პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გახდეს ყურადღებიანი

„თქვენი შვილი ძალიან უყურადღებო და გაფანტულია“; „ბავშვს შესაძლებლობები კი აქვს, მაგრამ რად გინდათ, გაკვეთილზე ძალიან უჭირს ყურადღების მობილიზება“; „თითქოს მისმენს, მაგრამ ვხვდები, რომ გონებით სხვაგან არის“; „საერთოდ არ მაწუხებს, წესიერად იქცევა, თითქოს ჩართულიც არის საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ ყურადღების კონცენტრირება ძალიან უჭირს“. ეს ის ფრაზებია, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად ისმენენ სკოლაში მოსული მშობლები პედაგოგებისაგან. ალბათ, ამაში არც არაფერია გასაკვირი, ვინაიდან, როგორც მშობლები, ასევე პედაგოგები დაინტერესებული არიან ბავშვის სასწავლო წარმატებებით, უყურადღებობა კი ამ წარმატებების მიღწევის გზაზე სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება.

ეფექტიანი სწავლება წარმოუდგენელია მეხსიერებისა და ყურადღების განვითარების გარეშე. სწორედ ეს ფსიქიკური ფუნქციები უდევს საფუძვლად ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამას. შემთხვევითი არ არის, რომ ბავშვის სკოლისათვის მზაობის შეფასების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი ყურადღების განვითარების დონეა.

უყურადღებობა შეიძლება სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვისაც იყოს დამახასიათებელი, თუმცა, როგორც წესი, უფროსებს ეს დიდად არ აწუხებთ და არც რაიმე ძალისხმევას იჩენენ ყურადღების განვითარებისთვის. მას შემდეგ კი, რაც ბავშვი მოსწავლე ხდება, უყურადღებობა და გაფანტულობა სერიოზულ საფიქრალს უჩენს, როგორც პედაგოგს, ასევე მშობელსაც. სკოლა სხვადასხვა სახის ახალ მოთხოვნებს უყენებს ბავშვს, მას ახალი ვალდებულებებიც უჩნდება. თუ ოჯახმა წინასწარ იზრუნა ბავშვის სასკოლო სწავლებისათვის მომზადებაზე, სკოლაში მოსული პატარა მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს ადვილად და უპრობლემოდ უმკლავდება. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც სასკოლო ცხოვრების დაწყება და ახალი ვალდებულებების შესრულება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სკოლა, თავის მხრივ, მიისწრაფის, რომ თავის მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნა მისცეს, არამედ უფრო მნიშვნელოვანი მისიაც შეასრულოს – ასწავლოს ბავშვს სწავლა. უნდა ითქვას, რომ ამის გაკეთება არც ისე ადვილია, რადგანაც სწავლის სწავლა საჭიროებს ბავშვებში სწავლისათვის საჭირო ყველა შემეცნებითი პროცესის (აზროვნება,  მეხსიერება, წარმოსახვა, ყურადღება) განვითარებას.

როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, ბავშვი, რომელსაც ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში არ უსწავლია, თუ როგორ უნდა ისწავლოს, რომელიც არ არის დაუფლებული აზროვნებით საქმიანობას, სწავლების მეორე საფეხურზე ჩვეულებრივ ჩამორჩენილ მოსწავლეთა რიგებში ხვდება. ძალიან ხშირად, ბავშვის წარმატება სწავლაში და სხვა საქმიანობაში ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ არის მასში განვითარებული ყურადღებით ყოფნის უნარი, რამდენად შეუძლია მას ყურადღების კონცენტრირება მიცემული დავალების შესრულების დროს. არცთუ იშვიათად, სწორედ უყურადღებობის გამო უჭირს ბავშვს სკოლაში სწავლა. ამასთან, შემთხვევითი არ არის, რომ ეს პროცესი განსაკუთრებით რთულდება ზედა კლასებში, სადაც დასამახსოვრებელი ინფორმაცია უფრო მრავალფეროვანი და დიდი მოცულობისაა. არასათანადოთ განვითარებული ყურადღება, როგორც წესი, მოსწავლისათვის სერიოზული მარცხის და წარუმატებლობის წინაპირობა ხდება. ბავშვი, რომელსაც აქვს ყურადღების კარგი კონცენტრაციის უნარი, გამოირჩევა დაკვირვებულობით, ორგანიზებულობით, და პირიქით – ის, ვისაც საჭირო დონეზე არა აქვს განვითარებული ყურადღება, დაბნეული და გაფანტულია.

უნდა ითქვას, რომ ყურადღება არ არის თანდაყოლილი, ერთხელ და სამუდამოდ მოცემული. ის შეიძლება და საჭიროც არის, რომ განვავითაროთ. თუმცა, ყურადღების განვითარების ხერხები და საშუალებები სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე, ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განსხვავებულია. კარგი იქნება, თუ ყურადღების განვითარებისთვის ზრუნვას დავიწყებთ უკვე ადრეული ასაკიდან, სკოლამდელ პერიოდში, სასკოლო სწავლების დაწყებამდე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამის გაკეთება რაიმე განსაკუთრებულ სირთულეებს არ უკავშირდება, ის არც რაიმე ძვირადღირებულ რესურსებს საჭიროებს და ნებისმიერ მშობელს შეუძლია დაკავდეს ამ საქმიანობით, როგორც სახლში, ოჯახურ გარემოში, ასევე გარეთ, ქუჩაში, პარკში ბავშვის სასეირნოდ გაყვანისას. სახლის პირობებში ბავშვის ყურადღების განვითარებაზე მუშაობას ძალიან მარტივად შევძლებთ, თუ მაგ. მის წინ მაგიდაზე დავდებთ რამდენიმე ნივთს (შეიძლება ეს იყოს ბავშვის სათამაშო, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, წიგნი, რვეული და ა.შ.) გარკვეული თანმიმდევრობით და ვთხოვთ მას დაიმახსოვროს თითოეული ნივთის ადგილი. შემდეგ ის შებრუნდება ზურგით, რა დროსაც ჩვენ ნივთებს ადგილებს ვუცვლით, ან ერთ-ერთ ნივთს საერთოდ ვიღებთ. მას შემდეგ, რაც შემობრუნდება და კვლავ დაუკვირდება ნივთების განლაგებას, უნდა გვითხრას რა ცვლილება მოხდა. ყურადღების განვითარებისთვის კარგ საშუალებას წარმოადგენს ასევე მსგავს ნახატებს, მსგავს ნივთებს შორის განსხვავებების პოვნა. მოგვიანებით, როცა ბავშვი ისწავლის ასოების ცნობას, შეიძლება მივცეთ ფურცელზე დაბეჭდილი პატარა ტექსტი და ვთხოვოთ გადაათვალიეროს და გადახაზოს მაგალითად, ყველა ასო ბგერა „ა“, რომელიც შეხვდება. ქუჩაში ბავშვთან ერთად სეირნობისას შეიძლება ვთხოვოთ მას დააფიქსიროს ნებისმიერი წითელი მანქანა. როცა  თვლა ეცოდინება, შეიძლება გარკვეული ფერის მანქანები დაითვალოს კიდეც.

დარწმუნებული ვარ, რომ ზემოაღწერილ სავარჯიშოებს და კიდევ უამრავ სხვას ბევრი მშობელი იყენებს საკუთარ შვილთან ურთიერთობისას, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლაში შემოსულ ბავშვებს შორის ასეთი განსხვავება ყურადღების განვითარებაში არ იქნებოდა. თუმცა, ყურადღების განმავითარებელი სავარჯიშოების გამოყენებისას, მათი ეფექტიანობის და შედეგიანობის გასაზრდელად, საჭიროა გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • ყურადღების განმავითარებელი სავარჯიშოები ბავშვთან უნდა მიმდინარეობდეს თამაშის ფორმით. ნუ დავივიწყებთ, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვის ქცევის წამყვანი ფორმა თამაშია და მისი განვითარება სწორედ თამაშის პროცესში ხდება;
  • თუ ბავშვს არ სურს ჩვენს მიერ შერჩეული და დაგეგმილი სავარჯიშოს შესრულება, აშკარად ამჟღავნებს ინტერესის არქონას, ნუ დავიჟინებთ ჩვენი სიტყვის გატანას, თუმცა, ნურც უარს ვიტყვით მცდელობაზე დავუბრუნდეთ მას მოგვიანებით;
  • ჩავრთოთ სავარჯიშოები პატარისთვის შეუმჩნევლად და ძალიან ბუნებრივად ბავშვთან დაკავშირებულ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში: სეირნობის, მასაჟის, ბანაობის, ზღაპრების კითხვის, ერთობლივი თამაშების და შემოქმედებითი მეცადინეობების (ხატვის, ძერწვის და ა.შ.) დროს;
  • გამოვიყენოთ მოძიებული სავარჯიშო, როგორც ნიმუში, მაგრამ ნუ შეგვეშინდება გამოვავლინოთ ჩვენი ფანტაზია;
  • სავარჯიშოს შესასრულებლად ბავშვისთვის მიწოდებული ჩვენი მითითებები უნდა იყოს მისთვის ადვილად გასაგები, ცხადი, ნათელი, მარტივი;
  • ნუ დავიშურებთ საქებარ სიტყვებს და დადებით კომენტარებს, როცა ვხედავთ, რომ ბავშვი წარმატებით ართმევს თავს დავალებას. ეს მას საკუთარი ძალების რწმენას და ინტერესს გაუძლიერებს. მოვერიდოთ ზოგადი სახის ნეგატიურ შეფასებებს;
  • დაუშვებელია ბავშვის მოქმედების კომენტირება, შენიშვნები, კარნახი მაშინ, როცა ის მთლიანად დავალების შესრულებაზეა კონცენტრირებული. ასეთ დროს საუბრით ჩვენ ბავშვის ყურადღებას სხვა მიმარულებით გადავრთავთ, ვაიძულებთ მას ჩვენ სიტყვებზე მოახდინოს კონცენტრირება და შემდეგ ისევ სამუშაოს დაუბრუნდეს, რის გამოც იღლება და ეკარგება ინტერესი დავალების მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვის ყურადღების განვითარებაზე ზრუნვა უფროსების, პირველ რიგში კი მშობლის აქტიურ ჩართულობას საჭიროებს. ამასთან, ასეთ სიტუაციებში, პირველ რიგში, უფროსები უნდა ვუჩვენებდეთ ბავშვს, თუ რას ნიშნავს ყურადღებით ყოფნა, ყურადღების კონცენტრირება შესასრულებელ სამუშაოზე, დავალებაზე. თუ ბავშვთან ურთიერთობის პარალელურად ჩვენ მუდმივად სხვა საქმითაც ვიქნებით დაკავებული – ვიმუშავებთ კომპიუტერთან, ვისაუბრებთ ტელეფონით და ა.შ., ძნელი დასაჯერებელია, რომ ბავშვთან ჩვენი მუშაობა ეფექტიანი და შედეგიანი აღმოჩნდება. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყურადღება უკიდურესად მნიშვნელოვანია ბავშვის წარმატებისთვის სწავლაში და მის შემდგომ განვითარებაში.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი