შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

შენი ოდისევსი

რვა წლის ხარ. ან ათის. თეატრი ზღაპრულ სამყაროდ გეჩვენება. რა თქმა უნდა, იცი, რომ ის, რაც სცენაზე ხდება, არაერთხელ გამეორდება ზუსტად ამავე ადგილას და მსახიობებიც მრავალჯერ გაიმეორებენ წინასწარ ნასწავლ ფრაზებსა თუ ჟესტებს. თუმცა ეს ყველაფერი ვერაფერსაც ვერ აკლებს ჯადოსნურობის განცდას. იქ ხარ, სადაც ყველაზე დაუჯერებელიც კი შეიძლება მოხდეს.

დარბაზი სავსეა შენი ტოლი, შენზე ცოტა უფროსი ბავშვებით. ხმამაღლა უხსნიან ერთმანეთს რაღაცებს, ხმამაღლა იცინიან. მშობლები თუ მასწავლებლები ბოლო გაფრთხილებებს აძლევენ: არაფერი ჭამოთ, თავი არ მომჭრათ, ტუალეტში გასვლა თუ მოგინდებათ, რიგებს შორის ფრთხილად გამოიარეთ და ბოდიში მოიხადეთ, ტელეფონს ხმა და შუქი გამოურთეთ, სულაც გათიშეთ ეგ ტელეფონები.

დახველება შეიძლება?

წყლის დალევა?

ვიღაც იმაზე წუხს, რომ ოდისევსის შესახებ არაფერი მოძებნა ინტერნეტში. არ გაახსენდა.

შუქი ქრება და სცენაზე პატარა გოგოს ხედავ. წარმოუდგენელია. ნამდვილი მსახიობების გვერდით მონდომებით ასრულებს თავის პატარა როლს. მაშ, ბავშებსაც შეუძლიათ, რომ ამ მიუწვდომელი სამყაროს ნაწილი გახდნენ, მათაც ასწავლიან, როგორ უნდა შეძლონ ცოტა ხნით სხვად ქცევა, სხვისი სიტყვების ისე წარმოთქმა, რომ გონებით სწორედ იმ მეორეს გაჰყვე, გამოგონილს.

თავიდან ისეთი ოჯახური სურათებია, რომლების მსგავსიც ბევრჯერ გინახავს. მამა, რომელსაც მხოლოდ სამსახური და სასწრაფოდ შესასრულებელი საქმეები ახსოვს. დედა – თითქმის ყოველთვის უკმაყოფილო: ყურადღება აკლია, თავდაჯერება აკლია.

ოდისევსი – გოგონას წარმოსახვითი მეგობარი – მალევე შენი მეგობარიც ხდება, რადგან შენთვისაც ძნელი გასაძლებია ის ყველაფერი, რისი მომსწრეც ხარ: თავგზააბნეული მშობლების უცნაური ახირებები, უფროსების აზრგამოცლილი სამყარო.

ერთი ციცქნა ნახატი კაცუნაა, რომელიც კედლიდან კედელზე დარბის და ითხოვს, ითაკაში დამაბრუნეთო. კარგად იცი, ითაკა რაც არის, რადგან ოდისევსის ამბავი გატაცებით წაიკითხე. ეჭვიც არ გეპარება, რომ დაბრუნდება იმ მონატრებულ მხარეში. ბედის ჭირვეულობასაც გაუძლებს და ახლა ამ გოგონას მამასაც ამხანაგად და თანამგზავრად გაიხდის.

მერე ღმერთები ჩნდებიან: ზევსი, ჰერა, ჰერმესი, პოსეიდონი… მშვენიერია. თითოეული თავისებურად მომხიბვლელია და ორგანზომილებიან სივრცეშიც ახერხებს დასამახსოვრებელი სახის მიღებას. დახატული ზღვაც ლამაზია, იანუსიც და მედუზა გორგონაც.

ძველი ბერძნები უფრო ახლოს არიან, ვიდრე ისინი, ვინც შენს დროში ცხოვრობენ. მათ მითებში თავს უსაფრთხოდ გრძნობ – ვეღარ მოგწვდება ხმაური, რომელიც კიდევ ერთხელ გაგრძნობინებს თავს უმწეოდ, არასაჭიროდ, ხელის შემშლელად. ნახე, ოდისევსს როგორ სჭირდება მეგობრის გაწვდილი ხელი.

ერთხანს მაინც გიჩნდება ეჭვი – ვაითუ ვერ გადარჩეს, ვაითუ ზღვის ღმერთის მრისხანებას შეეწიროს… ჩაბნელებულ დარბაზში აქეთ-იქით იხედები – იმედიანი სახეების დანახვა გინდა, მაგრამ ბევრს ვერაფერს არჩევ. ვიღაცას გაფრთხილება არად ჩაუგდია და ორცხობილას ღრღნის.

მერე ისევ იმ ოჯახში ბრუნდები, სადაც ყველაფერი თავდაყირა დგას. მამა ისე შეუცვლია ძველ საბერძნეთში მოგზაურობას და მითიურ გმირებთან გაშინაურებას, ცოლი და შვილი ვეღარ სცნობენ. სხვა კაცია. სხვანაირად დაბრძენებული, მგრძნობიარე.

აქ კი გეცინება – როდის იყო, მამებს ასეთი რამე ემართებოდათ?!

ითაკა. ალბათ იმის გამო მოხდა, ოდისევსს ითაკაში რომ გაჰყვა და პენელოპესა და ტელემაქესთან მისი შეხვედრა თავისი თვალით ნახა. წიგნში რომ წაეკითხა – შენს ილუსტრაციებიან წიგნში – მეტი-მეტი, გულაჩუყებულს, თვალი უხილავი წერტილისთვის გაეშტერებინა, მერე კი შემაწუხებელი ფიქრები ხელის ერთ აქნევით გაეფანტა.

სპექტაკლი ისე მთავრდება, როგორც უნდა დამთავრებულიყო – ყველა გმირი თავის მითს უბრუნდება, ყველა მსახიობს თავისი წილი აღიარება და სიხარული ერგება.

ოქტომბრის ბოლოა. თბილისის თბილი, კაბით და თხელი შემოსაცმელით გასატარებელი ოქტომბერია.

არა, რვა წლის არ ხარ. არც ათის. მოზარდ მაყურებელთა თეატრში, შუადღის სეანსზე, საბავშვო სპექტაკლი ნახე. „ოდისეა“ – ანონსის მიხედვით, მულტიმედიური, ექსპერიმენტული პროექტი, რომელშიც დრამატული თეატრისა და ანიმაციის შესაძლებლობებია გაერთიანებული. მიზანი მითოლოგიასთან პატარა მაყურებლის მიახლოებაა.

თეატრიდან კმაყოფილების განცდით გამოდიხარ. რა თქმა უნდა, უკეთესადაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სავსე დარბაზში რაღაც კარგი მოხდა, დასამახსოვრებელი. როცა ახმაურებული ბავშვები გარეთ გამოიშალნენ, ყველას თავისი ოდისევსი გამოჰყვა – ხელიხელჩაკიდებულებს თვალნათლივ ხედავდი. მერე, ფიქრები რომ სხვაგან გაექცეოდათ, ციცქნა კაცუნაც გაქრებოდა, მაგრამ დიდი ხნით არა, დიდი ხნით არა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი