პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

გაკვეთილის პროლოგი – სიის ამოკითხვა

სიის ამოკითხვა გაკვეთილის სტრუქტურისა თუ დრამატურგიის ნაწილია, ერთგვარი პროლოგი. ჩვენი დაკვირვებით, ძველად სკოლაში ამ რიტუალად ქცეულ ეპიზოდს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. გვახსენდება პასაჟი ნოდარ დუმბაძის ცნობილი რომანიდან, რომელშიც სიის ამოკითხვა, როგორც მინისპექტაკლი, მწერალს ჩვეული ხალისით, სილაღითა და ირონიით აქვს აღწერილი:

„- ჩიგოგიძე!

– ვარ, მასწავლებელო!

– კალანდაძე!

– აგერ ვარ, მასწავლებელო!

– სიხარულიძე!

– ავად გახდა, მასწავლებელო, და ჭყონიამ, ცენტერაძემ, ბურჭულაძემ,

ქორიძემ, ნინიძემ და ღლონტმა გააცილეს სახლში.

– მთელი კლასი ვერ გაყევით? – იკითხა გულჩვილმა მასწავლებელმა.

– ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა, თორემ მივყვებოდით.

– ვაშალომიძე, ვაშალომიძე, ვა-შა-ლო-მი-ძე! – ყვირის მასწავლებელი და ხელს მაგიდაზე ურტყამს.

– აქ ვარ, პატივცემულო მასწავლებელო!

– მასეთი ყოფნა და არყოფნა ერთი და იგივეა!

– ყოფნა-არყოფნა, საკითხავი აი, ეს არის! – ამბობს რომული პათეტიკურად.

– რომული კალანდაძე, გაბრძანდი გარეთ!

– სიცივეა, მასწავლებელო!

– აიღე შენი წილი ნიგუზალი და გაეთრიე გარეთ! – მხარს ვუჭერ მასწავლებელს.

რომული გადის, მე კი უბედურება მატყდება თავს.

– რა გვქონდა გაკვეთილად, ვაშალომიძე?

– სოლვეის ხერხით სოდის მიღება!

– აბა, გამოდი დაფასთან!

წელმოწყვეტილივით გავეთრიე დაფასთან“ („მე, ბებია, ილიკო და იალარიონი“).

რა ხდება თანამედროვე სკოლაში? აქვს თუ არა რაიმე ღირებულება ამ აქტივობას, სიის ამოკითხვა რომ ჰქვია? ამასთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით.

Evronews-ი იუწყება, რომ „შვედეთის პატარა ქალაქ შელეფტეოში სახის ამოცნობის ტექნოლოგიას იყენებენ, რომლის წყალობით მოსწავლეთა სიის ამოკითხვა საჭირო აღარ არის. კლასში შესვლის წინ კამერა ბავშვების სახეს ასკანერებს, რაც გაკვეთილებზე დროის დაზოგვას უწყობს ხელს. კომპანია „თიეტოს“ გამოთვლით, რომელმაც მოწყობილობა დაამონტაჟა, სკოლის მასწავლებლები მთლიანობაში ბავშვების აღსარიცხად წელიწადში 17 000 საათს ხარჯავდნენ“ („იმედი-NEWS“, 17.01 2019).

მართლაც ასეა? ამაოდაა თუ არა დაკარგული სიის ამოკითხვისთვის განკუთვნილი დრო? ამის გასაგებად ორ ქართველ მასწავლებელს ასეთი კითხვა დავუსვი: კითხულობთ თუ არა სიას და რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამას?

მედეა გიორგიშვილი, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: „სიას, როგორც წესი, არ ვკითხულობ. კლასს გადავავლებ თვალს და ვხვდები, ვინ არ ესწრება. შემდეგ აუცილებლად მოვიკითხავ და აღვნიშნავ, რომ სამწუხაროა გაკვეთილზე მისი არყოფნა. ვიცი, რომ ბავშვები ამბავს მიუტანენ, მასწავლებელმა მოგისაკლისაო. ამას ის შედეგი მოაქვს, რომ შემდეგ გაკვეთილზე ეს მოსწავლე აუცილებლად მეუბნება გაცდენის მიზეზს, მომიბოდიშებს. ის გრძნობს, რომ მასწავლებელი მის მიმართ პატივისცემით არის განწყობილი“.

ფატი ფირუაშვილმა, თბილისის კლასიკური გიმნაზიის ქრთული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, კი ასე მიპასუხა: „სიას ხშირად ვკითხულობ, თუმცა ყოველთვის არა. სიის ამოკითხვისას კლასი ორგანიზდება და გაკვეთილისთვის ემზადება – განწყობა იქმნება. აღვრიცხავ მოსწავლეებს, რომ ვინმე არ გამომრჩეს. როდესაც გაკვეთილს ეფექტური დასაწყისი აქვს, სიას აღარ ვკითხულობ. ხანდახან, დროის მოსაგებად, ბოდიშის მოხდით, მხოლოდ გვარებს ან სახელებს ამოვიკითხავ ხოლმე“.

თანამედროვე მწერლისა და გამოცდილი პედაგოგის დენიელ პენაკის აზრით, სიის ამოკითხვასაც შეიძლება მეტი დატვირთვა მიენიჭოს. ვფიქრობ, გასაზიარებელია მისი დაკვირვებები. იგი თავის მრავალმხრივ საგულისხმო წიგნში „სკოლის სევდა“ კოლეგასთან სიის ამოკითხვის მნიშვნელობაზეც საუბრობს. მათი აზრით, მოსწავლეთა უმრავლესობას გაკვეთილის დაწყებამდე „სძინავს“, ე.ი. მზად არ არის იმისთვის, რისთვისაც საკლასო ოთახში შევიდა. მათი გამოღვიძებაა საჭირო, ამისთვის კი საუკეთესო გზა სიის ამოკითხვაა.

პენაკთან საუბრისას მათემატიკის მასწავლებელი ამბობს, რომ დრო თუნდაც არ ჰქონდეს, სიის ამოკითხვას მაინც არავითარ შემთხვევაში არ ამოაგდებს გაკვეთილის სტრუქტურიდან, თუმცა მისთვის ეს უბრალოდ მოვალეობის მოხდა არ არის – მოვალეობის მოხდის მიზნით ჟურნალის აღება და გვარ-სახელთა მონოტონური ჩაკითხვა ზემოდან ქვემოთ ცხვრების დათვლას დაემსგავსება, რასაც არავითარი აზრი არ აქვს, გინდა გაგიკეთებია და გინდა არა. მისი აზრით, ეს დრო უმნიშვნელვანესია როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისთვისაც.

რატომ?

. ამ დროს, როგორც თვითონ ამბობს, თავის მოსწავლე-ყაჩაღებს თვალს უსწორებს, თითქოს ეგებება და მათ პასუხებს ისმენს. სიის ამოკითხვა მთელი დღის განმავლობაში ერთადერთი დროა, როცა მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა, კლასში ყველას სათითაოდ მიმართოს: „მოსწავლემ წამით მაინც უნდა იგრძნოს, რომ ჩემს თვალში არსებობს კონკრეტულად ის და არა ვინმე სხვა“.

. ამ დროს მასწავლებელი აკვირდება ყოველი მოსწავლის მიერ წარმოთქმულ „ვარ“-ს და ინტონაციის მიხედვით მის გუნება-განწყობილებას ადგენს. თუ ვინმეს გაბზარული ხმა აქვს, გაკვეთილის განმავლობაში მეტ ყურადღებას მიაქცევს.

ერთხელ სიის ამოკითხვა თამაშსაც დაემსგავსა. მასწავლებელი ყოველი ბავშვის „ვარ“-ს იმავე ინტონაციით ბაძავდა და ხმადაბლა იმეორებდა ექოსავით. ზოგის ხმა თავშეკავებული იყო, ზოგისა – ხმამაღალი და კამკამა, ზოგისა – როხროხა. ზოგი ცდილობდა, მასწავლებლისთვის გზა-კვალი აებნია და რაც შეიძლება გაურკვევლად ეპასუხა, ზოგი მის დასაბნევად ინტონაციას იცვლიდა, ზოგი საერთოდ განსხვავებულად პასუხობდა, უბრალოდ, „ვარ“-ს კი არ ამბობდა, არამედ: „დიახ, აქ ვარ, მასწ“, „ეს მე ვარ ნამდვილად“. მასწავლებელი ამაზე გაკვირვებას არ გამოხატავდა, საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას პასუხთა ამ ვარიაციებს: „ეს იყო თანამონაწილეობისა და ერთსულოვნების საოცარი მომენტი, მისალმება გუნდისა, რომელსაც დილიდანვე ერთად მუშაობა გადაეწყვიტა“.

ასე რომ, სიის ამოკითხვის მთლიანად უგულებელყოფა არ არის მიზანშეწონილი. ეს მასწავლებელს უკარგავს შესაძლებლობას, ყოველგვარი დამატებითი კითხვა-პასუხის გარეშე შეამოწმოს და გაიგოს, არის კონკრეტული მოსწავლე ფსიქოლოგიურად თუ განწყობით საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობის მისაღებად თუ „სხვაგან ქრის მისი ქონება“. ამგვარი ნიუანსები მასწავლებელს შესაძლებლობას მისცემს, გაკვეთილის დაწყებისთანავე მოიფიქროს ისეთი აქტოვობები, რომლებიც კონკრეტულ ვითარებაში გამოადგება, რათა უკეთესად მართოს კლასი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი