიქმნით წარმოდგენებს და მერე ამ წარმოდგენების ტყვეები ვხდებით ამა თუ იმ ადამიანთან, მოვლენასთან დაკავშირებით. თუ არა დაქვეითებული ადაპტაციური ქცევა, სხვა რით შეიძლება აიხსნას ჩვენი შიშები და ფობიები უმცირესობების, განსაკუთებული საჭიროების მქონე ადამიანების, უცხოების მიმართ – როგორ შეიძლება ვერ ვახერხებდეთ რაიმე ნიშნით განხვავებულ ადამიანებთან ერთად მშვიდად ცხოვრებას. კარგად განვითარებული თვითგამოხატვის უნარები რომ გვქონდეს, ხომ შევძლებდით ავუხსნათ მათ, ვინც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ გვიყვარს, რატომ ვცემთ პატივს და ბავშვებისა და მოზარდებისთვის ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნებოდა. ეცოდინებოდათ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი იმედი შეიძლება ჰქონდეთ, ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით და გაკიცხვის და გარიყვის ნაცვლად მხარს დავუჭერთ. და სწორი თვითშეფასების პირობებში გვეცოდინებოდა, რომ ამ ყველაფერს არა მხოლოდ სხვებისთვის, ჩვენი საკუთარი თავებისთვისაც უნდა ვაკეთებდეთ, იმიტომ, რომ სადღაც შეიძლება შენ იყო უმცირესობის წევრი ან განსხვავებული, შეიძლება შენ დაგჭირდეს მხარდაჭერა ან გაძლიერება, შეიძლება შეგეშინდეს ან შეგეშალოს, შეიძლება უსამართლობის ან სულაც გარემოებების მსხვერპლი გახდე და ამ დროს გარშემომყოფებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, შეიძლება შენი გადარჩენაც კი. ადამიანი სოციალური არსებაა.

 

სოციალური უნარების განვითარების შესახებ დაწერილ მასალებში წერია, რომ პოზიტიური ინკლუზიური სოციალურობისთვის მნიშვნელოვანია ემოციური რეგულაციები და ემპათია, იმპულების გაკონტროლება, ბრაზის მართვა, პრობლემების გადაჭრისა და უკონფლიქტო კომუნიკაციის უნარები. აღნიშნულია ისიც, რომ ბავშვებისთვის ერთმანეთის ქცევა უფრო სამაგალითო და გადამდებია, ვიდრე უფროსების მცდელობები, დააკორექტირონ მათი კომუნიკაციის მეთოდები. უფროსების როლი ამ საქმეში ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ბავშვებს მკაფიო წესები ექნებათ და ეცოდინებათ, რომ ეს წესი არა მხოლოდ მათთვის, უფროსებითვისაც მოქმედებს და მათი დაცვა სულაც არაა ზედმეტი თავსატეხი. წესების დაცვის აუცილებლობაზე საუბრისას, იმის თქმაც არ დავივიწყოთ, რომ უმაღლესი ჭეშმარიტება არც რომელიმე წესია და თუკი რაიმე უკეთესს მოვიფიქრებთ, მისი შეცვლაც შეიძლება და უკიდურეს ვითარებაში, მათ წინააღმდეგ წასვლაც, თუმცა ეს გამონაკლისი იქნება, რომელიც წესს ამტკიცებს.

 

სოციალური უნარების განსავითარებლად და დასახვეწად რამდენიმე სასიამოვნო რამ შეგიძლიათ სცადოთ:

  • სამაგიდო თამაშები ჯგუფური ქმედებების წასახალისებლად;
  • იდიომების, ანდაზების, ფრთიანი გამონათქვამების ანალიზი და ენობრივი თამაშები სიტყვის ძალისა და ვერბალური იარაღების სიძლიერის შესაფასებლად;
  • საზოგადოებაში არსებული დაუწერელი წესების აღმოჩენა და მათი განხილვა, შეფასება, კრიტიკა;
  • კონკრეტული ქცევების დეკონსტრუქცია – რამ გამოიწვია ის, რაც გააკეთეთ, რა ემოციები, წინაპირობები, გარემოება უძღოდა წინ, შეიძლებოდა მოვლენების სხვაგვარად განვითარება?
  • საკუთარი თავისა და სხვების მოსმენის სავარჯიშოები – ელაპარაკეთ თქვენს თავს იმაზე, რასაც სხვებთან ერთად ინტერესით განიხილავდით და შეეცადეთ, გაიგოთ სხვებისგან ყოველ კომუნიკაციაზე იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე იცოდით;
  • შეადგინეთ წესების სია, რომლებიც მოგწონთ და არ მოგწონთ და პერიოდულად გააკეთეთ ამ სიის რევიზია.

 

 

 

კომენტარები

comments