პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ წავიკითხოთ ისტორიული რომანი

 „მე ვარ ავი მუსაიფი

 კახთ ბატონის ირაკლისა“

                                                წარწერა ერეკლე მეორის ხმალზე

 

ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ბოდრიარი მიიჩნევდა, რომ თანამედროვე სამყაროში (ახალ ათასწლეულში) ისტორიის გააზრებამაც მკვეთრი ცვლილება განიცადა და დღესდღეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყაროში შეუქცევადი აღარაფერია. ტურბულენტურ მორევში ჩათრეულმა ისტორიულმა გზამ, განვლილი ეპოქების „შესრუტვით“, უკან დააბრუნა ყველაფერი ის, რაც გვეგონა, რომ მკვდარი იყო.

ტურბულენტური დაძაბულობა ყველა ნიუანსში მჟღავნდება _ ყოფაში, კულტურაში. კატასტროფულად ასწრაფებულმა დრომ და ინფორმაციულმა ბუმმა ქცევის და აღქმის ახალი ნორმები გააჩინა, უფრო მარტივად რომ ვთქვათ _ ჩვენ ვთამაშობთ ახალი წესებით და ხშირად ეს უკანასკნელნიც აქამდე მკვდრად გამოცხადებული წესების „რიმეიქია“.

ისტორიული რომანი, როგორც ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ლიტერატურული მიმართულება, ამ წესებს გვერდს ვერ აუვლიდა. ის ხომ არსებითად სწორედ იმაზეა „დამოკიდებული“, რაც დღეს ასეთი სახეცვლილია _ ისტორიაზე. თანამედროვე სამყარო გამოხატვის/გამოსახვის ახალ ფორმებს ითხოვს, გარდა ამისა, განსხვავებული რაკურსიდან სვამს კითხვებს. რა აინტერესებს თანამედროვე მწერალს, როცა ფაბულად ისტორიულ მოვლენას იღებს? _ თავად ამ მოვლენის არსი? თუ აწმყოსთან მისი მიმართება (შესაბამისად, უფრო აწმყო, ვიდრე წარსული)? თუ ახალი მითი, რომელსაც ამ ისტორიულ სინამდვილეზე დაყრდნობით შექმნის, ისევ ბოდრიარის ნააზრევის მიხედვით რომ ვთქვათ _ შექმნის მის სიმულაციას?

ისტორიული რომანის საუკეთესო ნიმუშებს გასული საუკუნიდან ვიცნობთ. ვასილ ბარნოვი (რომელიც მიიჩნევა ამ ჟანრის ფუძემდებლად), ლევან გოთუა, მიხეილ ჯავახიშვილი, ალექსანდრე კალანდაძე, გრიგოლ აბაშიძე, კონსტანტინე გამსახურდია და ა.შ. თითოეულ მათგანს ჰქონდა კონკრეტული მხატვრული ამოცანა, რომელიც ბუნებრივად უკავშირდებოდა თანადროული ეპოქის კონტექსტს, ყველაზე მკაფიო კი სწორედ ამ კონტექსტის (საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის) გააზრება იყო, მასთან მხატვრული დაპირისპირება ისტორიული სინამდვილის გამოყენებით. ეს კი იგავურ ტენდენციას ბადებდა: ძველი ამბის საშუალებით ახლის, თანამედროვეს წარმოჩენა, მისი გაშიშვლება და ფარული კრიტიკა.

ახალ, 21-ე საუკუნეშიც იწერება ისტორიული რომანები. პირველ რიგში, აკა მორჩილაძის მადათოვის ტრილოგია უნდა ვახსენოთ, მე-19 საუკუნის თბილისის უზადო და დაუვიწყარი რეტროსპექტივა, სადაც ისტორია ერთ-ერთი მთავარი აქტორია.

დაახლოებით ერთი წლის წინ კი, წიგნის მაღაზიების დახლებზე გამოჩნდა ახალგაზრდა ავტორის, ნოდარ მაჭარაშვილის სქელტანიანი რომანი „ავი მუსაიფი“. ეს წიგნი გამოსვლის დღიდანვე მოექცა მკითხველთა ყურადღების ცენტრში და დღემდე ბესტსელერია. რომანის დასაწყისში, ავტორის მოკლე ბიოგრაფია გვატყობინებს, რომ ეს მისი მესამე წიგნია. წინა ტექსტებს კი ნოდარ მაჭარაშვილი ფსევდონიმით აქვეყნებდა და, ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ „ავმა მუსაიფმა“ მკითხველს ეს მწერალი ხელახლა გააცნო.

სათაური, გარეკანი _ ნიშანია იმისა, რომ რომანი ისტორიული ჟანრისაა და ის მეფე ერეკლეს ეძღვნება. რომანში ერეკლეს მეფობის მთელი თავგადასავალია მოთხრობილი _ ლამის მისი ბავშვობიდან გარდაცვალებამდე. ერეკლე მეორე, ხალხური მეტსახელით „პატარა კახი“ ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთია იმ ქართველ მონარქთა შორის, ვინც გამორჩეულად უყვართ. მისი 60-წლიანი მეფობის ხანა სავსეა უთვალავი შინა თუ გარე ომით, თავგანწირვის, პატრიოტიზმის, ვაჟკაცობის მაგალითებით. ერეკლეა ერთგვარად დიდი ისტორიული დროის დასასრულიც, მართალია ის არ ყოფილა უკანასკნელი ბაგრატიონი მონარქი, მაგრამ თუ ისტორიულ მოვლენებს გლობალურად გავიაზრებთ, შესაძლოა ასეც იყოს _ მისი გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის იმპერიამ ყველა ის ციტადელი გაანადგურა, რისთვისაც ის ამდენი წელი იბრძოდა.

მეფის მიმართ სიყვარული ცალსახად იგრძნობა რომანში. ამას ავტორი თავადაც აღიარებს და ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც გადაწყვიტა ისტორიულ ტექსტზე მუშაობა, სწორედ ეს სიყვარულია. თუმცა, ეს ხელს არ უშლის, ფაქტები ობიექტურად დაინახოს, მთავარი გმირის ხატვისასაც ზომიერი, არაპათეტიკური იყოს, მის ადამიანურ თუ სამეფო სისუსტეებზეც თქვას (ათქმევინოს სხვა პერსონაჟებს). საერთოდ, თუ რაიმე არ არის ამ რომანში, ეს, უპირველეს ყოვლისა, პათეტიკაა. ავტორი საერთოდ არ ცნობს ამ მდგომარეობას, პირიქით _ ტექსტის მთლიანი ატმოსფერო მინიმალურ ტეპერატურამდეა დაწეული, ერთგვარი „სიცივეა“ კიდეც, რაც სწორედ ავტორის არჩევნად მიმაჩნია საიმისოდ, რათა ზედმეტმა ცეცხლმა ხელი არ შეუშალოს მოვლენების აღქმაში და თხრობის სისწრაფეშიც.

დიახ, ეს ვეებერთელა ტექსტი უსწრაფესი რიტმითაა დაწერილი და ეს რიტმი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თხრობისას იგრძნობა. ავტორი არსად ყოვნდება, არცერთ სცენას არ „აგემოვნებს“ _ არც ბატალურს, არც პიკანტურს, არც ყოფითს. თანაბარი, გიჟური ტემპით ხატავს ყველა მოვლენას, ცდილობს არაფერი გამოტოვოს, ყველაფერს შეეხოს, რაც ერეკლეს სრულყოფილი პორტრეტისათვის იქნება საჭირო, თუნდაც ეს არა ნამდვილი, არამედ გამოგონილი ამბავი იყოს, მწერლის წარმოსახვის ნაყოფი. ასეთია, მაგალითად, ინდოეთის ეპიზოდში ერეკლეს სასიყვარულო თავგადასავალი ინდოელ ლამაზმანთან, სიტარდასთან. „ეგზოტიკური“ სიყვარულის ეს შტრიხი ბოლომდე გასდევს რომანს, როგორც მარადიული სიყვარულის ხსოვნა, იმდენად ბუნებრივი, რომ მის ნამდვილობაშიც დააჯერებს მკითხველს.

ყოველივე ეს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე _ ერთგვარად სქემატური და სწრაფი თხრობა,  სქელტანიანობის მიუხედავად, რომანის ენობრივი მინიმალიზმი, პათეტიკისგან თავისუფალი, მსუბუქი და გასაგები ატმოსფერო, მხატვრულ ტილოზე „შეკუმშული“ ვრცელი ისტორიული მონაკვეთი _ რომანს „ავი მუსაიფი“ თანამედროვე სამყაროსთან აახლოვებს სწორედ ამ საკომუნიკაციო პარამეტრებით. ხშირად მსმენია, რომ ამ წიგნს განსაკუთრებით გატაცებით კითხულობენ ახალგაზრდები, რადგან ტექსტის ენაც და ატმოსფეროც მათთვის ყველაზე გასაგებია. ისტორიის სწავლების, მასზე დაფიქრების, გააზრების  ყველაზე სასურველი ფორმა კი, ალბათ, ისევ მხატვრული ტექსტებია, ამდენად, „ავი მუსაიფი“ მნიშვნელოვანი წიგნია ამ მხრივ _ მისი წყალობით თანამედროვე სამყაროს ახალგაზრდები ბევრ ამბავს გაიგებენ საკუთარი ქვეყნის წარსულზე.

დღეს მთელ მსოფლიოში სუპერ-პოპულარულია კომიქსის ჟანრი. ის ხელოვნების ნებისმიერ დარგში თავის ტენდენციებს ამკვიდრებს, შესაძლებელია ვთქვათ ისიც, რომ კომიქსი არის ერთგვარი მოდა, რომელიც მალე კლასიკად იქცევა. კომიქსი კინოში, ლიტერატურაში, ნებისმიერ ვიზუალურ ხელოვნებაში _ პირველ რიგში აზროვნების და ხედვის ფორმაა, სტილია, რითაც თანამედროვე ადამიანი კომუნიკაციას ამყარებს თანამედროვე სამყაროსთან. ის ქმნის ახალ მითს, რომლითაც ისტორიიდან გამოგდებული ადამიანი ეყრდნობა სწრაფმედინ დროს. ამ აზრის გათვალისწინებით, „ავი მუსაიფი“ თანამედროვე, მაღალი ხარისხის კომიქსადაც მიმაჩნია, რადგან მას აქვს კომუნიკაციის სრულიად თავისებური მეთოდი. ამ მეთოდით შემოჰყავს მას თანამედროვე ადამიანის სააზროვნო სივრცეში ისტორია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ ისიც, რომ „ავი მუსაიფის“ ფილმად გადაღებაც ასეთივე წარმატებული იქნება, მით უფრო, რომ ტექსტი კინო-კადრირების პრინციპითაა დაწერილი და  მკითხველზე ვიზუალურ შთაბეჭდილებასაც ახდენს.

არ ვიცი, წარმოიდგენდა თუ არა თავის გრიგალებიან სიცოცხლეში მეფე ერეკლე, რომ ოდესმე, ისევ რუსეთის იმპერიასთან მებრძოლ და ათასგვარ მანკიერებამოდებულ საქართველოში მასზე ამხელა წიგნი დაიწერებოდა, თუმცა იმის წარმოდგენა კი არ უნდა გასჭირვებოდა, რომ რაც ნამდვილი და გუმხურვალეა, მას დროზე გამძლეობის უნარიც აქვს და, შესაბამისად, არც მისი ამბავი ჩაივლიდა უკვალოდ,

_ საქართველოში, სადაც ისტორია ვერა და ვერ იქცა გამოცდილებად, ამიტომ, ხან დასჯილი ბავშვებივით ავედევნებით მას, ხან კი ჯალათებივით ვბატონობთ მასზე. დრო კი თავის მორევში გვითრევს და გვაკარგვინებს საკუთარ, ჭეშმარიტ ანარეკლებს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი