„მოგზაურობა სიზმარეთში“ – სათავგადასავლო წიგნი ყველაზე პატარა მკითხველისთვის.

არდადეგები დასრულდა, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უფროსებმა კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის სია ცხრა თვით უნდა დავივიწყოთ, პატარებმა კი გართობასა და თამაშზე თქვან უარი. ბავშვები, ისევე როგორც კითხვა, ვერ იტანენ ბრძანებით კილოს! ასე რომ, არ ვნებდებით და ვაგრძელებთ იმ ჯადოსნური წიგნის ძებნას, უკურნებელ სენს, „კითხვის სიყვარულს“ რომ შეჰყრის ჩვენს მოსწავლეებსა თუ შვილებს.

ჩემი წერილის ადრესატები ამჯერად ყველაზე პატარები იქნებიან, უფროსების იმედად რომ შესცქერიან საბავშვო წიგნების გვერდებზე გაბნეულ ასოებს ან კითხვა სულ ახლახანს ისწავლეს. სწორედ მათი გემოვნების, სურვილებისა და ოცნებების გათვალისწინებით მსურს თქვენთან ერთად გავარკვიო, როგორი წიგნები მოსწონთ პატარებს? კარგად თუ დავფიქრდებით და ჩვენს ბავშვობას ობიექტურ თვალს გადავავლებთ, მარტივი პასუხის გაცემა არ გაგვიჭირდება: ისეთები, გულიანად რომ გააცინებთ, გაართობთ, თავგადასავლებისა და თამაშის ხასიათზე დააყენებთ!

მეგულება კიდეც ასეთი: თავსატეხებიან-გამოცანებიან-რუკებიანი, „ძირძველი ჯადოსნური წესებით:“

დავით ზურაბიშვილის

„მოგზაურობა სიზმარეთში

ანუ

 გიორგის და ანასტასიას არაჩვეულებრივი თავგადასავალი.“

გადაშლისთანავე, არა მხოლოდ პატარებს, უფროსებსაც მოგხიბლავთ. გულიანად გაგაცინებთ სრულიად სიზმარეთის გეოგრაფიული თუ საკუთარი სახელები და შესაძლოა, სანამ შვილებს ან შვილიშვილებს წაუკითხავთ, ჯერ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გაუზიაროთ რუკაზე აღმოჩენილი ქვეტექსტიანი კუთხე-კუნჭულები: ბერმრუდის ოთხკუთხედი, დუქანი „ლომის ხახა,“ კედლისმნგრეველის სასახლე, გიორგეთი, გრინლანდია, ბლურჯინია, გოლდონია, ალიონია, მაგნომია და დიდი როდინის ნაკრძალი, სადაც ვარჯებგაშლილი წმინდა გარგარის ხე ხარობს!..

ახლა, პერსონჟებს აღარ იკითხავთ? კიტუს ანთროპიკუსი, ბაბოიგა, ოხრადბეგი, ალთა ბალთაზარი, პროთევზი, ფუტროს-მუტროსი, ფერია ლორიელი, დრაკონიერი, წარჩინებული მეხანძრე ალხანა, ყოფილი მეხანძრე ჩალხანა, მეხანძრეთუხუცესი ჯაბახანა, მოლაპარაკე ნათურა და სხვა უამრავი გმირი თქვენთან ერთად თავგადასვლების მოლოდინშია.

უფროსები სათანადოდ რომ გაერთობით, ბავშვების ჯერიც დადგება ანუ იმ ორი მთავარი გმირის გაცნობის, ძალიან რომ უყვართ ზღაპრები, ომობანას თამაში და ბოროტებთან შერკინება. გიორგი და ანასტასია პირველივე თავში ჩაგვითრევენ სახიფათო მოგზაურობაში და თვალნათლივ დაგვანახვებენ, რა გაუთვალისწინებელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ტელეფონით თამაშს!

დიახ, დიახ, ნომრების  ალალბედზე აკრეფისთანავე, შესაძლოა ოთახში მოულოდნელად ჩამობნელდეს (დასიბნელდეს, როგორც ანასტასია იტყოდა) და მწვანეთვალება, გრძელწამწამა, თეთრი, ქათქათა პირისკანიანი ფერია გამოგეცხადოთ, მხრებამდე ჩამოშვებული ღია ფერის ტალღოვანი თმით,  ვარდისფერი, გრძელი კაბითა და მხარზე ჩანთით (რომელშიც ჯადოსნური, ბრჭყვიალა ჯოხი იმალება)… და რადგან გამოიძახებთ, ეს ზღაპრული ქალბატონი (ფერიების წესის მიხედვით) ერთ სურვილსაც აგისრულებთ (გიორგისა და ანასტასიას შემთხვევაში – ორს). არ გეგონოთ შესაძლებლობები და სურვილების სია შეზღუდული ჰქონდეს – ახალი ფერარი და მაკლარენი თვალის დახამხამებაში ჩნდება ბავშვების სახლის წინ, ეზოში!..

თუმცა… ტელეფონით თამაშის თანამდევი მოვლენები ფერიას ვიზიტით არ ამოიწურება, მალე ლურჯკოსტუმიანი, თმაგაჩეჩილი, ულვაშიანი, უჟმური კაციც გამოჩნდება (ერთი შეხედვით ჯიჯღინაა, მაგრამ კეთილი), მალე კი ისეთი დავიდარაბა ატყდება, ახალთახალი ფერარი და მაკლარენი წიგნის ბოლომდე არავის გაახსენდება.

ალბათ გაგიკვირდათ და იკითხავთ, რატომო? პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივი იქნება: ბავშვებს ხომ სერიოზულად არავინ უსმენს. რამდენიც არ უნდა ეჩიჩინონ მშობლებს, შორეულ ქვეყანაში, სადაც მეფეები, ჯადოსნური მეომრები და ფერიები ცხოვრობენ, უფლისწულია გადასარჩენიო, ირონიული ღიმილის მეტს ვერაფერს დაიმსახურებენ. სწორედ ამიტომ არის იძულებული ლურჯი ქვეყნის ჯადოქარი ბამბურა (ლურჯკოსტუმიანი, თმაგაჩეჩილი, ულვაშიანი, უჟმური, ჯუჯღუნა მაგრამ კეთილი კაცი) დრო გააჩეროს, ჩანთიდან დიდ მაღვიძარა ამოიღოს და ირგვლივ ყველაფერი გააშეშოს: ბებია, ბაბუა, ონკანში მოშვებული წყალი, მოშრიალე ხეები, ჰაერში მონავარდე ჩიტები. წინააღმდეგ შემთხვევაში სახლიდან გაუჩინარებულ ბავშვებს უფროსები ძებნას დაუწყებენ, სიზმარეთის მომავალი უფლისწული კი საურ-მაგ ბუნდოვანის …

საკმარისია, აჯობებს აქ გავჩერდე და არაფერი აღარ გითხრათ!

თუ წიგნით დაინტერესდით, თავადაც მშვენივრად დარწმუნდებით როგორი ზღაპრული ხერხებით აგვარებენ საქმეებს პატარები. როგორ ინაცვლებენ მგლის ხახიდან მძინარე გამოქვებულში, ჭინკების გარემოცვიდან ზღვის ფსკერზე, დიდბორცვის ველიდან გოლდონიის ქუდბედიანი უფლისწულის გარემოცვაში. კეთილისა და ბოროტის მარადიულ ჭიდილში ჩართულები, ცოდნას და გამოცდილებას აგროვებენ და ხვდებიან, რომ ტკბილი „ნამცხვრებით გამსპინძლება სულაც არ ნიშნავს ტკბილ მასპინძლობას,“ რომ „გზის არჩევაში გზა კი არ არის მთავარი, არამედ არჩევანი!“

უფროსებს კი ისღა დაგვრჩენია, ვაღიაროთ, რომ კარგი საბავშვო წიგნის დანიშნულება მხოლოდ წიგნიერების დონის ამაღლება როდია. გართობა და თამაშიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. გაგაფრთხილეთ კიდეც თავიდან – პატარების ოცნებებსა და სურვილებს გავითვალისწინებ-მეთქი. გაგაფრთხილედ თამამად, ვინაიდან მეგულებოდა წიგნი, რომლის სათაურშიც შეთხვევით არ გახლავთ ნახსენები სიტყვა „არაჩვეულებრუივი!“

 

კომენტარები

comments