შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სამი ამბავი მასწავლებლებისთვის – უფრო ემპათიური გაკვეთილებისთვის

თუ გადაწყვეტთ მოსწავლეებს ემპათიაზე ესაუბროთ, გთავაზობთ სამ ნაამბობს, რომელიც რამდენიმე ხანდაზმულ ადამიანთან სახლში სტუმრობის დროს ჩავიწერე. ხშირად ბავშვებისათვის ძნელი წარმოსადგენია, ჩაწვდნენ თავიანთი ბებიების თუ ბაბუების განცდებს, წარმოიდგინონ მათი ცხოვრება და გაიაზრონ მათი ცხოვრებისეული ისტორიები, მათი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ბევრი სიხარულისა თუ სევდის შემცველია. ჩემი რესპონდენტები მიყვებოდნენ ამბებს თავიანთ ახალგაზრდობაზე, უმეტესწილად ბავშვობაზე და იმ დიდებულ წუთებზე, როდესაც ბედნიერი იყვნენ საყვარელ ადამიანებთან ერთად.

 

ჰოსპისი “ფერისცვალება”, რომლის მთავარ საქმიანობას ონკოლოგიურ პაციენტებზე ზრუნვა წარმოადგენს, უკვე თითქმის ორი ათეული წელია, რაც ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვასაც ითავსებს. “შინზრუნვა” ასე ჰქვია ჰოსპისის ერთ-ერთ მიმართულებასაც. ჰოსპისში დასაქმებული მოწყალების დები ყოველდღიურად სტუმრობენ 50-მდე პაციენტს სახლში, ეხმარებიან მათ ტკივილების მართვაში, ზრუნავენ მათ კვებაზე, ჰიგიენაზე და რაც მთავარია, სულიერ მხარდაჭერას უწევენ. სწორედ, ჰოსპისის ხელმძღვანელობის თხოვნით ჩავიწერე მათი ამბები და შევხვდი ამ ადამიანებს.

 

სამი ამბავი, მარტოსულობის ამბებია იმ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება ოთხ კედელს შორის ვითარდება. ასე გავიცანი 84 წლის ლანა, 76 წლის ნელი და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რესპონდენტი, 94 წლის ბატონი იური.

 

ლანა ლეჟავას ისტორია, 84 წლის

 

ჩემი ცხოვრება თავიდან კარგი იყო, მაგრამ მე მაინც ძალიან ტრაგიკული პიროვნება ვარ. პროფესიით მუსიკის პედაგოგი ვარ, ფორტეპიანოს განხრით. თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი ფორტეპიანოს. ძალიან ადრე გავთხოვდი, 18 წლის. 19 წლისას უკვე ბავშვი მყავდა. ჩემი შვილი არაჩვეულებრივი პიროვნება გაიზარდა, მაგრამ მერე და მერე, გამიცუდდა ცხოვრება… ბავშვი მომიკვდა, ბიჭი, 27 წლის. მერე დედა გამიხდა ცუდად, ვერ გადაიტანა ჩემი შვილის სიკვდილი და სრულიად მარტო დავრჩი, სრულიად მარტო… 1990 წელს ავტოკატასტროფაში მხედველობა დავკარგე და ახლა ასე ვარ, დამოკიდებული სხვებზე. მაგრამ, რაც არის, ეს არის!

 

ჩემი მარტოობა ასეთია: ყოველდღე სიბნელეში ვარ, მარტო, რადიო მაქვს, იმას ვუსმენ და ხანდახან, ვინმე მოვა, ან მეზობელი შემომაკითხავს. ეს უშინაარსო ცხოვრებაა, ძალიან განსხვავდება ძველი ცხოვრებისგან. მაშინ, როცა შვილი მყავდა, დედა მყავდა, ბებია მყავდა, პატრონი მყავდა და არაფერი მაკლდა , როგორც მე, ისე ჩემს შვილს. ახლა ღმერთისა და კეთილი ადამიანების ანაბარა ვარ. მეგობრებიც აღარ მყავს, ზოგი გარდაიცვალა, ზოგიც უცხოეთში წავიდა და აღარც დაბრუნებულა უკან. ახლა ვცდილობ წარსულის კარგი ამბებით ვიცხოვრო. ვიხსენებ: დედას, შვილს, ამხანაგებს და იმას, როგორ კარგად ვიყავი. ვიხსენებ ბავშვის გაჩენის სიხარულს, იმ დღეს, როდესაც თეატრალურში ჩავაბარე, ამაზე ვოცნებობდი… ვიხსენებ როგორ ვსეირნობდი თბილისის ქუჩებში მეგობრებთან ერთად. ძალიან ლაღი და მეგობრული გოგო ვიყავი და თბილისიც არაჩვეულებრივი იყო მაშინ. გოგირდის აბანოები მიყვარდა ძალიან და ლაღიძის წყლები, მაშინ თბილი და მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა ხალხს… ძალიან კარგი იყო ის თბილისი, მე ძველი შთაბეჭდილებებით ვცოცხლობ, მაგრამ ახლა აღარაფერი ვიცი რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს, როგორია ახლა თბილისი.

 

უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. კეთილშობილ ადამიანებთან გავატარე ჩემი ცხოვრების ადრეული წლები და მეც კეთილი ბავშვი ვიყავი. ერთი რაღაც მახსენდება: ჩვენ იმერლები ვართ, ბებიას არდაგეგებზე ჩავყავდი იმერეთში. ბებია ნინუას გვარის ქალი, განსაკუთრებული ბებია და კარგი დიასახლისი იყო. სამტრედიაში სახლი გვქონდა არაჩვეულებრივი, წითელი აგურის სახლი, ორსართულიანი, დიდი ყანებით და ხეხილით. სახლის წინ უზარმაზარი მსხლის ხე იდგა. მრგვალი და თაფლისფერი მსხალი იყო, თაფლზე უფრო ტკბილი… ეს რტოები გადმოსული იყო სახურავზე და ნახევარი გადაზნექილი იყო ქუჩის მხარეს. ვინც გაივლიდა გზის პირას, ყველა ჭამდა. შემდეგ, ქვეყანა რომ გასაბჭოვდა, სახლის პირველი სართული წაგვართვეს კომუნისტებმა. ოთხი ოთახი ზემოთ იყო, ოთხი ქვემოთ, დიდი “ზალა” ოთახებით. ქვედა სართულზე დიდი ოთახის კარზე დააწერეს “პიონერთა კლუბი”, ე.ი გაგვაკულაკეს…

 

ერთ ზაფხულს, ამ სახლის ვერანდაზე ვიყავი, როდესაც ჭიშკარს შავებში ჩაცმული ქალი მოადგა, გათანგული სახე ჰქონდა, წყალი ითხოვა; ჩამოვირბინე ვერანდიდან და სკამი მივუტანე, ჩვენი მსხლის ქვეშ დავუდგი. შემდეგ ჭიდან ცივი წყალი ამოვიღე და მივურბენინე. რომ დალია, ასეთი სიტყვებით დამლოცა: წყლის ძალა მოგცეს ღმერთმაო. ეს სიტყვები ყურში ჩამესმის დღემდე, რასაც მე გავუძელი, მართლა წყლის ძალა მქონია. იმ ქალის სიტყვები მართლა ამიხდა…

 

ამ ყველაფერს ვიხსენებ, მაგრამ მაინც შემოდის მძიმე ფიქრებიც, თავისდაუნებურად… ვცდილობ, ვებრძოლო ამ ფიქრებს, გადავიყარო გულიდან, მაგრამ მაინც ძალიან მოწყენილი ვარ, ძალიან მარტო ვარ.

 

იური სიხარულიძე, 94 წლის, ჰოსპისის ისტორიები

 

“დავიბადე 1926 წლის 24 მაისს, ზემო გურიაში, სოფელ გოგოლესუბანში. ადრე ერქვა ქვემო ფაცხა. ბავშვობა არ იყო ცუდი. მამაჩემი მომღერალი კაცი იყო და საოჯახო ანსამბლი შექმნა. მე მაშინ 4 წლის ვიყავი. ბაბუაჩემი იყო ბანი, ბებიაჩემი იყო მეორე ხმა. საერთოდ, საოჯახო ანსამბლები ბევრი არ არის, ჩვენი ანსამბლი კი ხალხური იყო, უფრო სოფლური. მაშინ, სოფელში, ხშირად იმართებოდა დღესასწაულები – ზოგი საეკლესიო იყო, ზოგიც ხალხური. დაიწყო ამ ანსამბლმა მუშაობა და გამოვდიოდით დღესასწაულებზე.

 

ჩვენთან სოფლის ცენტრს ერქვა ნაფსორი, რაც ნიშნავს (ზანური სიტყვაა) “ნადინებს”, ადრე ღელე ჩადიოდა იმ ადგილას და დაშრა ეს ღელე და მერე ამის მნიშვნელობა შეიძინა. ანუ “ნადინები” ადგილი იყო და ეს ნადინები იყო სოფლის ცენტრი, თავშეყრის ადგილი. აქ იმართებოდა დღესასწაულები.

 

ბებიაჩემი იყო მწერალ ჭოლა ლომთათიძის და, ფატი ლომთათიძე. ხელოვნების მოყვარე ქალი გახლდათ, სილამაზით ვინ შეედრებოდა, იმფერი იყო…  დაირას უკრავდა და მოდაირე სოფელში, მის გარდა, არავინ იყო. თუ ბებიაჩემი არ იქნებოდა ნაფსორში, რა თქმა უნდა, დღესასწაულიც ვერ ჩატარდებოდა. მე კრიმანჭულს “ვამბობდი”, ბაღნობიდან მქონდა წკრიალა კრიმანჭული. იშვიათია კრიმანჭული, არც იმერეთში “ხარობს”, არც სამეგრელოში და არცერთ კუთხეში, გარდა გურიისა. ბებიაჩემი დაირას უკრავდა და ბაბუაჩემი იყო მესოლინარე (სოლინარი – ჩასაბერი ინსტრუმენტი) და კარგი ფილტვები თუ არ გაქვს, კარგი მესოლინარე ვერ იქნები. ხელოვნებით სავსე ოჯახი მქონდა, აქით ბებია იყო ჩემი პირველი მასწავლებელი, მთელი ძველი აღმოსავლეთი იცოდა, მაგრამ ბებიას პროფესია არ ჰქონდა. ბებია სურებიდან იყო, ეს იცით რა ქვეყანაა?! ეს დიდი ხეობაა ზემო გურიაში. სულ, სხვა სამყაროა სურებში, ძალიან თავისებური მხარეა, მიუწვდომელი. ბარი ადვილად ივიწყებს ყველაფერს, სურებში კი ახსოვთ ყველაფერი…

 

ბებია იყო ყველაფერი ჩვენს ოჯახში, ბაბუა მეორე ადგილზე იყო, როცა ბაბუას გული მოინადირა ბებიამ, რა იცოდა ასეთი თუ იყო…. ბებია დედამთავრულ წესს მისდევდა, ოჯახის სადავეები ეჭირა ხელში, პირველყოფილი ქალი იყო.

 

ბებიას პირუტყვი ჰყავდა ბევრი, საძოვარზე რომ მიჰყავდა, მეც თან მივყავდი. დილით გავდენიდით საქონელს. მახსოვს აშვერილი იყო ყანები, ძველ ჩვენს ნასახლარზე ვზივართ მე და ბებია. ბებია მაქეზებს, რომ ძროხა არ გამოვუშვა ყანებისკენ და მეუბნება: “ბებია, რამდენჯერაც მაგ ძროხას გააბრუნებ და მოხვალ, მე მოგიყვები ახლოაღმოსავლურ ზღაპარსო”. გავდენიდი ძროხას, რომ ყანებს არ მიპარვოდა და მივიდოდი ბებიასთან და მიყვებოდა ზღაპრებს. მეუბნებოდა შუმერულ ზღაპრებს, აქადურს, სპარსულს… მერე ეს ზღაპრები ჩემს შუმეროლოგ მეგობარს მოვუყევი და გოუკვირდა, რომ სოფლად ქალი იყო და ამფერი რამეები იცოდა.

 

ახლა რა მაქვს მოსაყოლი, ძველი ამბების გარდა?! მარტოხელობა ძააან ძნელია. მთელი დღე, დილა-საღამომდე ამ კედლებში, პატიმრობასავითაა. მე მეცნიერება რომ არ მეხმარებოდეს გადევირეოდი, ვერ გოვუძლებდი, ვერავინ ვერ გოუძლებდა…

 

 

ნელი გოგიევა, 70 წლის

 

 

თითქმის 30 წელია ვწევარ. ეს ჩემი დაკარგული წლებია და მგონია, მთელი ცხოვრება ასეთი მქონდა.

 

თბილისში დავიბადე და გავიზარდე, დავდიოდი ქართულ ბაღში. პირველად საბავშვო ბაღიდან წაგვიყვანეს ოპერაში, სადაც “გედების ტბა” ვნახეთ. ბალეტზე დავიწყე ოცნება, ბავშვობაში ყველა გოგო ოცნებობს ბალეტზე… მერე “აბესალომ და ეთერი” ვნახე, ოპერაში ხშირად დავდიოდი. საშუალო სკოლაში სწავლის დროს მუსიკაზე დავიწყე სიარული, ვუკრავდი და ვმღეროდი. მიყვარდა მუსიკა, მაგრამ ცხოვრების უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, 7 წლის ასაკში დავბრუნდებოდი და მერე ბევრ რამეს შეცვლიდი ნელ-ნელა: მაგალითად, ჩავაბარებდი სამხატვრო აკადემიაში.

 

მომწონს შემოქმედებითი პროცესი, ახლა ჩემი საქმიანობა ქსოვაა. ჩემს შვილიშვილებს და შვილებს ვუქსოვ წინდებს და საზღვარგარეთ ვუგზავნი, ბისერებით დეკორატიულ ნივთებს ვქმნი… ახლა ასეთია ჩემი ცხოვრება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი