პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ნაჭრის ჩარჩო

საგაკვეთილო დრო ყველა მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობისთვის საკმარისი არ არის. არადა, ყველა ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება, აღიარება, წარმოჩენა. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ერთ მიგნებას, რომელიც მოსწავლეთა ნამუშევრების გამომზეურებას გაგიადვილებთ, მათზე დაკვირვების საშუალებას მოგცემთ. პარალელურად ბავშვები ტექსტის გაგება-გააზრებას ისწავლიან, ლექსიკურ მარაგს გაიმდიდრებენ და ქაღალდს დაზოგავენ.

 

საჭირო მასალა

ნაჭერი, წყალგამძლე საღებავი, რვა პატარა ნაწილად დანაწევრებული თაბახის ფურცლები.

 

როგორ ვაკეთებთ

ფერად ნაჭერს ისე ვჭრით ჰორიზონტალურად, რომ თაბახის ფურცლის მერვედი ვერტიკალურად დავატიოთ, 2-3 სანტიმეტრს ჩარჩოსთვის ვიტოვებთ, კიდევ რამდენიმე სანტიმეტრს კი – მოსწავლის სახელისთვის. ორფად გაკეცილ ნაჭერს ვკერავთ, მერე კი ვიწყებთ იმდენი პატარა ჩარჩოს ამოჭრას, რამდენი მოსწავლეც გვყავს. სასურველია ორი გრძელი ჩარჩოს შეკერვა, რადგან შესაძლოა, ერთზე ყველა ბავშვის სახელი არ დაგვეტიოს. შემდეგ თითოეულ ფანჯარას ნაჭრის კონტურით ვაწერთ მოსწავლის სახელს. გამზადებულ ჩარჩოს დაფის გვერდით ვკიდებთ. მიზნად გვაქვს, რომ დღის განმავლობაში მას ბავშვების მზერა ხვდებოდეს.

 

რისთვის ვიყენებთ

ნაჭრის ჩარჩო მრავალფუნქციურია. ეროვნული სასწავლო გეგმის ორ მთავარ მიზანზე გავამახვილებ ყურადღებას: ტექსტის გაგება-გააზრებასა და ლექსიკური მარაგის გააქტიურებაზე.

ჩემს მესამე კლასს ხმამაღლა ვუკითხავ როალდ დალის „დიკეგოს“. როგორც წესი, მხატვრული ლიტერატურისთვის საგაკვეთილო პროცესში დრო ცოტა გვრჩება, თუმცა, წიგნის კითხვით დაინტერესებისთვის ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია მიზანმიმართული ქმედებები. ხმამაღალი კითხვა ყოველთვის მეხმარება წიგნისადმი ინტერესის გაღვივებაში. ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეთა ყურადღებაც ყველაზე მეტად ამ დროს იმატებს. არაფორმალური გარემო რომ ყოველდღიურ რუტინას მივაბა, ხმამაღალ კითხვას სხვადასხვა აქტივობას ვუკავშირებ, მაგალითად, მეთოდი „დახატე ის, რამაც გული აგიჩქარა“ გაგება-გააზრების, წაკითხულიდან მთავარი დეტალის გამოკვეთის, საინტერესო სიტყვების შერჩევის სწავლებაში მეხმარება.

დროისა და ქაღალდის დაზოგვის მიზნით კითხვის შემდეგ სათითაოდ ვურიგებ პატარა ფურცლებს და ვთხოვ, უბრალო შავი ფანქრით დახატონ ის, რაც ყველაზე მეტად მოეწონათ, მერე კი სახელთან ერთად მიაწერონ, რა დახატეს. გაკვეთილის ბოლოს ნახატებს ბავშვები თავად ათავსებენ პირად ჩარჩოში. ერთ-ერთი უმთავრესი რამ, რაც ამ პროცესს ახლავს თან, ინდივიდუალობის გამოვლენა და რეალიზებულობის განცდაა. დღის ბოლოს ნაჭრის ჩარჩო იტევს ოცდაექვსი პატარა ადამიანის მოსმენილს, ნაფიქრს, გულში გატარებულსა და ნაწერს. ყოველთვის ვთხოვ, ერთმანეთის ნამუშევრები დაათვალიერონ – ეს ხელს უწყობს ურთიერთაღიარებასა და დანახვას. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას ძალიან აკლია სხვისი შრომის შემჩნევის უნარი, ამიტომ მიზნად დავისახე, მოსწავლეებს ვასწავლო როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვისი ნაშრომის დაფასება, შექება და წახალისება. რამდენიმე დღის წინ საკლასო ოთახში შესულმა დავინახე, ერთი პატარა გოგონა ნაჭრის ჩარჩოს წინ იდგა და თანაკლასელების ნახატებს დაკვირვებით ათვალიერებდა. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩანაფიქრა გაამართლა.

დღის ბოლოს, ჩარჩოებში მოთავსებული ნამუშევრების შეხედვისას, სევდის მომგვრელია ცარიელი ადგილების დანახვა. ასე უფრო ამჩნევ, რომელი ბავშვი აცდენს გაკვეთილს.

რა თქმა უნდა, მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის კითხვისას არ ვიყენებთ ნაჭრის ჩარჩოს – საპროგრამო მასალის შესწავლის დროსაც იდეალურია წაკითხულის ვიზუალურ სურათ-ხატებად გადაქცევა.

კვლევები ცხადყოფს, რომ ლექსიკური მარაგი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გაწაფული კითხვის დასაუფლებლად, ამიტომ საგაკვეთილო პროცესის დათმობა სიტყვათა შესწავლისთვის ნებისმიერ საფეხურზე აუცილებელია.

ნაჭრის ჩარჩოს გამოყენება ამ მხრივაც შესაძლებელია, მაგალითად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვკითხულობდით ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარს „გოგონა ასანთით“. ტექსტიდან ამოვკრიბე სიტყვები, დავბეჭდე ფერად ქაღალდზე, პატარა ნაწილებად დავჭერი და ბუშტში მოვათავსე. ინტერესის გაღვივების არაჩვეულებრივი გზაა სიტყვებით სავსე გაბერილი ბუშტის გახეთქვა (მეთოდი ჟურნალ „მასწავლებლის“ ავტორმა ნათია ფურცელაძემ მასწავლა). გაკვეთილის დასაწყისში ინსტრუქციის განმარტების შემდეგ ბუშტი გავხეთქეთ და ოთახში სიტყვებმა დაიწყეს ფრენა: სხვენი, შუქი, ციცქნა, ვეება, კოლოფი, ასანთი, ანარეკლი… თითო მოსწავლეს თითო სიტყვა შეხვდა. განმარტების შემდეგ სიტყვის ფურცელზე გადატანის დრო დგება. სიტყვის სემანტიკური მნიშვნელობის ვიზუალურად გაცოცხლების უამრავი ფორმის მოფიქრება შეიძლება. ამჯერად სიტყვას წერენ ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. პირველი ასო საერთოა, მერე კი ხატავენ მის მნიშვნელობას:

ვ ე ე ბ ა

მესამეკლასელმა ბიჭმა „ვეება“ მთებს დაუკავშირა, კორექტორით მყინვარები მიუხატა.

აღნიშნული აქტივობა მხოლოდ ერთი გაკვეთილისთვის რომ არ არის განკუთვნილი, ისიც მოწმობს, რომ შემდეგ გაკვეთილზე რევაზ ინანიშვილის მოთხრობაში „კეთილი ბებერი ბუები“ შეგვხვდა სიტყვა „ვეება“ და მაშინვე ნაჭრის ჩარჩოსკენ გაგვექცა თვალი.

ჩემი დაკვირვებით, დროთა განმავლობაში თაბახის ფურცლების ზღვა გროვდება. ძნელია მათი დახარისხება და შენახვაც. რვა ნაწილად გაყოფილი ფურცლით ქაღალდსაც ვზოგავთ და ნამუშევრების შენახვაც გვიადვილდება. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს აქტივობა ყველა ბავშვს აძლევს საშუალებას, მარტივად, დროის მცირე მონაკვეთში გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და თავისი შრომა სხვებისთვისაც თვალსაჩინო გახადოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი