ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ შევადგინოთ სარემედიაციო გაკვეთილის გეგმა

სარემედიაციო გაკვეთილის ჩარჩოს გაცნობამდე თვალი გადავავლოთ სტანდარტული გაკვეთილის დაგეგმვის პროცესს. პირველ რიგში, გაკვეთილის გეგმა უნდა პასუხობდეს შემდეგ შეკითხვებს: რას უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა, რა გზით მივიღებთ სასურველ შედეგს და როგორ გავზომავთ შედეგის მიღწევის დონეს? მკაფიო მიზნის დასახვა გვეხმარება სასურველი შედეგისკენ მიმავალი გზების/აქტივობების სწორად შერჩევაში. ამიტომაც, წინასწარ უნდა განისაზღვროს, რას მოველით ჩვენი მოსწავლეებისგან, როგორია მათი მზაობა (წინარე ცოდნა და უნარები) და რომელ კონკრეტულ უნარ-ჩვევებს განივითარებენ ისინი გაკვეთილის დახმარებით. ასევე წინასწარ უნდა გაიწეროს კონკრეტული ამოცანები, რა სამუშაოს შესრულება მოუწევთ ბავშვებს გაკვეთილის პროცესში, ცოდნის დემონსტრირების/ტრანსფერის რომელი საშუალებები იქნება უფრო ეფექტური, რომელ კრიტერიუმებს გამოიყენებს მასწავლებელი შედეგების შეფასებისთვის და ა.შ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მასწავლებელი არჩევს სასწავლო მასალასა და რესურსს, რომელიც გეგმის წარმატებით განხორციელებისთვის სჭირდება. გაკვეთილის მსვლელობა აისახება აქტივობებისთვის განკუთვნილ გრაფებში. შინაარსის გარდა, გეგმაში მასწავლებელი მოინიშნავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა – გაკვეთილის  საგნობრივ სტანდარტთან და სწავლების დონეებთან (ბლუმის ტაქსონომია) შესაბამისობა, დამატებითი სამოტივაციო/ბონუს აქტივობების ჩამონათვალი და სხვ.

სწავლების სამფაზიანი მოდელის გამოყენებით აგებული გაკვეთილი მოიცავს მოსწავლეთა მოტივირების/პროვოცირების, ძირითად/სამუშაო და დასკვნით/შემაჯამებელ ეტაპებს. შესავალ ნაწილში (A ფაზა – მოლოდინების განსაზღვრა/გამოწვევა) მოსწავლეებს უნდა გავაცნოთ გაკვეთილის მიზანი და გავუჩინოთ ადეკვატური მოლოდინი შედეგთან მიმართებაში. ასევე უნდა „გამოვიყენოთ“ მოსწავლეთა ინტერესები, რათა შევძლოთ მათი მოტივირება და ყურადღების მობილიზება. გაკვეთილის ძირითადი ნაწილი (B ფაზა – ცოდნის კონსტრუირება/შინაარსის რეალიზება), როგორც წესი, მთავარი თემის მრავალფეროვანი აქტივობებით დამუშავებას ეთმობა. გაკვეთილის დასასრულს (C ფაზა – გამთლიანება/რეფლექსია) კი შემაჯამებელი აქტივობების დრო დგება. რაც შეეხება შეფასებას, მოსწავლემ აუცილებლად უნდა მიიღოს რაიმე სახის უკუკავშირი გაკვეთილის მსვლელობის ყველა ეტაპზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შედეგების შეფასება, რომლის დემონსტირების ხერხიც (მოსწავლეთა ნამუშევრების (თხზულებები, პლაკატები, კედლის გაზეთი, კომიქსების ჟურნალი და სხვ.) გამოფენა, პრეზენტაცია, პორტფოლიო, შეფასების რუბრიკა, ტესტი და ა.შ.), კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე, წინასწარ უნდა ვარჩიოთ და განვიხილოთ მოსწავლეებთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გეგმის თითოეული დეტალი: გაკვეთილის მიზანი, შინაარსი, სასწავლო მასალა, მეთოდები/აქტივობები და შეფასების ფორმები ერთმანეთთან მჭიდროდ იყოს დაკავშირებული.

სარემედიაციო მეცადინეობის ფორმატი (გაკვეთილის ხანგრძლივობა, მოსწავლეთა რაოდენობა, სასწავლო მიზნები, რესურსი…) მნიშვნელოვნად განსხვავდება სტანდარტული გაკვეთილისგან. იგი ექვსი საფეხურისგან შედგება. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

მიმოხილვის საფეხურზე  უნდა გავააქტიუროთ მოსწავლეების წინარე ცოდნა/გამოცდილება და გავაცნოთ მათ კონკრეტული მეცადინეობის მიზანი.

შემდეგი საფეხური – მოდელირება მასწავლებლის მიერ (ხმამაღლა ფიქრის მეთოდი) მიმართულია დასაუფლებელი უნარის დემონსტრირებაზე, რაც მოსწავლეებს ეხმარება შიშის დაძლევასა და წარუმატებელ მცდელობებთან გამკლავებაში.

მართული პრაქტიკა წარმოადგენს პრაქტიკული სავარჯიშოების/აქტივობების წარმართვის ეტაპს. სასურველია, მასწავლებელმა გამოიყენოს მრავალფეროვანი აქტივობა/სამუშაო ფორმატი, რათა შეძლოს მოსწავლეებისთვის მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მისადაგებული ინსტრუმენტის მიგნება-შეთავაზება.

შეჯამებისა და რეფლექსიის საფეხურზე აქცენტი კითდება ახალი მასალის შეჯამებასა და მისი გამოყენების ალტერნატიული ვარიანტების წარმოდგენაზე. სტანდარტული გაკვეთილისგან განსხვავებით, შეჯამების ფაზა არ გახლავთ სარემედიაციო მეცადინეობის ბოლო საფეხური, მას დამოუკიდებელ პრაქტიკასა და ცოდნის ტრანსფერთან დაკავშირებული ეტაპები მოსდევს.

დამოუკიდებელი პრაქტიკა გულისხმობს ახალშეძენილი ცოდნისა და უნარების გაკვეთილზევე გამოყენებას დამოუკიდებლად ან ჯგუფური მუშაობის ფორმატში. გამოყენება/ტრანსფერი კი მეცადინეობის შედეგად შეძენილი უნარების მოსწავლის პრაქტიკაში დანერგვასა და მრავალჯერად გამოყენებაზეა ორიენტირებული.

სარემედიაციო გაკვეთილის თითოეული აქტივობა ზემოაღნიშნული ფაზების გათვალისწინებით იგეგმება. ცხადია, მკაფიო მიზნის დასახვა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია. სარემედიაციო პროგრამის არსიდან გამომდინარე, სასურველია, გაკვეთილის მიზანი იყოს მოკლევადიანი და რეალისტური. რაც შეეხება აქტივობებს, ისინი ერთმანეთის ლოგიკურ გაგრძელებას უნდა წარმოადგენდნენ და დასახულ მიზანს ეხმიანებოდნენ. აქვე გაგიზიარებთ ჩემ მიერ შედგენილ სარემედიაციო გაკვეთილის გეგმას.

 

სარემედიაციო გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი: სახელი, გვარი

საფეხური: III კლასი, I სემესტრი

მოსწავლეთა რაოდენობა:  3-5 მოსწავლე

თარიღი: რიცხვი/თვე/წელი

გაკვეთილის ხანგრძლივობა: 50 წთ.

სარემედიაციო გაკვეთილის მიზანი:

  1. ასოს/სიტყვის ცნობა/ამოკითხვა;
  2. გაწაფული კითხვის უნარის განვითარება.

შენიშვნა: გაკვეთილზე ჩასატარებელი ყველა აქტივობა მოთავსებულია სარემედიაციო გაკვეთილის ერთ ჩარჩოში. აქედან გამომდინარე, გაკვეთილის ჩასატარებლად უნდა დავიცვათ შემდეგი თანმიმდევრობა: მიმოხილვის საფეხური (მიზნის გაცნობა, წინარე ცოდნის გააქტიურება); აქტივობა #1 ,,ფერადი სიტყვები“ (ყველა საფეხური); აქტივობა #2 ,,მოძებნე სიტყვები“ (ყველა საფეხური); აქტივობა #3 ,,გაელვება“ (ყველა საფეხური).

საფეხური აქტივობა რესურსი დრო
მიმოხილვა

 

1.       მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს:

  • დღეს ჩვენ ,,ვინადირებთ“ სიტყვებზე: სიტყვების ჩამონათვალში მოვძებნით, გავაფერადებთ და ამოვიკითხავთ მითითებულ სიტყვებს;
  • მოვძებნით/გავხაზავთ/ ამოვიკითხავთ მითითებულ სიტყვებს მცირე ზომის ტექსტში/წინადადებებში;
  • ამოვიცნობთ გაკვეთილზე დამუშავებულ სიტყვებს სიტყვის ბარათებზე.

2.       წინარე ცოდნის გააქტიურება:

  • მასწავლებელი დაფაზე გამოაკრავს ფერების და მათი შესაბამისი სიტყვების  ბარათებს (შეგვიძლია ,,ბარათების“ ელექტრონული ვერსიის დამზადება და პროექტორით ჩვენება); მოსწავლეები დაასახელებენ ფერებს/წაიკითხავენ სიტყვებს.
  • მოსწავლეები ნახავენ თემატურ კლიპს ფერებზე.
ფერების და მათი აღმნიშვნელი სიტყვების ბარათები;

პროექტორი, ლეპტოპი

„ჟირაფი ჟოზე და ჟოზეფინა – ფერები“

https://www.youtube.com/watch?v=XVKGzsRxaKQ

8 წთ.
მოდელირება მასწავლებლის მიერ (ხმამაღლა ფიქრის მეთოდი) #1 „ფერადი სიტყვები“

მასწავლებელი განმარტავს დავალების ინსტრუქციას (მაგალითად, გააფერადეთ სიტყვები, რომლებშიც გამოყენებულია მხოლოდ „ა“ და „ე“ ხმოვნები; ორმარცვლიანი სიტყვები გააფერადეთ წითლად, სამმარცვლიანი კი – მწვანედ…). შემდეგ პროექტორით აჩვენებს „სიტყვების დაფას“, პირველ სვეტში თავად მოძებნის, აფერადებს და მკაფიოდ ამოიკითხავს სიტყვებს (მოსწავლეებიც აფერადებენ ამავე სიტყვებს თავიანთ ეგზემპლარებში)

შენიშვნა: აქვე შეგვიძლია ფონოლოგიური უნარების გააქტიურებაც: მოძიებული სიტყვების ასო-ბგერებად/მარცვლებად დაშლა, ხმოვნების/თანხმოვნების დათვლა და ა.შ.

ლეპტოპი, პროექტორი, სამუშაო ფურცელი ,,სიტყვების დაფა“ (სამუშაო ფურცლის ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები), ფერადი ფანქრები. 3 წთ.
#2 „მოძებნე სიტყვები“

მასწავლებელი პროექტორის დახმარებით მოსწავლეებს აჩვენებს მცირე ზომის, ვიზუალურად კარგად აღსაქმელ (დიდი შრიფტი, დაშორება სტრიქონებს შორის და ა.შ.) ნაცნობ/დამუშავებულ ტექსტს. შემდეგ დაფაზე ჩამოწერს (წინასწარ შეიძლება გაამზადოს და გამოაკრას) მოსაძებნ სიტყვებს და ჯერ თავად მოძებნის/ხმამაღლა ამოიკითხავს რამდენიმე მათგანს მარტივი საძიებო ხერხების დემონსტრირების მიზნით. პარალელურად მოსწავლეები მასწავლებლის მიერ ამოკითხულ სიტყვებს მონიშნავენ ტექსტის თავიანთ ეგზემპლარში.

შენიშვნა: სასურველია, ჩამონათვალი შედგებოდეს ისეთი სიტყვებისგან, რომელთა ამოკითხვაც ტექსტზე მუშაობისას მოსწავლეებს განსაკუთრებით გაუჭირდათ.

ლეპტოპი, პროექტორი, საკითხავი მასალა (ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები), დაფა, მარკერი, ფორმატი, სიტყვების ჩამონათვალი, კალამი/ფანქარი. 3 წთ.
#3 გაელვება

მოსწავლეები მასწავლებელს ძალიან სწრაფად აჩვენებენ „სიტყვის ბარათებს“ და ამოწმებენ მის მიერ დასახელებული სიტყვების სისწორეს.

სიტყვის ბარათები (მზა სასწავლო რესურსი) 2 წთ.

 

 

მართული პრაქტიკა მოსწავლეები მუშაობენ, მასწავლებელი აკვირდება და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ერთვება სამუშაო პროცესში.

#1 „ფერადი სიტყვები“

მოსწავლეები დამოუკიდებლად  პოულობენ და აფერადებენ საჭირო სიტყვებს სამუშაო ფურცელზე. შემდეგ ამოიკითხავს ერთ-ერთი წყვილი და დანარჩენები ადარებენ, ყველა სიტყვა იპოვეს თუ არა. მოძებნიან და გააფერადებენ გამორჩენილ სიტყვას.

#1 სამუშაო ფურცელი ,,სიტყვების დაფა“, ფერადი ფანქრები.

 

 

 

5 წთ.
#2 „მოძებნე სიტყვები“

მოსწავლეები წყვილებში  აგრძელებენ სიტყვების მოძიება-გახაზვას. აქტივობის დასრულების შემდეგ წყვილები ამოიკითხავენ გახაზულ სიტყვებს, მასწავლებელი კი შეადარებს დაფაზე/ფორმატზე ჩამოწერილ სიტყვათა მწკრივს და გახაზავს/მინიშნებების დახმარებით მოაძებნინებს გამოტოვებულ სიტყვებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

#2 სამუშაო ფურცელი – ტექსტი, კალამი/ფანქარი, დაფა, მარკერი, ფორმატი, სიტყვების ჩამონათვალი. 7 წთ.
#3 „გაელვება“

მასწავლებელი მოსწავლეებს (წყვილებში ან ინდივიდუალურად) ძალიან სწრაფად აჩვენებს წინა აქტივობებზე დამუშავებული სიტყვების ბარათებს, მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ ,,გაელვებული“ სიტყვები.

სიტყვის ბარათები (მზა სასწავლო რესურსი) 2 წთ.
შეჯამება და რეფლექსია თითოეული აქტივობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ზეპირად და/ან წერილობით უპასუხებენ შემდეგ კითხვებს:

  • რაში ვივარჯიშეთ?
  • რაში დამეხმარება მიღებული ცოდნა/უნარი?
  • რა გავიგე/რისი გაგება გამიჭირდა?
  • რაზე მუშაობას ვისურვებდი დამატებით?  და ა.შ.
თვითანალიზის ანკეტა / გასასვლელი ბილეთი

კალამი/ფანქარი

6 წთ.

 

 

 

 

დამოუკიდებელი პრაქტიკა #1 „ფერადი სიტყვები“ – ლექსიკური თამაშის შექმნა

მოსწავლეები შეადგენენ „სიტყვის დაფის“ ახალ/მცირე ვერსიას და დაურთავენ მოკლე ინსტრუქციას.

სიტყვების ცხრილი (შაბლონი), კალამი/ფანქარი 5 წთ.
#2 „მოძებნე სიტყვები“ – სამუშაო ფურცლის დამზადება

მოსწავლეებს დაურიგდებათ მცირე ზომის ნაცნობი ტექსტი, რომლიდანაც ამოიწერენ რამდენიმე სიტყვას და შეადგენენ საძიებო სიტყვების ჩამონათვალს.

საკითხავი ტექსტები (ბავშვთა რაოდენობის მიხედვით), ფურცლები (საძიებო სიტყვების ჩასაწერად), კალამი/ფანქარი 5 წთ.
#3 „გაელვება“ – სიტყვის ბარათების დამზადება

მოსწავლეები დაამზადებენ „სიტყვის ბარათებს“ სასურველი სიტყვებით.

მუყაოს ბარათები (შაბლონი), კალამი/ფანქარი 4 წთ.
გამოყენება და ტრანსფერი

(საშინაო დავალება)

#1 „ფერადი სიტყვები“

მოსწავლეები თავიანთ სიტყვის დაფას აჩვენებენ ოჯახის წევრებს და სთხოვენ, ინსტრუქციის მიხედვით შეასრულონ დავალება.

#2 ,,მოძებნე სიტყვები“

მოსწავლეები ჯგუფის რომელიმე წევრს/მეწყვილეს გაუცვლიან საკითხავ ტექსტს დამოუკიდებელი პრაქტიკის საფეხურზე შედგენილი საძიებო სიტყვების ჩამონათვალით და შეასრულებენ ერთმანეთისგან მიღებულ დავალებას.

#3 ,,გაელვება“

მოსწავლეებმა თავიანთი სიტყვის ბარათებით აქტივობა ,,გაელვება“ შეიძლება ათამაშონ, როგორს თანაკლასელებს, ასევე – ოჯახის წევრებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. კითხვის სარემედიაციო პროგრამის განხორციელება სკოლაში. 2017. საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd).
  2. კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე. 2015. საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd). მოძიებულია შემდეგ ლინკზე: https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი