პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

პოსტერები – ფორმა თვითგამოხატვისთვის

სამყაროში დროდადრო ჩნდებიან ბავშვები, რომლებსაც თავიანთი ისტორიებით, მოთხოვნებით და აქტიურობით უფროსების ცხოვრებაში გვარიანი დისონანსი შემოაქვთ. გრეტა ტუნბერგი, მალალა იუსაფზაი, ემა გონსალესი და სხვები გამოდიან და ლაპარაკობენ ომზე, გარემოს დაბინძურებაზე, იარაღის შეზღუდვის უფლებაზე, სასტიკ და დაუნდობელ გარემოზე და გულგრილ ზრდასრულებზე, რომლებიც უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს იღებენ. ლაპარაკობენ და მათი აქტივიზმი უფრო ხილული და ეფექტურია, ვიდრე ოფიციალური პირების მწყობრი საუბრები ამავე თემებზე.

თინეიჯერებს ათასი რამ აწუხებთ, მაგრამ ხშირად როდი ახერხებენ, ხმა მოგვაწვდინონ, საკუთარი პრობლემების განხილვაში ჩაერთონ. უფროსებს გვგონია, ყველაფერი ვიცით (ჩვენც ხომ ვიყავით მათოდენები; ბუნებრივია, ვიცით, რაც უტრიალებთ გონებაში), მაგრამ სულ ტყუილად. თინეიჯერების სუიციდი, მათ მიმართ ძალადობა და მათი უნდობლობა ოჯახის წევრებისა და სხვა ზრდასრულების მიმართ საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ხშირად წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რაზე ფიქრობენ ისინი.

შეგვიძლია, ყველაფერი მარტივი სავარჯიშოთი დავიწყოთ: შევთავაზოთ თინეიჯერებს, წარმოიდგინონ, რომ უკვე საქვეყნოდ ცნობილი აქტივისტები არიან, ლეგიონია მათ მხარდამჭერთა სახელი და ვთხოვოთ, პოსტერები დაამზადონ ახალი საპროტესტო აქციისთვის, რომელიც მომდევნო კვირას უნდა გამართონ იმ პრობლემის გამო, რომელიც აწუხებთ.

პოსტერების დამზადებას შესაძლოა წინ უძღოდეს ან მოსდევდეს მცირე კვლევა ახალგაზრდების მიერ წამოწყებული საპროტესტო მოძრაობების შესახებ, ან პოსტერების როგორც პროპაგანდის შემადგენელი ნაწილის განხილვა. რა ხვდებოდა სხვადასხვა დროს პოსტერებზე, რას ითხოვდნენ ახალგაზრდები 50-იან, 60-იან, 70-იან წლებში? სად წავიდა მერე ეს ხალხი? მოგვარდა ის პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლადაც იბრძოდნენ? როგორ შეიცვალა სამყარო იმ დროიდან დღემდე? ერთი და იგივე რამ აწუხებთ თუ არა თინეიჯერებს, მაგალითად, ევროპაში და ჩვენთან? ნამდვილად დამოუკიდებელი აქტივისტები არიან ის ახალგაზრდები, ვისი სახელებიც ისტორიას რჩება თუ მათ გავლენიანი უფროსები საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ? დღეს ვინ ცდილობს ახალგაზრდების გულის მონადირებას საქართველოში?

ამ და სხვა კითხვებზე პასუხების ძებნა თინეიჯერებს ბევრი საინტერესო ფაქტის აღმოჩენისა და დასკვნის გამოტანის საშუალებას მისცემს. ვცადოთ, რატომაც არა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი