ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

კლასის წინ

რა უნდა იცოდეს მასწავლებელმა ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის შესახებ

კლასის წინ – ასე ჰქვია ფილმს, რომლის ყურება რამდენიმე თვის წინ მოსწავლემ მირჩია, თანაც მითხრა, ისეთი ფილმია, ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ნანახიო.

ვნახე თუ არა, მაშინვე დავეთანხმე ჩემს მოსწავლეს. ბევრ რამეზე დამაფიქრა ამ ფილმმა:
• რას ფიქრობს საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ბავშვი;
• წესით, ყველა ადამიანს აქვს განათლებისა და დასაქმების უფლება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა;
• როგორ სჭირდებათ ბავშვებს მშობლების თანადგომა;
• მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს მოსწავლის ცხოვრება უკეთესობისკენ/უარესობისკენ;
• სკოლის დირექტორს აქვს ძალა, დაამარცხოს ბულინგი;

კიდევ ბევრ რამეზე დამაფიქრა ამ ფილმმა, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის – პირველად გავიგე, რომ არსებობს ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი, პირველად შევხედე სამყაროს იმ ბავშვის თვალით, რომელსაც ეს სინდრომი აქვს.

ხშირად მიფიქრია იმაზე, რატომ ექმნებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ამდენი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში, საგანმანათლებლო სივრცეში.

მიზეზი მხოლოდ ის არ მგონია, რომ გვიჭირს განსხვავებულის მიღება, მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, არის ის, რომ…

არ ვიცნობთ ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებს…
არ ვიცით, რა ახასიათებს ამა თუ იმ სინდრომს, მდგომარეობას…
არ ვიცით, როგორ მოვექცეთ და ვასწავლოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვს…
ვერ ვხვდებით, რომ პოზიტიური დისკრიმინაციაც დამღუპველია…
არ ვიცით, როგორ გავხდეთ ემპათიურები…

არადა, ბევრი გზა არსებობს ამისთვის და ერთ-ერთი ჩემთვის ეს ფილმი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ინკლუზიური განათლების საკითხებით დიდი ხანია დაინტერესებული ვარ, გამიკვირდა, ამ სინდრომზე აქამდე არაფერი ვიცოდი, თუმცა გამიხარდა კიდეც, რადგან უკვე მერამდენედ გავაცნობიერე, რა საინტერესო პროფესია მაქვს, ბედნიერებაა, როცა ასწავლი და, ამავდროულად, სწავლობ.

ფილმის ნახვის შემდეგ უფრო დავინტერესდი ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომით და მეტის გაგების სურვილი გამიჩნდა. თუ თქვენც ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდებით, შეგიძლიათ გაეცნოთ თამარ გაგოშიძის წიგნს – ,,ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები”.

რა არის ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი

,,ტურეტის სინდრომი – ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება მოტორული და ვოკალური ტიკებით. დაავადებას ეწოდა ფრანგი ნევროლოგის – ჟილ დე ლა ტურეტის – სახელი, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს პირველად აღწერა იგი და დაახასიათა, როგორც სამედიცინო მდგომარეობა;
დაავადების სიმპტომების დასაწყისი მერყეობს 2-დან 15 წლამდე, ყველაზე ხშირად დაფიქსირებულია 7 წლის ასაკი. 11 წლისათვის პაციენტთა 96 %-ს უკვე გამოხატული აქვს მოცემული სინდრომისათვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი.

რით ხასიათდება ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი

პაციენტთა 20 %-დან 45 %-ისათვის დამახასიათებელია ექოლალია – სხვისი სიტყვებისა და ხმების იმიტაცია, გამეორება, 10 %-დან 35 %-ში გვხვდება ექოპრაქსია – სხვათა მოძრაობების გამეორება და იმიტაცია, 10 %-ში კი გვხვდება პალილალია – სიტყვის ბოლოს ასოების ან წინადადების ბოლო სიტყვის გამეორება. 8 %-დან 25 %-ს აქვს კოპროლალია – უხამსი სიტყვების და ფრაზების უნებლიე წამოძახილი, ხოლო 1 %-დან 6 %-ს კოპროპრაქსია – უნებლიე უხამსი ჟესტები და მოძრაობები.
ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომს ხშირად თან ახლავს ჰიპერაქტივობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ქცევითი აშლილობა;
ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი არ ახდენს გავლენას ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე, თუმცა ამ სინდრომის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ პრობლემები მხედველობით-სივრცითი ფუნქციების მომწიფებაში, ნატიფი მოტორული მოქმედებების შესრულებაში, ახასიათებდეთ გაფანტულობა, იმპულსურობა. ასეთი ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან ემოციური სტრესორებისადმი.

ძირითადი პრობლემები

• ტიკის განმეორებითი ხასიათი, დროში მისი შესუსტება-გაძლიერება, ხშირად სოციალურად მიუღებელი ხასიათი ბევრ გაუგებრობას წარმოშობს;
• ძირითადი მაინც მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან აღნიშნული სინდრომის სწორი, ადეკვატური გაგებაა. უკონტროლო ტიკები ბავშვს ცხოვრებას ურთულებს. უფროსები თვლიან, რომ იგი ჯიუტია, უზრდელი და მასხარა. ტოლებმა კი შეიძლება მისი უცნაური მოძრაობების გამო დასცინონ. ყოველივე ეს უარყოფითად მოქმედებს ბავშვის პიროვნების, მისი ემოციური სფეროს ჩამოყალიბებაზე;
• პრობლემაა ბავშვის მიერ საკუთარი თავის აღქმაც. ბავშვი სხვებს თავს ადარებს და რწმუნდება, რომ ძალიან განსხვავებულია ტოლებისაგან. ხშირად უსუსურობისა და შფოთვის განცდა იპყრობს, რადგან, მისდა უნებურად, საზოგადოებაში შეიძლება მიუღებლად, არაადეკვატურად მოიქცეს;
• მნიშვნელოვანი პრობლემებია დეპრესიული ფონი და ბავშვის იზოლაცია;
• სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრობლემები ორი სახისაა:
1. გაკვეთილზე ბავშვის აქტივობასა და პროდუქტიულობას შეიძლება ხელი შეუშალოს ყურადღების კონცენტრაციის მერყეობამ და გამოფიტვამ.
2. ბავშვს მხედველობით-სივრცითი უნარების დეფიციტის გამო შეიძლება ჰქონდეს წერის, კითხვის ან არითმეტიკული ოპერაციების შესრულების სიძნელეები. ბავშვი ამ ჩვევების ასათვისებლად შესაძლოა საჭიროებდეს უფრო მეტ დროსა და სპეციალური მიდგომას.

როგორ დავეხმაროთ ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის მქონე პირებს

ბავშვისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია ოჯახისა და მასწავლებლების კონსულტაციას დაავადებასთან დაკავშირებით, რათა მათ მცდარი შეხედულება არ ჩამოუყალიბდეთ ბავშვის შესახებ. იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს სირთულეები აქვს სწავლაში, აუცილებელია მისი ინდივიდუალური დახმარება; ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი ქრონიკული დაავადებაა და მისი სრული განკურნება დღეისათვის შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, არსებობს ამ სინდრომის მკურნალობის ორი სტრატეგია – მედიკამენტური და სოციალურ-ფსიქოლოგიური.

მასწავლებლის მხრიდან ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდაჭერას, დაცინვისა და გაუგებრობების პროფილაქტიკის მიზნით კლასთან სპეციალურ მუშაობასა და მასწავლებლის ცოდნას სინდრომის თავისებურებათა შესახებ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის სკოლისადმი დადებითი განწყობის შემუშავებასა და სასკოლო წარმატებაში” (თამარ გაგოშიძე, ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები, თბილისი, 2007, გვ. 273-280).

შეიძლება ერთ დღეს ჩვენს კლასშიც აღმოჩნდეს ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის მქონე მოსწავლე. როგორც თამარ გაგოშიძე აღნიშნავს, მასწავლებელი თუ ინფორმირებული იქნება, ძალიან დაეხმარება ბავშვს პრობლემების გადაჭრაში.

ვფიქრობ, ფილმი ,,კლასის წინ” არაჩვეულებრივი რესურსია და მასწავლებლებს (და არა მხოლოდ მათ) მარტივად გააცნობს ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომს, აუმაღლებს ცნობიერებას, უბიძგებს, იპოვონ ბულინგის წინააღმდეგ მოქმედებისა და ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომის გზები.

რამდენიმე დღეში მოსწავლეებსაც ვურჩევ, დადგნენ ,,კლასის წინ”. ლიტერატურულ კლუბში ერთად ვნახავთ ფილმს, მერე ბევრს ვიფიქრებთ და ვილაპარაკებთ.

მე მჯერა, რომ შეგვიძლია, გავხდეთ იმაზე უკეთესები, ვიდრე ვართ.

გამოყენებული ლიტერატურა:
თამარ გაგოშიძე, ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები, თბილისი, 2007

ფილმის ბმული: https://www.adjaranet.com/Movie/main?id=12197

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი