ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

    გრაფიკული  „ვეფხისტყაოსანი“ და  სხვა

ქართულის მასწავლებლების ერთ-ერთი მთავარი დილემა ყველაზე გენიალური ქართული ტექსტია, დამეთანხმებით. ხშირად  მასწავლებელი ორ ცეცხლს შუა იწვის ხოლმე, ჯერ ერთი, მას ძალიან სურს თავისი სიყვარული გაუზიაროს მოსწავლეებს, თავისი აღფრთოვანება, შთაბეჭდილება, პოემის მნიშვნელობა, მასშტაბი. მეორეც, სურს რომ გაკვეთილი ისეთი შთამბეჭდავი და მხიარული იყოს, რომ მოსწავლეებს თავად მოუნდეთ უფრო მეტის სწავლა, მეტის გაგება. ჩვენ ყველანი ვცდილობთ, ვცდილობთ, აი, უკვე რამდენი წელია, მაგრამ საბოლოოდ შედეგი არ გვაკმაყოფილებს, მეტიც, ჩვენს მოსწავლეებს  შორისაც იქნებიან ისეთებიც, „ვეფხისტყაოსანი“ რომ არ ეყვარებათ და ცხოვრებაში აღარასდროს გაეკარებიან.

როგორ მოვიქცეთ? როგორ მივაწოდოთ გენიალური პოემა თანამედროვე მკითხველებს?

ჩამოვთვლი რამდენიმე რესურსს და წიგნს, რომელიც ამ მნიშვნელოვან საქმეში დაგვეხმარება:

 

  1. გრაფიკული „ვეფხისტყაოსანი“

ქართული გამომცემლობების თაროზე არაერთ ფერად, დასურათებულ „ ვეფხისტყაოსანს“ შეხვდებით, პოემის საბავშვო თუ გრაფიკული ვერსიები დაგეხმარებათ უკეთ წარმოადგენინოთ მოსწავლეებს რუსთაველის სამყარო.  თქვენს ყურადღებას ერთ ახალ გამოცემაზე გავამახვილებ, გრაფიკული ვეფხისტყაოსნის ახალი ვერსია, გრაფიკული რომანი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა და ცნობილი მხატვრის, დავით მაჭავარიანის( კაკადუ) და საბას პრემიის ლაურეატი მწერლისა და პოეტის, სალომე ბენიძის თანამშრომლობის შედეგია.  ეს გრაფიკული ვერსია სრულიად ახლებურად წარმოგვიდგენს პოემას,  იმ ესთეტიკით, იმ ხედვით, რომელიც ყველაზე უფრო ახლოა პოემის თანამედროვე მკითხველთან.

გენიალურმა პოემამ ყველგან უნდა შეაღწიოსო, ამბობენ პროექტის ავტორები, ასეთია ამ გამოცემის მიზანი. ეს წიგნი, ისევე იქცეს ყოველდღიური, ყოფითი კულტურისა და ცხოვრების ნაწილად, როგორც საუკუნეების მანძილზე იყო.

  1. „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“

 

ამჯერად ჩემს წიგნზე მინდა მოგიყვეთ, ხომ შეიძლება?

რამდენიმე წლის წინ, როცა ილიას უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრმა „ვეფხისტყაოსნის“ პარალელური კორპუსი მოამზადა, ჩემი განსაკუთრებული  ყურადღება და მინაწერების განყოფილებამ მიიპყრო. აქ გაციფრებული და გამოქვეყნებული იყო ყველა მინაწერი, რომელიც პოემის სხვადასხვა ხელნაწერს მფლობელებმა თუ გადამწერებმა დაურთეს. ისეთი ამბები იყო, რომ მაშინვე გადავწყვიტე ეს მინაწერები ლიტერატურულ ტექსტად მექცია.

„ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ ჩვენზეა,   წიგნის გონებითა და მეხსიერებით მატარებლებზე, მათზე, ვისაც სხვადასხვა დროს შეგვყვარებია ეს წიგნი, შეყვარებულის სახელი, საქმეების თუ საყიდლების სია ჩამოგვიწერია, პერსონაჟებისათვის სიყვარული აგვიხსნია, განსაკუთრებული წარწერა გაგვიკეთებია და ძვირფასი ადამიანისათვის გვიჩუქებია.

ეს წიგნი წიგნში მოგზაურობაზეა, პოემის სამყაროში მოხვედრაზე, სამზარეულოს  ჭუჭრუტანიდან თინათინის გამეფების სცენის ცქერაზე.

საკუთარ წიგნზე საუბარი ძნელია, არ ვიცი, როგორი ლიტერატურული ტექსტია, თუმცა ძალიან კარგი საგანმანათლებლო რესურსი რომაა, ამას წყალი არ გაუვა. „ვეფხისტყაოსანი“ ყველას რომანია და ყველას ამბავი, აუცილებლად უნდა გავაგებინოთ ეს ჩვენს მოსწავლეებს.

  1. წიგნის „ მატარებლები”

რეი ბრედბერის ფარენჰეიტის ამბები გეხსომებათ და ადამიანების, რომლებმაც წიგნები ზეპირად იციან. „ვეფხისტყაოსანს“ ყველაზე მეტი ზეპირად მსწავლელი ჰყავს, ზოგმა ნებით ისწავლა მთელი პოემა, ზოგმაც – ძალით, იძულებით თუ აუცილებლობის გამო, სხვაგვარად გამოცდას ვერ ჩააბარებდა,  დღესაც მონიშნულია ჩემს პირად „ვეფხისტყაოსანში“ საზეპიროები, თითქმის ყველა სტროფი. რა თქმა უნდა, ავტომატურ დაზეპირებას ყველანი გავურბივართ, ვაპროტესტებთ, მაგრამ მეხსიერებისათვის, ან თუნდაც, შოთა რუსთაველის თექვსმეტმარცვლიანი შაირის შესაგრძნობად, გასაგებად – რამდენიმე, თუნდაც ორი მნიშვნელოვანი სტროფი შეიძლება მეხსიერების საშუალებით  „თან ვატაროთ“.

ამისთვის მრავალი მეთოდის გამოყენება შეიძლება, პოეზია – მათემატიკაა, ამიტომ თუ ჯერ ლექსის ფორმულას, ჩონჩხს შევქმნით და მასზე მთლიან ტექსტს დავაშენებთ, გაგება და სწავლა გამარტივდება. კარგი მეთოდია ტექსტის გრაფიკული გამოსახულების შექმნა, ყველასთვის ასე ცნობილი „სმაილების“ მიმდევრობით ტექსტის წარმოდგენა ან სხვა ვიზუალური მანიშნებლების გამოყენება.

კარგი მეთოდია თანხმოვნებისა და ხმოვნების თამაში,  ტექსტის ამღერება ან მუსიკალური, მარტივი სინთეზატორის საშუალებით რიტმული რეჩიტატივების მომზადება, ტექსტის ფაზლის მომზადება და აწყობა, მთავარია, რომ ის რამდენიმე სტროფი, რომელსაც ვისწავლით, ბოლომდე გვესმოდეს, გავითავისოთ და გავაშინაარსოთ, რომ ავტომატური დაზეპირების მავნე პრაქტიკას გავექცეთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი