შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ჩუმები, შეუმჩნევლები, ზარმაცები და უიღბლოები

  – კიდევ ერთხელ სცადე, კესო!

– აზრი არ აქვს, მას, მაინც არ გამომივა, – ჩამოყრის ხელებს, – ასეთი ვარ!

– არაუშავს, გიო, ჭკვიანი ხარ, შემდეგისთვის უკეთ მოემზადები!

– ტყუილია, მას, არ ვარ ჭკვიანი! – ეღიმება.

– საბა, როგორ წაიქეცი, თანაც ასეთი უსაფრთხო თამაშის დროს?!

– უიღბლო ვარ, მას! – კედელს უყურებს, – ყოველთვის უიღბლო ვიყავი!

არადა, მასწავლებლად მუშაობა რომ დავიწყე, ერთი შეხედვით, სკოლა სავსე ჩანდა ენერგიული, მხიარული, ჰიპერაქტიური ან სხვების ნერვებზე მოთამაშე, ხმაურიანი, შფოთისთავი, ან სულაც, მოჩხუბარი ბავშვებით! ყოველთვის ვხედავდი ასეთებს, და თუ ვერ ვხედავდი, თვალში მეჩხირებოდნენ – პირველ მერხზე, დერეფნის შუაგულში, კლასის ზღურბლთან, მეგობრებთან მოთამაშეები, ხმამაღლა მოსაუბრეები, აწეული ხელებით, მჟღერი ხმით, ანთებული თვალებით. და მხოლოდ მოგვიანებით დავიწყე სხვების შემჩნევაც – მერხებში შეყუჟულების, მდუმარეების, მოღუშულების, დერეფანში მარტო მოხეტიალეებისა და დაბალი ქულების უკან მდგომების.

– ყველას გვაქვს რაღაც ნიჭი, საჭიროა მხოლოდ მისი აღმოჩენა, – ომახიანად ვამბობ ათასჯერ ნათქვამ, გაცვეთილ, განვლილ და ამოკითხულ ფრაზას. არადა, ზუსტად ვიცი, სანამ არ აღმოვაჩენთ, არაფერიც არ გვაქვს, იდეებისგან დაცლილი თავისა და ნატკენი გულის გარდა! – დაუკვირდით თქვენს თავს და მიხვდებით, რისი კეთება მოგწონთ ყველაზე მეტად! – ვქადაგებ ძველი მისიონერივით, რომელსაც სარწმუნოების გავრცელება ნებისმიერ ფასად ევალება, თუმცა ვიაზრებ, რომ საყვარელ საქმიანობას არათუ ბავშვები, უფროსებიც კი მთელი ცხოვრება ეძებენ და ხანდახან ვერც პოულობენ. მაგრამ თავს ვარწმუნებ, რომ რაკი მასწავლებელი ვარ, „ხელდაბანილი“ ვერ დაველოდები, სანამ მორიგი ნიკა ან მარი თავის უუნარობაში გამომიტყდება!

მერე საკუთარ თავზეც ვფიქრობ – ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი ვარ, შემიძლია, ერთ საათში გავასწორო ოცი რვეული, ერთ ღამეში შევადგინო ოთხი კლასის ტესტი, ოცდაოთხჯერ მოვისმინო „კაი ყმა“, ათჯერ ავხსნა რომელიმე უსაშველოდ გრძელი და აუცილებლად ზმნასთან დაკავშირებული წესი გრამატიკიდან, რამდენჯერმე მოვყვე ტარიელისა და ავთანდილის შეხვედრის ეპიზოდს და ყოველ ჯერზე განსხვავებულად, ისეთი ემოციით ვისაუბრო რომელიმე საყვარელი პერსონაჟის თვისებებზე, რომ ტიბეტელი ბერივით მიწას ორი სანტიმეტრით ავცდე და დაუსრულებლად ვიქაქანო წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე მიუხედავად იმისა, შთამბეჭდავია, თუ არა ჩემი ნათქვამი. მაგრამ არ შემიძლია თავში ჩავუძვრე მეშვიდეკლასელ ანდროს და გავიგო,  რას ფიქრობს, როცა მარტო რჩება და ძილის წინ დამღლელ დღეს აჯამებს (დაბალი ქულა ქართულში, მათემატიკაში, გეოგრაფიაში… დედამ, ალბათ, უკვე იცის, დამრიგებელი ეტყოდა, ამიტომაც არ გამცა ხმა ამ საღამოს, საჭმელიც კი არ დამაძალა. კიდევ ორი საგანი და ამ თვესაც გადავაგორებ, მერე ცოტა ხნით თავს დამანებებენ! სანამ ისევ არ მოვა თვის ბოლო…)

არც თაზოსი მესმის, რომელიც მთელი გაკვეთილი თავაუღებლად ხატავს, მიუხედავად იმისა, გურამიშვილზე ვსაუბრობ, თუ ზმნას ვარჩევ. ხატავს მაშინაც, როცა სხვები შემაჯამებელ ტესტებს წერენ, როცა დისკუსიაში ერთვებიან, ფილმს უყურებენ, კითხვებს სვამენ ან უბრალოდ, ხმაურობენ (ერთხელაც იქნება, დედა მართლა გადამიყრის ფანქრებსა და სახატავ რვეულებს, თიხას, პლასტელინებს, კუბიკებს, გადამიყვანს უცხო სკოლაში და, როგორც მემუქრება, ყველა საგანში მომამზადებს, რომ იქნებ, ცოტა გამოვფხიზლდე. და თუ არ მინდა გამოფხიზლება?) თაზო მორიგი მოწყენილსახიანი, ათასფიქრიანი ნიღბის ხატვას ასრულებს და ბალიშის ქვეშ მალავს.

ვერც გიგას ფიქრებს ვიგებ, მხოლოდ ვაკვირდები! თითქმის არასდროს იცის გაკვეთილი, სულ ჩაფიქრებულია, თავი მერხზე უდევს ან კლასი ეპატარავება და ჩემ იქით, დაფის იქით, კარს იქით თვალებით შორეთს ეძებს. (ხანდახან მესმის მასწავლებლის ხმაც. სიტყვები შორიდან მოდიან, ერთმანეთს უკავშირდებიან და რაღაც ამბავს ყვებიან, რომელმაც, შესაძლოა, დამაინტერესოს. ვცდილობ, ამ ამბავს ბოლომდე მივყვე, თანაც მასწავლებელს რბილი ხმა აქვს და ხანდახან გადმომხედავს ხოლმე. მაგრამ მერე ისევ ყველაფერი ბუნდოვანდება, ალბათ, იმიტომ, რომ რაღაცას ვერ ვიგებ და მოსმენას ვწყვეტ. მასწავლებელი ისევ შემომხედავს, მაგრამ უკვე თვალს ვარიდებ. ის აგრძელებს, ამბავი ისევ მიდის, მე ვრჩები, თავს მერხზე ვდებ).

ნეტავ, ვიცოდე რა ხდება თემოს გონებაში მას შემდეგ, რაც სკოლაში ათას შენიშვნას მიიღებს, ათასჯერ შეეცდება „გამოსწორდეს“ და ათასჯერვე ვერ შეძლებს!(ალბათ, დღესაც არ მომცემენ კომპიუტერის ჩართვის უფლებას! ფეხბურთსაც გამაცდენინებენ, არადა ყველას დავპირდი, მოვალ-მეთქი. ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, ამით რამეს მიაღწევენ, თუ ჰგონიათ, მე არ მინდა, გაკვეთილებზე წყნარად ყოფნა! ყველას ჯიბრზე არ ვისწავლი და არ მოვისმენ. მაინც არავის ესმის ჩემი).

მერე სახლში მოვდივარ, მძიმე ჩანთას მაგიდაზე ვდებ, შვილებს ვკოცნი, საჭმელს ვაკეთებ, არეულ-დარეულ ნივთებს ვაწესრიგებ და ჩემს თავს ვახსენებ, რომ არც მისიონერი ვარ და არც ტიბეტელი ბერი, ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი ვარ და რაკი მხოლოდ ის შემიძლია, რაც ვიცი, ნაცნობ გზას ვადგები და ნაცნობ ხერხებს ვირჩევ – კეთილგანწყობასა და თანაგანცდას:

– ანდრო, ძალიან მინდა, იმ თვეში შედეგები გააუმჯობესო, მზად ვარ, ყველანაირად შეგიწყო ხელი. და შენ?

– რაკი ხატვა გიყვარს და ასე კარგად გამოგდის, იქნებ, ჩვენი ნაწარმოებიდან დაგვიხატო რომელიმე სცენა? რას იტყვი, თაზო? ყველასთვის საინტერესო იქნება!

– გიგა, დღეს ცოტა დრო გამოვნახოთ, მეჩვენება, რომ სათანადოდ ვერ დაგაინტერესე და იქნებ, ცალკე უკეთ აგიხსნა ამ ნაწარმოების მნიშვნელობა?

– თემო, პირველი ნაბიჯი უნდა გადადგა და ჩემი მოსმენა დაიწყო, დანარჩენში მე დაგეხმარები. ვფიქრობ, გონიერი ადამიანი ხარ, ხომ ასეა?

მთავარია, რომ მე, მასწავლებელი, მათ ვხედავ და ვცდილობ, ნელ-ნელა ჩამოვაშორო ჩუმების, შეუმჩნევლების, ზარმაცებისა და უიღბლოების იარლიყები!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი