უცხო ტექსტები ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ გამოცდებზე

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ის ტიპი, რომელსაც კარგად იცნობენ აბიტურიენტები, სტუდენტები და მასწავლებლები,  2011 წლიდან დამტკიცდა და უკვე 8 წელია წარმატებით მუშაობს, კარგად აპრობირებულია, აბიტურიენტს ცოდნის რეალიზების მაქსიმალურ შესაძლებლობას აძლევს და ამ სფეროთი დაინტერესებულნი მას უკვე შეჩვეულნი არიან. ტესტის 4 დავალება (ტექსტის რედაქტირება, არგუმენტირებული ესე, მხატვრული ტექსტის გააზრება და ტექსტის საანალიზო თხზულება) წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე სამი დავალებით ჩანაცვლდა, მხატვრული ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებული დახურული ტესტი, რომელიც 15 კითხვისგან შედგებოდა, საგამოცდო ცენტრმა ამოიღო, რამაც აბიტურიენტთა უკმაყოფილება გამოიწვია ორი მიზეზის გამო: 1. აბიტურიენტები თვლიდნენ, რომ ეს კითხვები მათ ტექსტის კარგად გააზრებასა და თხზულების წერაში ეხმარებოდა; 2. კითხვარი შედარებით მარტივად დასაძლევი იყო და ქულების მოპოვების, ბარიერის იოლად გადალახვის შესაძლებლობას იძლეოდა.

საგამოცდო ცენტრის პოზიცია კი ამგვარი იყო: ეს კითხვები და მათი სავარაუდო პასუხები თხზულების წერის დროს შაბლონურ აზროვნებას უწყობდა ხელს, ტესტში მოცემული ფრაზებისა და კონცეპტების მექანიკურად გამოყენების პრეცენდენტებს ქმნიდა, ხელს უშლიდა აპლიკანტს ტექსტის დამოუკიდებლად და ორიგინალურად გააზრებაში, აიძულებდა მას, რომ მიჰყოლოდა კითხვარის სავარაუდო პასუხებს.

ცნობილია, რომ ტესტში აბიტურიენტს ეძლევა ორი სანალიზო ტექსტი, ერთი ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო პროგრამიდან, ხოლო მეორე – უცნობი ტექსტი ქართული ლიტერატურის კლასიკოსების ნაწარმოებებიდან. დაცულია ის პრინციპიც, რომ ორ საანალიზო ტექსტს შორის ერთი პოეტურია და მეორე – პროზაული.

აბიტურიენტთა უმრავლესობას ურჩევნია, რომ სკოლაში ნასწავლ, უკვე კარგად გააზრებულ, ხშირად რეპეტიტორთან არაერთხელ დამუშავებულ ტექსტს მოკიდოს ხელი, რათა მისი რომელიმე კომპონენტის არაადეკვატური გაგების საფრთხე თავიდან აიცილოს.

მაშ, ვინ ირჩევს საანალიზოდ უცხო ტექსტს? ჩემი დაკვირვებით, ამგვარ არჩევანს აკეთებს აბიტურიენტთა ორი კატეგორია – მაღალი ინტელექტის, საუკეთესო უნარებისა და კარგი ზოგადი განათლების მქონე, ნაკითხი აპლიკანტები, რომელთათვისაც ტექსტის გაგება-გააზრება-ანალიზის მეთოდები მარტივი დასაძლევია, გააჩნიათ ემოციური და შემოქმედებითი აღმქმელობა ნებისმიერ ახალ ტექსტთან მიმართებაში და შეუძლიათ საკუთარ თავს მისცენ ფუფუნება, რომ თხზულება დაწერონ იმ ტექსტზე, რომელიც იდეურ-მხატვრულად უფრო მოეწონებათ, მათ  ემოციურ ინტელექტს მეტ იმპულსებს აღუძრავს. როგორც წესი, ასეთი აბიტურიენტები საუკეთესო შედეგებს აღწევენ და მათთვის უცხოა შიში უცნობი ტექსტისადმი. ხოლო მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან დაბალი უნარებისა და სუსტი მომზადების აბიტურიენტები, რომელთათვისაც სასკოლო პროგრამული და უცხო ტექსტი ერთნაირად რთული და დაუძლეველია, რეალურად ორივე უცნობია და ირჩევენ იმას, რომელიც გამოცდაზე უფრო იოლად აღიქვეს. მათთვის ხშირად მნიშვნელობა აქვს, რომელ ტექსტს აირჩევენ, პოეტურს თუ პროზაულს, რადგან ზოგს ლექსის განხილვის წერა ეძნელება, ზოგი კი პროზაული ტექსტიდან ბევრ რამეს ვერ იგებს და ლექსზე წერას არჩევს.

ქართულის მასწავლებლები კარგად ვიცნობთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებს, ვინაიდან სისტემატურად გვიწევს მათზე მუშაობა არა მხოლოდ სკოლაში, არამედ, როგორც რეპეტიტორებს, ან როგორც გამოცდების ცენტრის გამსწორებლებს. ცენტრის სპეციალისტები უცხო ტექსტებიდან ძირითადად არჩევენ XX-XXI საუკუნეების ავტორებს, თანამედროვე მწერლობას, უფრო ხშირად – მოდერნისტებსა და პოსტმოდერნისტებს.

სტატიაზე მუშაობის დროს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი 2012 წლიდან ეროვნული გამოცდების ტესტებისთვის შერჩეულ ავტორებს და აი, ისინიც:

ძველი ქართული მწერლობიდან: სულხან-საბა ორბელიანი და დავით გურამიშვილი;

რეალიზმის ეპოქიდან: აკაკი წერეთელი და დავით კლდიაშვილი;

მოდერნიზმის ეპოქიდან: გიორგი ლეონიძე, ლადო ასათიანი, ტიციან ტაბიძე, ლეო ქიაჩელი, მიხეილ ჯავახიშვილი;

პოსტმოდერნიზმის ეპოქიდან: რევაზ ინანიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, ნოდარ დუმბაძე, მურმან ლებანიძე, გურამ გეგეშიძე, გურამ დოჩანაშვილი, ჯემალ ქარჩხაძე, ოთარ ჭილაძე, გივი გეგეჭკორი, ნუგზარ შატაიძე, გოდერძი ჩოხელი, კოტე ჯანდიერი, დავით წერედიანი, გურამ ოდიშარია, აკა მორჩილაძე.

ამ მოცემულობის მარტივ ანალიზს თუ გავაკეთებთ, მივხვდებით, რომ მეტი წილი პოსტმოდერნისტებზე მოდის და ეს სწორი არჩევანია, რადგან პოსტმოდერნიზმი უახლესი ეპოქის მწერლობაა, მისი ენა აბიტურიენტს უკეთ უნდა ესმოდეს, ყველაზე ნაკლები დოზით სწორედ ამ ეპოქის მწერლობა ისწავლება სკოლაში (თუ არ ჩავთვლით, ძალზე პოპულარულ რევაზ ინანიშვილსა და ნოდარ დუმბაძეს). ამიტომაც მასწავლებლებისა და აბიტურიენტებისთვის სარეკომენდაციოდ ვიტყოდი:

  1. ამ ავტორების შემოქმედება უფრო ინტენსიურად უნდა წავაკითხოთ ჩვენს ბავშვებს;
  2. უსათუოდ დეტალურად უნდა გავაცნოთ მოსწავლეებს მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის ეპოქალური კონტექსტები და ნაწარმოებების ქვეტექსტები;
  3. ამ მიმართულების მხატვრული ტექსტების ენა (ხშირად კოდირებული და დაშიფრული) ესოდენ უცხო და გაუგებარი არ უნდა იყოს თანამედროვე მოსწავლისთვის, თორემ შედეგად ვიღებთ იმას, რომ ძველი ქართული მწერლობის საუკუნეებით დაშორებული ენა უფრო ესმით ჩვენს აბიტურიენტებს, ვიდრე უახლოესი წარსულის ავტორთა შემოქმედება.

უახლესი მწერლობის ტექსტებთან გაუცხოებაზე მართლაც ბევრი გვაქვს მასწავლებლებს სალაპარაკო და სამუშაო. მოვიყვანოთ  ორი ყველაზე ცხადი და საყოველთაოდ გახმაურებული მაგალითი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებიდან: 2013 წლის ეროვნული გამოცდების მეოთხე სესიაზე (ე.წ. IV ვარიანტი) უცხო ტექსტებიდან ტესტში შედიოდა ნაწყვეტი რევაზ ინანიშვილის მოთხრობიდან „ლარა“, ხოლო წლევანდელი ეროვნული გამოცდის II ვარიანტის ტესტში შეტანილი იყო გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ანაბარი“. 2013 წლის სტატისტიკა რამდენადაც მახსოვს, იმ აბიტურიენტთა შორის, ვინც საანალიზოდ აირჩია რევაზ ინანიშვილის მოთხრობა, 57%-მა მოთხრობის სათქმელი საერთოდ ვერ გაიგო და ეს შოკისმომგვრელი იყო გამსწორებლებისთვის. ბევრი უხერხულობა წარმოშვა აბიტურიენტთა ამგვარმა გაუთვითცნობიერებლობამ. აბიტურიენტები წერდნენ, რომ სტალინური რეპრესიების მსხვერპლი კაცი, რომელმაც საკუთარი მზრუნველი ქალიშვილი და შვილიშვილი დანაშაულებრივ რეჟიმთან, საკუთარ მოსისხლე მტერთან დაასმინა, გმირი იყო და რომ ამგვარი მოქმედებაა სწორედ სახელმწიფოებრივი აზროვნება. აბიტურიენტებს რომ ელემენტარული წარმოდგენა ჰქონოდათ სტალინური ეპოქის რეალობაზე, ჰომოსოვიეტიკუსად აღზრდილი, მენტალურად დასახიჩრებული პიროვნების მდგომარეობაზე, რასაკვირველია, ამგვარ გაუგებრობას არ მივიღებდით. და ეს ყველაფერი ხდება მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო პროგრამებში შედის და ისწავლება ყველასთვის განსაკუთრებით საყვარელი ავტორის, მინიატურული პროზის ჯადოქრის, რევაზ ინანიშვილის მოთხრობები: „პატარა ბიჭი გოლგოთაზე“, „დამრიგებელი“, „ჩიტების გამომზამთრებელი“, რომელთა შესწავლის დროს მასწავლებლის უთუო ვალდებულებად უნდა ჩავთვალოთ, რომ ნათლად და გასაგებად გააცნოს მოსწავლეებს ამ ეპოქის პოლიტიკური კონიუნქტურა და მისი ასახვა მხატვრულ ტექსტებში, ცალკეული ავტორების მიმართება რეჟიმისადმი (უპირველესად ვგულისხმობ რევაზ ინანიშვილს, როგორც სტალინური რეპრესიების მსხვერპლი ოჯახის წარმომადგენელს).

რაც შეეხება წლევანდელ ქეისს: გოდერძი ჩოხელის „ანაბარი“ როგორც კი ვნახე ტესტში, გამიჩნდა მოლოდინი, რომ აბიტურიენტებს ამ ტექსტის გაგება გაუჭირდებოდათ. მომწერა ოქროს მედალოსანი აბიტურიენტის დედამ, რომ მისმა შვილმა მოთხრობის გმირი ბასილა ყოველმხრივ უარყოფით პერსონაჟად დაახასიათა და მკითხა მოსალოდნელი შეფასების შესახებ. აბიტურიენტს, რომელსაც დანარჩენ ორ დავალებაში მაქსიმალური ქულები ჰქონდა მიღებული,  თხზულება გამსწორებლებმა გაუნულეს და არც გაემტყუნებოდათ, ვინაიდან შეფასების პრიველი კრიტერიუმი „მოცემული ტექსტის ადეკვატური გაგება და გააზრება“ 5 პუნქტისგან შედგება და მე-5 პუნქტი გამსწორებელს ეუბნება, რომ თუ „ტექსტი მთლიანად არაადეკვატურადაა გაგებული“, „ნაწერი აღარ სწორდება“. გამსწორებელმა, ნახა რა, რომ აბიტურიენტი მთლიანად აცდა ავტორის მიზანდასახულობას, დამშვიდებული სინდისით გაანულა ნაშრომი. აბიტურიენტს აპელაცია ვურჩიეთ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით და აპელაციის შედეგი იყო გამაოგნებელი: სააპელაციო კომისიამ განულებული თხზულება 20 ქულით შეაფასა. რასაკვირველია, აბიტურიენტის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მან 100%-იანი დაფინანსებაც დამსახურებულად მიიღო და სასურველ უნივერსიტეტშიც ჩაირიცხა.

როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი უხერხულობანი? ვინ აგებს პასუხს შეფასების სიზუსტეზე? ვინ ტყუის ამ შემთხვევაში? ტესტის შემდგენლები არავალიდური ტესტის შედგენისთვის? გამსწორებელი? აპლიკანტი? საქართველოს განათლების სისტემა? კონკრეტული მასწავლებლები? თუ სულაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტები? თუ არავინაც არ ტყუის და ეს ისაა, რაც უნდა იყოს?

ჩემი პასუხი ასეთია: რასაკვირველია, აბსურდია ვინმეს დადანაშაულება. საჭიროა პრობლემის გენეზისის მიგნება, მისი კვლევა და ინტერვენციები საიმისოდ, რომ დაიძლიოს მსგავსი გაუგებრობები. სამართლიანია მშობელთა და აბიტურიენტთა პროტესტი, რომ თუკი ვითხოვთ ტექსტების თავისუფალ ინტერპრეტაციებს, დაე, ყველას მიეცეს საშუალება, რომ გაიგოს ტექსტის ყველა კომპონენტი ისე, როგორც სურს, თუნდაც ეს აცდენილი იყოს ავტორის იდეებს და მსოფლხედვას. კი, ბატონო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ტექსტების გაგება-გააზრებაში შეზღუდვებს არ ვაწესებთ, მიუხედავად იმისა, რომ მხატვრული ტექსტი ხელოვნების ნიმუშია, უნიკალური და ორიგინალური ფენომენია ყოველთვის, არსებობს მეცნიერება, რომელსაც ლიტერატურათმცოდნეობა ეწოდება და ტექსტებზე დაკვირვებების სივრცეები ფართოც არის და გარკვეულწილად შემოზღუდულიც. მკითხველმა (აბიტურიენტმა) უნდა შეძლოს ავტორის ესთეტიკის, დრო-სივრცული კონტექსტების თავისებურებების გააზრება. გოდერძი ჩოხელი თვითმყოფადი, გამორჩეული და განსხვავებული ავტორია. ის, ვაჟას, ყაზბეგის, კლდიაშვილის მსგავსად, ირჩევს ერთ ვიწრო ლოკალურ მოცემულობას და აცოცხლებს იმ გარემოსთვის ბუნებრივ გმირებს. გუდამაყარი! – ეს გოდერძის მიკროკოსმოსია, თავისებური, ექსცენტრული, ექსტრავაგანტური, გამომწვევი, განსხვავებული ემოციისა და აღმქმელობის ადამიანების სამყარო, მისი წაკითხვა აბიტურიენტმა უნდა შეძლოს ისე, რომ არ აცდეს ავტორის იდეას, ოცდამეერთე საუკუნის შვილმა უნდა შეძლოს მეოცე საუკუნის, საბჭოთა ეპოქის ადამიანის ტემპერამენტის, მსოფლგაგების, ურთიერთობების ადეკვატურად ამოცნობა. როგორც კომაროვის სკოლის ქართულის მასწავლებელმა, ქალბატონმა ლია გოგოხიამ დაწერა სოციალურ ქსელში, თუნდაც მოთხრობის სათაური უნდა ყოფილიყო მინიშნება, კოდი აბიტურიენტისთვის, რომ ბასილას სახით ქალთმოძულე, უხიაგი და უგვანი ადამიანი კი არ დახატა გულწრფელმა მწერალმა გოდერძი ჩოხელმა, არამედ წესიერი, ზნეობის სადარაჯოზე მდგომი, სხვისგან მობარებულის შემნახავი, არა საკუთარ კეთილდღეობას დახარბებული, სანდო და უანგარო, ბაჯაღლო პატიოსნების კაცი, შეიძლება ცოტა ჯიუტი, გაკერპებული და უხეში მთიელი.

გოდერძი ჩოხელი განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ მწერლობაში. ჩვენ რომ სკოლაში მის მოთხრობებს, მის სამწერლო ენას, სტილს, ესთეტიკას, მსოფლაღქმას სათანადოდ ვასწავლიდეთ, ეროვნულ გამოცდებზე ამგვარ სურათს არ მივიღებდით. ასევე ტესტის შემდგენლებსაც უნდა მივმართოთ ალბათ, რომ მოერიდონ ამგვარი განსაკუთრებული სპეციფიკის ტექსტების შეტანას საგამოცდო ტესტში, რათა ნაშრომების შეფასებისას ამგვარ კურიოზებს არ გადავაწყდეთ. ორაზროვანი, დამაბნეველი, რთულად ამოსაცნობი ტექსტების შერჩევა საანალიზოდ, თანაც იმ ვითარებაში, როცა ვიცით, რა პრობლემებიც აქვს ჩვენს განათლების სისტემას, თუნდაც მასწავლებელთა კვალიფიკაციის და ადეკვატურობის სეგმენტში, არ მგონია, რომ იყოს გამართლებული. ასევე მახსენდება 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების III ვარიანტის ტესტში შეტანილი ჩემი უსაყვარლესი პოეტის, გენიალური დავით წერედიანის ლექსი „ზახილი“, რომელიც ლექსიკური სტრუქტურით, ესთეტიკით, ქვეტექსტებით ურთულესი გასაგები იყო აბიტურიენტებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, როცა მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდებზე გასულ აპლიკანტებთან ვაწყდებით ტექსტების არაადეკვატური, სრულიად გაუკუღმართებული გაგების შემთხვევებს არცთუ იშვიათად.

აბიტურიენტებს კი მართებთ მეტი ტექსტების წაკითხვა, მეტი სიახლოვე ჩვენი მწერლობის კლასიკოსებთან, რათა თავიდან აიცილონ მსგავსი გაუგებრობები.

ალბათ მეტი კლასგარეშე აქტივობაც უნდა ტარდებოდეს სკოლებში ტექსტების გაგებისა და ანალიზის უნარების განსავითარებლად: სამეცნიერო კონფერენციები, ლიტერატურული კონკურსები და დისკუსიები, ლიტერატურული კვირეულები მიმდინარეობების, ცალკეული კლასიკოსი ავტორების, ლიტერატურული ჟანრებისა და კონცეპტების უკეთ გასაცნობად. უნდა დავძლიოთ პრობლემა, რომლის თაობაზეც არაერთხელ დაგვიჩივლია: ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულის, გასული საუკუნის, ავადსახსენებელი საბჭოთა ეპოქის ამსახველ მხატვრულ ტექსტებთან გაუცხოება…

 

 

 

 

 

კომენტარები

comments