სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

იდეალური პერსონაჟები ჩრდილებით?

ერთ საკითხზე შევთანხმდეთ – ტექსტის წაკითხვა სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაგვარად ხდება, კერძოდ, ძველ ტექსტს ზოგჯერ ისე კითხულობენ, როგორც ამას თანამედროვე ეთიკა უკარნახებთ. ასეთ წაკითხვას თავისი გამართლება აქვს – ლიტერატურულ პერსონაჟს აღიქვამენ როგორც რეალურ ადამიანს, რომელიც საყოველთაო ეთიკურ კოდექსებს უნდა  ემორჩილებოდეს. მაგრამ ასეთ წაკითხვას თან ახლავს ე.წ. ჟანრის კანონის უგულებელყოფა და, აქედან გამომდინარე, ტექსტის ვულგარული აღქმა. წერილი ვეფხისტყაოსნის ე.წ. იდეალურ პერსონაჟთა ქცევების საკითხს ეხება, ეს შესავალიც მასთან არის დაკავშირებული.

კერძოდ, პოემაში გვხვდება ტარიელისა და ავთანდილის მიერ ჩადენილი ისეთი “გმირობები”, რომელთა გამო მკითხველთა გარკვეული ნაწილი მათ იდეალურობას ეჭვქვეშ აყენებს და სვამს რიტორიკულ კითხვას – მისაღებია თუ არა პრინციპი “მიზანი ამართლებს საშუალებას” და პასუხიც იქვე დევს – რასაკვირველია, არა!
პირველი – ნესტანის დავალებით, ტარიელი სიცოცხლეს ასალმებს ინდოეთში სასიძოდ მოწვეულ ხვარაზმშას ძეს, რომელსაც არაფერი დაუშავებია, მხოლოდ თანხმობა განაცხადა მეფის წინადადებაზე და ინდოეთს ეწვია ნესტანზე დასაქორწინებლად. ავთანდილი კი დაუფიქრებლად კლავს ფატმანის მიერ მითითებულ კაცს, ისე, რომ წინასწარ ამ დავალების მიზეზსაც არ კითხულობს. მკვლელობის შემდეგ ფატმანის მონათხრობი ცოტა კი აფერმკრთალებს თანაგრძნობას მსხვერპლისადმი, რადგან იგი სასტიკად ემუქრებოდა ქალს და რეალურ საფრთხეს შეიცავდა მისი მუქარა, მაგრამ ეს ფაქტი მაინც ვერ გადასწონის მკვლელობას, რომლის ჩადენის შემდეგ ანუ მას შემდეგ, რაც ადამიანი მსხვერპლი ხდება, ყველა დანაშაული “მიეტევება” და მკვლელზე აღმატებულ ეთიკურ ხარისხში გადადის. ამიტომ იწვევს თანამედროვე მკითხველში უხერხულობას და ბრაზსაც კი ავთანდილის მიერ ამ  უზნეო კაცის მოკვლა. ბოლოს და ბოლოს, უზნეობა არ არის ინდულგენცია მკვლელის გასამართლებლად.  თუმცა, როგორც თავში აღვნიშნეთ, ეს არის რეალურ ადამიანებზე მისადაგებული ნორმები და არა – ლიტერატურულ პერსონაჟებზე, რომელთაც ჟანრის კანონი იცავთ.
როდესაც პოემას (ვეფხისტყაოსანს) ვკითხულობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე გვაქვს  სარაინდო რომანთან, რომელსაც თავისი კანონიკა აქვს – ის, რაც არ ეპატიება ჩვეულებრივ ადამიანს, ეპატიება რაინდს. გესმით, ალბათ, ძველი რომაული მაქსიმის ირონიული ინტერპრეტაცია, მაგრამ ასეა. წარმოსადგენადაც კი უხერხულია, სატრფოს ვინმეს მოკვლა დაევალებინა  მიჯნურისთვის, ეს ვინმე მათი სიყვარულისთვის სერიოზული საფრთხის მატარებელი ყოფილიყო და მას ზნეობასა და ეთიკაზე დაეწყო ლაპარაკი სატრფოსთან. ასეთი ტექსტი წარმოვიდგინოთ: “მესმის, ძვირფასო! ჩვენს სიყვარულს საფრთხე ემუქრება და მის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გავიღოთ, ამიტომ, იქნებ, მკვლელობაც გამართლებული იყოს. მოვკლავდი, მაგრამ მცნებებიც გვიშლიან და მებრალება კიდეც, ბოლოს და ბოლოს, მან რა დააშავა, ის ხომ მამაშენმა მოიწვია სასიძოდ?!” ამგვარი ტექსტის სხვადასხვაგვარი გავრცობაც შეიძლება, მაგრამ მკითხველი დამეთანხმება, რამდენად არაბუნებრივი, სასაცილო და ყალბია მთელი ეს ზნეობრივი რიტორიკა, როდესაც საქმე ეხება ღვთაებრივი სიყვარულით აღტყინებულ მიჯნურებს, ისეთებს, რომელთა დაჯდომა სამეფო ტახტზე “სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა”. მით უფრო, რომ უმაღლესი სუზერენის წინაშე ვერაფერს გააწყობენ მისი ქალიშვილი და მისივე “ხელქვეითი”. რა არჩევანი რჩება, გარდა შეთქმულებისა?! – არც არაფერი და, ზოგადად, შეთქმულება პროტესტის უკიდურესი ფორმაა, რისკებით და საფრთხეებით სავსე, რომელიც სახალისო ნამდვილად არ არის, მაგრამ არც სხვა გზა არსებობს, ამიტომაც ირჩევენ ადამიანები “გარიგების” ამ ფორმას. ტარიელის მიერ სატრფოს წინადადების მიღება ისეთივე ბუნებრივი და აუცილებელია, როგორის – ავთანდილის მიერ თინათინის დავალების შესრულება, რომელსაც ასევე ახლავს თავისი რისკები – ქვეყნის მთავარსარდალი ტოვებს თავის სახელმწიფოს, ივიწყებს თავის უპირველეს მოვალეობას და, ლამის, შეუსრულებელი დავალების შესასრულებლად მიემართება. ავთანდილის საქციელი ერთგვარი ღალატია საკუთარი მოვალეობისა სახელმწიფოსადმი, რაც საკმაო მიზეზია იმისათვის, რომ ადამიანის პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ, თუმცა, ამ შემთხვევაში ავთანდილი ნაკლებად იკიცხება მკითხველისგან, ყველაფერი გასაგებია მანამ, სანამ მასაც მოუწევს ადამიანის მოკვლა, რათა მხოლოდ სატრფოს დავალება კი არ შეასრულოს, არამედ, აწ უკვე, – მეგობრისადმი მიცემა პირობა, რომ მის სატრფოს იპოვის და იხსნის მათ მიჯნურობას. ასეა თუ ისე, ტარიელიც და ავთანდილიც მკვლელები არიან, თანაც, საკმაოდ სასტიკი და დაუნდობელი მკვლელები, თითქოს გამოცდილნი და გამობრძმედილნიც ამ საქმეში, რაც გასაკვირი სულაც არ არის – ორივე ნაბრძოლ-ნაომარი ვაჟკაცია, მათთვის ომი და ბრძოლა ჩვეულებრივი “დღის წესრიგია”. თუ ეპოქას და ჟანრის კანონს გავიხსენებთ, მიჯნურის დავალება ისეთივე მაღალი მოვალეობაა, როგორიც მცნებების დაცვა ანუ ესეც ეთიკის საკითხია, მხოლოდ სამიჯნურო ეთიკისა, რომელიც არათუ დაბლა დგას სხვა რომელიმე კოდექსზე, არამედ, პირიქით, მიწიერ იერარქიაში ყველაზე მაღალი ნიშა უჭირავს – შუასაუკუნეების სარაინდო რომანში მიჯნურობა ღმერთთან გატოლების, ღმერთის მიმსგავსების და მისი “გამეორების” მცდელობაც არის. ფაქტობრივად, მიჯნურობა აძლევს ადამიანს შანსს, უმაღლეს იერარქიებს მიემსგავსოს, თავისი სახე და ხატება აღიდგინოს, “შეერთოს ზესთ მწყობრთა წყობას” ანუ ზენა იერარქიებს, სადაც დღისით და ღამით შეიძლება ხილვა “მზისა ელვათა კრთომისა”. ამ გადმოსახედიდან ნებისმიერი ხვარაზმშა და ნებისმიერი ჭაშნაგირი, რა გასაკვირია, თუ მხოლოდ საშუალებაა და ნამდვილად ესადაგება ასევე ძველ მაქსიმას – “მიზანი ამართლებს საშუალებას”, ამართლებს, დაახლოებით, ისე, როგორც – ომში მოწინააღმდეგის მოკვლა. სადავო არ არის, რომ ომის კანონები მშვიდობის კანონებს ვერ მიჰყვება – მტერია? მოკალი! “არა კაც-ჰკლა” და სხვა ამგვარი მოწოდებები იქ არ ჭრის, არც ვინმე გაგკიცხავს, არც ვინმე დაგადანაშაულებს, თუ იარაღით შენკენ მომართულ ადამიანს დაასწრებ და სიცოცხლეს  გამოასალმებ.  წამება,  არაადამიანური მოპყრობა, დამცირება, პატივისა და ღირსების შელახვა, მასთან ერთად, მოროდიორობაც კი, კანონით ისჯება, მაგრამ შუა ომში მტრის მოკვლა ბიბლიურ მცნებას აბსოლუტურად უგულებელჰყოფს. ამ კონტექსტიდან არის დასანახი ტარიელისა და ავთანდილის მიერ ხვარაზმშას და ჭაშნაგირის მკვლელობები და არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან დროებაში ადამიანის მკვლელობებთან, ნესტანი და ტარიელი უდიდეს ომში ჩაბმულნი აღმოჩნდნენ, შემდეგ კი ამ ომში “მოხალისედ” შეუერთდათ ავთანდილი – “სევდის მუფარახი და ცნობიერთა დასტაქარი”, ადამიანი, რომლის ძალისხმევის გარეშე ნესტან-ტარიელის ღვთაებრივ მიჯნურობას ახდენა არ ეწერა. დიახ, ნამდვილად ამართლებს მიზანი საშუალებას, როდესაც ომში ხარ, როდესაც ბრძოლა უთანასწორო და წინასწარ განწირულია, როდესაც ყველა გონივრული და რაციონალური ნაბიჯი მხოლოდ მიზნის მიღწევაში გეხმარება და რომ არა ეს მიზანი, ნამდვილად ვერავინ დააბრალებს ჩვენს  იდეალურებს, რომ ადამიანის სისხლი სწყურიათ. პირიქით, ორივე “უსისხლოდ” კლავს თავის მსხვერპლს, უსისხლოდ ანუ “მინიმალური” დანაკარგებით, კლავენ მხოლოდ ერთს და არ ებმებიან ფართომასშტაბიან ბრძოლაში, რათა ზედმეტი სისხლისღვრა თავიდან აიცილონ. ალბათ, აღარ არის საჭირო, მაგრამ მაინც გავიხსენოთ, როგორი ვაჟკაცები და ჰუმანისტები არიან, როგორც ტარიელი, ისე – ავთანდილი, როგორი პატივით ეპყრობა ინდოეთის სპასპეტი მის მიერ დამარცხებულ ხატაეთის მეფეს – “ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამსგავსე”, ავთანდილი კი უცხო მოყმის ძებნისას დაღუპვის შემთხვევაში მონების გათავისუფლებასა და გლახაკთა მოწყალებაზე ზრუნავს.
და ბოლოს, როდესაც საქმე გვაქვს მაღალი კლასის ლიტერატურულ ძეგლთან, რომლის ავტორი მკითხველს სთავაზობს დიადი გმირების თავგადასავალს და თხრობისას მკითხველი ხედავს და გრძნობს ავტორის სიყვარულსა და პატივისცემას საკუთარი გმირებისადმი, ამავე მკითხველს ჰმართებს, კარგად გაიაზროს თითოეული დეტალი, შეუხამ-შეუსაბამოს ლიტერატურულ კონტექსტს და ჟანრის კანონებს და თუ მაინც ვერ ამოხსნის მარტივ ამოცანებს, მხოლოდ ვულგარულ წამკითხველად დარჩება და არა – ჭეშმარიტების ამომხსნელად, რაგინდ მაღალი ეთიკური კანონი უმაგრებდეს ზურგს პროტესტის გამოხატვისას. ჟანრის კანონი უკვდავია, ისევე, როგორც, ამ ჟანრის მიერ იდეალურ გმირებად სახელდებული პერსონაჟები და მისი ნგრევა მხოლოდ ახალი ლიტერატურის დაწერის საფუძველს იძლევა და არა – ახალი ინტერპრეტაციისას, რაც, თავისთავად, საინტერესო იქნებოდა, რომ არა მთავარი გეზიდან გადახვევა, რაც ლიტერატურული ტექსტის წაკითხვისას, ფაქტობრივად, ჩიხია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი