შესავალი კლიმატის ცვლილებაში- მეორე ნაწილი

კლიმატის ცვლილების შედეგები გარემოსა და საზოგადოებაზე
უკანასკნელ ათწლეულში კლიმატის ცვლილების ხილული შედეგები კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება და ბევრად უფრო სწრაფადაც მიმდინარეობს. ეს ცვლილებები დედამიწის სფეროებზე აისახება. ეს სფეროებია:

ატმოსფერო – ჰაერი, რომელიც დედამიწას აკრავს გარსს;

ჰიდროსფერო – წყალი, რომელიც დედამიწას აკრავს გარსს;

ბიოსფერო – ცოცხალი ბუნება დედამიწაზე;

ლითოსფერო – ზედა მანტია და ქერქი, რაც დედამიწის მყარ საფარს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ კლიმატის გავლენა ლითოსფეროზე არ აღინიშნება. ეს 4 სფერო დროში ურთიერთქმედებს და ქმნიან პედოსფეროს, ნიადაგს, რომელიც ხმელეთს გარს აკრავს და ამავდროულად, მისი ნაყოფიერება სიცოცხლეს განაპირობებს.

განვიხილოთ თითოეულ სფეროზე კლიმატის ცვლილების შედეგები:

ატმოსფეროს ცვლილებები
ტემპერატურა ინდუსტრიული რევოლუციიდან მოყოლებული იცვლება, რამაც ჯამურად 1 გრადუსი შეადგინა, ეს ცვლილებები კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და დამოკიდებულია სათბური ეფექტის მქონე აირების რაოდენობაზე. გარდა ტემპერატურის ცვლილების, შეიცვალა ტემპერატურული ანომალია, განსხვავება საშუალო წლიურ ტემპერატურასა და ტემპერატურის გრძელვადიან ცვლილებას შორის. ანომალიური ტემპერატურა სულ უფრო ხშირად აღინიშნება.

კლიმატის ცვლილების სამთავრობოთშორისო პანელის ვარაუდით, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1300 მეცნიერი კლიმატის მიმართულებით კვლევებს აწარმოებს, ამ საუკუნეში ტემპერატურა 4,5 გრადუსით შეიცვლება. თუმცა ეს ცვლილებები ყველგან ერთნაირად არ მოხდება, ზოგ ადგილას ბევრად დიდი ტემპერატურული მატება აღინიშნება.

გლობალური ტემპერატურის მატებამ ინდუსტრიული რევოლუციიდან დღემდე 1 გრადუსი შეადგინა, ყველაზე სწრაფი მატება უკანასკნელი 35 წლის მანძილზე შეიმჩნევა. 2010 წლიდან მოყოლებული ყოველი წელი იყო ისტორიის მანძილზე ყველაზე თბილი. ინტერაქტიული რუკა გვიჩვენებს ტემტერატურის ცვლილებებს 1884 წლიდან დღემდე და ეს ვიზუალიზაცია ადასტურებს ცვლილებების მასშტაბურობს https://climate.nasa.gov/vital-signs/global-temperature/

გვალვა და სითბური ტალღები, ესაა განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც დღეებიდან კვირებამდე შეიძლება გაგრძელდეს, ნავარაუდევია, რომ ზაფხულში სითბური ტალღები ინტენსიური გახდება, ხოლო ცივი დღეების რაოდენობა ზამთარში შემცირდება. ტემპერატურის ანომალია, რომელსაც საშუალოდ 20 წელიწადში ერთხელ ჰქონდა ადგილი, ახლა ყოველ 2-3 წელიწადში იჩენს თავს.

ექსტრემალური მოვლენები, შტორმული ხასიათის ტროპიკული ქარების ინტენსივობა, სიხშირე, ხანგრძლივობა და სიძლიერე იზრდება მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან. გახშირდა მეოთხე და მეხუთე კატეგორიის ციკლონები. კლიმატის ცვლილებასთან ერთად ეს ცვლილებები კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება.

წყალდიდობები, წყალმოვარდნები, სითბური ტალღები, გვალვები, ხანძრები სულ უფრო ხშირად იჩენს თავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. კლიმატით გამოწვეული ექსტრემალური მოვლენების რაოდენობა ორმაგდება. მსოფლიო ბანკის გაანგარიშებით, ყოველწლიურად მოვლენების შედეგების აღმოფხვრაზე 500 მილიარდი აშშ დოლარი იხარჯება. ამავდროულად, დამატებითი 26 მილიონი ადმიანი ზარალდება.

მყინვარების დნობა მიმდინარეობს ანდებში, ალასკაზე, ჰიმალაებში, კავკასიაში. მაგალითად, კილიმანჯაროს მთებზე ჩრდილოეთის მყინვარმა უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე 4 მილიონი კუბური მეტრი ყინული დაკარგა, 2030 წლისთვის კი მთლიანად გაქრება.

ყინულის საფარის შემცირება არქტიკასა და ანტარქტიკაში – ნასას მკვლევრების მიერ შეგროვებული მონაცემებით, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე გრენლანდიამ 286 მილიონი კუბური მეტრი ყინული დაკარგა, ანტარქტიკამ – 127, თუმცა სამხრეთ ნახევარსფეროში გასამმაგდა დნობის ტემპი.

თოვლის საფარის შემცირება – ცვლის მცენარეული საფარის, ასევე სოფლის მეურნეობის ციკლებს და მთლიანად ეკოსისტემას. ამ თითქოს დადებითი ცვლილებისადმი ცოცხალ ბუნებას ადაპტაცია დასჭირდება. ასევე იცვლება სითბური ბალანსი, რადგან თოვლით დაფარულ თეთრ საფარს მუქი, მისგან თავისუფალი ზედაპირი ანაცვლებს, რაც შთანთქმულ რადიაციას ზრდის და კიდევ უფრო მეტად ათბობს ატმოსფერულ ჰაერს. ჩრდილო ნახევარსფეროში ბოლო ათწლეულები თოვლი ბევრად ადრე დნება, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. უთოვლო სეზონი ახლა უფრო მეტხანს გრძელდება ალასკაზე და სხვა ადგილებშიც. სათხილამურო კურორტები ამის გამო კარგავენ შემოსავლებს, სეზონი მოკლდება, ბოლივიის ერთადერთი კურორტი, ჩაკატაია, დაიხურა თოვლის საფარის არ არსებობის გამო 2009 წელს.
ჰიდროსფეროს ცვლილებები
ჰიდროსფერო წყლისგან შედგება, რომელიც 3 ფორმით გვხვდება – თხევადი, აიროვანი და მყარი.

წყლის ცირკულაციას წყლის ბრუნვა ქვია. წყალი ორთქლდება წყლის რეზერვუარებიდან და ხმელეთიდან, რის შემდეგაც ის კონდერსირდება და გარდაქმნის მას ისევ თხევად მდგომარეობაში და ისევ ნალექის სახით მოდის დედამიწაზე. წყალი მიწაში ჩაიჟონება ან ზედაპირზე გაივლის და მდინარეში, ზღვაში ან ოკეანეში ჩაედინება. ამ პროცესებს მუდმივი, განმეორებითი ხასიათი აქვს. არ არის რთული ვივარაუდოთ, ტემპერატურის მატება როგორ შეცვლის წყლის ბრუნვას.

წყლის ორთქლი თავისთავად სათბურის ეფექტის გაზია, ის შთანთქავს სითბოს და ათბობს ატმოსფეროს. წყალი იმდენად მაღალი შეკავების უნარით გამოირჩევა, რომ შესაძლებელია გააორმაგოს ნახშირორჟანგით გამოწვეული დათბობა. ასევე დათბობას მოჰყვება მეტი აორთქლება, მეტ აორთქლებას მეტი ნალექი, მეტ ნალექს მეტი სითბოს შეკავება და ა.შ. თუმცა, ნალექების მატებამ რიგ ადგილებში შეიძლება ტემპერატურა აღარ გაზარდოს.

ზღვის დონის მატებამ საუკუნის მანძილზე 8 ინჩი, ანუ 20 სანტიმეტრზე მეტი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ინჩის მატება წყლის 50-100 ინჩზე ხმელეთში შეღწევას იწვევს. ამ საუკუნის ბოლომდე ოკეანის დონე 1,3 მეტრით გაიზრდება. ეს კი სანაპირო ზოლში ნიადაგის დამლაშებაა. რაც თავის მხრივ, სანაპირო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას დააზარალებს, მათ აყრას და გადასახლებას გამოიწვევს. ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალიც ძალიან მაღალი იქნება, რადგან პორტები, ძვირად ღირებული კურორტები აქ არის განლაგებული.

ოკეანის ტემპერატურის და მჟავიანობს ზრდა – ოკეანეებს აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია, შთანთქას ნახშირორჟანგი, რაც საერთო რაოდენობის 25%-ს შეადგენს. ოკეანეებში ზედაპირული ტემპერატურა გაიზარდა, რამაც გამოიწვია მათი მჟავიანობის ცვლილებაც. ნახშირორჟანგის რაოდენობის ზრდამ ატმოსფეროში გამოიწვია მჟავიანობის 30%-ით ზრდა. ოკეანეებში ეგზოჩონჩხის მქონე ორგანიზმები (კრაბები და ლობსტერები), ასევე მოლუსკები და სხვა ნიჟარიანები, ისევე როგორც მარჯნის რიფები და მანგროს ტყეები მჟავიანობის შედეგად გადაგვარების წინაშეა, განსაკუთრებით განვითარების ადრეულ სტადიაზე, როდესაც მეტად მოწყვლადები არიან გარემო პირობებისადმი.

აქვე აღსანიშნავია, რომ ორგანიზმების ნაწილს, როგორიცაა მაგალითად, ზღვის ბალახი და სხვა პლანქტონი ეს ცვლილებები გაუუმჯობესებს საარსებო გარემოს, თუმცა მთლიანობაში მაინც დაირღვევა კვებითი ჯაჭვი და შეიცვლება უარესობისკენ ეკოსისტემა, ის გაღარიბდება.

მარადიული მზრალობის დნობა – მზრალობა მიწის ქვეშ რამდენიმე მეტრის სიღრმეზე გვხვდება. ეს მრავალი წლის განმავლობაში ყინულით გაერთიანებული ქვების, ნიადაგის, სედიმენტების ერთობლიობაა, რომელშიც ასევე მცენარეების და ცხოველების ნაწილებია შერეული, რომლებიც გახრწნამდე გაიყინა. სწორედ ამის გამო, მზრალობა 1500 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგს აკავებს, რასაც შეუძლია დნობის შემთხვევაში გააორმაგოს ატმოსფეროში მისი რაოდენობა. მზრალობა ჩრდილო ნახევარსფეროში ფარავს ხმელეთის 24%-ს, გვხვდება სიმაღლეებზე და მაღალ განედებში. განსაკუთრებით ახასიათებს ციმბირს, ტიბეტს, ჩრდილო კანადას, ალასკას, სკანდინავიას და გრენლანდიას. მზრალობის დნობა ჰაერში ზრდის ნახშირორჟანგის და მეთანის როდენობას, გარდა ამისა, იწვევს მის ზედაპირზე ინფრასტრუქტურის დაზიანებას.

ბიოსფეროს ცვლილებები
ბიოსფერო, რომელიც ორგანული შემადგენელია დედამიწის, ასევე შეიძლება კლიმატის ცვლილების შედეგად დაზარალდეს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე ნელა სწორედ ბიოსფერო იცვლება. მას მილიონობით წელი დასჭირდა ჟანგბადის რაოდენობის დაგროვებით სიცოცხლის გაჩენისთვის შეეწყო ხელი, რაც მცენარეთა რესპირაციის და ფოტოსინთეზის პროცესებს მოჰყვა. მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია, რომ მცენარეები და ცხოველები არეალს შეიცვლიან წაინაცვლებენ მათთვის ხელსაყრელი კლიმატისკენ. ადაპტაციის მაღალი უნარის მქონე მცენარეები და ცხოველები გადარჩებიან, ხოლო სახეობების ნაწილი შეიძლება გადაშენდეს.

კვერცხის დების და ყვავილობის სეზონიც იცვლება, რაც ასევე გარემოსთან ადაპტაციას საჭიროებს.

წყალქვეშა სახეობებიც კლიმატის ცვლილების შედეგად ზიანდებიან. მჟავიანობის მატება კალციფირებული სხეულის მქონე ორგანიზმების განადგურებას შეუწყობს ხელს. ეს უკვე აისახება მარჯნის რიფებზე.

პედოსფეროს ცვლილება
პედოსფეროში დიდი ოდენობით ნახშირორჟანგია დაგროვილი, რაც მცენარეების დახმარებით ხდება. ნიადაგის დეგრადაცია და ტყეების გაკაფვა, ნიადაგის სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ფუნქციის შეცვლა იწვევს მის ეროზიას. ეროზია ასევე გაზრდილი შტორმული ხასიათის მეტეოროლოგიური მოვლენებით არის განპირობებული, ჭარბი ნალექები მას გადარეცხავს, გვალვები – აშრობს, ქარი კი მის გადატანას უწყობს ხელს.
კლიმატის ცვლილების შედეგები საზოგადოებაზე
კლიმატის ცვლილებებზე და მისი ურყოფითი გამოვლინებების შერბილების შესახებ ფიქრი კაცობრიობამ მას შემდეგ დაიწყო, რაც შედეგები სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებზე მძიმედ აისახა.

მაგალითად, მყინვარის დნობა აისახება იმ ადამიანებზე, რომლებიც მდინარის ხეობაში სახლობენ, ისინი წყალდიდობების და წყალმოვარდნების რისკის ქვეშ არიან. გაზრდილი წყლის მოცულობა ასევე ზრდის კაშხლების ნგრევის რისკს, რადგან დიდი მოცულობით წყალს შეუძლია დამბის კედელი გაარღვიოს. ამავდროულად, მყინვარის ბოლომდე დადნობამ წყლის მიწოდება წყალშემკრები აუზის ფარგლებში შეუძლია შეაფერხოს ან საერთოდ გააქროს, რაც მოსახლეობის ფართომასშტაბიან მიგრაციებს გამოიწვევს.

ზოგადად, დნობის მასშტაბი დამოკიდებულია ადამიანის მომავალ გონივრულ ქმედებებზე.

ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენები შეიძლება იქცეს ბუნებრივ კატასტროფად, თუ დაზარალებული მოსახლეობა გარე დახმარების გარეშე ვერ მოახერხებს მის შედეგებთან გამკლავებას.

აღსანიშნავია, რომ კლიმატცვლილების შედეგად გეოფიზიკურ მოვლენებს, როგორებიცაა მიწისძვრა, მეწყერი და ვულკანის ამოფრქვევა, რაოდენობრივად მეტეოროლოგიურმა, ჰიდროლოგიურმა და კლიმატურმა მოვლენებმა გაუსწრო. საინტერესოა, რომ ახალი მიღწევების შედეგად, როცა ადრეული შეტყობინების სისტემები გაუმჯობესდა, მსხვერპლი შემცირდა, ხოლო დაზარალებულების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, ასევე გაიზარდა ამ მოვლენების გეოგრაფიული არეალი.

ექსტრემალური მოვლენების მიერ მიყენებული ზარალის დათვლა ეკონომიკისთვის რთულია. გაეროს მიერ ნაანგარიშებია, რომ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ბუნებრივი კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაზე დაიხარჯა 2908 მილიარდი აშშ დოლარი, საიდანაც კლიმატით გამოწვეულ კატასტროფებზე 77%-ია დახარჯული.
ვარიაციები მდებარეობის, განვითარების, ასაკის, სქესის და განათლების მიხედვით
კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე რისკსა და მოწყვლადობაზე ადგილმდებარეობას, სოციალურ და ეკონომიკურ სხვაობას, ასაკს, სქესს და განათლებას, ასევე რისკისთვის მზადებას დიდი გავლენები აქვს.

განვითარების მიხედვით განსხვავებები – განსაკუთრებული მოწყვლადობით გამოირჩევიან განვითარებადი ქვეყნები, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი თანხები, რომ წინ აღუდგნენ ბუნებრივ კატასტროფებს, გაზარდონ საკუთარი რეზისტენტულობა, შედეგებს კი დროულად გაუმკლავდნენ აღდგენა-რეაბილიტაციით. იზრდება დაავადებებიც, ისეთები როგორებიცაა მალარია, დიარეა თუ ქოლერა. ამ დაავადებების მკურნალობას თანხები სჭირდება, რისი ნაკლებობაცაა ამ ქვეყნებში. დონორ ქვეყნებში კი ასაკობრივი სტრუქტურა იცვლება და მოსახლეობა სიცოცხლის ხანგრძლივობის მატების ფეხდაფეხ ბერდება, მათ თანხების მიმართვა საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობისკენ სჭირდებათ, რის გამოც ზარალდება დახმარებების ბიუჯეტი.

ქვეყნების სიღარიბე ასევე ზრდის დაღუპულთა რაოდენობას. ექსტრემალური მოვლენები ძირითადად მოსავალს ანადგურებს, რაც თვითკმარი სოფლის მეურნეობის პირობებში კიდევ უფრო ამძაფრებს შიმშილობის პრობლემას. ორივე ფართომასშტაბიან შიმშილობას ბოლო ათწლეულის განმავლობაში აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე, ჰქონდა ადგილი. მოიცვა კენია, ეთიოპია და სომალი, ასევე შეეხო მეზობელ ქვეყნებსაც ჯიბუტსა და ერიტრეას. ექსტრემალური მოვლენები მოსახლეობის მიგრაციას იწვევს, სადაც უკეთესი ბუნებრივი პირობებია და უკვე მოსახლეობა საუკუნეებია ტრადიციულად დასახლებულია. ამგვარი გადაადგილებები იწვევენ დაძაბულობას და კონფლიქტებს.

ნახ.2 მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავებები ატმოსფეროს დაბინძურებაში

ღარიბი 50% პასუხისმგებელია 10% დაბინძურებაზე, მაშინ როდესაც 10% მდიდარი 50% დაბინძურების გამომწვევია.

მოწყვლადობა ეს პოტენციური ზიანია, რაც შეიძლება მიიღოს ადამიანმა, ან საკუთრებამ ბუნებრივი კატასტროფული მოვლენის დროს. ბუნებრივ მოვლენებთან გამკლავების უნარს რეზისტენტულობას უწოდებენ. ბუნებრივი კატასტროფა ეწოდება ისეთ მოვლენას, რომლის შედეგებს, ადგილობრივ დონეზე, მოსახლეობა თავს ვერ ართმევს და დახმარება სჭირდება.

ადგილმდებარეობით განსხვავებაში იგულისხმება, თუ სად ცხოვრობს ადამიანი, სანაპიროსთან ახლოს მისი მოწყვლადობა იზრდება ზღვის დონის მატების, წყალთან დაკავშირებული შტორმული მოვლენების გამო, ასევე წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების გამო. ასევე, რაც უფრო ახლოსაა ადგილი ეკვატორთან, მით უფრო მეტია სითბური ტალღების და გვალვების ალბათობა. თუმცა მდიდარ ქვეყნებს უკეთესი შეგუების უნარი აქვთ, ასევე თანხები, რომ შედეგებს გაუმკლავდნენ.

ასაკის მიხედვითაც არის სხვაობა. 5 წლამდე ბავშვები და მოხუცები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან კლიმატის ცვლილებისადმი, რადგან ორივე ასაკობრივი ჯგუფი უფრო რთულად იტანს ექსტრემალურ ტემპერატურებს, ასევე მალარიის გადამტანი კოღოების არეალი, მეტად ხდება დიარეის და სხვა დაავადებების გავრცელება. 160 მილიონზე მეტი ბავშვი გვალვის შესაძლო გავრცელების არეალში ცხოვრობს, ხოლო 2015 წელს დიარეისგან ნახევარი მილიონი ბავშვი დაიღუპა. ციკლონი ჰაიანის დროს ფილიპინებზე 2013 წელს დაღუპულთა 40% მოხუცები იყვნენ, აშშ-ში 2005 წელს კატრინასგან მსხვერპლის 50% ასევე მოხუცი იყო. იგივე შეიძლება ითქვას ევროპის სითბურ ტალღებზე 2003-ში, როდესაც მარტო პარიზში 4000 მოხუცი დაიღუპა, ეს მოხდა აგვისტოს თვეში, როდესაც ოჯახები არდადეგებზე იყვნენ გასულები და მოხუცები მზრუნველობის და თანადგომის გარეშე აღმოჩნდნენ.

სქესის მიხედვით სხვაობები – ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში 22%-ია, რაც მათ უზღუდავს შესაძლებლობას მიიღონ გადაწყვეტილებები, ასევე ქალები ნაკლებად ახერხებენ განათლების მიღებას, ისინი მამაკაცებზე 24%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, შესაბამისად, მათი ეკონომიკური შესაძლებლობები ნაკლებია. ქალები ოჯახში მოხუცებსა და ბავშვებზე ზრუნავენ, ისინი მეტად არიან სახლს მიჯაჭვულები, რის გამოც, ევაკუაციის დროს, ნაკლებ მობილურები არიან, რაც ასევე ზრდის მსხვერპლს. სწორედ ამ სხვაობების გამო ქალები მეტად ზარალდებიან კატასტროფების დროს.

განათლების მიხედვით სხვაობა – განათლების სისტემის გაუმჯობესება მრავალი პრობლემის მოგვარების გზაა, მათ შორის კლიმატის ცვლილებისაც. რადგან განათლებულ მოსახლეობას მეტი წვდომა აქვს ინფორმაციაზე, ადრეულ შეტყობინებებზე და უსაფრთხოების წესებზე, ასევე მათი ჯანმრთელობასთან მიმართება გაუმჯობესებულია, კვლევებით დადასტურებულია, რომ განათლება იწვევს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასაც. განათლება ასევე მეტ შემოსავალს ნიშნავს, რაც მეტი დაცულობის გარანტიას აძლევს ადამიანს.

მეტი განათლება 60%-ით შეამცირებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ მსხვერპლს, როგორც შტიესნიგმა, ლუცმა და პატმა თავიანთი ჩატარებული კვლევით (2013 წელი) დაადასტურეს.

კლიმატის ცვლილების დასაძლევად მიმართული საერთაშორისო ძალისხმევა
ელდრიჯ კლივერი ამბობდა – „თუ არა ხარ პრობლემის გადაჭრის მხარეს, მაშინ თავად პრობლემა ყოფილხარო“. ალბათ, ასე კარგად არაფერი ასახავს იმ ცნობიერების აუცილებლობას, რომლითაც თითოეული ადამიანი უნდა ხელმძღვანელობდეს, ნეიტრალური პოზიცია დღეს არ არსებობს, ან ქმნი პრობლემას საკუთარი თავისთვის, საკუთარი ოჯახის წევრებისთვის და მომავალი თაობისთვის, ან მისი მოგვარებით ხარ დაკავებული.

კლიმატის ცვლილების კონვენციაზე მსოფლიო საზოგადოება 1992 წელს შეთანხმდა, რაც ამ პრობლემისადმი გაზრდილმა წუხილმა გამოიწვია. ამაში კი განსაკუთრებული როლი კლიმატის ცვლილების სამთავრობოთშორისო პანელის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა შეასრულა. უკვე 1994 წელს 197-მა მხარემ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. მხარეები მხარეთა ყოველწლიურ კონფერენციზე (COP) იკრიბებიან და თანხმდებიან ქმედებებზე, სხვადასხვა ინსტრუმენტებზე.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო კიოტოს ოქმი, რომელიც მესამე კონფერენციაზე 1997 წელს მიიღეს, თუმცა ძალაში 2005 წლამდე ვერ შევიდა. საინტერესოა, რომ კიოტოს ოქმი ითვალისწინებდა განსხვავებულ მიდგომას ქვეყნებისადმი, იმისდა მიხედვით, თუ როგორი იყო მათი ეკონომიკა. შედეგად 35 მდიდარ ქვეყანას დაეკისრა ვალდებულება 5%-ით შეემცირებინათ გამონაბოლქვი 1990 წლის მდგომარეობასთან შედარებით. სხვა განვითარებადი ქვეყნებისთვის ვალდებულებები შემცირების მიმართულებით კიოტოს ოქმს არ დაუკისრებია. გარდა ამისა, ქვეყნებს მიეცათ უფლება, თუკი მათი სათბურის ეფექტის გაზებით დაბინძურების ხარისხი კვოტაზე დაბალია, ევაჭრათ დაბინძურების კრედიტებით, ამით დაინტერესებულები იყვნენ ქვეყნები, რომლებიც დაწესებულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ. ამავდროულად, ამავე ქვეყნებს კრედიტების მოპოვება შეეძლოთ ერთობლივი პროექტებით სხვა ქვეყნებთან, რომლებიც კლიმატის ცვლილების შედეგების აღმოფხვრის, ან პრევენციისკენ იყო მიმართული. სწორედ აღნიშნული მიდგომების გამო, კიოტოს შედეგებს განიხილავენ შერეულად, ერთი მხრივ, ამაღლდა ინტერესი საკითხისადმი, ქვეყნებმა თავიანთ სტრატეგიებში გარკვეულწილად გაითვალისწინეს ეს თემები, მეორე მხრივ კი, აღნიშნულმა 35 ქვეყანამ ფურცელზე დატოვა მიზნები, რადგან მათგან 10-მა დაბინძურება ვერ შეამცირა და საჭირო კრედიტები სხვა შესაძლებლობებით მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა დაიწყეს ემისიების შემცირება, მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა ამ პერიოდში დაბინძურება 53%-ით გაზარდეს.

2016 წელს მსოფლიო პარიზის შეთანხმება ამოქმედდა, თუმცა კიოტოს ოქმს ის სრულად 2020 წელს ჩაანაცვლებს. პარიზის ხელშეკრულება მიზნად ისახავს გააძლიეროს გლობალური ძალისხმევა კლიმატის ცვლილებების საფრთხეებზე და შეზღუდოს გლობალური ტემპერატურის ზრდა 2 გრადუსამდე, თუმცა მეტი მცდელობაა საჭირო ტემპერატურის ზრდის 1,5 გრადუსამდე ლიმიტირებისთვის. 2 გრადუსიდან ზემოთ ტემპერატურის ცვლილება საფრთხის შემცველ შედეგებამდე მიგვიყვნს, როგორც ამას კლიმატის ცვლილების სამთავრობოთშორისო პანელი გვაფრთილებს.

ნახ.3 ცვლილებები გარემოში ტემპერატურის განსხვავებული მატების შემთხვევაში

ეროვნულ დონეზე განზრახული განსაზღვრული კონტრიბუცია არის ხელმომწერი ქვეყნების მიერ შედგენილი ეროვნული დონის ამოცანები, რაც 165 ქვეყანას უკვე მზად აქვს. ხშირ შემთხვევაში, ისინი მოიცავენ ადაპტაციის კომპონენტსაც. ასევე არსებობს შეთანხმება, რომ 5 წელიწადში ერთხელ, ხელმომწერი ქვეყნები წარადგენენ ანგარიშს გეგმის შესრულებაზე, დაწესდება მონიტორინგის სისტემა.

კიოტოს ოქმით განსაზღვრული პროცესებიდან განსხვავებით პარიზის ხელშეკრულება:

შეეხება ყველა ქვეყანას და არ მოსთხოვს სათბურის ეფექტის მქონე აირების შემცირებას მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს, რადგან ამას შედეგად მოჰყვება გამონაბოლქვის 53%-ით გაზრდა.
კლიმატის ცვლილების ადაპტაციის გეგმების განხორციელება ასევე მრავალი ქვეყნისთვის გახდება მისაღწევი ამოცანა, რაც მათ უფრო მომზადებულს გახდის კლიმატის ცვლილებების შედეგებისადმი, რათა ნაკლებმა ხალხმა იზარალოს.
2010 წელს შექმნილი კლიმატის მწვანე ფონდი ითამაშებს მნიშვნელოვან როლს პარიზის ხელშეკრულების დანერგვაში. მასში ქვეყნები ნებაყოფლობით შეიტანენ თანხებს, მიუხედავად მათი ფინანსური მდგომარეობისა.
179 ქვეყანას შეთანხმება უკვე რატიფიცირებული აქვს, ნაწილს დადასტურებული და ნაწილს, მიღებული, თუმცა ყველა ეს ფორმა მომდინარეობს სახელმწიფო დონეზე საკანონმდებლო თავისებურებებიდან გამომდინარე. საბოლოოდ, ყველა მათგანს, რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს ხელშეკრულებაზე მიერთება, ერთი შედეგი აქვს და ქვეყნებს განსაზღვრული ვალდებულებებით ბოჭავს.

კიდევ ბევრი დეტალია შესათანხმებელი 2020 წლამდე, ვიდრე შეთანხმება სრულფასოვნად ამოქმედდება, რაც ყოველწლიურ კონფერენციაზე დაზუსტდება.

ლიმატის ცვლილებას ეძღვნება მდგრადი განვითარების მეცამეტე გლობალური მიზანი.

ჩვენ ვხედავთ, რომ კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს საზოგადოების ჯანმრთელობაზე, საკვებისა და წყლის უსაფრთხოებაზე, მიგრაციაზე, მშვიდობაზე. ინვესტირება მდგრად განვითარებაში ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების პრობლემის მოგვარებას, ემისიის შემცირების და კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობის ამაღლების გზით. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებები ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას და პირიქით.

კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა მონეტის ორი მხარეა; მდგრადი განვითარება ვერ მიიღწევა კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების გარეშე, შესაბამისად, მდგრადი განვითარების ბევრი მიზანი არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან.

მდგრადი განვითარების მეცამეტე მიზანია კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება

13.1 ყველა ქვეყანაში გაძლიერდეს რეზისტენტულობა და ადაპტაციის შესაძლებლობები კლიმატით გამოწვეული საფრთხეებისგან და ბუნებრივი კატასტროფებისგან ;

13.2 ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებში, სტრატეგიებსა და დაგეგმარებაში ინტეგრირებული იყოს კლიმატის ცვლილების მონაცემები და საზომები;

13.3 გაძლიერდეს როგორც ადამიანის, ისე ინსტიტუციების შესაძლებლობები, განათლებითა და ცნობიერების ამაღლებით, კლიმატის ცვლილების მიტიგაციაზე, ადაპტაციაზე, შედეგების შერბილებასა და ადრეულ შეტყობინებაზე.

ზოგადად, მდგრადი განვითარების მიზნები მოუწოდებენ ქვეყნებს, მიუხედავად თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობისა, განვითარებას და კეთილდღეობას მიაღწიონ გარემოს დაცვის ფონზე. სიღარიბის დაძლევისთვის ეკონომიკური ზრდა არ არის საკმარისი, ის მოიცავს სოციალურ საჭიროებებს, როგორებიცაა განათლება, ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ისე რომ კლიმატის ცვლილებების და გარემოს დაცვის საკითხები გათვალისწინებული იყოს. კლიმატის ცვლილება ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს, იწვევს რა დიდი თანხების გადატანას მისი უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად. თუმცა მეცნიერები მუშაობენ არაერთი მიმართულებით, რომ ინოვაციური მიდგომებით შეძლონ კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების პრევენცია, დამზოგი და მწვანე ტექნოლოგიური მიღწევების მასობრივი დანერგვა.
გამოწვევები განათლებისადმი
ეფექტური ნაბიჯები განათლებაში კლიმატის ცვლილების მიმართულებით მრავალ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. იმისთვის, რომ ადამიანებმა უსაფრთხოდ იცხოვრონ მიუხედავად კლიმატის ცვლილებების უარყოფითი გამოვლინებებისა, საჭიროა, მთავარი აქცენტი გაკეთდეს პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებაზე, რომლისთვისაც აუცილებელია მონაცემების იდენტიფიცირების, შეგროვების, დამუშავების, ანალიზის უნარების განვითარება. საჭიროა მსჯელობების წარმართვა შესაბამის თემატიკაზე და ინფორმირებული დასკვნების გამოტანის უნარის განვითარება. ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესის ყველა ეტაპისთვის ეფექტური კომუნიკაცია.

2013 წელს ანდერსონის მიერ ჩატარებული კვლევის რეკომენდაციები მოიცავს შემდეგს:

წიგნიერება კლიმატის ცვლილებაზე, ინფორმირებულობა უნდა მოხდეს აქტიური სწავლებით, რომელიც დისციპლინათშორის ინტეგრაციას ეფუძნება.

აქტიური სწავლება ლოკალურ პრობლემებს უნდა ეფუძნებოდეს და მათი გადაჭრისკენ იყოს მიმართული.

მეცნიერული კონცეფტების სწავლების და მოსწავლეების/სტუდენტების ინფორმირების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრის უნარის, კრიტიკული აზროვნების განვითარება, რასაც უნდა მოჰყვეს ინდივიდის ქცევის პოზიტიური ცვლილება.

პრობლემის გადაჭრაზე დაფუძნებულმა განათლებამ უნდა გახადოს მოსწავლეების/სტუდენტების ქცევა მდგრადი, რათა შეამცირონ საკუთარი ეკოლოგიური ნაკვალევი. ამისთვის ეფექტურია, სწავლებაში გამოყენებულ იქნას ისეთი საზომები, როგორიცაა ნახშირორჟანგის ან ეკოლოგიური ნაკვალევის კალკულატორი, კლიმატის ცვლილების მიმართ ცნობიერების ამაღლებამ უნდა მოგვცეს შედეგი – თითოეული ინდივიდი გააცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას გარემოსადმი.

ნარატივი, ვიზუალიზებული მასალა, მაგალითები და ამბები კლიმატის ცვლილების უარყოფით გამოვლინებებზე და ასევე მათი პრევენციის წარმატებულ მაგალითებზე არის სწავლების ქვაკუთხედი.

ტრანსდისციპლინარული მიდგომები კვლავაც კურიკულუმის მთავარ გამოწვევად რჩება, ასევე პრობლემაა დაწერილი კურიკულუმი, რომელიც ხშირად მოიცავს ძირითად თემებს და საჭირო კომპეტენციებს, რამდენად აღწევს საკლასო ოთახამდე, რამდენად ხდება მისი დანერგვა. ამისთვის საჭიროა სასწავლო გეგმა მეტ თავისუფლებას აძლევდეს მასწავლებლებს, რომელებსაც თავდაჯერებულებს და კომპეტენტურებს გახდის ხარისხიანი გადამზადება.

დასკვნისათვის

ქმედებები, რომლებმაც ეფექტურად უნდა შეამცირონ კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგები განსხვავებულია ქვეყნებისთვის და ადამიანებისთვის. ეს გამოწვეულია არაერთი ფაქტორით, როგორებიცაა ქვეყნის განვითარების დონე, ეკონომიკის ძირითადი მიმართულებები, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, ენერგო გენერაციის მთავარი წყარო, რესურსების მოხმარების დონე, გადამუშავების, ნარჩენების მართვის და კონსერვაციის პოლიტიკა. ასევე არანაკლებ როლს თამაშობს ადამიანის პროფილი, რომლის ქცევას განაპირობებს მისი განათლება, სოცილური სტატუსი, სქესი, ასაკი და დასაქმების სფერო.

საჭიროა მეტი ინფორმირება, საფრთხეების უკეთ გაცნობიერება და პასუხისმგებლობის გათავისება. სასარგებლო ქმედებების სხვა, უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს.

შესაძლებელია არაერთი სტატიის ნახვა, რომლებიც კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრის ეფექტურ გზებს გვთავაზობენ. მაგალითისათვის გამოდგება Scientific America-ს სტატია (https://www.scientificamerican.com/article/10-solutions-for-climate-change/), რომელიც 10 პრობლემის გადაჭრის გზას გვთავაზობს. შესაძლებელია ამ პრობლემებზე მოსწავლეებმა/სტუდენტებმა ჯგუფებში იმსჯელონ. დიდი ალბათობით, პრობლემების გადაჭრის ყველა შემოთავაზებულ გზას არ დაეთანხმებიან ან მეტად პრიორიტეტულად პრობლემის გადაჭრის სხვა გზებს მიიჩნევენ და გარდაქმნიან თავისთვის ქმედით გეგმად.

კომენტარები

comments