პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ფრაგმენტები დღიურიდან – 2

26 წლის წინ, მახსოვს, ჩვეულებრივ, ოთახში ვისხედით. შეიძლება ყველა, შეიძლება ყველა არა და ზოგიერთი, ბაბუაჩემი კი – ნამდვილად და ბაბუაჩემმა ტელევიზორს აუწია. ქალმა, რომლის სახელსაც ახლა ვერ ვიხსენებ და ვერც სახესაც, თქვა: სოხუმი დაეცა, ხარი დაჭრილია. ბაბუაჩემმა თავზე შემოირტყა ხელი და გავიდა. მე ზუსტად ვერ მივხვდი რა მოხდა, ანუ უფრო უკეთ რომ ვთქვათ – ვერ შევიგრძენი. ერთი, რაც ომს ნიშნავდა ჩემთვის, სოფლებში, ზოგიერთ შესახვევში ახალი მინიშნებები იყო – ბრძოლაში დაღუპულის სახელობის უბანი. და მერე იმ დაღუპულზე ჩუმი საუბრები შინ. იმ დაღუპულზე და მის უბედურ დედაზე.

მე ის თაობა ვარ, ვისაც აფხაზეთი ფოტოებით თუ უნახავს. ამიტომაც მეც და სხვებსაც, ჩემზე უმცროსებსაც, უნდა გამოვტყდეთ და ყოველდღიური მეცადინეობა გვჭირდება, რომ განცდა ცოდნას შევუთავსოთ და ხმამაღლა ვთქვათ – „აფხაზეთი საქართველოა!”. ისიც უნდა ვაღიაროთ, რაც დრო გადის, მომდევნო თაობას უფრო უნელდება ამ „მეცადინეობის” სურვილი.
ამიტომაც ასეთი დღეები შეხსენების დღეებადაც უნდა იქცეს:
1) რომ გვყავს უამრავი გმირი, ვინც საკუთარი თავი გასწირა, იმისთვის, რომ მაგალითად; მე ახლა ამას ვწერდე და თქვენ კითხულობდეთ;
2) რომ გვყავს არა უამრავი, მაგრამ მაინც გვყავს ადამიანები, ვინც ნადავლით დაბრუნდა საკუთარი სამშობლოდან, რომელიც მანვე გაძარცვა;
3) რომ გყავს უამრავი იძულებით გადაადგილებული მოქალაქე, რომელთა სახლები და ბავშვობის ადგილები ახლა მხოლოდ სიზმრებსღა შემორჩათ;
4) რომ ეს ომი რუსეთმა მოაწყო და მხოლოდ რუსეთმა იხეირა;
5) რომ არსებობს სიტყვა „ხვალ”;
6) რომ ხვალ ჩვენ და აფხაზებმა იმ მიწაზე ერთად უნდა ვიცხოვროთ, ამიტომაც #მშიბზია არც კეკლუცობაა და არც თავის მოტყუება. ადვილიც არ არის, ვიცი. განსაკუთრებით მათთვის, ვისი სისხლი და ხორცი მიწაში წევს. ადვილი არა არის, მაგრამ ერთადერთი და აუცილებელია;
7) მშიბზია!

 

იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე უთხრეს, რომ ეს ოცნებები რიგში უნდა ჩადგნენ, რადგან ჯერ კაცების ოცნებების ჯერია. რიგში ჩამდგარი ოცნებები კვდებიან. ჰოდა, ეს ქალი, საკუთარი ფიქრის სასაფლაოზე დამარხული ოცნებებით დადის. მძიმეა ეს სასაფლაო და ცდილობს სხვაც მას ჰგავდეს. ადამიანი ასე უფრო მშვიდად გრძნობს თავს. ამიტომაც ისიც მსხვერპლია, შეიძლება უკვე მოურჩენელი, მაგრამ მაინც მსხვერპლი და თანავუგრძნობ.

თქვენ კი, ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ, რომ „კაცის შემდეგ უნდა ამოიღოთ ხმა”. მშიშარა და უმაქნისი კაცების მოგონილია ეგ სიტყვები და საუკუნეებია გწამლავენ. ვიცი, რამხელა ჩაგვრის გამოცდილება დგას ამის უკან და ისიც, რომ ტყუილის კი არა, ამ მკაცრი რეალობის გჯერათ და ითვალისწინებთ. ძნელია, ასე უცებ გამოდევნოთ სისხლიდან საწამლავი, მაგრამ აუცილებელი და გადაუდებელი საქმე მგონია.

დიახ, თქვენ ხართ ძალიან ძლიერები,
ძალიან ჭკვიანები
და ხმა ახლა უნდა ამოიღოთ. არა მერე და არა რიგში!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი