პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სუბიექტური და ობიექტური

ხშირად ამბობენ, რომ ყველაზე სასიცოცხლო და საჭირო პროფესია ექიმობაა, თუმც ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანის სულიერად ჯანსაღად აღზრდა გარემოს, მშობელსა და მასწავლებელს ევალება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მასწავლებლობა იმაზე მეტ ძალისხმევასა და შინაგან კულტურას მოითხოვს, ვიდრე ეს რომელიმე ჩვენგანს წარმოგვიდგენია.

სულიერი სრულყოფილება, შინაგანი თავისუფლება და პიროვნული ღირსება, ქმნის ადამიანის პორტრეტს, ადამიანად ყოფნა რომ ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, ესეც ცხადია. ყველა ვინც ადამიანური სახით იბადება, პიროვნებად როდი ყალიბდება.
ბავშვების ქცევასა და მათ ქმედებებზე ძალიან დიდი გავლენა აქვს სკოლას და მასწავლებელს. ძალზე მნიშვნელოვანია მასწავლებლის დამოკიდებულება და მისი შეფასება, რომელიც ხშირად განსაზღვრავს მოსწავლის სწავლის ხასისხსა და მოტივაციას. ეს უკანასკნელი კი ყველაზე საჭირო ფაქტორია სწავლისა და სწავლების პროცესში. მოზარდებში მოტივაციას განაპირობებს გარემო პირობები. გვახსოვს, ალბათ, აბრაამ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის თეორია, რომელშიც ძალზე კარგად არის ჩამოყალიბებული თუ როდის უჩნდება ადამიანს მაღალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი. საკუთარი თავის ძიება , რეალიზება და საზოგადოებისთვის მიწოდება, მოზარდობის ასაკიდან იწყება. შესაბამისად, შეფასება, რომელსაც მასწავლებელი იყენებს გაკვეთილის მიმდინარეობის ან მისი დასრულების შემდეგ, მოსწავლეებისთვის მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანია.
არსებობს პროფესიები, რომლებიც განსაკუთრებულად ობიექტურ შეფასებას მოითხოვს. ადამიანი რომ ძალზე სუბიექტური არსებაა, ამაში ყველა დამეთანხმება. პირადი ინტერესებისა და შეხედულებების გამო, ხშირად ობიექტურად ვერ ვაფასებთ გარშემომყოფების ქცევასა და მოვლენებს. სწორედ ამიტომ, ძალიან გვიჭირს სწორი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღება. მოსამართლე ვერასდროს გამოიტანს სამართლიან განაჩანს თუ ის აჰყვება გულისთქმას, ემოციას. ასეთივე პასუხუსმგებლობა აქვთ მასწავლებლებს მოსწავლეთა წინაშე.
როგორც ვიცით პედაგოგიკა ერთ-ერთი უძველესი ფილოსოფიური სისტემის ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ ძვ. წ. V-IV საუკუნეებში გაჩნდა საბერძნეთსა და ძველ აღმოსავლეთში. სიტყვის ეტიმოლოგიაც კარგად გვახსოვს. ბერძნული წარმოშობისაა და ”ბავშვის აღზრდას” ნიშნავს. პედაგოგი უბრალოდ რაღაც საგანს კი არ ასწავლის, არამედ ის მოზარდის სულში წვდომას და მისი შინაგანი ბუნების შესწავლას იწყებს.
გასულ საუკუნეში ვერავინ წარმოიდგენდა თუ ჩვენი საზოგადოება ასე რადიკალურად შეიცვლებოდა. შეიცვლიდა აზროვნების სტილსა და ხარისხს, მენტალურ გადატრიალებას მოაწყობდა და ცივილიზებული მსოფლიოს ბირთვი და არა მარგინალი გახდებოდა. შესაბამისად ყველა ცვლილება, რომელიც საშინაო და საგარეო მიმართულებით განხორციელდა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა მეტად მტკივნეულად და მძაფრად განიცადა. ერთ-ერთი ასეთი რეფორმა იყო განათლების სისტემის რეორგანიზაცია. ახალი გამოწვევების მისაღებად და ასათვისებლად, საჭირო გახდა ძირეული ცვლილებების განხორციელება. საქმე ისაა, რომ თანამედროვე კულტურა ჩვენგან მოითხოვს მომავალი თაობა იყოს უფრო კრეატიული, კრიტიკული, ტოლერანტი და დამოუკიდებელი. განათლების საკითხი და მისი ღირებულება თითოეული მოქალაქისთვის მეტად საჭირბოროტო და მტკივნეული საკითხია.
ნიშანდობლივია ისიც, რომ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება მასწავლებლების მიმართ. კერძოდ, თანამედროვე ადამიანი მასწავლებელს აღარ აღიქვამს მითიურ არსებად, რომელიც ყოფიერებისგან ძალზე შორს დგას და რომლის შეფასებაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ხშირად, როგორი რთული და თითქმის შეუძლებელი იყო ქართულ ენასა და ლიტერატურაში წერითი დავალებების დროს ”ფრიადის” მიღება, განსაკუთრებით მისაღებ გამოცდებზე. მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ ეს იყო მიუღწევადი და ეგუებოდნენ რეალობას. ხელოვნურად შექმნილი და მოგონილი შეფასების სისტემა ძალიან უარყოფითად მოქმედებდა მოსწავლეთა მოტივაციაზე. ერთი შეხედვით, პედაგოგობა ძალზე ობიექტური პროფესიაა, მაგრამ , ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მასწავლებლები ხშირად სუბიექტურად აფასებენ მოწაფეს და პირადი შეხედულება უფრო ღირებულია, ვიდრე ობიექტური შეფასება.
დღეს, მასწავლებლებს აქვთ მკაცრად შემუშავებული და გაწერილი შეფასების სქემა, რომელიც მორგებულია თითოეული მოსწავლის ცოდნის დონესა და შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლის შეფასება იყოს ვალიდური, მოსწავლემ იცოდეს რას მოითხოვენ მისგან კონკრეტულ შემთხვევაში და რას უნდა ელოდეს იგი. თანამედროვე განათლების სისტემა გვკარნახობს, რომ შევაფასოთ მოსწავლის ყოველდღიური ცოდნა, მიღწევა და არ ვიმსჯელოთ მასზე იმის მიხედვით, თუ რა იცოდა მან ერთი თვის, კვირის ან დღის წინ. გვახსოვს, ალბათ, რეზო ინანიშვილის მოთხრობა ”დამრიგებელი”, რომელიც ზემოთ თქმულის კარგი და თვალსაჩინო მაგალითია. სამწუხაროა, მაგრამ როგორც ყველაფერში ამ მიმართულებითაც ბევრი რამ შესაცვლელი და დასახვეწია. ჯერ კიდევ ხშირად გვესმის მოსწავლეთა და მშობელთა შენიშვნები. კვლავ მუშაობს , და თანაც ძალზე ეფექტურად, შეფასების ძველი სისტემა. ზოგიერთი პედაგოგი ფიქრობს, რომ მოსწავლე მის საგანში ვერასდროს დაიმსახურებს უმაღლეს შეფასებას, რადგან ის მოსწავლეა. არსებობს სიტყვა ”წახალისება”, რომელიც ყველა ბავშვისა და მასწავლებლის ლექსიკონში მოიპოვება. რასაკვირველია, მოზარდის ცოდნა სრულყოფილი ვერ იქნება , ყოველთვის შეიძლება იპოვოს მასწავლებელმა ის სუსტი ადგილი, რომელზეც დარტყმას მიაყენებს და გამოიჭერს, მაგრამ ჩვენი მიზანი არც გამოჭერა და არც ჩაჭრაა, პირიქით, ვფიქრობ, სასწავლო გარემო და პროცესი უფრო საინტერესო, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული რომ იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მოსწავლის წახალისება.
როგორც ვიცით, შეფასების სხვადასხვა ფორმა არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანია განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რა არის განმავითარებელი შეფასება. ეს არის რეკომენდაცია, სიტყვიერი კომენტარი, შეფასება, რომელიც მოსწავლეს ეხმარება ახალი ინფორმაციის მიღებასა და გაანალიზებაში. შესაბამისად, ამ დროს არ იწერება ქულა, მაგრამ წარმოუდგენელია სიტყვიერად ბავშვი წავახალისოთ და ამის პარალელურად დავუწეროთ ძალიან დაბალი ქულა. ვფიქრობ, განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება არ უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. თუ მოსწავლეს ვეუბნებით, რომ მისი ნაშრომი იყო ძალიან კარგი და ვუწერთ ძალიან დაბალ ქულას, სრულიად გაუგებარია რა კრიტერიუმების თანახმად ვახდენთ მის შეფასებას. პედაგოგმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ბავშვები ძალზე მტკივნეულად რეაგირებენ შენიშვნებზე, ამიტომ ლექსიკონი უნდა იყოს რაფინირებული, დახვეწილი და არ უნდა შეეხოს მოზარდის პიროვნებას. დაუშვებელია არაკორექტული და დამცინავი, გამკილავი მიმართვები. შესაძლოა, ზოგიერთ მასწავლებელს ავიწყდება, რომ პროფესიოლალიზმზე უფრო ღირებული, მისი პიროვნული ღირსებაა. მოსწავლემ ჯერ მასწავლებელი უნდა შეიყვაროს და მერე საგანი. თუ ბავშვს დავამცირებთ და არასწორ მეთოდებს გამოვიყენებთ სწავლებისა და შეფასების დროს, ამით საბოლოოდ ჩავუკლავთ მას სწავლის სურვილს. ფრაზები ზოგიერთი მასწავლებლის ლექსიკონიდან: ”ფანტაზია საერთოდ არ გაქვს”, ” შენ ქართულს მაინც ვერ ისწავლი…”. ვფიქრობ, შემაძრწუნებელი და დამაფიქრებელია, როდესაც მასწავლებელი ასეთ სიტყვიერ კომენტარს უკეთებს მოსწავლეს, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა პედაგოგი სრულყოფილი და გაწონასწორებული ვერ იქნება.
ერთ დროს მასწავლებლობა ძალზე პოპულარული პროფესია იყო, ადვილად მისაღწევიც, ვიღაცისთვის ბოლო შანსი. შესაბამისად, ზოგიერთი უპასუხისმგებლოდ, გაუცნონიერებლად ეჭიდებოდა ამ მეტად რთულ საქმეს. ჩემი აზრით, მასწავლებლობა არ არის მარტო საგნების სწავლება. რასაკვირველია, ბავშვებს უჭირთ უარყოფითი შეფასების მიღება და გათავისება, მაგრამ მასწავლებელი ყოველთვის უნდა შეეცადოს დამაჯერებლად აუხსნას შეცდომის არსი, არგუმენტირებულად დაუსაბუთოს, რათა მოწაფეს ნდობა გაუღვივოს. ხშირად ვამბობთ, რომ ბავშვები ყველაზე კარგი შემფასებლები არიან, ობიექტურად აცნობიერებენ მოვლენებს და ადამიანებს. თუ მოსწავლემ შეამჩნია, რომ პედაგოგი ცდება მის შეფასებაში, არის სუბიექტური, ქულას წერს პირადი ინტერესების, სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით, ცხადია მას დაეკარგება სწავლის სურვილი. დაუშვებელია, როდესაც მასწავლებელი ერთნაირი შეცდომის აღმოჩენის დროს, ერთ მოსწავლეს თვალს მოუხუჭავს და არც კი შეიმჩნევს, ხოლო მეორეს – დაუწერს დაბალ ქულას. ამით პედაგოგი არღვევს მოსწავლის უფლებას, თანასწორად არ აფასებს ბავშვებს, რაც შეიძლება საბაბი გახდეს მათ შორის დაძაბულობის და უთანხმოების წარმოქმნისა. გადრა ამისა , ასეთმა მეთოდმა შესაძლოა მოზარდს განუვითაროს კომპლექსები, აგრესია და დაბალი თვითშეფასება. ბავშვები ხომ ჩვენი მომავალია. მათთან ურთიერთობაში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს. მასწავლებლების, მშობლებისა და საზოგადოების მიზანი, ჯანსაღად მოაზროვნე და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული ახალი თაობის აღზრდაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი