შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

განვითარება თავისუფლებაშია, თავისუფლება – განათლებაში!

ჟურნალ “მასწავლებლის” კითხვებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პასუხობს.

წელიწადი და ოთხი თვეა, ჩვენი ქვეყნის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბრძანდებით. თითქმის ამდენივე დრო გავიდა ჩვენი პირველი ინტერვიუდან. იმ შეხვედრისას, როცა გკითხეთ, რატომ დათანხმდით განათლებისა და მეცნიერების მინისტრობას, ერთ ამბავს მომიყევით – პატარა ბიჭზე, სანდროზე, რომელმაც კითხვაზე, უხაროდა თუ არა სკოლაში წასვლა, გიპასუხათ, ისეთი ბავშვი, სკოლაში წასვლა რომ უხაროდეს, არ არსებობსო. ახლა მინდა გკითხოთ: ის ბიჭი ისევ რომ შეგხვდეთ, როგორ ფიქრობთ, იგივე განწყობა ექნება თუ ცოტა უკეთესი?

ალბათ ბევრი ასეთი პატარა სანდრო გვყავს. ძალიან ვცდილობთ, ბავშვებს სკოლაში წასვლა მართლა აბედნიერებდეთ. ამ ბედნიერების მიზეზი უნდა იყოს სასკოლო გარემო –კომფორტული, უსაფრთხო, ისეთი, სადაც ბავშვები ხალისით და ინტერესით ისწავლიან. როგორც განათლების სპეციალისტები და ფსიქოლოგები ამბობენ, ნეგატიურ გარემოში ეს ვერ მოხდება. როცა გარემო დაძაბული და უინტერესოა, ცოდნის ათვისების დონე ეცემა.

მნიშვნელოვანია,  რომ სასკოლო ცხოვრება, მათ შორის, თითოეული გაკვეთილი იყოს საინტერესო. კლასში უნდა ხდებოდეს არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება ბავშვებში. პროცესები, რომელიც ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს, უფრო საინტერესოს ხდის თითოეულ გაკვეთილს. ბავშვები ხდებიან აქტიურები, მუშაობენ გუნდურად, მსჯელობენ, მათთვის გაკვეთილი არ არის მოსაბეზრებელი.

რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ სკოლაში წასვლით და ცოდნის მიღებით ბედნიერი ბავშვი გვენახა?

ამისთვის, როგორც გითხარით, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შესაფერისი სასკოლო გარემო, გამართული ინფრასტრუქტურა, რომლის გარეშეც ჩვენს საუკუნეში არათუ სკოლა, ვერც ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტი ვერ იფუნქციონირებს.

ბოლო ერთ წელიწადზე თუ ვისაუბრებთ, 700-მდე სკოლაში გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა: ზოგან გადახურვის პრობლემა იყო, ზოგან – სველი წერტილების… თუმცა ბევრი რამ მოსაგვარებელი დარჩა. იმისთვის, რომ ნებისმიერ რეგიონში, სოფელსა თუ ქალაქში მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა გვქონდეს, 3-4 წელი მაინც დაგვჭირდება.

უამრავი კვლევა აჩვენებს, რა ძლიერ გავლენას ახდენს გარემო ცოდნის მიღებაზე, საზოგადოდ, შრომის ნაყოფიერებაზე. მოხარული ვართ, რომ მომავალი წლისთვის განათლების ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.

მომდევნო საკითხია სახელმძღვანელოები. დღეს კარგი სახელმძღვანელოების გარეშე საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა წარმოუდგენელია.

მოგეხსენებათ, ამ ერთ წელიწადში შეიცვალა პირველი და მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოები – გაუმჯობესდა როგორც ხარისხობრივად, ისე შინაარსობრივადაც. მოგვარდა სახელმძღვანელოების წონის ურთულესი პრობლემაც. ამ მხრივ უკვე ყველა საერთაშორისო სტანდარტი დაცულია.

უახლოეს მომავალში დამტკიცდება გრიფირების ახალი წესიც, რომელიც, ვფიქრობთ, ამ კუთხით კიდევ უფრო რადიკალურ ნაბიჯს გადაგვადგმევინებს. სახელმძღვანელოების მიმართულებით ჩვენ ნამდვილად გვჭირდება გარღვევა, მათ შორის – საერთაშორისო გამომცემლობებთან თანამშრომლობაც. ახლა სწორედ მათთან გავდივართ კონსულტაციებს. გვინდა ჩამოვაყალიბოთ ახალი მოდელი, რომელიც ქართველი ავტორების მიერ შედგენილი სახელმძღვანელოების ხარისხსაც ასწევს და საერთაშორისო გამომცემლობების საქართველოში მოზიდვასაც შეუწყობს ხელს.

მომდევნო საკითხი სკოლის უსაფრთხოებაა, განსაკუთრებით – ცნობილი მოვლენების შემდეგ. აქაც საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ, დაწყებული მანდატურების ჩართვითა და მათი გადამზადებით, რაშიც ძალიან დაგვეხმარა ამერიკის მანდატურების ასოციაცია, დამთავრებული სახელმწიფო სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ფსიქოლოგების ჩართვა, კრიზისული სიტუაციების ჯგუფების შექმნა. უკვე გაჩნდა პირველი პოზიტიური სტატისტიკა, რაც იმედს გვისახავს, რომ სწორ გზას ვადგავართ. ეს საინფორმაციო ველსაც ეტყობა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის დამსახურებაც არის.

თუმცა ამით თავს არ ვინუგეშებთ. წინ უამრავი საქმეა. მალე მედიაციის საკითხზე დაიწყება მუშაობა.

 

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ სკოლაში მთავარი მასწავლებელია. წელს მასწავლებლებს ცვლილებების, თანაც კარგი ცვლილებების წელი ჰქონდათ. მოვიდნენ ახალი ადამიანები, რომლებმაც გადალახეს ყოველგვარი ბარიერი და დაამტკიცეს, რომ შემთხვევით ან მხოლოდ ხელფასის გამო კი არ მოხვედრილან სკოლაში – მასწავლებლობა მათი არჩევანია. რას ვთავაზობთ ამ ადამიანებს სამომავლოდ? მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრზეც გკითხავთ: როგორ წარმოგიდგენიათ ცენტრის ფუნქცია ამ პროცესში, მისი შინაარსი?

 

ჩამონათვალს თუ გავაგრძელებთ,  ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეხება პედაგოგს, ურომლისოდაც სწავლების ხარისხის ამაღლება შეუძლებელია. აქაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი პირობების შექმნაა. თუ არ დავუბრუნეთ მასწავლებელს პრესტიჟი, ღირსება, დაფასება, პატივისცემა, არ გავაუმჯობესეთ მისი ეკონომიკური პირობები, არაფერი გამოვა. სკოლებში გასვლა ხშირად გვიწევს და როდესაც ბავშვებს ვეკითხებით, რა პროფესიას აირჩევენ მომავალში – იშვიათად, რომ ვინმეს მასწავლებლობა სურდეს. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი პედაგოგისთვის მაღალი პრესტიჟის დაბრუნებაა. ჩვენ უნდა შევუქმნათ მასწავლებელს კარგი ეკონომიკური პირობები. უკვე დაიწყო პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის ხელფასების ზრდა, რაც მომავალი წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საშუალო ხელფასი უნდა იყოს 1500 ლარზე მეტი და პირველი დანაპირები უკვე თითქმის შესრულებულია. რაც მთავარია, ეს ხდება მათი სტატუსის ამაღლების საფუძველზე, მასწავლებელი, რომელიც აიმაღლებს სტატუსს და მაღალკვალიფიციურია,  უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება!

პარალელურად ჯილდო მიიღეს იმ პედაგოგებმა, რომლებიც ნამდვილად იმსახურებდნენ დაფასებას. ჩვენ უკვე შევხვდით ჯილდოს მიმღებ ასობით მასწავლებელს. ეს ადამიანები ათწლეულების განმავლობაში ყოველგვარი ხელშეწყობისა და პირობების გარეშე, ფაქტობრივად, უანგაროდ ემსახურებოდნენ ქვეყანას.

მოხარულები ვართ, რომ 6 ათასზე მეტმა პედაგოგმა გამოთქვა ჯილდოს მიღების სურვილი. ახლა დაიწყება მეორე ეტაპი და უკვე ვიცით, რომ რამდენიმე ათასი მასწავლებელი კიდევ დაემატება. ვფიქრობ, ეს ნაბიჯიც მნიშვნელოვანი იყო. საქართველოში რეფორმები რატომღაც ნეგატივთან ასოცირდება, მაგრამ სურვილისა და სწორი დაგეგმვის პირობებში ცვლილებები შეიძლება პოზიტიური აღმოჩნდეს, მით უმეტეს – ისეთ სფეროში, სადაც მდიდარი გამოცდილებაა დაგროვილი. სისტემაზე ძალადობა და დირექტიული მეთოდებით მისი აწყობა კარგს არაფერს მოიტანს. შედეგს ვერ მივიღებთ, თუ არ ვითანამშრომლეთ ყველა სკოლასთან, პედაგოგთან, დირექტორთან. თუ განვითარება გვჭირდება, ის ნდობას და სახელმწიფოს მხარდაჭერას უნდა ეფუძნებოდეს. მოხარული ვართ, რომ დღეს ადამიანები უფრო მეტად ენდობიან სისტემას – ჩვენ დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა, თუმცა არც ეს არის საკმარისი და ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ სერიოზულ ცვლილებებს.

ძალიან გვახარებს, რომ სკოლის კარი გავუხსენით ახალ მასწავლებლებს –  მასწავლებლობის ათი ათასი ახალი მსურველი დარეგისტრირდა. ახლა რეგისტრაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ესეც ადასტურებს, რომ ამ პროფესიის მიმართ ნდობა და იმედი გაჩნდა, იმიტომ რომ სახელმწიფომ აჩვენა: ის ორიენტირებულია ხელშეწყობაზე, განვითარებაზე და არა უხეშ მეთოდებსა და ძალისმიერ ჩარევაზე.

 

ჩვენ გვეჩქარება შედეგის დანახვა, თუმცა განათლება ის სფეროა, სადაც შედეგი ცოტა მოგვიანებით დგება. თქვენ ახსენეთ კრიტიკული აზროვნების განვითარება მოსწავლეებში –  ახალი სკოლის მოდელის შედეგებზე რა შეგვიძლია ვთქვათ? როგორია მოლოდინი?

პროცესი დაახლოებით 150 სკოლაში მიმდინარეობს და სკოლების რიცხვი ყოველწლიურად მოიმატებს. ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, სწავლების ახალი მოდელის წინაპირობას უნდა ქმნიდეს. ახალი მოდელი მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ პატარა სანდრომ არა მხოლოდ სწორი გზით მიიღოს ცოდნა, არამედ ეს ცოდნა დღევანდელ რეალობასაც ესადაგებოდეს. დღეს მრავალ ქვეყანაში მსჯელობენ, რა უნდა შეიცვალოს სახელმწიფო სკოლებში. ამაზე საუბრობენ ამერიკაში, ევროპაში…. წინათ იყო სისტემა და სისტემაზე მორგებული მოსწავლე, ახლა კი სისტემა უნდა უწყობდეს ხელს თითოეული მოსწავლის განვითარებას.

150 სკოლიდან მიღებული მონაცემების ანალიზი საიმედო საფუძველი იქნება მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად.

ვინაიდან ამ პროცესის მონაწილე გახლდით და მე თვითონ ვნახე თითოეული ბავშვისა და მასწავლებლის ფანტასტიკური ჩართულობა. საკმაოდ კარგ შედეგებს ველოდები. რიცხვებზე ჯერ ძნელია ლაპარაკი, მაგრამ გაკვეთილებზე უკვე ჩანს, რომ ბავშვები ბედნიერები არიან სასწავლო პროცესით. უფრო მკაფიო სურათი კვლევების შემდეგ გვექნება.

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ, რამაც ჩვენი მოსწავლეები, ვაღიაროთ, ძალიან გაახარა, ხომ არ გაჩნდა საფრთხე, მოზარდები მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების სწავლით შემოიფარგლონ? რბილად რომ ვთქვათ, ხომ არ შესუსტდება არასაგამოცდო ეროვნული სასწავლო გეგმის საგნების სწავლებაში მოსწავლეთა ჩართვის მოტივაცია?

პირიქით, პირველივე დღიდანვე ვამბობთ, რომ აქცენტი სკოლებზე უნდა დაისვას. ცენტრალიზებული გამოცდების გაუქმება იმას არ ნიშნავს, რომ სკოლაში გამოცდები არ ჩატარდება. არც ისე ბევრი დრო გასულა, ყველას გვახსოვს, რომ ბოლო წლებში სასწავლო პროცესი მიმართული იყო ცენტრალიზებული გამოცდებისთვის მომზადებისკენ და არა ცოდნის მიღებისკენ. ამ გზით მიღებული ცოდნა უეფექტოა. როდესაც სწავლა გამოცდის ჩაბარებაზეა ორიენტირებული და არა ცოდნის შეძენაზე, ის ცოდნა დაკარგულია, ერთჯერადი ან ხანმოკლე. ჩვენ თუ აქცენტი სხვაგან გადავიტანეთ, მთელი პროცესი სხვა მხარეს გადაედინება. ასე სკოლა თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს. ამიტომ აქცენტები უნდა დაბრუნდეს და დაისვას სკოლაზე, პედაგოგზე, საგაკვეთილო პროცესზე, მთელი ეს პროცესი კი, რა თქმა უნდა, დასრულდება გამოცდით, რომელიც შეფასების ერთ-ერთი კომპონენტს წარმოადგენს.

ახლა დაიწყება მეათე კლასების შეფასება, ოღონდ არა გამოცდისთვის, არამედ განმავითარებელი მიზნით. თანამედროვე სამყარო ცდილობს, გრძელვადიან ცოდნაზე იყოს ორიენტირებული.  ცოდნას იმისთვის ხომ არ ვიღებთ, რომ გამოცდები ჩავაბაროთ?.. ჩვენი მიზანია, გვქონდეს ეფექტური ცოდნა, რომელიც მომავალი თაობის წარმატებაში გადაიზრდება. განმავითარებელი შეფასება დაეხმარება სკოლასაც, მასწავლებელსაც, მშობელსაც და ამას არ უნდა ჰქონდეს სადამსჯელო ფუნქცია. სადამსჯელო მეთოდები ორი საუკუნის წინ, ინდუსტრიულ ეპოქაში მუშაობდა.

 

განათლებისთვის გაზრდილი ბიუჯეტი ახსენეთ – ასეთია სახელმწიფო პოლიტიკა მომავალი წლისთვის. ვამბობთ, რომ განათლება პრიორიტეტია. რას  უნდა  მოხმარდეს  გაზრდილი  ბიუჯეტი? რა იქნება გაისად სამინისტროს პრიორიტეტი და რომელი მიმართულებით უნდა ველოდოთ ცვლილებებს თუ ახალ ამბებს?

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება სკოლა – როგორც უკვე ვთქვი, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა. მაგალითად, წელს სკოლებში სრულყოფილი კომპიუტერები შევიტანეთ, რომლებსაც 4-5 წელი აქტიურად გამოიყენებენ. 400-მდე სკოლაში შეყვანილია უკაბელო ინტერნეტი. მომავალი წლის ბიუჯეტი პედაგოგების პირობების გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. ბიუჯეტის გაზრდილი ნაწილი სწორედ ამ პრიორიტეტებისკენაა მიმართული.

თუმცა არის სხვა მიმართულებებიც: პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები, მეცნიერება. მთელი ბიუჯეტი განვითარებაზეა აწყობილი, თუმცა მთავარი პრიორიტეტი სკოლაა და ბიუჯეტის უდიდესი ნაწილიც მისკენაა მიმართული.

გარდა ამისა, მოვახერხეთ და ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მოვიზიდეთ დაახლოებით 600 მილიონი ლარი, რომელიც ასევე ქართული განათლების რეფორმისთვის დაიხარჯება. თუმცა არც ეს გახლავთ ზღვარი. ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ძალიან დიდ ორგანიზაციებთან და დარწმუნებული ვარ, თანხა კიდევ რამდენიმე მილიონით გაიზრდება.

რეფორმისთვის მნიშვნელოვანია ამ სფეროში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციის მხარდაჭერა. ბულინგი იქნება თუ სხვა პრობლემა, მხოლოდ სამინისტროს დონეზე ვერ მოგვარდება. თუ ამ კუთხით წარმატებას მივაღწიეთ, ეს დონორების დამსახურებაც იქნება.

 

მაინტერესებს თქვენი როგორც მინისტრის დამოკიდებულება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიმართ. როგორ ხედავთ ამ ცენტრის შინაარსს, რა პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს, რა მიმართულებით უნდა მუშაობდეს?

სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს როგორც სისტემაზე, ისე სისტემაში ჩართულ თითოეულ ადამიანზე. ცენტრი მართლაც მასწავლებლის სახლი უნდა იყოს.

სახელმწიფო მზად არის დაეხმაროს პედაგოგებს, რომლებსაც გაუჭირდათ გამოცდის ჩაბარება ან კიდევ სჭირდებათ სტატუსის ამაღლება.

სახელმწიფოს ექნება  ახალი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს იმ პედაგოგების დახმარებას, ვინც სისტემაშია და მეტი ცოდნისა და გამოცდილების მიღება სურს.

ცენტრი უნდა ქმნიდეს და პედაგოგებს აწვდიდეს საგანმანათლებლო რესურსებს, პოპულარიზაციას უწევდეს მასწავლებლის საქმიანობას. ჩვენ რაც შეიძლება მეტი წარმატებული მასწავლებელი უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას.

აუცილებლად უნდა დავეხმაროთ მასწავლებლებს ადგილებზე, განსაკუთრებით – რეგიონებში, სადაც სწავლის არათანაბარი პირობებია. დავეხმაროთ სხვადასხვა გზით – დისტანციური სწავლება იქნება ეს თუ სპეციალური პროგრამებით მასწავლებლების გაგზავნა.

მაძიებლობის პროგრამაც ხელს შეუწყობს პროფესიაში ახალი ადამიანების მოსვლას.

 

ჯერ ისევ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სისტემა ზედმეტად რეგულირებულია. დეცენტრალიზაციის მოლოდინიც მეტი იყო. არის თუ არა დეცენტრალიზაცია მეტი თავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯი? უფრო სწორად, უდრის ის თავისუფლებას?

– განვითარებისთვის დეცენტრალიზაცია ყველაზე სწორი გზაა. ჩვენი სისტემა უნდა ეფუძნებოდეს ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორიც არის თანამშრომლობა, კოორდინაცია, განვითარება. დეცენტრალიზაციის გარეშე ეს წარმოუდგენელია. თუმცა ჯერ აქამდე მისვლაა საჭირო. პირველი ნაბიჯი საამისო პირობების შექმნაა. სხვაგვარად შეგვრჩება მხოლოდ ილუზია, რომ დეცენტრალიზაცია პრობლემას მოაგვარებს. როცა ვამბობთ, რომ დეცენტრალიზაციის გარეშე განვითარება შეუძლებელია, ვგულისხმობთ მეტი და მრავალფეროვანი რესურსის მიმართვას სკოლებისკენ, მათთვის მეტი თავისუფლების მიცემას. ჩვენ არ გვინდა ცენტრალიზებული სისტემა, რომელსაც სამინისტრო მოახვევს თავს სკოლას. სამინისტრო სკოლას განვითარებაში ეხმარება ტრენინგებით, სწავლებით, რესურსებით, ინფრასტრუქტურით. შემდეგ სკოლა თავად ზრუნავს განვითარებაზე.

როგორც სკოლის, ისე სისტემის დონეზე მაქსიმალური დეცენტრალიზაცია განვითარების ყველაზე საიმედო საფუძველია. ოღონდ ნებისმიერ დეცენტრალიზაციას რესურსი უნდა მოჰყვებოდეს. სახელმწიფო აუცილებლად გამოიტანს გარეთ სხვადასხვა მომსახურებას და პროვაიდერებს მიეცემათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ამ პროცესში, მაგრამ ამისთვის გარკვეული წინაპირობებია საჭირო და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

 

წლის საუკეთესო მასწავლებელმა თავის სიტყვაში თქვა, რომ ჩვენს მოსწავლეებს მასწავლებლებმა უნდა მისცენ თავისუფლების მაგალითი, რომ ჩვენც, მასწავლებლებსაც გვჭირდება ასეთი მაგალითები, სისტემასაც სჭირდება, და გისურვათ თქვენ, ბატონო მიხეილ, თავისუფლება. რას ეტყოდით მას პასუხად?

– განვითარება მხოლოდ თავისუფლებაშია. არა მხოლოდ განათლების – ნებისმიერი სისტემის განვითარება  წარმოუდგენელია თავისუფლების გარეშე. ძალიან ძნელია, სისტემამ მხოლოდ პირად მოტივაციაზე იმუშაოს, როგორც აქამდე ხდებოდა და არასახარბიელო შედეგებიც გვქონდა.

ჩვენი მოსწავლეები გვაჩვენებენ თავისუფლების მაგალითებს, მასწავლებლებიც, ცხადია. ჩვენც უნდა ვაჩვენოთ, თუკი ამის საჭიროებას ვხედავთ.

თავისუფლება არჩევანია და მდგომარეობა. ჩვენ ამ არჩევანს და მდგომარეობას ვუსურვებთ როგორც სხვებს, ისე მეტ  თავისუფლებას საკუთარ თავსაც.

 

ფოტოები: გელა ბედიანაშვილის

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი