პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

 სტრესის გარეშე

 დასაწყისი

სამყაროსადმი პოზიტიური დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვის პიროვნულ ზრდასა და განვითარებას. სწორედ ამიტომ ფსიქოლოგები ურჩევენ მასწავლებლებს, მშობლებს, აღმზრდელებს აქცენტი დადებით მოვლენებსა და გარემოებებზე გადაიტანონ. როდესაც ადამიანების ფიქრები კონცენტრირებულია პოზიტივსა და კონსტრუქციულობაზე, მისი პიროვნება მდიდრდება. აბა წარმოიდგინეთ საკუთარი თავი იმ ბავშვის ადგილას, რომელსაც ან ეუბნებიან: რომ თუ დროულად არ დაბრუნდება, ჩვენ სერიოზული პრობლემები შეექმნება; ან ეუბნებიან: წადი, სადაც აპირებდი წასვლას  და დროზე დაბრუნდიო. მე მეორე ფრაზას ვირჩევ. დარწმუნებული ვარ – თქვენც.

თქვენ კითხულობთ ამონარიდებს მარვინ მარშალის  წიგნიდან: „დისციპლინა სტრესის გარეშე“. ამერიკელი დოქტორი მარვინ მარშალი არის მრავალი ბეტსელერის ავტორი. ის მრავალწლიანი სტაჟის მქონე პედაგოგია, რომელმაც შეიმუშავა საკუთარი სისტემა -„დისციპლინა სტრესის გარეშე“. ამ სისტემის მთავარი იდეა ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ბავშვს შეუძლია საკუთარი თავის შეცვლა, ხოლო მასწავლებლებისა და მშობლების ამოცანაა – ამ პროცესის დელიკატურად გაკონტროლება. დოქტორ მარშალს სწამს, რომ მთავარია, ბავშვები საკუთარ თავზე მუშაობისკენ წავაქეზოთ. ავტორი საკუთარ პროფესიონალურ მისიად მიიჩნევს, დაეხმაროს პედაგოგებს, მშობლებს და დაწესებულებების ადმინისტრაციებს, შეცვალონ აღზრდის ძალადობრივი მიდგომები უფრო ქმედითი მიდგომებით. კერძოდ: აღმზრდელებმა უნდა გაუღვივონ ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობა, სწავლის წადილი, გაზარდონ ეფექტურობა და ეს ყველაფერი მოახერხონ ისე, რომ არც ბავშვები და არც უფროსები არ იყვნენ მუდმივი სტრესის პირობებში.

ახლა შემოგთავაზებთ მარვინ მარშალის მოდელის „დისციპლინა სტრესის გარეშე“ მოკლე აღწერას:

პოზიტიურობის პრინციპი, ძალიან მარტივი დასასაბუთებელია, რადგან, სავარაუდოდ, არავინ კამათობს, რომ სწავლა და შრომა კარგ ხასიათზე ყოფნისას გაცილებით მარტივი და სასიამოვნოა. პოზიტიური ურთიერთობები ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს ურთიერთობებს და ბავშვებში (ზრდასრულებშიც) ხელს უწყობს საჭირო ცვლილებების პროვოცირებას. პოზიტიური გამონათქვამები/ფრაზები ხელს უწყობენ ბავშვის პიროვნულ ზრდა-განვითარებას. როდესაც ბავშვის ფიქრები პოზიტიურ, კონსტრუქციულ მოვლენებზეა კონცენტრირებული, მისი პიროვნება მდიდრდება. ბავშვში ფეხს იკიდებს საკუთარი ღირსების გრძნობა. ბავშვები და ზრდასრულებიც მაგნიტები არიან, რომლებსაც დადებითი მუხტი იზიდავთ, ხოლო – უარყოფითი განიზიდავთ. ამ გარემოების ცოდნა მნიშვნელოვანია, რათა გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობა პოზიტიური გამონათქვამებითა და ფრაზებით წარვმართოთ. მაგალითად, როდესაც ზრდასრული ეუბნება ბავშვს: თუ შენ ასე მოიქცევი, მაშინ ასე დაგემართება, ნიშნავს, რომ უფროსი აფრთხილებს პატარას, მის მიერ გადადგმული ნაბიჯების მოსალოდნელი შედეგების შესახებ. მარვინ მარშალი ფიქრობს, რომ ამით უფროსი ადამიანი ბავშვს ფსევდოარჩევანს სთავაზობს, ეს ერთგვარი მახეა და ბავშვი იფიქრებს, რომ მან საკუთარი თავი დასაჯა. მშობლებისა და აღმზრდელების მხრიდან გაჟღერებული ფრაზა: „სანამ შენს საქმეს არ დაასრულებ, ვერსად წახვალ“ – ასევე ნეგატიური აღიქმება და თანაც ამგვარი განცხადებით უფროსი საქმეს ირთულებს, რადგან მან საკუთარ თავს კონტროლიორის ფუნქცია დაუმატა. მან ხომ უნდა შეამოწმოს ნამდვილად შეასრულა თუ არა ბავშვმა საკუთარი საქმე. აქ უფრო მნიშვნელოვანი ის გარემოებაა, რომ ამით მშობელი/აღმზრდელი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

შედეგების შესახებ გაფრთხილებების/დარიგების ნაცვლად, პროაქტიური ინფორმირება ეფუძნება შინაგან მოტივაციას და დადებითად აღიქმება: „როდესაც შენს საქმიანობას დაასრულებ, მაშინ შეგიძლია სათამაშოდ წასვლა“. ვფიქრობ, მკითხველი მიხვდა, რომ გაფრთხილებასა და ინფორმირებულობას შორის სხვაობა ის გახლავთ, რომ შედეგების შესახებ გაფრთხილებისას პასუხისმგებლობას უფროსი საკუთარ თავზე იღებს, ხოლო ინფორმირებულობის შემთხვევაში – ის ბავშვზე გადააქვს. გარდა ამისა, გაფრთხილებაში დაშიფრულია უნდობლობა პატარის მიმართ, როდესაც ინფორმირებულობა ბავშვის მიმართ ნდობის გამომხატველია.

დაწყებითი და შემდგომ საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობისას – აგრძელებს თხრობას დოქტორი – მე მივხვდი, რომ ბავშვებსა და მოზარდებს ესაჭიროებათ სტრუქტურა; მათ უნდა იცოდნენ, რას უქადის მათ ესა თუ ის სიტუაცია. შედეგების შესახებ გაფრთხილება მათ ამ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ მოსალოდნელი შედეგების შესახებ ცოდნა ახალგაზრდებს ხშირ შემთხვევაში უბიძგებს სიცელქისაკენ. ზოგიერთი ბავშვი იმიტომ „წავა ბოლომდე“, რომ წინასწარ იცის რისკის ხარისხის შესახებ და თავს უფრო მშვიდად გრძნობს.

ბავშვებისთვის სასჯელის ზომის შესახებ წინასწარი შეტყობინება – არაპროდუქტიულია. გაცილებით ეფექტურია, შევუქმნათ მათ დაურწმუნებლობის გრძნობა. როდესაც ბავშვებმა იციან სასჯელის შესახებ, ისინი მხოლოდ მასზე ფიქრობენ. უმჯობესია ბავშვებს/ მოსწავლეებს დავეხმაროთ, კონცენტრირდნენ, რა უფრო მართებულია, სწორია.  და თუ მაინც აუცილებელი გახდება სასჯელის დადება, უფროსებმა კი არ მოიფიქრონ ის, არამედ ბავშვებს ჰკითხონ, როგორი სასჯელი არის უფრო შესაბამისი ამა თუ იმ „დანაშაულისათვის“. აქვე მინდა ვუთხრა, ყველა მკითხველს, რომ ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის მანძილზე თითქმის ყოველთვის ბავშვები გაცილებით უფრო ეფექტურ მეთოდებს მთავაზობდნენ საკუთარი ქცევების შესაცვლელად, ვიდრე მე შემეძლო მომეფიქრებინა. როდესაც ხდებოდა ისე, რომ მოსწავლის მიერ შემოთავაზებული რაღაც ხერხი, ჩემი აზრით, გამოუსადეგარი იყო, მე ვაძლევდი მას შესაძლებლობას, კიდევ დაფიქრებულიყო, მანამ კონსენსუსს არ მივაღწევდით და ამის შემდეგ ბავშვი შეძლებისდაგვარად უფრო პასუხისმგებლიანი ხდებოდა. როდესაც მე ვთავაზობ „დამნაშავეს“ ერთად მოვძებნოთ გამოსავალი, ამით მას ვეუბნები, რომ იდეის ავტორობა და საკუთრივ პასუხისმგებლობა მთლიანად მასზეა. ამ შემთხვევაში არც მასწავლებელი გამოდის საშინელი ბოროტი და არც ბავშვი ხდება მსხვერპლი. გრძელვადიანი შედეგის მიღება, რომ მოხერხდეს ბავშვმა უნდა იგრძნოს პროცესში თანამონაწილეობა, სწორედ მისი ნაკლებობა იწვევს ნებისმიერი „დისციპლინური კონტრაქტის დარღვევას“.

მოდით, ახლა დადებითი მოლოდინების პროვოცირებაზე ვისაუბროთ. მაშ ასე, ურთიერთობები – ეს ემოციების ჯადოსნური ჯოხია, რომელსაც ნებისმიერი სიტუაციის გაფერადება შეუძლია. მასწავლებელი, რომელიც ამბობს: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია. იყავით ყურადღებით“ – ხატავს ნეგატიურ სურათს და ბავშვებს საკუთარ თავში დაურწმუნებლობას უნერგავს. ხოლო, როდესაც მასწავლებელი ამბობს: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია, მე ვიცი, რომ თქვენ შეგიძლიათ მისი დაძლევა“ – ის პოზიტიურ სურათს ხატავს. ძალიან დიდი  მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს უფროსები, რადგან ამით ისინი გავლენას ახდენენ ბავშვების ქცევებზე.

უსმინეთ საკუთარ თავს, რათა ისწავლოთ ნეგატიური გამოთქმების ამოცნობა. ამის შემდეგ დაფიქრდით, როგორ შეიძლება შეცვალოთ ისინი პოზიტიური გამოთქმებით. მასწავლებლებს, უფროსებს სულაც არა აქვთ განზრახული, დათრგუნონ ბავშვები და ზუსტად ამიტომ არის საჭირო ნეგატიური ფრაზების პოზიტიურით ჩანაცვლების ჩვევის გამომუშავება. იმის ნაცვლად, რომ მუდმივად ვუთხრათ პატარას: „ისევ დაგავიწყდა?“ – სჯობს ვთქვათ: „რა შეგიძლია გააკეთო იმისათვის, რომ გაიხსენო?“ ან იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ: „ნეტავ როდის გაიზრდები და დაჭკვიანდები? უმჯობესია ასე: „ჩვენ ყველას გაგვივლია მსგავსი სიტუაცია, რომლის დახმარებითაც ვისწავლეთ მართებული გადაწყვეტილებების მიღება“.

ვფიქრობ, რომ – მიაჩნია მარვინ მარშალს – იმედისა და ოპტიმიზმის დასწავლაც შესაძლებელია და სხვებისთვის სწავლებაც. და ეს უნდა დავიწყოთ საკუთარი თავისათვის ასეთი შეკითხვის დასმით: „როგორ მოვახერხო ამის თქმა პოზიტიურად?“ მსგავსი მიდგომები ნებისმიერი ასაკისა და „სირთულის“ ბავშვს სჭირდება, განსაკუთრებით კი, ე.წ. რისკის ჯგუფის და დაბალი თვითშეფასების მქონე პატარებს. მოუძებენეთ ასეთ პატარას რაიმე ნიჭი, უნარი და ერთი-ერთზე, მოწმეების გარეშე შეაქეთ მისი ეს ნიჭი: „ვხედავ, რომ შენ კარგად ხატავ, მე ამას შენი ნახატების დეტალებში ვამჩნევ“. ბავშვებს სჭირდებათ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება. ის, თუ როგორ აღიქვამენ პატარები საკუთარ თავს, გავლენას ახდენს მათ ქცევებზე. ისაუბრეთ ყოველთვის ქცევებზე და არა ბავშვის პიროვნებაზე: „შენ საუკეთესო ჩვევები გაქვს სხვადასხვა სფეროში, ხოლო პუნქტუალურობა შესაძლებელია გააუმჯობესო. ვიცი, რომ შეგიძლია სკოლაში დროზე მოსვლა“. არ მგონია მოიძებნოს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ თუ მოსწავლე ხშირად აგვიანებს ზემოთ თქმულის ნაცვლად მისთვის ასე მიმართვა სჯობდეს: „შენ მუდმივად აგვიანებ, კლასში ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე არაორგანიზებული მოსწავლე ხარ“. შეცვალე შენი ქცევები და შენ შეცვლი საკუთარ შეხედულებებს. მე ვფიქრობ, რომ – მიაჩნია მარვინ მარშალს – იმედი და ოპტიმიზმი შესაძლებელია დავისწავლოთ და სხვებსაც ვასწავლოთ. და ეს უნდა დავიწყოთ საკუთარი თავისათვის ასეთი შეკითხვით: „როგორ მოვახერხო ამის თქმა პოზიტიურად?“

მნიშვნელოვანი გარემოებები

  • ადამიანები უკეთესად მუშაობენ მაშინ, როდესაც ისინი თავს კარგად გრძნობენ;
  • ბავშვები არ ცვლიან საკუთარ ქცევებს, რადგან, ე.წ. დარღვევების შედეგების შესახებ სასჯელს დიდები თავად განსაზღვრავენ, რაც ბავშვებში ნეგატიურ რეაქციას იწვევს;
  • სასჯელის ზომის შესახებ წინასწარი შეტყობინება არაპროდუქტიულია, რადგან ბავშვის ყურადღების ფოკუსი გადაინაცვლებს სასჯელისკენ და არა მოსალოდნელი საქციელისკენ;
  • თუ დასჯა მაინც აუცილებელი ხდება, უმჯობესია ის თავად ბავშვმა განსაზღვროს, ამით პასუხისმგებლობა მასზე გადადის;
  • ნეგატიური კომენტარები ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს, პოზიტიური – პოზიტიურს;
  • ყველაზე ეფექტური ურთიერთობები პოზიტიური მიმართვებისას ყალიბდება;
  • პოზიტიურობა აჩენს იმედს;
  • თვითშეფასება გავლენას ახდენს ბავშვის ქცევებზე;
  • პოზიტიურობა ხელს უწყობს იმის განცდას, რომ შენ გაფასებენ, პატივს გცემენ, მხარს გიჭერენ, მიაჩნიათ, რომ უფრო მეტი შეგიძლია, ამაყობენ შენით. დაბოლოს, მთავარი ისაა, რომ პოზიტივი ამაღლებს ენთუზიაზმსა და მოტივაციას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი