პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კითხვის სურვილის აღმძვრელი მეგზური

როგორ ვიქცევით, როცა ჩვენ მიერ წაკითხული წიგნით აღფრთოვანება სხვას გვინდა გავუზიაროთ? ალბათ, უმეტესად მეგობრებს ვუყვებით სიუჟეტის, პერსონაჟებისა და მთავარი თემის შესახებ. მოსწავლეებისთვის კი წიგნით დაინტერესების მრავალ გზას ვეძებთ. პოსტერი, სლაიდშოუ, დიორამა, ხატვა – ამ ყოველივეს შესახებ ხშირად ვწერ, თუმცა, ამჯერად ერთ ძალიან საინტერესო მეთოდს გაგაცნობთ, რომელსაც კითხვის სურვილის აღმძვრელი მეგზური ვუწოდე.

წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს წიგნთან ერთად იღებთ რამდენიმე თაბახის ფურცელს, რომელიც სავსეა უცხო სიტყვებით, განმარტებებითა და ფოტომასალით. წერილობითი და ვიზუალური მასალა საგანგებოდ თქვენთვის იმ მიზნით არის თავმოყრილი, რომ კითხვის სურვილი გაგიჩნდეთ. თავდაპირველად გაგიკვირდებათ, შეიძლება, ცოტა დაიბნეთ კიდეც, შემდეგ თვალს გადაავლებთ და კითხვას დაიწყებთ. ყველაზე მეტად ავტორისეული კომენტარები გაგახალისებთ და დროდადრო გაგეღიმებათ. მერე წიგნს გადაათვალიერებთ, სათაურში ყველაზე მეტად სიტყვა „მეგზური“ მოგხიბლავთ და საგულდაგულოდ გაეცნობით ნაწერსაც და ფოტოებსაც. თქვენზე ფიქრი გულს გაგითბობთ და წიგნის კითხვას ინტერესით შეუდგებით.

ეს ჩემი წარმოდგენა და განწყობაა, რომელიც კითხვის სურვილის აღმძვრელი მეგზურის შექმნისას ჩამომიყალიბდა. ყველაფერი კი ქართულის მასწავლებლის, ნათია ფურცელაძის, პროექტით დაიწყო, რომლის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე რეგიონის სკოლა იყო ჩართული და ყველას ერთად – მასწავლებლებსა და მოსწავლეებს – განსაზღვრულ დროში უნდა წაგვეკითხა ნინო ხარატიშვილის რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“.

სანამ რაჭაში ჩემი ორი უფროსკლასელი მოსწავლისთვის გავგზავნიდი წიგნს, მანამდე სურვილი დამებადა, რაღაც ისეთი მომეფიქრებინა, რითაც კიდევ უფრო მეტად დააინტერესებდათ წიგნის წაკითხვა. ფიქრებმა ძალიან გრძელი სათაური დამაწერინა – აქა მეგზური წიგნის კითხვის დაწყებისათვის, რათა მკითხველს აღუძრას ინტერესი.

მეთოდის დაწვრილებით აღწერილობამდე მის დადებით მხარეებს ჩამოვთვლი:

  • კითხვის მოტივაცია;
  • შემეცნებითი სამყაროს გაფართოება;
  • პირადი ურთიერთობა;
  • წერილობითი უნარ-ჩვევების განვითარება;
  • მაძიებლობის სურვილის აღძვრა;
  • ინფორმაციის მოძიება და დახარისხება;
  • მოვლენების შეფასება;
  • წიგნი და გარესამყაროს ურთიერთკავშირი.

მოსწავლეებისთვის გაგზავნილი მეგზურის სათაურს სიტყვათა ჩამონათვალი მოჰყვა: ბერლინი, პარტიტურა, ამსტერდამი, ვენა, უტოპია, ოპორტუნიზმი, კონფორმიზმი, პეტროგრადი, ცარიზმი, სტაგნაცია, ელეონორა დუზე, Ballet russe – თითოეულ სიტყვას სემანტიკური განმარტება დავურთე პირადი კომენტარებითურთ, შიგადაშიგ კი რამდენიმე ფოტოც მოვათავსე.

რომანის „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ პირველ ნაწილში ანასტასიას ვეცნობით. შოკოლადის ფაბრიკანტის ქალიშვილი ცეკვით არის გატაცებული. პარიზის საბალეტო სკოლაში სწავლაზე ოცნებობს. ასე ჩნდება რომანში Ballet russe.

Ballet russe – ფრანგული საბალეტო კომპანია პარიზში, რომელიც წარმოდგენებს 1909-1929 წლებში ევროპასა და ამერიკაში მართავდა. რუსეთში არასდროს ჩასულან საბჭოთა რეჟიმის გამო. საბალეტო დასის ხელმძღვანელი სერგეი დიაგილევი იყო. ის თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ იგორ სტრავინსკი, სერგეი პროკოფიევი, კლოდ დებიუსი; მხატვრებთან – კანდინსკი, მატისი, პიკასო; კოსტიუმების დიზაინერად კი კოკო შანელი ჰყავდა.

Ballet russe-ს შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ძალიან საინტერესო აფიშას გადავაწყდი, რომელზეც ეწერა თეატრის რეჟისორის სახელი და გვარი (სერგეი დიაგილევი), ქორეოგრაფი (Massine), წარმოდგენის გამართვის თარიღი (1927 წელი, დეკემბერი) და თეატრის სახელწოდება – Champs-elisees. მეგზურს აფიშის ფოტოც დავურთე და კომენტარად მივაწერე –  მოგონების შესახებ ჩვენი ერთობლივი დღეებიდან, კერძოდ, როგორ ვმღეროდი კიბეზე შემომდგარი ამ სიმღერას პერსონაჟთა გალერიის ჭერში ჩამოკიდებისას.

გოგონებს  ვთხოვე, რომ ჩემთვისაც შეედგინათ მსგავსი მეგზური. ორ კვირაში ძალიან საინტერესო გზავნილი მივიღე. მარიამის ჩამონათვალი მაცნობდა შემდეგ სიტყვებს: ობერლეიტენანტი, კოლექტივიზაცია, სიზმარი, ანასტასია, ივანე სეჩენოვი, ჩეკა, ინდუსტრიალიზაცია, კოლმეურნეობა, იმპრესიონიზმი, ვლადიმერ ლენინი, თამარის მეგზური კი – ნიცას, საქართველოს ოქროს ხანას, რეგრესს, ინფანტილურს, პეტერბურგის ბიბლიოთეკას, გალანტურს, სოფელ მერხეულსა და პენსნეს.

თამარის მეგზურს საინტერესო შესავალი აქვს და მისივე ნებართვით გაგაცნობთ:

„გადავწყვიტე მეგზური ჩემს დღიურში ამეწყო, რომელიც თბილისში ყოფნისას ვიყიდე და რომელსაც ყდაზე კლიმტის ნახატი აქვს. ახლა წიგნის კითხვას ვიწყებ. ჩიტების ჭიკჭიკი მესმის და ქარის მიერ შერხეული ფოთლების ხმას ვაყურადებ. ოთახში მარტო ვარ, ამიტომ კითხვასა და წერაში ხელს არავინ მიშლის, მაგრამ ეს ფრაზა – „ გერმანულიდან თარგმნა ნინო ბურდულმა“ – მოსვენებას მიკარგავს. გული მწყდება, თარგმნა რომ მოუწია ამ წიგნს, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. 30-ე გვერდზე წავიკითხე თქვენი მინაწერი – „ორი კვირის შემდეგ“. ძალიან მომეწონა ეს ხერხი, ამიტომ ამ წერილს მეც მსგავსად გავაგრძელებ.

24 საათის შემდეგ:

ახლახან დავასრულე წიგნის კითხვა. ერთხელ დავწერე, ადამიანი სადაც კომფორტულად გრძნობს თავს, იმ ქვეყანას ირჩევს საცხოვრებლად-მეთქი. ჰოდა, ეს წიგნი ჩემი სიტყვების მტკიცებულებაა.

მეგზურმა მომხიბლა. ძალიან საინტერესო და მიმზიდველია.

ახალი ცოდნის წყაროა. ვისურვებდი, რომ მეგზურის თანხლებით წამეკითხა უამრავი წიგნი… სურვილი გამიჩნდა, რომ მეც გამოგიგზავნოთ წიგნი მსგავსი იდეით. როგორც კი აღმოვაჩენ შესაფერის წიგნს, თქვენთვის გადავდებ“.

ვფიქრობ, თამარის კომენტარი შეგვიძლია დავიმოწმოთ იმის მაგალითად, თუ როგორ ეფექტურ მეთოდად შეიძლება იქცეს კითხვის სურვილის აღმძვრელი მეგზური.

ნათია ფურცელაძემ პროექტის მონაწილეებს 1-ელ ივნისს მწერალთა კავშირში მოგვიყარა თავი, სადაც ვისაუბრეთ ერთად წაკითხული წიგნის მნიშვნელობაზე. შეხვედრის ბოლოს ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა სკაიპჩართვა წიგნის ავტორთან. შესაძლებლობა მოგვეცა, პირადად გვესაუბრა ნინო ხარატიშვილთან, მოგვესმინა მისთვის და გაგვეზიარებინა ჩვენი შთაბეჭდილებები. მე მეგზურის შესახებ ვუამბე და მახსოვს, როგორ გაეცინა ელეონორა დუზეს სურათის დანახვისას.

ამ არაჩვეულებრივმა შემთხვევამ გარდა იმისა, რომ გაგვაერთიანა საქართველოს სხვადასხვა კუთხის მასწავლებლები და მოსწავლეები, წაგვაკითხა წიგნის პირველი ორი თავი, დისტანციურად გაგვაცნო ავტორი, ამასთანავე კითხვის სურვილის აღმძვრელი მეგზური გამოგვაგონებინა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გვაჩუქა.

სანამ თამარი ჩემთვის წიგნს შეარჩევს, მანამდე მარიამისთვის ერიხ მარია რემარკის „აჩრდილები სამოთხეში“ წავიკითხე და მეგზურის შექმნა გადავწყვიტე. არაფერს გეტყვით სიუჟეტის, მთავარი თემისა თუ პერსონაჟების შესახებ. მარიამისთვის რომანიდან ამოკრებილ რამდენიმე სიტყვას გაგაცნობთ და იმედი მაქვს, თქვენც გაგიჩნდებათ წიგნის წაკითხვის სურვილი:

დებიუსის “Apres-midi d’un Faune” – მარიამ, მართალია, ცნობილი ფრანგი კომპოზიტორის ამ ნაწარმოებს წიგნის 73-ე გვერდზე შეხვდები, მაგრამ ჩემი თხოვნაა, მოძებნო youtube-ზე და მეგზურის წაკითხვა მის ფონზე განაგრძო. ფრანგული სახელწოდება სქოლიოში ამგვარად არის თარგმნილი „ფავნის შუადღე“. ფავნმა კლაივ სტეპლზ ლუისის ნარნია გამახსენა. თქვენი სკოლის მედიათეკაში არის ბორხესის წიგნი წარმოსახვით არსებებზე (გამომცემლობა „ინტელექტი“). მახსოვს, ერთ-ერთი ილუსტრაცია სწორედ ფავნის არის. გთხოვ, იპოვე და გამიზიარე. ნარნიის ფავნმა კი 2017 წლის სკოლის ბოლო დღე, 15 ივნისი, „ჯადოსნური სამყაროს ოთახში“ შეკრებილები ბათუმის წიგნების მაღაზიისთვის ბალიშებს რომ ვკერავდით, ის დღე მომაგონა. ერთ-ერთ ბალიშზე თახვი დავხატეთ ნარნიიდან.

პროლოგი – შესავალს ნიშნავს, სადაც ავტორი განმარტავს ნაწარმოების ძირითად მოტივს, თემას, იდეას. მე „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი გამახსენა, რომელიც ძალიან მიყვარს. ერთ დროს ზეპირად ვიცოდი, ახლა მხოლოდ ფრაგმენტები მახსოვს, თუმცა პროლოგის ხსენებისას სიტყვები პოემიდან ვიზუალურად ცოცხლდებიან და ეს ძალიან სასიამოვნო განცდაა.

„ვია დოლოროსა“ – ტანჯვის გზა (ესპ.).  პირველად მის შესახებ ესპანურენოვანი ლიტერატურის ლექტორის, ქალბატონ ლია ლორიასგან შევიტყვე. ახლაც მახსოვს, როგორ გვიამბობდა გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ილიაუნის აუდიტორიაში. შემდეგ თაკო როდონაია (გოგო, რომელის წყალობითაც ბათუმში სტუმრობა დაგვიფინანსეს) სოციალურ ქსელში აქვეყნებდა „ვია დოლოროსას“ პროცესის შთამბეჭდავ სურათებს. იქნებ ოდესმე ჩვენც ვინახულოთ დონ კიხოტის ქვეყანა და „ვია დოლოროსას“ შთამბეჭდავი მსვლელობა ჩვენც ვიხილოთ!

მდინარე ჰუძონი – მდინარე ნიუ-იორკში.  რამე ხომ არ გახსენდება? ახლა გაგეცინება, მაგრამ ზუსტად ვიცი, ჩაფიქრდები და გულწრფელად მიპასუხებ „არას“. მინიშნებას დაგიტოვებ – ო’ჰენრის „სიყვარულის მსახურება“, სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ და სამოდელო გაკვეთილი მედიათეკის ოთახში.

ჰამბურგი – წიგნიდან წიგნშიეს ფრაზა ყველაზე მეტად მოუხდება გერმანულ ქალაქს, ჰამბურგს. თამარი თავის მეგზურში მწერდა, ნინო ხარატიშვილის რომანის – „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“- ინფორმაციის მოძიებისას აღმოაჩინა, რომ ქალაქ ჰამბურგში ამ ნაწარმოების მიხედვით ოთხსაათიანი სპექტაკლი დაუდგამთ. ახლა კი რემარკთან ვხვდებით. დარწმუნებული ვარ, კითხვისას არ გამოგეპარება ჰამბურგი და თუ ოდესმე ამ ქალაქს მოინახულებ, შენი მეხსიერება პირადი ამბებითა და ცოდნით იქნება სავსე.

ბრიუსელის მუზეუმის ბიბლიოთეკა – ეს სიტყვები ჩემი ცხოვრების მშვენიერ და ძალიან სევდიან ეპიზოდს მახსენებს. როცა  ევროპის დედაქალაქში ყოფნის შესაძლებლობა მომეცა, გადავწყვიტე, ცნობილი ბელგიელი მხატვრის, რენე მაგრიტის მუზეუმი მომენახულებინა. სამწუხაროდ, სანამ მივაგენი,  სავიზიტო დრო ამოიწურა. გულდაწყვეტილი დავდიოდი  უზარმაზარი შენობის ირგვლივ. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე ბრიუსელის მუზეუმის ბიბლიოთეკაც, თუმცა, ვერაფრით მივაგენი შესასვლელ კარს. საკუთარ თავზე გულმოსული ვფიქრობდი, რომ ისევ საბჭოთა კავშირში დაბადებული, 90-იანი წლების მოუხერხებელი და წინდაუხედავი ადამიანი ვიყავი. იცი, მთავარი პერსონაჟი როსი, სწორედ ბრიუსელის მუზეუმში იმალებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს და იქ ყოფნისას ხელოვნების შედევრებს ეცნობოდა. შენ ხომ ასე ძალიან გიყვარს მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე დაწერილი რომანები და ერიხ მარია რემარკი. ასე რომ, წინ დიდი სიამოვნება გელის!

გაჩლახუნდა – შეგიძლია, ამ სიტყვის მნიშვნელობა ზუსტად განმარტო? ან თუ გაქვს ერთი სიტყვა, რომელიც სხვადასხვა წიგნში დაგყვება თან? გაჩლახუნდა ჩარლზ დიკენსის შესანიშნავ პერსონაჟს, ნიუმენს მახსენებს. ისიც მახსოვს, როდის ვკითხულობდი წიგნს. უწერის სკოლის ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე ძველი, ჭიებმიმხმარი, სქელტანიანი „ნიკოლას ნიკლბი“ და ზაფხულის არდადეგებზე ფასანაურში, არაგვის პირას ვკითხულობდი. რომანი   ვახტანგ ჭელიძეს უთარგმნია. ნიუმენს ფეხი აქვს დაზიანებული და კოჭლობით მიითრევს. ერთხელ ინგლისური ლიტერატურის ლექტორმა გვითხრა, დიკენსი ხასიათების უბადლო მხატვარიაო. ძნელია, არ დაეთანხმო. მე ხომ ასე მკვეთრად დამამახსოვრდა ნიკოლას ნიკლბის ბიძის პრინციპული, დიდსულოვანი, კეთილი შინამოსამსახურე  ნიუმენი. შემდეგ გაჩლახუნდა შემხვდა ზაზა ჭილაძის, ანი კოპალიანის თარგმანებში. ამ რომანშიც რომ წავაწყდი, ძალიან გამიხარდა. ვინ იცის, კიდევ რამდენ  წიგნში გადმომყვება ეს სიტყვა. ქართულ ზმნაზეც დაგვაფიქრებს – ხმაბაძვა და სემანტიკა ჰარმონიულად რომ თანაარსებობს. ვფიქრობ, შენც აღარ გამოგეპარება გაჩლახუნდა.

პფენიგი – (გერმ. Pfennig) — გერმანული ფულის ერთეული. წერილობით წყაროებში სიტყვა „პფენიგი“ გვხვდება IX-X ასწლეულებში. განმარტება ვიკიპედიაში ამოვიკითხე. ძალიან მიყვარს ფულის ერთეულებზე დაკვირვება. ქვეყნისა და საზოგადოების ისტორიას ასახავს. მაგალითისთვის ორი წიგნი მინდა დავიმოწმო: 1. სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“ და 2. რობერტ ლუი სტივენსონის „განძის კუნძული“. საბამ ვახტანგ მეფის ტყვეობიდან დასახსნელად 300 ათასი ეკიუ სთხოვა ლუდოვიკო XIV-ს. შემდეგ პაპმა ფულით დაასაჩუქრა: „ას სამოცი იქაური სკუთი ებოძა, სამასი მარჩილია, გზის ხარჯად“. ფულის ერთეული იტალიიდან საქართველოში გვაბრუნებს. დასნეულებულ, ნატანჯ საბას კლარჯეთში გაძარცვავენ: „სამოცი ფლური ჯიბეში მედვა, ისიც წამართვეს“.  ქართველი მოგზაურის ნათლიდედას კარდაკარ ჩამოუვლია და ასე შეუგროვებია მისთვის ბურსელი ვაჭრებისთვის მისაცემი თანხა. ფულის ერთეულის ცვლილება მთხრობელის თავგადასავალს სიმბოლურ მნიშვნელობას სძენს – ფულთან ერთად იცვლება გეოგრაფიული არეალი, დრო, დამოკიდებულებები.

„განძის კუნძული“ – სათაური გვანიშნებს, რომ რომანში ფულის ერთეულები მთავარ მოტივად იქცევა. სიუჟეტის კვანძის გახსნისას, ბოლო თავში ფულის ერთეულთა მოყვარულებს დიდი სიამოვნება ელით წინ. ჯიმ ჰოკინზი გვიამბობს, რომ ნაღდ ფულს საპურე ტომრებში ყრიდნენ.

„ბილი ბოუნზის განძივით ესეც ნაირ-ნაირი ფულის ნიშნების უცნაური კოლექცია იყო, ოღონდ გაცილებით დიდი და გაცილებით მრავალფეროვანი, დიდ სიამოვნებას მგვრიდა მათი დახარისხება. ინგლისური, ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური ფულები; გინეები და ლუიდორები, დუბლონები და ორგინეიანები, მოიდორები და ცეხინები; უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში ევროპის ტახტებზე მჯდარ მეფეთა სურათები; უცნაური აღმოსავლური მონეტები, რომლებზეც ძაფის ხლართის ანდა ობობას ქსელის მსგავსი გამოსახულება იყო აღბეჭდილი; მრგვალი, კუთხოვანი და შუაგულში გახვრეტილი მონეტები, თითქოს ყელზე სატარებლად – მე მგონი, მსოფლიოს თითქმის ყველანაირი ფული უნდა ყოფილიყო იმ განძში“.

ჯიმ ჰოკინზის მონათხრობი ლიტერატურულ წარმოსახვას აძლიერებს და ისტორიულ მოვლენებზე გვაფიქრებს.

ძველ ფულის ერთეულებზე საუბრისას დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტა მახსენდება, რომელიც დავითის მეფობისას არის მოჭრილი. მასზე მეფის გამოსახულებაა აღბეჭდილი. მონეტა ბრიტანეთის მუზეუმის საკუთრებაა და ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია გამოფენილი. მეფის გამოსახულებიანი ექსპონატი 16 დეკემბრამდე იქნება საქართველოში, შემდეგ კი ისევ ბრიტანეთში დააბრუნებენ.

ფრანსუა ვიიონი – XV საუკუნის ფრანგი პოეტი. მისმა სახელმა და გვარმა დავით წერედიანის ესეების კრებული „ანარეკლი“ გამახსენა. წიგნის ბოლოს ფრანსუა ვიიონის ორი ლექსის ავტორისეული თარგმანია. ერთ-ერთი ლექსის სათაურია „ღვთისმშობლის ლოცვა, დედისთვის შეთხზული“. ბოლო სტროფს გაგაცნობ:

ნებული ჩვენთვის, ცით მოსული, წასული ცადვე,

გი, ვინც ჩვენი უფალი და მაცხოვარია,

სე, ვით ერთმა ჩვენთაგანმა, ატარე ცხრა თვე,

დეს განკაცდა, იყო, სადაც მწირნი არიან,

ებით ითმენდა ყველა ტანჯვას, ცოდვილთა სათმენს,

გია, თუ რამ სიხარული მიგველის სადმე,

მინდა ამ რწმენით ვიცოცხლო და მოვკვდე, მარიამ“.

ლექსმა დავით გურამიშვილის პოეზია გამახსენა. „ანარეკლში“ ფრანსუა ვიიონის შესახებ ვრცელი ესეა. თუ დაგაინტერესებს, შემიძლია, წიგნი გამოგიგზავნო.

ატილა და ჩინგის ხანი – ამ სისხლისმსელი მმართველების სახელები მახსენებს მამაჩემსა და ჩემი ისტორიის მასწავლებელს, რადგან მათ გამაცნეს ისინი. თქვენზე მეფიქრება, ისტორიული პერსონაჟები ძალიან რომ გიყვართ და თან არაჩვეულებრივი დარეჯან მასწავლებელი გყავთ. ჩემი თხოვნაა, ჰკითხოთ მას ატილასა და ჩინგის ხანის შესახებ. რომანში როცა ამ სახელებს გადააწყდები, დააკვირდი, რა კონტექსტში ახსენებს მათ რემარკი.

თომას მანი – ამ გერმანელ ავტორს მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში გავეცანი. ინტელექტუალურ რომანებს წერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რომანის სიუჟეტში დაშრევებულია ფილოსოფია, მითოლოგია, ფსიქოლოგია. თომას მანმა რემარკის მსგავსად დაგმო გერმანიის მიერ წამოწყებული მეორე მსოფლიო ომი, რის გამოც სამშობლო დატოვა და ამერიკაში ცხოვრობდა. ძალიან საინტერესოა, როგორ აფასებს რემარკი თომას მანს.

შტეფან ცვაიგი – ავსტრიელი მწერლის ნოველა „უცნობი ქალის წერილები“ პირველად რომ წავიკითხე, 14-15 წლის ვიქნებოდი. იმდენად მოვიხიბლე, ნახევარზე მეტი სანთლის შუქზე დღიურში გადავიწერე. ერთ-ერთ გვერდს გამხმარი ვარდის ფურცელიც ამშვენებს. ახლა ღიმილით ვიხსენებ საკუთარ თავგანწირულებას, მაგრამ ჩემი საქციელის მთავარი მოტივი ძლიერი სურვილი იყო, მეც ისევე თავდავიწყებით შემყვარებოდა ვინმე, როგორც ნოველის მთავარ პერსონაჟს უყვარს.

ამ ბოლო დროს წავიკითხე გრიგოლ რობაქიძის შტეფან ცვაიგისადმი მიწერილი წერილები (მთარგმნელი ნათია ფურცელაძე). ქართველი მწერალი ცდილობს, თავისი შემოქმედება გერმანულად თარგმნოს და ამგვარად ქართული ლიტერატურა ევროპულ საზოგადოებას გააცნოს. შტეფან ცვაიგს კი გამომცემლებთან შუამდგომლობას სთხოვს. ერთ-ერთ წერილში წავაწყდი რემარკის შემოქმედების ირგვლივ გრიგოლ რობაქიძის მსჯელობას. ის წერს:

„დღეს შევიტყვე, რომ რემარკის ნაწარმოები გერმანიაში ისე მაღალ დონეზე შეაფასეს, რომ ავტორს ნობელის პრემიის კანდიდატად მოიაზრებენ. ერთხელ ეს ნაწარმოების, როგორც „რეპორტაჟი“, ისე დაგიხასიათეთ (თუმცა ძალზე მარჯვედაა შექმნილი). ახლა ვხედავ, რომ ის არც ისე მაღალ დონეზე შემიფასებია. ალბათ, ჩემს შეხედულებას უსიამოვნოდ შეხვდით…“

XXI საუკუნეა და ჩვენ დიდ მწერლებთან გვანათესავებს ლიტერატურა. ხშირად ვამბობ, რომ ლიტერატურა სამყაროს კეთილი ნების ელჩია. მაინტერესებს, ამ ყოველივეს წაკითხვამ შენზე როგორ იმოქმედა.

აინშტაინი – გემახსოვრება, ჩარლზ ჩაპლინის ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი ბიოგრაფია“ თამუნასთვის წავიკითხე. ჩაპლინი აინშტაინთან შეხვედრის რამდენიმე ეპიზოდს იხსენებს. ფურცელ-ფურცელ ვეძებ და 414-ე გვერდზე ვპოულობ:

„აინშტაინს პირველად 1926 წელს შევხვდი, როცა იგი კალიფორნიაში ჩამოვიდა ლექციის წასაკითხავად. მე ჩემი თეორია მაქვს, რომლის მიხედვითაც მეცნიერები და ფილოსოფოსები ნამდვილი რომანტიკოსები არიან, ოღონდ თავიანთ გრძნობებს ისინი სულ სხვა მიმართულებით წარმართავენ. ეს თეორია სწორედ აინშტაინზეა ზედგამოჭრილი, რომ შეხედავდი, ნამდვილი ალპების გერმანელი იყო, ამ სიტყვის კარგი გაგებით – გულმხიარული და კარგი სამეგობრო კაცი, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ იმ გარეგნული სიმშვიდის მიღმა მაღალი ემოციები და ტემპერამენტი იმალებოდა, და მისი არაჩვეულებრივი ინტელექტუალური ენერგიაც სწორედ ამ წყაროთი იკვებებოდა“.

ჩარლზ ჩაპლინი ასევე გვიამბობს, როგორ გამოიგონა აინშტაინმა ფარდობითობის თეორია. აბა, როგორია? ლიტერატურამ შეიძლება ფიზიკით დაგაინტერესოს. თუ რატომ ახსენებს რემარკი აინშტაინს, შენ თავად აღმოაჩინე.

დეგა „ღამე“ – მარიამ, იმედია, ისევ უსმენ დებიუსის „ფავნის სიმღერას“. კლასიკური მუსიკის ფონზე ფრანგ მხატვარზე უნდა ვისაუბროთ. ედგარ დეგას ხსენებისას მისი ბალერინები მახსენდებიან. ის ხშირად ხატავდა მოცეკვავე ქალებს. რემარკის მთავარი პერსონაჟი, როსი, დეგას „ღამეს“ ახსენებს. ბევრი ვეძებე, მაგრამ ზუსტად ვერ მივაგენი, რომელ ნახატს გულისხმობდა, თუმცა, ბრიუსელის მუზეუმში სტუმრობისას განსაკუთრებული ყურადღებით სწორედ ედგარ დეგას ნახატებს დავაკვირდები. გირჩევ, შენც მოიძიო ფრანგი მხატვრის შესახებ ინფორმაცია და გაეცნო მის ფერწერულ ტილოებს. წინ დიდი სიამოვნება გელის – ჰაეროვნება და მოძრაობა ცხოვრების ესთეტიკურობასა და სინამდვილეზე ერთდროულად დაგაფიქრებს. ნახატი, მუსიკა და ტექსტი ჩვენს ერთ-ერთ გაკვეთილს მახსენებს, კერძოდ, ვან გოგის „ატმის ხე“, გალაკტიონის „ატმის ყვავილები“ და შოპენის „გაზაფხულის ვალსი“ ერთმანეთს რომ დავუკავშირეთ.

ძვირფასო მკითხველო, მარიამთან მონოლოგი გამეწელა, თუმცა, სხვაგვარად სტატიის მთავარ მიზანს ვერ ავსახავდი. ჩემი მოსწავლისთვის შედგენილ მეგზურს თან დავურთავ დებიუსის, მდინარე ჰუძონის, ჰამბურგის, პფენიგის, ბრიუსელის ბიბლიოთეკის მუზეუმის, ედგარ დეგას, აინშტაინის, შტეფან ცვაიგის, „ვია დოლოროსას“, თომას მანის ფოტოებს, „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგსა და ფრანსუა ვიიონის ლექსს.  ვფიქრობ, თქვენთვისაც ნათელი გახდა მეთოდის აღწერილობა და ერთდროულად მოგინდათ რემარკის „აჩრდილები სამოთხეში“ წაკითხვა და მეგზურის შექმნა. მე კი იმაზე დავფიქრდი, კითხვა რომ არა, რა მოსაბეზრებელი იქნებოდა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება თუ პროფესიული საქმიანობა.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი