პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დუმილის სემიოტიკა

მარინა აბრამოვიჩი „თვალები – სულის სარკე“

რა არის პერფორმანსი?

სალექსიკონო განმარტებით -„მხატვრული შემოქმედების სახეობა, რომელიც აერთიანებს თეატრსა და სახვით ხელოვნებას. პერფორმანსში მხატვარი თავად წარმოუდგენს მაყურებელს გაცოცხლებულ კომპოზიციებს“.

ეს სრულიად განსხვავებული სემიოტიკური სისტემაა, ეს არ არის თეატრი, თუმცა წარმოდგენის ნიშნებს ატარებს, არც მხატვრობაა, თუმცა მხატვრობაც დიდ როლს თამაშობს. პერფორმანსი ყოველთვის ხდება „აქ და ახლა“ და მაყურებლის უშუალო მონაწილეობით. სპექტაკლშიც მონაწილეობს მაყურებელი, თუმცა მხოლოდ ემოციურად, რადგან მას არ შეუძლია შეცვალოს სიუჟეტი, ამბავი, რომელიც სცენაზე თამაშდება, პერფორმანსის დროს კი ყველაფერი სპონტანურად ხდება, თუმცა კონცეპტუალურად წინასწარ დაგეგმილია. ის ეფუძნება რეალურ ემოციებს და მოქმედებებს. პერფორმანსში მხატვრული აქტის შედეგი თავად პროცესია!

მარინა აბრამოვიჩი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული პერფორმერია. ის იყენებს სხეულს როგორც კონცეპტუალურ ნიშანს და წარუდგენს მაყურებელს. საკუთარი სხეულისგან ტკივილით ქმნის და აქანდაკებს ისეთ სახეებს, რომლებიც მაყურებლის ცნობიერებაში წარუშლელად აღიბეჭდება, რეზონანსში მოდის მის განცდებთან და ღრმა ემოციურ კვალს ტოვებს.

მისი პერფორმანსები ღრმად გააზრებული კონცეპტუალური ექსპერიმენტებია. ამ ექსპერიმენტების კულმინაცია იყო ნეაპოლში, მორას გალერეაში წარმოდგენილი „რიტმი 0“, რომლის დროსაც არტისტმა მაყურებლებს შესთავაზა 72 ნივთი, რომელთა გამოყენებაც სურვილისამებრ შეეძლოთ და ექვსი საათის განმავლობაში ამ ნივთებით მის სხეულზე მანიპულირების უფლება მისცა. თავდაპირველად ყველა ფრთხილად და მორიდებით ეპყრობოდა, მაგრამ როდესაც ობიექტის პასიურობაში დარწმუნდნენ, უფრო და უფრო აგრესიულნი გახდნენ: უჭრიდნენ ტანსაცმელს, არჭობდნენ ბასრ ნივთებს; ერთმა თავში იარაღიც კი დაუმიზნა, რომელიც სასწრაფოდ ჩამოართვეს. ექვსი საათის შემდეგ პერფომერი ადგა და წავიდა ხალხისკენ, რომელმაც სწრაფად დატოვა სივრცე რეალური კონფრონტაციისგან თავდასაცავად.

ამ გამოცდილების საფუძველზე აბრამოვიჩმა განაცხადა: „თუ ხალხს მივანდობთ გადაწყვეტილებას, შეიძლება მოგკლან“.

მარინას აზრით, მხოლოდ ფიზიკური გამოცდილებაა სულიერი ზრდის საფუძველი.

მარინა აბრამოვიჩის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ბლავატსკაიათი, ბუდიზმით და ფილოსოფიით გატაცებამ. როგორც მისი შემოქმედების მკვლევრები აღნიშნავენ, მარინას პერფორმანსები ეფუძნება რიტუალს, ხოლო მარინა ხშირად ისე მოქმედებს, როგორც შამანი. ზემოქმედებისთვის ის ხშირად იყენებს გარკვეულ რიტმებს, საკუთარი სიშიშვლით და ატრიბუტიკით აბრამოვიჩი ქმნის საკრალურ სივრცეს და ამ გზით მძლავრად ზემოქმედებს გარშემო მყოფებზე.

მარინას პერფორმანსების მთავარი საიდუმლოა განსაკუთრებული მაგნეტიზმის შექმნა, რომელიც რეალურად იზიდავს მაყურებელს. რეალობა მხოლოდ აწმყოა, – აცხადებს მარინა. „ჩვენ ხშირად ვფიქრობთ წარსულზე და ვცხოვრობთ მომავალში და არასდროს ვიმყოფებით აწმყოში, არასდროს ვჩერდებით, რომ შევაფასოთ აწმყო“.

მარინა აბრამოვიჩის მრავალფეროვანი პერფორმანსებიდან ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა „თვალები – სულის სარკე“, რომელიც მარინამ 2012 წელს ნიუ-იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დადგა.

რაზეა ეს პერფორმანსი? სრულიად არაფერზე. არაფერზე ისეთზე, რასაც სიტყვებით აღვწერდით. საგამოფენო დარბაზის კვადრატულ სივრცეში დგას ორი სკამი. ერთზე მარინა ზის, ხოლო მეორის დაკავება ნებისმიერს შეუძლია. ორი ადამიანი ერთმანეთს თვალებში უყურებს. „დუმილის წუთის“ – ასეც უწოდებს მარინა ამ პერფორმანსს – არც დასაწყისში და არც დასასრულს არაფერი ხდება. არავითარი ატრიბუტიკა, არავინ სხვა… მხოლოდ მზერა.

ამერიკაში, სადაც ადამიანები ფაქტობრივად არ ჩერდებიან, სულ გადარბენაზე არიან, სულ ეჩქარებათ…. აი, ეს ადამიანები დღეების განმავლობაში რიგში დგანან, რომ როგორმე მარინას წინ სკამზე მოხვდნენ. მარინა ჰყვება, რომ ეს ლოდინიც კი პერფორმანსის ნაწილად იქცა, ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ დრო ძალიან სწრაფად გარბის და ხანდახან საჭიროა, გაჩერდე, დახარჯო დრო ხელოვნებისთვის! და როდესაც ისინი ჩერდებოდნენ, კარგავდნენ დროში ორიენტაციას! აი, სწორედ ეს არის მარინასთვის აწმყო. ჩვეულებრივი დროიდან გასვლა…

რა ხდება დუმილისას? რითაა მნიშვნელოვანი მარინა აბრამოვიჩის დუმილის სემიოტიკა? არტისტი თვეობით ემზადებოდა ამ პერფორმანსისთვის. სამი თვის განმავლობაში მან 716 საათი იმუშავა, ათასობით ადამიანს ჩახედა თვალებში და გაუცვალა მზერა.

რა ხდებოდა, როდესაც მას თვალებში უყურებდნენ? ადამიანები ტიროდნენ… იცინოდნენ… ღელავდნენ და მშვიდდებოდნენ… მისი მზერა სულში ღრმად აღწევდა და ეს უსიტყვობა ყველაზე დიდ ძალად იქცეოდა ტრანსფორმაციისთვის!

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყო როგორც მდინარე, მთა, კლდე, ჩანჩქერი… მე ვარ ერთდროულად მიმღებიც და გამცემიც, უნდა იგრძნო ენერგია ადამიანისა, რომელიც შენ წინ ზის. როცა ზიხარ და დიდხანს უსიტყვოდ უყურებ უცნობ ადამიანს, იღვიძებს უფრო ღრმა შინაგანი დიალოგი, ვიდრე ეს შესაძლებელია ჩვეულებრივ ცხოვრებაში სიტყვებით“ (მარინა აბრამოვიჩი). ეს არის ნამდვილი ინტერაქცია. შინაგანი ენერგიების გაცვლა.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ინტერაქციულობა ამგვარი პერფორმანსების დროს მხოლოდ დეკლარირებულია და არა წარმოებული. აბრამოვიჩი ამ მოვლენას იწვევს არა ვიზუალური, ხელოვნური ეფექტებით, არამედ ცოცხალი ემოციებით, კინესთეტიკით, შეხებით, გრძნობით… ამიტომ პერფორმანსების მთელი ტექსტი ინაცვლებს ფსიქოსომატიკაში. არცერთი სიტყვა, მხოლოდ „მოქმედება ემოციებზე“.

რაც არ შეუძლია სიტყვას, აკეთებს დუმილი… განსაკუთრებული მაგნეტიზმის შექმნით პერფორმერი ხდება ტრანსფორმერი, ის ცვლის ჩვეულებრივ დროსა და სივრცეს, არღვევს ყოველდღიურობის რუტინას, ნიღბიდან გამოჰყავს ადამიანი, ათავისუფლებს ნორმებისგან და ღრმა მზერით და სიყვარულით იწვევს განუმეორებელ ემოციებს: ადამიანები ივსებიან სიყვარულით და მადლიერებით. ერთი მონაწილე ამბობდა: მარინა ისე მიყურებდა, მეგონა, ნამდვილად ვუყვარდი და მერე მივხვდი, რომ მას ყველა უყვარდა, ვინც მის წინ იჯდა… მას უყვარდა მთელი სამყარო…

„როდესაც ადამიანი ჩემ წინ ჯდება, – ამბობს მარინა, – მე ვქრები და ვხდები სარკე მათთვის…“

ისინი საკუთარ თავს ხვდებიან, საკუთარ შინაგან მეს, მარინა კი მედიუმია, რომელიც გარეგანს შინაგანთან აკავშირებს. წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება აბრამოვიჩის პერფორმანსებზე და არასდროს არის გათვალისწინებული, რაც ხდება… რეფლექსია და აზრის დაბადება კი პროცესის თანამდევია.

თანამედროვე სამყაროს სწორედ ასეთი კულტურა სჭირდება – ცოცხალი და ქმედითი. ცოდნა არ უნდა დარჩეს ცოდნად, ის უნდა გამოიხატოს ხელოვნებით და გავრცელდეს ადამიანებზე. თავად ცხოვრება უნდა იქცეს პერფორმანსად, ძიებად, ხელოვნებად. მნიშვნელობა არა აქვს, რას აკეთებს ხელოვანი; მთავარია, როგორ აკეთებს, – ასეთია მარინა აბრამოვიჩის იდეა და მან ცხოვრება მართლაც აქცია ხელოვნებად, ხოლო დუმილი ყველაზე მეტყველი გახადა. დუმილით გაარღვია ჩაკეტილი დრო-სივრცე და გაჭრა ახალი განზომილების კარი. ასე იქცა პერფორმერი – ტრანსფორმერად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი