წარმოიდგინეთ მასწავლებელი, რომელიც AI-ს ყოველ ჯერზე ხელახლა უხსნის: „მე-6 კლასის მასწავლებელი ვარ, ვასწავლი კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, მჭირდება მარტივი ენა და კონკრეტული მაგალითები“, – მერე აძლევს დავალებას, იღებს პასუხს, მეორე დღეს კი ყველაფერი თავიდან იწყება.
სამივე დიდი AI-ასისტენტი: ChatGPT, Claude და Gemini, – დიდი ხანია, აღარ არის მხოლოდ „კითხვა-პასუხის“ ყუთი. თითოეულ მათგანს აქვს ფუნქციები, რომლებიც კონტექსტს იმახსოვრებს, მუდმივ სამუშაო სივრცეს ქმნის და აწყობს საკუთარ „ასისტენტს“ კონკრეტული ამოცანისთვის. პრობლემა ის არის, რომ ეს ფუნქციები ინტერფეისის მეორე თუ მესამე მენიუშია დამალული და მასწავლებელთა უმეტესობა მათ ვერასდროს ნახულობს, თუ საგანგებოდ არ მოძებნა. უფრო მეტიც: სამივე ეს ინსტრუმენტი შექმნილია უმთავრესად ამერიკული სკოლის კონტექსტისთვის, ასე რომ, ქართველი მასწავლებლისთვის საკმარისი არ არის უბრალოდ ფუნქციების ცოდნა, საჭიროა იმის გაგებაც, რა მუშაობს საქართველოდან და რა არა.
ეს სტატია ეხება არა იმას, როგორ დავწეროთ ერთი კარგი მოთხოვნა, არამედ იმას, როგორ შევინახოთ ეს კონტექსტი ისე, რომ აღარასდროს დაგვჭირდეს მისი თავიდან დაწერა.
- ChatGPT: Projects და Custom GPT-ები
Projects მუდმივი სამუშაო სივრცეა და ამ სივრცეში ერთხელ ჩაწერილი ინსტრუქცია და ატვირთული ფაილები ყველა შემდეგი საუბრისას „ახსოვს“ ChatGPT-ს. ქმნით პროექტს, მაგალითად, სახელწოდებით „მე-6 კლასის მათემატიკა“, მიუთითებთ კლასის დონეს, სილაბუსს და სასურველ სტილს, ატვირთავთ პროგრამის დოკუმენტს და შემდეგ ყოველი მოთხოვნა (გაკვეთილის გეგმა, ტესტი, დავალება) ავტომატურად ითვალისწინებს ამ კონტექსტს.
Custom GPT კი ერთი ნაბიჯით წინაა: დამოუკიდებელი, კონფიგურირებადი ასისტენტია კონკრეტული ამოცანისთვის, მაგალითად, ასეთი სათაურით: „ტესტების გენერატორი ჩემი საგნისთვის“. განსაზღვრავთ ინსტრუქციას, ატვირთავთ ცოდნის ბაზას (მაგალითად, წლის განმავლობაში დაგროვილ საუკეთესო დავალებებს) და მერე უბრალოდ იძახებთ ასისტენტს ნებისმიერ დროს, გამეორების გარეშე. ამ ასისტენტის გაზიარებაც შესაძლებელია – თუ თანამშრომელ მასწავლებელთან ერთად აწყობთ საგნობრივი ჯგუფის სამუშაო ინსტრუმენტს, შეგიძლიათ, ერთი Custom GPT ერთად გამოიყენოთ დამატებითი ინსტალაციის გარეშე.
| პრაქტიკული სცენარი:
შექმენით ერთი Project თქვენი საგნისა და კლასის მიხედვით. ცოდნის ბაზაში ატვირთეთ სილაბუსი და „კარგი“ გაკვეთილის გეგმის ერთი მაგალითი. ეს ერთი მაგალითი მოქმედებს როგორც სტილის ეტალონი, რომელსაც ChatGPT ყოველ შემდეგ პასუხში ითვალისწინებს. |
2025 წლის ნოემბერში OpenAI-მ ასევე გაუშვა ChatGPT for Teachers – უფასო წვდომა გაფართოებულ შესაძლებლობებზე ვერიფიცირებული K-12-ის მასწავლებლებისთვის (K-12 ამერიკული სისტემის ტერმინია, რომელიც ბაგა-ბაღიდან მე-12 კლასამდე სწავლებას აღნიშნავს). პროგრამა 2027 წლის ივნისამდე მოქმედებს, მაგრამ ვერიფიკაცია მხოლოდ აშშ-ის სკოლის ელფოსტით ხდება, საქართველოდან ის პირდაპირ ხელმისაწვდომი არ არის.
- Claude: Projects, Styles და პირადი შაბლონები
Claude-ზეც არის Projects იმავე პრინციპით. ამას ემატება Styles წინასწარ განსაზღვრული ან საკუთარი პროფილები. ერთი მათგანი, Learning სტილი, პასუხის ნაცვლად სოკრატულად, კითხვებით მიგიყვანთ პასუხამდე. ეს კარგია, თუ გინდათ, მოსწავლემაც ისე გამოიყენოს, რომ პასუხის დაკოპირების ნაცვლად თვითონ იფიქროს. სტილები ერთი დაწკაპებით ირთვება ნებისმიერ საუბარში, ჩატის ინსტრუქციის ხელახლა წერის გარეშე.
| მნიშვნელოვანი დაზუსტება:
სოციალურ ქსელებში ხშირად ვხვდებით პოსტებს „Claude-ის 50 საიდუმლო კოდის“ შესახებ – ეს არის სია სლეშით დაწყებული ბრძანებებისა, როგორიცაა /debrief, /critic, /eli5. მნიშვნელოვანია, გავიგოთ: ეს არ არის claude.ai-ს ჩატში ჩაშენებული ფუნქცია, ასეთი სლეშ-ბრძანებები რეალურად მუშაობს მხოლოდ დეველოპერულ ინსტრუმენტში, Claude Code-ში. რასაც ეს პოსტები რეალურად გვთავაზობს, არის იდეა: შაბლონების საკუთარი ლექსიკონის შექმნა. თქვენ თვითონ წყვეტთ, რომ სიტყვა „მოკლედ“ ნიშნავს „მაქსიმუმ 5 წინადადებით, მაგალითების გარეშე“ და ამ განმარტებას ინახავთ Project-ის ცოდნის ბაზაში, მერე კი მოთხოვნის ბოლოს უბრალოდ წერთ: „მოკლედ“. იგივე პრინციპი მუშაობს სამივე პლატფორმაზე. |
2026 წლის 14 ივლისს Anthropic-მაც გაუშვა Claude for Teachers – უფასო წვდომა გაფართოებულ ფუნქციებზე სასწავლო სტანდარტებთან ინტეგრირებული მასალებით (Learning Commons-ის პარტნიორობით). ეს პროგრამაც მხოლოდ აშშ-ის ვერიფიცირებული K-12-ის მასწავლებლებისთვისაა, მაგრამ ჩვეულებრივი Claude-ის ანგარიშითაც (Projects, Styles) სავსებით შესაძლებელია იმავე ლოგიკის გამოყენება.
- Gemini: Gems და Google Classroom-ის ინტეგრაცია
Gemini-ს უპირატესობა ის კი არ არის, რომ რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს, არამედ ის, რომ პირდაპირ არის ჩაშენებული Google Docs-ში, Slides-ში, Forms-სა და Classroom-ში. თუ სკოლა Google Workspace for Education-ს იყენებს (Google-ის საგანმანათლებლო პაკეტი Gmail-ით, Drive-ითა და Classroom-ით), დამატებითი ინსტალაცია არ სჭირდება.
Gems არის Gemini-ს ვერსია Custom GPT-ის იდეით, რაც გულისხმობს საკუთარი, კონკრეტულ ამოცანას მორგებული ასისტენტის შექმნას. მასწავლებლები ხშირად აქ ქმნიან ერთ Gem-ს, რომელიც ყოველი გაკვეთილის ბოლოს ავტომატურად აგენერირებს გასასვლელ ბილეთს (exit ticket) – ერთხელ აწყობთ ფორმატსა და სირთულის დონეს, მერე კი უბრალოდ ამატებთ იმ დღის გაკვეთილის თემას. სკოლებში, სადაც Google Classroom გამოიყენება, Gemini პირდაპირ ხელმისაწვდომია ცალკე ჩანართიდან და საშუალებას იძლევა, საკუთარი მასალის საფუძველზე შეიქმნას როგორც წერილობითი, ისე აუდიოფორმატის შემაჯამებელი დავალებები, განსაკუთრებით სასარგებლო იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სმენით აღქმა უფრო ეხმარება ან ენობრივი ბარიერი აქვს.
| პრაქტიკული სცენარი:
თუ თქვენი სკოლა იყენებს Google Classroom-ს, სცადეთ Gemini-ს ჩაშენებული ფუნქცია პირდაპირ იქიდან, ატვირთეთ საკუთარი მასალა და მოითხოვეთ ადვილად საკითხავი დამხმარე ტექსტი ან შემაჯამებელი აუდიოვერსია. |
შედარებითი ცხრილი
| პლატფორმა | მთავარი
„მეხსიერების“ ფუნქცია |
საუკეთესოა… | უფასო K-12 პროგრამა |
| ChatGPT | Projects + Custom GPT-ები | სტანდარტიზებული, განმეორებადი დავალებებისთვის | დიახ (მხოლოდ აშშ) |
| Claude | Projects + Styles | კონკრეტული ტონისა და სირთულის მუდმივი დაცვისთვის | დიახ (მხოლოდ აშშ) |
| Gemini | Gems + Workspace-ის ინტეგრაცია | სკოლებისთვის, სადაც უკვე მუშაობს Google Classroom | დიახ (გლობალურად, თუ სკოლას აქვს Workspace for Education) |
პრაქტიკული სცენარები საგნების მიხედვით
პრინციპი სამივე პლატფორმაზე ერთია: ერთხელ აწყობთ, მუდმივად იყენებთ. აი, როგორ გამოიყურება ეს კონკრეტულ საგნებში:
- ქართული ენა და ლიტერატურა – Project/Gem: ატვირთავთ საკლასო ტექსტს და ავალებთ, ყოველ ჯერზე გამოიმუშაოს წასაკითხის გააზრების კითხვები კონკრეტული სირთულის დონეზე, გამეორების გარეშე;
- მათემატიკა – ასისტენტი, რომელსაც აძლევთ ერთ სანიმუშო ამოცანას და სთხოვთ, იმავე სირთულის 5-10 მსგავსი ვარიანტი შექმნას ამოხსნის ეტაპებით, დასაბეჭდად მზა ფორმატში;
- საქართველოს ისტორია / საზოგადოებრივი მეცნიერებები – ასისტენტი, რომელიც სახელმძღვანელოს პარაგრაფს ან თემას გარდაქმნის განხილვის კითხვებად, დიფერენცირებული სირთულის ვარიანტებად სხვადასხვა მოსწავლისთვის;
- დაწყებითი კლასები – ასისტენტი მკაცრად შეზღუდული ლექსიკით და მოკლე წინადადებებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ტექსტების ან სავარჯიშო ფურცლების შესაქმნელად.
რას ნიშნავს ეს კონკრეტულად ქართული სკოლისთვის
წვდომის საკითხი. ChatGPT for Teachers და Claude for Teachers – ორივე ამჟამად მხოლოდ აშშ-ის ვერიფიცირებული K-12-ის მასწავლებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. საქართველოში ეს პროგრამები პირდაპირ არ მუშაობს. Gemini ოდნავ განსხვავებულია: თუ სკოლას უკვე აქვს Google Workspace for Education-ის დომენი, Gemini-ს მრავალი ფუნქცია ავტომატურად, დამატებითი გადახდის გარეშე ირთვება. სამივე პლატფორმის ჩვეულებრივი (არა-„Teachers“) ვერსიები მაინც ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი ანგარიშით.
სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა. Claude for Teachers-ს, მაგალითად, პირდაპირ აქვს ინტეგრაცია ამერიკული შტატების საგანმანათლებლო სტანდარტებთან. მან „იცის“, რა უნდა ისწავლოს მეექვსეკლასელმა კონკრეტულ შტატში. არცერთ პლატფორმას მსგავსი კავშირი საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ავტომატურად არ აქვს და ვერც ექნება. ეს ნიშნავს, რომ თქვენი როგორც მასწავლებლის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ნაბიჯია, საკუთარი საგნის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ნაწილი თვითონ ატვირთოთ Project-ის ან Gem-ის ცოდნის ბაზაში. ამით ფაქტობრივად ქმნით თქვენს პირად Learning Commons-ს – ამერიკული ვერსიის ქართულ ვარიანტს.
ენა: ინტერფეისი და პასუხი; ორი განსხვავებული რამ. OpenAI-ს ოფიციალური დახმარების ცენტრის მონაცემებით, ChatGPT-ს ინტერფეისის ენების სიაში ქართულიც შედის, ანუ შეგიძლიათ, მენიუც კი ქართულად გადართოთ. თუმცა ინტერფეისის ენა და პასუხის ენა ორი დამოუკიდებელი პარამეტრია. რომელ ენაზეც წერთ, ჩვეულებრივ, იმავეზე გპასუხობთ სამივე ასისტენტი, განურჩევლად ინტერფეისის ენისა. ტექსტის ხარისხის მხრივ ლოკალიზაციის სპეციალისტები ქართულს (სომხურთან და აზერბაიჯანულთან ერთად) ხშირად აქცევენ ჯგუფში, სადაც შედეგი, საზოგადოდ, კარგია, მაგრამ ნაკლებად სტაბილური, ვიდრე დასავლეთევროპულ ენებში, ამიტომ გრძელი, ტექნიკური ან საგნობრივი ტერმინოლოგიის შემცველი პასუხების გადამოწმებაა საჭირო, განსაკუთრებით მანამდე, სანამ მოსწავლეს გადასცემთ.
მონაცემთა დაცვა. 2026 წლის 2 მარტიდან საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ზედამხედველობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს. მანამდე არსებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები მთლიანად მას გადაეცა. საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კვლავ ის საბაზისო დოკუმენტია, რომელსაც უნდა დაეყრდნოთ, და არა ამერიკული FERPA თუ COPPA, რომლებზეც ხშირად წააწყდებით ინგლისურენოვან სახელმძღვანელოებში.
პრაქტიკული ნაბიჯები
| სცადეთ ეს:
1. აირჩიეთ ერთი პლატფორმა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ. 2. შექმენით ერთი Project ან Gem თქვენი მთავარი საგნისთვის. 3. ჩაწერეთ ინსტრუქცია: კლასის დონე, თქვენი სასურველი ტონი, რისი გაკეთება არ გინდათ (მაგ., „არანაირი პათეტიკური მოტივაციური ფრაზა“). 4. ატვირთეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ნაწილი – ეს ერთი ნაბიჯი ავსებს იმას, რასაც ეს ინსტრუმენტები ავტომატურად ვერ „იცნობენ“. 1. ატვირთეთ ერთი მაგალითი „კარგი“ მასალია გეგმა, ტესტი თუ დავალება, რომელიც თქვენს სტილს ასახავს. 2. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ყველა AI-მოთხოვნა ამ ერთი სივრციდან წარმართეთ და შეადარეთ, რამდენი დრო დაზოგეთ. |
ის, რაც დამატებით უნდა გაითვალისწინოთ
| ორი პრაქტიკული გაფრთხილება:
* მოსწავლეთა მონაცემები – Project-ის ან Gem-ის ცოდნის ბაზაში ნიშნების, შეფასებების ან პირადი ინფორმაციის ატვირთვამდე ამოშალეთ ან შეცვალეთ სახელები და სხვა საიდენტიფიკაციო დეტალები. ეს ერთი ჩვევა თავიდან აგარიდებთ მოსალოდნელ გაუგებრობებს. • ინსტრუმენტები სწრაფად იცვლება – ინტერფეისის ღილაკები და ფუნქციების სახელები რამდენიმე თვეში შეიძლება შეიცვალოს. თუ რამეს, აქ აღწერილს, საკუთარ ანგარიშში ვერ პოულობთ, გადაამოწმეთ პლატფორმის ოფიციალურ დახმარების გვერდზე. |
არცერთი პლატფორმა არ არის ყველასთვის „საუკეთესო“. ChatGPT-ს Custom GPT-ები კარგია განმეორებადი, სტანდარტიზებული დავალებებისთვის; Claude-ის Projects და Styles განსაკუთრებით ეხმარება მათ, ვისაც სჭირდება კონკრეტული ტონისა და სირთულის მუდმივი დაცვა; Gemini კი აშკარა არჩევანია მათთვის, ვინც უკვე Google Workspace-შია ჩართული. მაგრამ გაითვალისწინეთ: არცერთი ეს ინსტრუმენტი არ იცნობს საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმას თქვენზე უკეთ და არცერთი მათგანი არ არის შექმნილი ქართული სკოლისთვის. ეს ხარვეზი მხოლოდ თქვენ, მასწავლებელს, შეგიძლიათ შეავსოთ ერთხელ გულდასმით აწყობილი Project-ისა თუ Gem-ის სახით. გაკვეთილის წინ ნუ გახსნით ცარიელ ჩატს, გახსენით ის ერთი სივრცე, სადაც თქვენი კონტექსტი უკვე ინახება. სწორედ აქ იზოგება ის ნახევარი საათი, რომელიც ყოველდღე ხელახალ ახსნაზე იხარჯებოდა.


