პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

საშინაო სკოლა და საქართველო

 

შინ სწავლა განათლების მიღების უძველეს გზას წარმოადგენს. თაობიდან თაობას ცოდნა უმეტესად დედების მხრიდან გადაეცემოდა, ისინი თავიანთ შვილებს ანბანს ასწავლიდნენ და კითხვას აყვარებდნენ. „საშინაო სკოლა“ დღესაც განათლების მიღების ერთ-ერთ ალტერნატიულ მეთოდს წარმოადგენს. ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურატურაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადრეფეოდალურ ხანაში საქართველოში შინ სწავლა-აღზრდის ე.წ. ინსტიტუტი ნამდვილად იყო გავრცელებული. თუმცა ქართლსა და კოლხეთში მხოლოდ წარჩინებულთა შვილებს შეეძლოთ ამ პრივილეგიით სარგებლობა. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ შეგროვებულ წყაროებში აღნიშნულია სწავლის დაწყების სავარაუდო პერიოდი (6-7 წელი). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნულ მოღვაწეს სამონასტრო სკოლების განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ანტიკურ სამყაროში როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური განათლების გადაცემა უმნიშვნელოვანეს და პრესტიჟულ საქმიანობად ითვლებოდა. „სპარტანული აღზრდის“ მეთოდის არსს შესანიშნავად განმარტავს გამონათქვამი – „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“. ასევე ანტიკური სამყაროს ნაწილია ფილოსოფიური და რიტორიკული სკოლები, რომლებმაც ინდივიდის და არა მხოლოდ ქვეყნის/ქალაქის საიმედო მცვლელის აღზრდა დაისახეს პედაგოგიური საქმიანობის მთავარ მიზნად. ეს სკოლები განათლების შედარებით მაღალ საფეხურს წარმოადგენდა და ნიჭიერ და მიზანდასახულ (შეძლებულსაც, რადგან ლექციების კურსს პედაგოგთა უმრავლესობა საკმაოდ ძვირად აფასებდა) ახალგაზრდებს ცოდნის გამდიდრების საშუალებას აძლევდა. მათ განსწავლაზე ზრუნავდნენ პროფესიონალი პედაგოგები, რომლებიც ყველა საგანში სათანადო ცოდნას ფლობდნენ. ამის გამო მათ „სიბრძნის მასწავლებლებლებად“ მოიხსენიებდნენ. აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ზემოაღნიშნული სკოლების ე.წ. კურდამთავრებულები საზოგადოებაში პრესტიჟულ ადგილს იკავებდნენ და გარკვეული პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ. საქართველოში რიტორიკული სკოლების არსებობა ისტორიულადაა დადასტურებული. ბერძენი ფილოსოფოსის თემისტიოსის ერთ-ერთ წერილში ნახსენებია ფაზისის „გიმნასიონი“ (III-IV სს), სადაც წერილის ავტორს და მამამისს „რიტორიკული განათლება“ მიუღიათ.  აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ფეხს უწყობდა ანტიკური ხანის საგანმანათლებლო გამოწვევებს.

მოგვიანებით განათლებამ ეკლესია-მონასტრების კედლებში გადაინაცვლა. შესაძლოა, იმ დროისათვის განათლების კერების მთავარ მიზნად „მწიგნობარი მსახურის“ აღზრდა მოიაზრებოდა, თუმცა წარჩინებულ ოჯახებთან განათლების გადაცემის მიზნით თანამშრომლობის საჭიროებამ ბევრი სწავლული აღმზრდელად აქცია.  იმდროინდელ აკადემიებში, მთავარი საგნების – თეოლოგიისა და ფილოსოფიის გარდა, გრამატიკა, რიტორიკა და ბუნებისმეტყველებაც ისწავლებოდა, რაც სწავლულების სააღმზრდელო საქმიანობას უფრო მრავალფეროვანს ხდიდა. „შატბერდის კრებულის“ (IX-X სს) დახმარებით, უცხო ენების (ებრაული, ბერძნული) შესწავლის პრეცენდენტიც დადასტურებულია.

რაც შეეხება საგანმანათლებლო ხედვებს, იმ დროისათვის სწავლა და აღზრდა ერთ მთლიან, განუყოფელ პროცესად მიიჩნეოდა. ინდივიდის განათლებულ და ღირსეულ მოქალაქედ აღზრდა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი გახლდათ. ამ მიზეზით ბევრი მასწავლებელი/აღმზრდელი თავის მოსწავლესთან კავშირს სიცოცხლის ბოლომდე არ წყვეტდა.

განათლება შედარებით სახალხო, ანუ ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გარკვეული დროის შემდეგ გახდა. შესაბამისად, ჯგუფური მუშაობის (საკლასო სისტემა) ტენდენცია, როგორც ბიზანტიური სასწავლო მიდგომა, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში XI საუკუნიდან დამკვიდრდა.  XVII საუკუნიდან კი საერო განათლებისადმი ინტერესი გაიზარდა და დროთა განმავლობაში იგი სასულიერო განათლებას გაემიჯნა. საგანმანათლებლო სივრცეების ხელმისაწვდომობის მიუხედავად, სამეფო კარზე და ფეოდალთა ოჯახებში „შინ სწავლის“ ტრადიციას მაინც არ ღალატობდნენ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დიდგვაროვანთა საზოგადოებაში თვითგანათლებასაც (წიგნებზე „ნადირობა“, შემეცნებითი მოგზაურობა, სადისკუსიო ტიპის შეხვედრები და სხვ.) დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

ისტორიული წყაროები განათლების მოსახლეობის ფართო წრეებისთვის გაზიარების პირველ ინიციატორად მეფე-პოეტ არჩილს ასახელებს. ასევე მას ეკუთვნის იმ დროისთვის საკმაოდ პროგრესული იდეა – „ადვილიდან რთულისკენ თანდათანობით გადასვლის მეთოდით“ სწავლება. შემდეგ იყვნენ კათოლიკე მისიონერები, ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი. სწორედ ვახტანგ მეფის თაოსნობით დაარსებულ თბილისის სტამბაში დაიბეჭდა პირველი ქართული მეთოდური სახელმძღვანელო.  სახელმწიფო სასწავლებლები მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაარსდა და ამ გზით სასწავლო პროცესმა სისტემური სახე მიიღო. საგულისხმოა, რომ ამდროინდელი საგანმანათლებლო რეფორმებიც მეფეს (ერეკლე II) უკავშირდებოდა, რაც განათლების პრიორიტეტულობას უფრო მეტად უსვამდა ხაზს.

მალე საქართველოს რუსული პოლიტიკით ნაკარნახევი განათლების სისტემის გამოცდა მოუწია. ისტორიას რომ თავი დავანებოთ, ამ სისტემას შესანიშნავად აღწერს აკაკი წერეთელი თავის ავტობიოგრაფიულ თხზულებაში „ჩემი თავგადასავალი“, ამ მოთხრობაში და ასევე პოემაში „გამზრდელი“ დეტალური ინფორმაციაა მოცემული, როგორც სახელმწიფო (გიმნაზია), ასევე საშინაო (გაძიძებისა და გამზრდელის ინსტიტუტი) სკოლების შესახებ. „გამდელი, როგორც ოჯახის ერთგული, ნამსახური და მოჭირნახულე, დიდ პატივში იყო, ხმა ჰქონდა საოჯახო საქმეში და ბატონიშვილების გამოზრდაც მის ხელში იყო.“ (აკაკი წერეთელი, „ჩემი თავგადასავალი“)ძველი ტრადიციის თანახმად, მომავალი პოეტი გლეხის ოჯახში იყო გაბარებული და საკუთარ თავზე გამოსცადა ძიძისა და ძიძიშვილების სიყვარული. მანო სადუნიშვილის ღარიბულ ქოხში აკაკიმ შრომის მნიშვნელობისა და ადამიანური სითბოს გაკვეთილები მიიღო. პოეტის მიერ აღწერილი გამზრდელი კი უფრო ანტიკური ხანის „სიბრძნის მასწავლებელს“ მოგვაგონებს, ცხოვრების ბოლომდე რომ მოსწავლის მეგზურია და მისი სირცხვილი საკუთარ დანაშაულად მიაჩნია.

მშობლებთან დაბრუნებულმა აკაკიმ საშინაო სკოლის გაკვეთილებიც მოისმინა და მხოლოდ ამის შემდეგ დაადგა გზას სახაზინო გიმნაზიისკენ. ამ ხანას მომავალი პოეტი, სასწავლებელში გამეფებული „სპარტანული რეჟიმისა“ და სწავლა-აღზრდის სასტიკი მეთოდების გამო, „მტანჯავს, დამჩაგვრელსა და გამაუკუღმართებელს“ უწოდებდა. მასზე ამ მძიმე პერიოდმა იმდენად დიდი კვალი დატოვა, რომ ავტობიოგრაფიული თხზულებაში მოთხრობილი დეტალები არ იკმარა და თავის პედაგოგებს პოემა „გამზრდელი“ მიუძღვნა. დიახ, ეს პოემა, პირველ რიგში, მის პედაგოგებს უნდა წაეკითხათ, რათა გაეხსენებინათ, რომ მათი მოვალეობა მოსწავლის ცხოველივით გაწვრთნა-დამორჩილება კი არა, სამოქალაქო თვითშეგნებითა და პიროვნული ღირსებებით აღჭურვილი ადამიანების აღზრდა იყო. სარკაზმი და გადაკრული სიტყვა-თქმანი კი იმ იშვიათ იარაღთაგანი გახლდათ, რომლის გამოყენებაც გადარჩენის შანსს უტოვებდა რუსიფიკატორული რეჟიმის მოწინააღმდეგეებს.

გაძიძებისა და გამზრდელ-გაზრდილთა აკაკისეულ მაგალითებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ საშინაო სკოლა მოიაზრებდა მჭიდრო და ხანგრძლივ ურთიერთობას, როგორც აღზრდილთან, ასევე მის ოჯახთან და ეს ურთიერთობა ორივე მხარეს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებდა. აკაკის ძალიან კარგად ესმოდა, რომ მარტო წვრთნა საკმარისი არაა და „ბუნება“ ადამიანის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს. თუმცა ამ ნიუანსმა აღმზრდელის (ჰაჯი-უსუბი) სინდისი ვერ დაამშვიდა.

ჩემი აზრით, გამზრდელ-გაზრდილის ურთიერთობის ზემოაღნიშნული ნიმუში მაინც ერთი ტრაგედიის სახელით სჯობს განვიხილოთ და არა ზოგად ტენდენციად. აქვე გავიხსენებ განსხვავებულ მაგალითსაც, სადაც აღმზრდელს მოსწავლის შეცდომის გამო სინდისი სულაც არ ქენჯნის, მეტიც, აღსაზრდელის მხრიდან ღალატს მოსალოდნელ ალბათობად აღიქვამს და უკან დასახევ გზასაც იტოვებს.

სულხან-საბა ორბელიანი „ კატის გაზრდილი ლომი“

სულხან-საბას იგავი აკაკი წერეთელს გაულექსავს. მისი ძებნისას სილქნეტის „საშინაო სკოლის“ გაკვეთილების ჩამონათვალში ფილოლოგიის დოქტორის, პროფესორ ლალი დათაშვილის გაკვეთილს გადავაწყდი და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ:

იგავის მსგავსი ამბავია გადმოცემული ქართულ მულტფილმში „ლომი და კატა“

 

საბედნიეროდ, აკაკისდროინდელმა საგანმანათლებლო სისტემამ არც თუ ისე დიდხანს იარსება. სასწავლო მეთოდები და მოსწავლე-მასწავლებელთა ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა და დაიხვეწა.  1817 წელს დაარსდა თბილისის სასულიერო სემინარია, რომელმაც 100 წელი იარსება. პირველად სწორედ ამ სასწავლებლის კედლებში დაიწყეს მასწავლებელთა გადამზადება და პროფესიული მომზადება. ამას გარდა, სემინარიაში მოსწავლეებს საცხოვრებელი სივრცეც გამოუყვეს, რაც სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის სწავლის აქამდე არარსებულ შესაძლებლობას წარმოადგენდა.

საგანმანათლებლო კერების მომრავლების მიუხედავად, XIX სკ-ის 30-იან წლებშიც აქტიურად სარგებლობდნენ „საშინაო სკოლებით“. ამ გზით ვითარდებოდა ინდივიდუალური სწავლების ფორმები, რასაც დღეს არაფორმალურ განათლებას ვუწოდებთ.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარს განათლების განვითარების თვალსაზრისით შეიძლება „ოქროს ხანაც“ კი ვუწოდოთ. ამის დასტურად საკმარისია გავიხსენოთ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და მისი თითოეული წევრის საზოგადოებრივი საქმიანობა. პირველი ქართული სკოლა (1880 წ.) ხომ სწორედ მათი წყალობით გაიხსნა! მოძრავი სკოლის (მოხეტიალე მასწავლებელთა ჯგუფი) დაარსების იდეაც ზემოაღნიშნულ საზოგადოებას ეკუთვნის.

ჩვენს ეპოქაში განათლების მნიშვნელობაზე აღარავინ დავობს და არც სკოლების დეფიციტს განვიცდით, თუმცა შინ სწავლის (ე.წ. ჰოუმსქულინგი) მეთოდის მიმდევრებს ახლაც ბევრ ქვეყანაში შეხვდებით. ზოგჯერ გაუთვალისწინებელი შემთხვევა (მაგალითად, ვირუსის აფეთქება) გვაიძულებს დისტანციურ სწავლებაზე არჩევანის გაკეთებას. აქედან გამომდინარე, ზოგადი განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სასწავლო პროცესის ონლაინ პლატფორმის შექმნა სახელდება. შემდეგ წერილში გაგიზიარებთ დისტანციურ დავალებებთან დაკავშირებულ გამოცდილებას, რომელიც ყველასათვის კარგად ნაცნობი იძულებითი არდადეგების დროს შევიძინე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი