პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პავლიკოვსკი და კნაუსგორი      

პირველ ნოემბერს, მწერალთა სახლში, პოლონელ რეჟისორს, „იდას“, „ცივი ომის“ ავტორს, პაველ პავლიკოვსკის თავისი ფილმებისა და ცხოვრების შესახებ უნდა ესაუბრა. ნახევრად ცარიელ დარბაზში ისეთი ადგილი შევარჩიე, მისი სახის გამომეტყველება კარგად რომ დამენახა და უმნიშვნელო ჩრდილის გადარბენაც კი არ გამომპარვოდა. არა, ბევრს არაფერს ველოდი ამ შეხვედრისგან – ალბათ იმას გაიმეორებდა, რაც სხვაგან, სხვა აუდიტორიის წინაშე ეთქვა. ისიც ვიცოდი, რომ მზის შუქზე მწერალთა სახლში არ ვიტირებდი და გულდამშვიდებული ვემზადებოდი მის მოსასმენად.

„ცივი ომი“ შარშან, ნოემბრის ბოლოს ვნახე კინოთეატრში. ფილმის დაწყებიდან ათი წუთიც არ იქნებოდა გასული, სიბნელეში რომ ვტიროდი და სველ სახეზე ხელისგულს ვისვამდი. დარჩენილი დრო – საათი და ოცი წუთიც ტირილში გავატარე. ამ ფილმის ხელახლა სანახავად გამბედაობა აღარ მყოფნის – ცეცხლთან მიახლოებასავით იქნება, ახლად დამწვარი სხეულით.

პაველ პავლიკოვსკიმ გვითხრა, რომ ფილმში თავისი მშობლების ამბავს მოჰყვა, რომ მისი წარმოდგენა სიყვარულზე ბოლომდე განსაზღვრა დედამისისა და მამამისის სასიყვარულო ისტორიამ – განშორებების, შეხვედრების, ერთმანეთისგან გაქცევის, ერთმანეთის ხელახლა აღმოჩენის, გაუნელებელი გრძნობის ათწლეულებმა. თუმცა ბავშვობაშივე გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრება სხვანაირი უნდა ყოფილიყო – ნაკლებად ქაოსური, ნაკლებად დამოკიდებული იმგვარ შემთხვევითობებზე, მოვლენათა მსვლელობას მიმართულებას რომ უცვლიანო, – ესეც დაამატა. ერთი სიტყვით, ცხოვრებისთვის, ისევე როგორც სიყვარულისთვის ფორმა თვითონ უნდა მიეცა და, როგორც თქვა, მოახერხა კიდეც.

ამ შეხვედრიდან ცოტა ხნის შემდეგ წიგნის კითხვა დავიწყე, სადაც მთავარი გმირი გამუდმებით ტირის და სწორედ ამის გამოა, რომ შენიანად აღიქვამ და აღარც მისი გაუმართლებელი, ზღვარგადასული გულწრფელობა გეუცხოება. შესაძლოა სხვა წიგნებს სხვა რამის გამო კითხულობდე, ნორვეგიელი მწერლის, კარლ უვე კნაუსგორის „ჩემი ბრძოლა“ კი თავს იმიტომ გაკითხებს, ავტორი რომ დამწვარ ხელებს გიწვდის და საშუალებას გაძლევს, მათ დიდხანს დააკვირდე, ძალიან დიდხანს. ეს ავტობიოგრაფიული წიგნია და მწერლის ამოცანაც, ერთი შეხედვით, მარტივია: თავის ამბავს ისე უნდა მოგიყვეს, რომ კითხვის გაგრძელების სურვილი არ დაგეკარგოს. აქ კი გვერდებს შორის სანიშნის ჩადება აღარ გინდა, ბოლომდე ქრები ჩრდილოეთის უსასრულო ღამეში, თოვლში, მკვლელ სიცივეში.

თავიდან ბავშვობის, ბიჭობის, პირველი სიყვარულის, სკოლის წლების ისტორიებია. კარლ უვესა და მისი მასწავლებელი მამის ურთიერთობა დროდადრო დაძაბულობის ისეთ ხარისხს აღწევს, ბნელ ჩიხს თვალნათლივ ხედავ. და რა უნდა იყოს ამის შემდეგ? მამას თითქოს შეუძლია, ერთდროულად ყველგან დადიოდეს, ყველაფერს ხედავდეს, ყველაფერი ესმოდეს. მისი უკმაყოფილო სახე შვილს გადაულახავ წინაღობად ექცევა. არის დღეები, როცა უმნიშვნელო ქმედების შესრულებაც კი გამორიცხულია ამ დიდ, დამთრგუნველ ფიგურაზე, მის საპასუხო რეაქციაზე ფიქრის გარეშე. არადა, ახალი წელი მოდის, ბიჭი სიხარულს ეძებს, იმედი ჯერ არ დაუკარგავს, სიცოცხლე უნდა, სიყვარული უნდა, მეგობართან ერთად თავაწყვეტილი მხიარულება უნდა…

სიყვარული. „ის სიყვარული ალბათ უდიდესი იყო, რადგან ყველაფერი მეუცხოებოდა. ჩემთვის სამყარო ჰანეს გარშემო ბრუნავდა. დილაობით სკოლაში მისვლა ჰანეს გამო მიხაროდა. თუ ავად გახდებოდა ან სკოლას სხვა მიზეზით გააცდენდა, ყველაფერს მაშინვე აზრი ეკარგებოდა. მინდოდა, ის დღე მალე გასულიყო. რატომ? რას ველოდი? ერთმანეთს არ ვეხვეოდით და არც ვნებიანად ვკოცნიდით. მსგავსი ურთიერთობა არ გვქონია. სამაგიეროდ, იმ წუთებში, როცა მხარზე უბრალოდ ხელს დამადებდა, ან მეგობრულად გადამეხვეოდა, როცა დამინახავდა და გამიღიმებდა, ანდა როცა ჩემს ხუმრობაზე გაიცინებდა, უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი“. სიყვარული დიდ განსაცდელად იქცევა, როცა ასეთია – მწვერვალიდან უფსკრულში, უფსკრულის სიღრმიდან მწვერვალისკენ ყურება გამძლეობას, მუდმივ ტკივილთან შეგუებას მოითხოვს.

ბავშვობაშიც ტირის კარლ უვე და მერეც, როცა ჰანე დიდი ხნის დავიწყებული ჰყავს, მამა კი სულაც აღარ ეღობება ცხოვრების გზაზე. ყოველ შემთხვევაში – ძველებურად აღარ. ხან მხოლოდ თვალები უწყლიანდება, ხან კი ცრემლებს ვერაფრით იკავებს. მახსენდება წიგნები, სადაც ცრემლების გუბეები დგას და სხვებიც, რომლების ფურცლებიც ბავშვობისას თუ მერე დამისველებია. მახსენდება მამაჩემიც, მწვანე დივანზე რომ იწვა ნამტირალევი სახით, მე კი, მუხლებზე დამდგარი, თავზე ხელს ვუსვამდი და ტირილის მიზეზს მშვენივრად ვხვდებოდი. რა განსაზღვრა იმ დღემ? პასუხის გაცემა რომ მომინდეს, კნაუსგორის მიმბაძველად უნდა ვიქცე – სხვა ჩრდილოეთში სხვა თოვლს უნდა შევუშვირო სახე. არადა, არის პავლიკოვსკის გზაც – ისიც საშიში, მოლიპული, ძნელად სავალი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი