პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ამოჩემებული თემების ერთერთი მიზეზი ბავშვებში

(მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ზღარბის“ მიხედვით)

 

იცნობთ პატარა ბიჭუნას, გამუდმებით, ლამის ყველგან და ყველასთან ზღარბებზე რომ საუბრობს? სტუდია GOBELINS–ის ანიმაციური ფილმის გმირზე მოგახსენებთ და წერილის წაკითხვამდე გთავაზობთ მის გაცნობას ოთხწუთნახევრიან ფილმში „ზღარბი:“

https://vimeo.com/276013718

„ზღარბები, ზღარბები, ზღარბები,“ – გაიძახის ბიჭუნა სკოლის ეზოში, სასადილოში, საპირფარეშოში, ხელსაბანთან,  ექიმთან ვიზიტზე, გაკვეთილზე. ყველა გაურბის: ბავშვები ემალებიან, უფროსები მოჩვენებითი ყურადღებით უსმენენ… ის მუდამ მარტოა, თუ არ ჩავთვლით თანაკლასელ გოგონას, რომელიც უსმენს, გულშემატკივრობს, არ შორდება, მაგრამ ბოლომდე გაყოლას ვერც ის ახერხებს („ბოლომდე“ არ მიესვლება).

 

„ზღარბის“ ნახვის შემდეგ, ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს გვეცნობაო ეს პატარა ბიჭი (გამუდმებით, ლამის ყველგან და ყველასთან ზღარბებზე რომ საუბრობს), თითქოს ადრეც გვინახავს (მერე რა რომ დახატული და გამოგონილია). ვცდილობთ გავიხსენოთ, ვის გვაგონებს – მეზობლის ბავშვს, უბნელს თუ უბრალო შემხვედრს?.. დანამდვილებით ვიცით, რომ თვალი მოგვიკრავს ამ ჩაფიქრებული, აფორიაქებული გამოხედვისთვის, სასაუბროდ შემართულისთვის ყური მოგვირიდებია, მოუცლელობა მოგვიმიზეზებია, გავქცეულვართ, მიგვიტოვებია. შესაძლოა, ზღარბებზე არ საუბრობდა, მაგრამ  ერთსა და იმავეს გვიმტკიცებდა (რა იოლად გვავიწყდება უგულისყუროდ მოსმენილი)… სამაგიეროდ, ახლა „ზღარბს“ ვუყურებთ მეორედ… შესაძლოა მესამედ და  მრავალჯერაც.

„ზღარბს“ ნამდვილად ჩავუღრმავდებით, განვიხილავთ ერთმანეთში, გაკვეთილზე, სამასწავლებლოში, ოჯახში. წარმოვთქვამთ ტერმინებით დახუნძლულ ფრაზებს, ფსიქოლოგიის ცოდნაში საკუთარ კომპეტენტურობას გამოვავლენთ, აღვნიშნავთ, რომ ბავშვის სოციალური განვითარება მშობლებთან ურთიერთობით იწყება; რომ შიში, უკმაყოფილება, რისხვა, სიხარული და გაკვირვება ის საბაზისო ემოციებია, რომელთა გამოვლინებასაც კონკრეტული მიზეზები აქვს; და კიდევ ათასჯერ ვიტყვით – „რომ!“

და შესაძლოა, ამ ურთულეს და უთავბოლო მსჯელობაში კვლავ ვერ მოვახერხოთ მარტივი პასუხის მოსმენა (პასუხისა, მხოლოდ ერთ სიტყვას „ზღარბს“ რომ გულისხმობს). შესაძლოა, ბოლომდე ვერც ახალი ფერებითა და ფორმებით შეფუთული პროექტი მოვისმინოთ (პროექტი სათაურით „ზღარბები“). შესაძლოა, ვერც იმ იდუმალ უკანა ეზოში მოვხვდეთ, უწყინარი მღრღნელები დამსხვრეული თეფშის გარშემო რომ იკრიბებიან.

მაგრამ იქნებ უფრო მარტივად მოვიქცეთ და ზოგჯერ… უბრალოდ, მოვეფეროთ ბავშვებს – მათი ტკივილის სიმაღლეზე ჩავიმუხლოთ!.. მათ მიხვრა-მოხვრაში, შეყრილ წარბებში, მკაცრად მოკუმულ ტუჩებში, ხელების უნებლიე მოძრაობაში, თავის ქავილში, არეულ ნაბიჯებში, ხმის ინტონაციაში ამოვიკითხოთ ქვეტექსტები. იქნებ, ამიერიდან აღარ წავუყრუოთ, შუა გზაზე არ მივატოვოთ, ბოლომდე გავყვეთ და მივაკვლიოთ მისი ფიქრების უკანა ეზოს, გავარკვიოთ, სალბუნად რატომ ედებათ ზღარბის უხეში, მჩხვლეტავი ეკლები.

და თუ ჩვენს თავსაც წარმოვიდგენთ მათ ადგილას, იქნებ ვაღიაროთ, რომ ხშირად ჩვენც მათ მსგავსად ვიქცევით: ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობთ, გამუდმებით მასზე გვსურს საუბარი; წამალი რომ მოგვარჩენს, ვცდილობთ, ყველას ვაცნობოთ მისი მაკურნებელი ძალის შესახებ; არასასურველ გარემოში მოხვედრილები კი მყუდრო კუთხე-კუნჭულებს დავეძებთ.

***

უკანა ეზოს ბნელი კუთხიდან მზრუნველი და ფრთხილი დედიკოზღარბი შვილებს მოუძღვის პატარა ბიჭუნა ცდილობს დაგორგოლავდეს პატარა ბიჭუნას სურს მათი ოჯახის წევრად იქცეს, მათ მიეკედლოს ის ხომ  ჯერჯერობით ზღარბებში მეტ სიკეთეს ხედავს, ვიდრე ადამიანებში.

დიახ, ახლა ჩვენ უკვე ვიცნობთ პატარ ბიჭუნას გამუდმებით, ლამის ყველგან და ყველასთან ზღარბებზე რომ საუბრობს. ვიცნობთ მისი ამოჩემებული თემის მიზეზსაც, თუმცა… თუ ვერ მივაგნებთ, ოთხწუთნახევრიანი ფილმივით ერთ წრეზე იტრიალებს მისი ამბავი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი