ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ვაჟა-ფშაველა და ქრისტიანობა

ყველაფერი ინდივიდუალურია და ყველას ჩვენი ვაჟა-ფშაველა გვყავს: საოცარი ზნეობრიობის, ადამიანურობის, ეროვნულობის მატარებელი გენიოსიც და ჩვეულებრივი კაციც, როგორც ქრისტე, თავისი განუმეორებელი ტრაგიზმით. მისგან ვსწავლობთ, რომ არ უნდა ვიყოთ ყოფიერების მონა და სული გამოვაწრთოთ წინააღმდეგობათა გადალახვით… ვაჟამ, მართლაც, მოწამეობრივი ცხოვრება განვლო. უფალი მისნაირებზე ამბობს: ,,ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი”.

არეოპაგეტიკაში მოცემული ქრისტიანული ფილოსოფია თანხვედრაშია ვაჟასეულ სამყაროს მსოფლაღქმასთან. ეს არის სწორედ ქრისტიანობა ვაჟათან, არა სწორხაზოვანი დოგმატიკურობით (ამისთვის ალუდას გახსენებაც კმარა, რომელსაც სწორედ დოგმის დარღვევას აბრალებს ზოგიერთი მკვლევარი, სინამდვილეში კი მისი შეგნება ბევრად წინ უსწრებს თემისას და პროგრესულია, თავისი მომავლის განზრახულებით, როგორც თუნდაც მინდიას სიბრძნე, ასე რომ – ჩამოჰგავს ღვთაებრივს), არამედ სამყაროს გულის-გულის წვდომის უცნაური, თითქოს, ადამიანთათვის მიუწვდომელი სიღრმითა და პირველყოფილი მთლიანობით: ,,ყოფიერება ვაჟას მიერ განიცდება და დაინახება, როგორც ერთიანობა, რომელიც ურთიერთში გადამსვლელი მუდმივი ქმნადობაა: თავისუფლება და მონობა (,,ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა”)…სისავსე და სიცარიელე: სიცოცხლე და სიკვდილი და სხვა…”(ჯანრი კაშია). ესაა სწორედ  ის, მიზეზი ყოველივე არსებულისა, და ღვთაებრივი საწყისი მთლიანობაში შედეგია უზენაესი ღვთაებრივი ერთობისა, რომელიც წმინდა წერილში მოიხსენიება სახელით ,,ერთარსება”, რადგანაც ერთარსებაა მამა-ღმერთი, იესო ქრისტე და სული წმინდა.

ვაჟა-ფშაველასთან ქრისტიანული მოტივებისა და განწყობების პრიმატულობას ბევრი მკვლევარი აღიარებს და ფიქრობს, რომ ამ მხრივ შეცდომის სათავე მწერლის გამოხატვის ფორმასა და მისი თვალსაზრისის გაიგივებაში მდგომარეობდა. როგორც ცოცხალ რწმენაში, ასევე მხატვრულ ქსოვილშიც მშრალი დოგმატიკა ქმედების, პიროვნული მაგალითის გარეშე არაფრის მომცემია. თავისი სიყვარულით სავსე სამყაროთი, რომელიც დასახლებულია გამორჩეული ინდივიდებით, ზნეობრივი გმირებით, ვაჟა ქრისტიანობის აპოლოგეტია. საოცარია ვაჟა-შაველას ჰუმანიზმი, რომელიც ქრისტეს ჰუმანიზმსაც ჩამოჰგავს. ზემოთ ნახსენებ ერთიანობას შემდეგი რამ ქმნის: ადამიანი, რომელმაც გაცნობიერებულად იცის სიკეთე და ბოროტება (ბუნების სხვა ქმნილებათაგან განსხვავებით), ბუნებაში სხვებზე ზეაღმატებულად კი არ უნდა აღიქვამდეს თავს, არამედ თანაბრად (თუ ასე არაა, ჰარმონია დარღვეულია, მაგ, ,,ია”, ,,შვლის ნუკრის ნაამბობი”). ვაჟას შემოქმედებაში ბუნებასთან ეს ჰარმონია ღმერთთან თანაზიარობას გულისხმობს.

სამყაროს არსის ტრაგიკულობის გამოხატულებაა ადამიანური სამართალიც, რომელიც ძალიან შორსაა ღვთაებრივისგან. ქრისტიანულ მცნებას ,,არა კაც კლა” ვერ იცავს კაცობრიობა. კაცთა სამართალი შურისგებასაც გულისხმობს (,,სიკვდილი ყველას გვაშინებს, სხვას რომ ჰკვლენ, მზერა გვწადიან; კაცნი ვერ ჰგრძობენ ბევრჯელა, როგორ დიდ ცოდვას სჩადიან” – ,,სტუმარ-მასპინძელი”), რაც ვაჟასთვის მიუღებელია. ალუდას სიზმარში ადამიანთა მტერობა-შურისგება-სისხლისღვრა კაციჭამიობასთანაა გაიგივებული, რადგან მწერალი წინააღმდეგია კაცისკვლის ყველანაირი შემთხვევისა, სამაგიეროს გადახდა იქნება ეს (თუნდაც სიკვდილით დასჯა) თუ სისხლის აღების წესი მთაში. ეს ცოდვა-მადლის პრობლემის ქრისტიანული თვალთახედვაა, რომელიც მიტევების, სიყვარულის ზნეობრიობაა, განსხვავებით წარმართული შურიგების სისხლიანი სამართლისაგან. ფაქტობრივად, ალუდას საქციელი სიყვარულისთვის, ღვთისთვის თავგანწირვაა, რომელიც უდიდეს სიმტკიცესა და სულიერი ძალების მობილიზებას გულისხმობს, რადგან ის ურჩია საზოგადოებისადმი (,,ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან”. – „ვეფხისტყაოსანი”), ამიტომაც განკერძოებულიც აღმოჩნდება მისგან, რაც, უმეტეს შემთხვევებში, სასიკვდილოდ განწირულობას გულისხმობს. ლექსში ,,ჩემი ვედრება”, ისევე როგორც მის გამორჩეულ გმირებში, ჩანს ვაჟას ინდივიდუალობა, მსოფლმხედველობა, ადამიანური და შემოქმედებითი კრედო:

გაგება ადამიანის თავისუფლებისა, რომელიც ყველაზე სანუკვარი, ძნელად მისაღწევი რამაა თითოეული ჩვენგანისათვის, აქ წმინდად ქრისტიანულია: ესაა პირადულზე ამაღლება საზოგადოს, მოყვასის საკეთილდღეოდ. ,,ჭეშმარიტი ქრისტიანობა მუდმივი თავგანწირვაა” (არქიმანდრიტი რაფაელი). ეს სწორედ იობის მოთმინებაა, წმინდანის თვითშეწირვა, რომელსაც მაღალი გრადაციის ქრისტიანული სიყვარული გულისხმობს, გულის დარდის ,,გადიადება”  (ვაჟას გადასვენებისას მისი სხეული უხრწნელი დახვდათ. მისი სული ხომ ყოველთვის ტანჯვით ამაღლებული იყოს სხეულზე).

„ნუ დამასვენებ ნურასდროს,

მამყოფე შეძრწუნებული,

მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,

როცა ვარ შეწუხებული“.

ეს სულისშემძვრელი ტრაგიზმი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ბედნიერი დიდი შემოქმედი ოქსიმორონია. თუმცა სწორედ ეს აახლოებს მას ღმერთთან, სწორედ ესაა ის ძალა, გზა, რომელიც მიგვიძღვის ყოფის პირობითობათა და წინააღმდეგობათა გადალახვისაკენ. „ღმერთმა გიშველოს სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა”. სიკვდილს მადლად, მშვენიერებად აღიარებს მხოლოდ ის, ვინც მისი მძლეველია თავისი ცხოვრებით, სიყვარულით, მოკრძალებით, ვინც ,,სიკვდილამდე თავს არ იკლავს”, ვინც უძლებს და იბრძვის, ეურჩება ყოფას, წუთისოფელს ბოლომდე. ასეთი იყო ქრისტე, ასეთი იყო ვაჟა-ფშაველაც და მისი გამორჩეული გმირებიც – სიკვდილის, ყოფის დამმარცხებელნი. ასეთია მთელი ქართული ყოფიერებაც.

ქრისტიანულ  რელიგიაში მკაფიოდაა გამოხატული სიყვარულის ფილოსოფია.  ,,რომელი იმარხვიდეს მცნებათა მისთა, მის თანა ჰგიეს და იგი თავადი მის თანა” (1 იოანე 3, 24). მცნებების დაცვა გულისხმობს მოყვასის სიყვარულს, მტერშიც უფლის ხატის დანახვას და მის სიყვარულს (ვაჟას აზრით, ყველაზე სრულყოფილი გამოვლინება ქრისტიანული მსოფლაღქმისა), ხოლო ეს ყველაფერი ერთიანდება სიცოცხლის, ღმერთის სიყვარულში, თუმცა მცნება ,,გიყვარდეს მტერი შენი” ცოტა თავისებურად ,,ესმის” ქართულ ცნობიერებას, რომელმაც იცის, რომ სამშობლოს მტერს თუ არ შეეწინააღმდეგე, ყველაზე ძვირფასს წაგართმევს. ქრისტეც მხოლოდ დოგმა კი არაა ან აკრძალვა, არამედ სწორედ სიყვარულით თავისუფლება, რომელსაც თუნდაც ალუდა ქეთელაურმა მიაღწია და რომელიც არცთუ ისე ადვილად გასაგებია თვით ზოგიერთი მორწმუნისათვის, რომელსაც საკუთარი თავისა თუ ახლობლის სიყვარული უფრო ეხერხება წარმართივით. ალუდა ქეთელაურმა მიაღწია იმ მაღალ საფეხურს სულიერებისა, რომელიც მტერში ადამიანის, ღმერთის დანახვაა. აქვე არ შეიძლება არ ვთქვათ ვაჟას მსოფლმხედველობისა და შემოქმედების საფუძველზე – ეროვნულობაზე, რადგან ღმერთი და სამშობლო ყოველთვის ერთ სიბრტყეზე განსახილველი ცნებები იყო ქართულ, ქრისტიანულ ცნობიერებაში (,,სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა”). ვაჟა-ფშაველას აზრით, სიყვარულია დანიშნულება ჩვენი არსებობისა, იქნება ეს მისი უმაღლესი იდეალი: ღმერთი და სამშობლო თუ სიკეთეს, სიბრალულს, მიტევებასა და სხვა ჰუმანურ გრძნობებში გამოვლენილი მისი რაობა.

ქართულ აგიოგრაფიაში არის ასეთი ტერმინი ,,ცრემლოობა”, რომელიც ადამიანის საკუთარ ცოდვებზე მწუხარებას გულისხმობს. ღმერთიც ალბათ სევდიანია, კაცობრიობის, სამყაროს ცოდვა-ბრალის შემყურე. ვაჟას აქვს ერთი პატარა ლექსი ,,სიმღერა”, რომელშიც სწორედ ღმერთკაცის სევდაა, კარგად ჩანს ვაჟა თავისი ტკივილიანი სიძლიერით. ტირილს ღვთისმშობლის მადლსაც ეძახიან. ,,დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდეთ. სიცილი თქუენი გლოვად გადაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად. დამდაბლდით წინაშე უფლისა, და აღგამაღლნეს თქუენ” (იაკობი 4, 9-10). ვაჟას შემოქმედება უშუალოდაა დაკავშირებული ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან, დოგმებთან. თუნდაც სინანულის მოტივი, რომელიც ამ პატარა ლექსშიც შეიგრძნობა და მის სხვა ნაწარმოებებშიც და ყველაზე ძლიერი გამოვლენა ამ გრძნობისა ,,ალუდა ქეთელაური”.

ვაჟას მთელ პოეზიაში ძლიერია ღმერთის, სიკეთის, სიყვარულის, ამამაღლებელი სინანულის განცდა. ესაა უტყუარი დასტური მითი ავტორის ქრისტიანული აღმსარებლობისა.

,,მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდექ,

თვალთ წინ მეფინა ქვეყანა,

გულზედ მესვენა მზე-მთვარე,

ვლაპარაკობდი ღმერთთანა”.

გრიგოლ რობაქიძე ამბობდა: ,,ვხედავ ფიროსმანს და მესმის საქართველო”. ეს ფორმულა ვაჟასაც შეიძლება შევუბრუნოთ: ,,მესმის ვაჟა და ვხედავ საქართველოს”. ვაჟას წარმოდგენა შეუძლებელია ქრისტიანული აზროვნების გარეშე. სანამ იქნება ინტერესი ვაჟას ბოლომდე ამოუცნობი შემოქმედებისადმი (თუმცა იგი საოცარი სიმარტივით თხზავდა), იქნება საქართველოც, ორივე წამებულნი და უკვდავნი არიან…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი