შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

შამან ჯუსა

ჩემს მულტიპლიკატორ ძმაკაცს, ვასო სახვაძეს, ამ თორმეტიოდე წლის წინ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სარდაფში ჰქონდა სტუდია. გვერდით ხმის ჩამწერი სტუდია იყო, სადაც მეორე ძმაკაცი, ბექა რამიშვილი, კატო ჯავახიშვილს ეხმარებოდა ლექსების აუდიოკრებულის ჩაწერაში. ჰოდა, მეც სხვა რა საქმე მქონდა, დავდიოდი ხოლმე. ვასო მაშინ გავიცანით და მაგრად დავუძმაკაცდით. კრებულის ჩაწერა დამთავრდა, მაგრამ ჩვენ მაინც ყოველდღე დავდიოდით ვასოს სტუდიაში. შუადღისას, როცა ვასო თავის მხატვრებთან ერთად მუშაობას დაამთავრებდა, ფულს ავკრეფდით და მე, როგორც ყველაზე უმცროსი, ქუჩის გადაღმა, მარკეტში გადავიდოდი ლიტრიანი “დავითის”, ლუდის და მსუბუქი მისაყოლებლის საყიდლად. დაღამებამდე ვსვამდით. რომ ავიშლებოდით, მე და ვასო მარჯანიშვილის მეტროში კი არ ჩავდიოდით, რუსთაველამდე ავდიოდით ფეხით და ვსაუბრობდით, მერე ვაჟას მეტროდან ამოვიდოდით, ვაჟას მესამემდე ისევ ფეხით ჩამოვუყვებოდით და იქღა ვიშლებოდით. ყოფილა შემთხვევები, მარჯანიშვილიდან ვაჟამდეც წამოვსულვართ ფეხით. მოკლედ, ბოდიალი მოგვწონდა.

იმ ხმის ჩამწერ სტუდიაში ერთი ძალიან კარგი როკჯგუფი გადიოდა ხოლმე რეპეტიციას. ხანდახან იმ ჯგუფის ბიჭებიც შემოგვიერთდებოდნენ ხოლმე და ვსვამდით.

ერთ დღესაც, შუა სმის დროს, ღია კარში (კარი სულ ღია იყო) უცხოური გარეგნობის ჯეელმა შემოიხედა. მოქეიფეები რომ დაგვინახა, შეყოყმანდა, მაგრამ მივიპატიჟეთ და თამამად შემოვიდა. დრედები ჰქონდა. ზაფხული იყო, მაგრამ კრემისფერი ლაბადა, ხაკისფერი შარვალი და მაღალქუსლიანი, სტეპის საცეკვაო შავ-თეთრი ფეხსაცმელი ეცვა, აი, ისეთი, ფრედ ასტერს რომ აცვია ხოლმე ფილმებში. შამან ჯუსა მქვიაო, – გაგვეცნო, – მუსიკოსი ვარ და კლიპის გადაღება მინდა, ქუჩაში გავიკითხე და თქვენთან მომასწავლესო, ოღონდ ფული არ მაქვსო. ეგ არაფერიო, – უთხრა ვასომ და ერთჯერადი ჭიქა ნახევრამდე შეუვსო არყით, – ეს დალიე და მერე ვილაპარაკოთო. შამანმა შეფიქრიანებულმა ჩახედა ჭიქას, მაგრამ მაინც აიღო და ჩაცალა. იმ დღეს შამანი მაგრად დავათვრეთ.

გაირკვა, რომ შამანის მშობლები ჰიპები ყოფილიყვნენ, ახალგაზრდობაში ბჰუტანში გადასულიყვნენ საცხოვრებლად, სადაც ადგილობრივ შამანებს დამეგობრებოდნენ და ახალშეძენილი შვილისთვისაც უყოყმანოდ დაექრმიათ შამანი. არ ვიცი, ვინ დაღუპა – შამანისთვის ვიღაცას ერჩია, საქართველოში ჩამოსულიყო მუსიკალური კარიერის ასაწყობად. ჰოდა, სანამ კარიერას აიწყობდა, რომელიღაც სასტუმროში მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად.

მეორე დღეს შამანმა თავისი მუსიკალური კომპოზიციები მოიტანა. ძალიან საინტერესო რაღაცები. ვასომ აუხსნა, რომ ამ სტუდიაში კლიპებს არ იღებდნენ, მაგრამ, რაკი ფული არ ჰქონდა, რამე საინტერესო ვიდეოს გაკეთებაში დავეხმარებოდით. აირჩა ერთ-ერთი კომპოზიცია. შამანს ზედმეტად მასშტაბური იდეები ჰქონდა: კლიპის პირველ კადრში მანქანის სახურავზე შემდგარი ავტორის ფეხები უნდა გამოჩენილიყო, რომლებიც იმ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით ცეკვას დაიწყებდა და ასე, ცეკვა-ცეკვით გადაევლებოდა ჩამწკრივებული მანქანების სახურავებს. აი, ზევით ხომ აყენია მანქანებიო, – დასძინა ბოლოს. ავუხსენით, რომ იმ მანქანებს პატრონები ჰყავდა და იმ პატრონებს მათი მანქანების სახრურავებზე მოხტუნავე უცხოელი რომ დაენახათ, საქმე ცუდად წაგვივიდოდა. შამანმაც ამ განზრახვაზე ხელი აიღო.

გაკეთდა კლიპის მონახაზი. გადაწყდა, კლიპი თეატრის სარდაფის ლაბირინთისმაგვარ დერეფნებში გადაგვეღო. ვმონაწილეობდით შამანი, მე, ბექა, ჩემი მაშინდელი შეყვარებული და ყველა, ვინც შემთხვევით შემოივლიდა. ერთი სამოყვარულო კამერა გვქონდა. ნაშუადღევს ცოტას წავიმუშავებდით და ისევ სმას ვიწყებდით, ამიტომ გადაღებები საკმაოდ გაჭიანურდა. შამანი ვერაფერს გვეუბნებოდა – უფასოდ ვუკეთებდით საქმეს. იჯდა ჩვენთან და კოკა-კოლას სვამდა, არაყს – აღარ. შევთავაზე, ინგლისურში მამეცადინე-მეთქი. გაუხარდა. ნიხრზეც შევთანხმდით: კვირაში ოცი ლარი უნდა გადამეხადა. კვირაში სამჯერ, დილის ათ საათზე უნდა მივსულიყავი იქვე, მარჯანიშვილზე მდებარე ერთ ბიბლიოთეკაში. მხოლოდ ორი გაკვეთილი ჩატარდა, რადგან ვინც არყის და ლუდის ნაბახუსევი იცის, დამეთანხმება, რომ არ არის ადვილი, დილაუთენია ადგე, ჯერ მარშრუტკით მეტრომდე ჩახვიდე, მერე მეტროთი მარჯანიშვილამდე მიხვიდე, იქ კი ინგლისურის გაკვეთილებს უსმინო. შამანს გაკვეთილების გაგრძელების დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ ერთი კვირის თანხა გადავუხადე და მეცადინეობა შევწყვიტე, იმ ინგლისურს დავჯერდი, რომელიც ვიცოდი.

როგორც იქნა, გადავიღეთ კლიპი. სტუდიაში მოწყობილ პრემიერას ჩვენვე ვესწრებოდით და ისევ მაგრად დავლიეთ. შამანმა მადლობა გვითხრა და იმ დღიდან აღარ გამოჩენილა.

 

წლების შემდეგ ელბაქიძის აღმართზე ჩამოვდიოდით მე და ჩემი ძმაკაცი. დავინახე, იქვე, კუთხეში, რამდენიმე ლაწირაკს შამანი მიემწყვდია და სცემდა. გავქანდით, მაგრამ სანამ დავერეოდით, თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ. თმის გამო, აი, უკვე მერამდენედ მცემენო, – დაიჩივლა შამანმა. შემოქმედებაში რა ხდება-მეთქი, ვკითხე. ამერიკიდან ბიჭებს ველოდები, ჯგუფი უნდა ჩამოვაყალიბოთო. წამო, ლუდი დავლიოთ-მეთქი, შევთავაზე, მაგრამ იუარა, მეჩქარებაო. ელბაქიძეზე ამავალს თვალი გავაყოლე. ისევ ის ლაბადა ეცვა, ამჯერად – საკმაოდ ჭუჭყიანი. ფეხსაცმელიც კარგა ხნის გაურეცხავი იყო და ქუსლებიც მოღრეცოდა.

 

რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვნახე – რუსთაველზე, მიწისქვეშა გადასასვლელში, საქსოფონზე უკრავდა. რომ მორჩება, გამოვეცნაურები-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ, ეტყობა, გრძელი კომპოზიცია იყო და დასრულებას პირი არ უჩანდა, ამიტომ წამოვედი, მეჩქარებოდა.

 

შამანი სწორედ ისეთი ჩამრჩა გონებაში, როგორიც ბოლოს ვნახე: მიწაზე გაშლილ ლაბადასთან მდგარი გაცვეთილი ფეხსაცმელებით, ხაკისფერი შარვლით, შავი მაისურით, ჭუჭყიანი დრედებით, საქსოფონით და დახუჭული თვალებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი