პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბებოს არიკები

როცა შუქი არ იყო და საიმისოდაც პატარა ვიყავი, რომ ლამფის შუქზე წიგნები მეკითხა, სხვა რა უნდა მეკეთებინა, ბებიაჩემის მოყოლილ ამბებს ვუსმენდი. დაგვსვამდა ხოლმე მე და ჩემს ბიძაშვილებს და გვიყვებოდა “არიკებს”, ანუ ფოლკლორულ-მითოლოგიურ არაკებს. ერთია, როცა ამ ყველაფერს წიგნში კითხულობ და მეორეა, როცა ზეპირად ისმენ იმ ადამიანისგან, რომელიც უშუალო მონაწილეა ამ ამბების (ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობს), ან იმათგან მოუსმენია, ვისაც თავს გადახდომიათ. ამ “არიკების” ერთი ნაწილი მისი ბავშვობის დროინდელი იყო და სხვადასხვა პერსონაჟი ჰყავდა, მეორე ნაწილის უცვლელი პერსონაჟი კი ჩვენი სოფლის მღვდელი მიხა ახალაია გახლდათ.

 

მისი ბავშვობის დროინდელი ამბებიდან მკაფიოდ მხოლოდ ერთი მახსოვს: თურმე მათ სოფელში იყო ერთი კაცი, რომელიც ტყაშმაფას ჰყავდა დატყვევებული, ანუ თავისი გავლენის ქვეშ მოქცეული. თურმე წისქვილში მიდიოდა, როცა ბუჩქებიდან თავისი სახელი შემოესმა. მან მთავარი წესი დაივიწყა: უპასუხა. როცა ღამით ტყეში მიდიხარ და შენი სახელი შემოგესმება, არაფრით არ უნდა მიიხედო და არაფრით არ უნდა გააგონო, ეს შეიძლება ტყაშმაფა ან ჭინკა იყოს. თუ პასუხს გასცემ, შენი საქმე წასულია. ხოდა, თურმე, ამ კაცმა შეცდომა დაუშვა და ტყაშმაფამ იგი დაატყვევა, საყვარლად გაიხადა. იმ დღის მერე თურმე ეს კაცი ხმას არ იღებდა, დამუნჯებული დაიარებოდა. სოფლის ზევით, მუხის დიდ ფუღუროში ათევდა ღამეს, იქ პატარა საცხოვრებელი მოიწყო, სახლიდან ქვაბები და თეფშებიც წაუღია, ცოლი გაგიჟებული იყო თურმე, რა არ სცადა, მაგრამ კაცი ვერაფრით მოარჯულა. იმ ფუღუროში ტყაშმაფა აკითხავდა ხოლმე და ატარებდნენ ვნებიან ღამეებს. შუაღამით, როცა კაცს ეძინა, ტყაშმაფა იმ მუხის ტოტზე ჯდებოდა თურმე და მღეროდა. ბებიაჩემი იფიცებოდა: ერთხელ ბავშვები ავიპარეთ და ვნახეთ, რომ ტოტზე შიშველი, ძალიან ლამაზი ქალი იჯდა და წითური თმა მიწამდე სწვდებოდაო. შემდეგ ამ კაცის ცოლისთვის ვიღაცას უსწავლებია: ტყაშმაფას მიეპარე და თმის წვერი ახალმოწველილი რძით მობანე და შენს ქმარს შეეშვებაო. ქალი ასეც მოქცეულა, ჩუმად მიპარვია სიმღერაში გართულ ტყაშმაფას და მისი ძირს დაყრილი დალალები რძით დაუსველებია. ტყაშმაფას კივილი მოურთავს, ჩამომხტარა ხიდან და სამუდამოდ გადაკარგულა იქიდან. როცა კაცმა გამოიღვიძა, თურმე არაფერი ახსოვდა.

 

ჩემი სოფლის “არაკების” პერსონაჟი კი, როგორც მოგახსენეთ, მღვდელი მიხა ახალაია იყო. მისი სახლი ჩვენი სახლის უკან, პატარა ტყის შუაგულში დგას. ორსართულიანი სახლი 1908 წელსაა აშენებული, ეს თარიღი ბუხრის თავზეა მიწერილი. მიხა შეძლებული მემამულე მღვდელი იყო, ჩემს სოფელში რაც მიწებია, სულ მისი ყოფილა. კომუნისტებმა კი გააკულაკეს და გაპარსეს, მიწები კი ხალხს დაურიგეს. ერთ ჩემს მეზობელს თოფიც კი დაუმიზნებია სოფლის კრებაზე მოსული ყოფილი მღვდლისთვის, მაგრამ მეორე მეზობელს ხელი აუკრავს და ტყვია თურმე მცირე მანძილით ასცდა მიხას. სოფლელებს დაუტუქსავთ ის თოფიანი მეზობელი, რადგან მიხა არ ყოფილა ცუდი კაცი. მიხას პირველი ცოლი მოუკვდა და მეორე ცოლი ჰყავდა. მეც მოვსწრებივარ მის მეორე ცოლს და გაუთხოვარ ქალიშვილს, რომელიც პირველი ცოლისგან ჰყავდა. გერი და დედინაცვალი თითქმის ტოლები იყვნენ და მეგობრები უფრო ეთქმოდათ. სიბერეში ორივე ლოგინად იყო ჩავარდნილი და ბებიაჩემი უვლიდა, ღამით იქ რჩებოდა და სწორედ იმათგან ჰქონდა მიხას ამბები მოსმენილი. ისე, ძალიან საინტერესო შემთხვევაა, სასულიერო პირი მითოლოგიური ამბების პერსონაჟი რომაა. ერთი-ორ მათგანს მოვყვები:

 

ერთხელ, თურმე, მიხა გაღმა სოფლიდან, ქელეხიდან შინ ბრუნდება, ღამეა. ხობისწყალი მოდიდებულია. მიხამ ცხენი ფონში შეაგდო. უცებ წყლიდან ჭინკამ ამოყო თავი და ცხენის ფაფარს ჩაეჭიდა.

– მიხა! მიხა! – ეძახის ჭინკა.

მიხა ხმას არ სცემს და არც უყურებს, სხვა მხარეს იყურება, მიხა რისი მიხაა, რომ ასეთ ამბებში შეცდეს. ცხენი ცურვით მიჰყვება მდინარის დინებას და მიიწევს ნაპირისკენს. ჭინკა კი ისევ და ისევ ეძახის, დასცინის, სასაცილო ამბებს იხსენებს მისი წარსულიდან, რომ, როგორმე, წყობიდან გამოიყვანოს, მაგრამ მიხა მტკიცეა, ვითარცა რვალი. ბოლოს იფიქრა: მოდი, დავიჭერ ამ ჭინკას და სახლში წავიყვანო. უჩუმრად ჩამოიცურა მოსხმული ნაბადი, ამოუსვა წყლის ტალღას და ჭინკა შიგ გაახვია. ცხენი კი მიცურავს ნაპირისკენს, მიხას უხარია, რომ ჭინკა დაიჭირა, უკვე წარმოუდგა თვალწინ, როგორ ანახებს ცოლს და ქალიშვილს ამ უცნაურ არსებას. ნაბდის შიგნიდან მოთქმა, ტირილი და ხვეწნა-მუდარა ისმის. მიხამ უცებ იგრძნო, რომ, რაც უფრო უახლოვდება ცხენი ნაპირს, მით უფრო მძიმდება ერთი ბეწო ჭინკა. საბოლოოდ კი ისეთი მძიმე გახდა, რომ დაჭერა ვეღარ შეძლო და იძულებული იყო ხელი გაეშვა.

– შენს სახლში მოვალ და სამაგიეროს გადაგიხდი! – დაუყვირა, თურმე, მდინარეს გაყოლილმა ჭინკამ. მიხა სახლში რომ დაბრუნდა, ცოლ-შვილთან ერთად მოძებნა ყველა უწვრილესი ჭუჭრუტანაც კი, და საგულდაგულოდ ამოქოლა. დილით რომ გაიღვიძეს, მთელი სახლი არეული დახვდათ, მიხას ნივთები ძირს ეყარა. აი, ასე იძია შური ჭინკამ, მაგრამ ვერაფრით გაიგეს, საიდან შემოაღწია სახლში.

 

კიდევ ერთი ამბავი: ღამეა. მიხა ნავახშმევია, მაგრამ უცებ მჭადი მოუნდა და სთხოვა ცოლს, გამომიცხვეო, მაგრამ გობში ფქვილი აღარ დარჩენილიყო. სხვა რა გზა ჰქონდა, მოიკიდა მიხამ ტომარა ზურგზე და წისქვილში წავიდა. აათავა თუ არა აღმართი, გვიმრებიდან უცნაური პატარა არსება გადმოხტა და წინ გადაუდგა. ამ ამბებში გამოცდილმა მიხამ უცნაური არსების შესაპყრობად ყოველგვარი იმპროვიზაცია წამსვე გამორიცხა, მრავალჯერ გამოცდილ ხერხს – იგნორს – მიმართა და გვერდით აუარა. არსებამ მიაძახა:

– წისქვილში რომ მიხვალ, მეწისქვილეს უთხარი, რომ ეკეს კეკე მოუკვდა!

მივიდა მიხა წისქვილში, მეწისქვილემ ჩაყარა საფქვავი, მერე შუაცეცხლს მიუსხდნენ და გააბეს საუბარი. წამოსვლისას მიხამ იფიქრა: იქნებ მართლა მნიშვნელოვანია იმ არსების დანაბარები და საქმე არ გავაფუჭოო, ამიტომ მეწისქვილეს უთხრა:

– კაცო, კოკი! გზაზე რაღაც არსება შემხვდა და შენთან დამაბარა, რომ ეკეს კეკე მოუკვდა!

– აქამდე რატო არ თქვი! აქამდე რატო არ თქვი, შე წყეულო! – ატყდა ჭინკების გნიასი, რომლებიც, თურმე, წისქვილის სხვენში ისხდნენ, ძირს ჩამოხტნენ, გაკვირვებულ მეწისქვილეს და მიხას გვერდით ჩაუქროლეს და კარში გაუჩინარდნენ.

 

და ბოლო ამბავი: მიხა თურმე ქუთაისის სასულიერო სემინარიის მოსწავლეა. მშობლების სანახავადაა ჩამოსული. მალევე უნდა წავიდეს, გამოცდები აქვს, მაგრამ ისე მოთოვა, რომ მგზავრობა შეუძლებელია. მიხა მაინც ადგა დილით, მშობლების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, მოახტა ცხენს და გზას გაუდგა. ცხენი მკერდამდე თოვლს ძლივს მიაპობს. გაიარა მიხამ სოფელი. ცხენი უკვე ძალიან დაღლილია, ძლივს მიდის. საბოლოოდ სოფლის განაპირას მცხოვრები მეზობლის – რომანოზის – ჭიშკარს გაუსწორდა და გაჩერდა.

– აჩუ, წადი, ცხენო! – მათრახს უტყლაშუნებს მიხა ცხენს, ხან ეფერება, მაგრამ ცხენი ადგილიდან არ იძვრის.

– შემოდი ეზოში! – შემოესმა მიხას, მიიხედა. რომანოზი ჭიშკართან დგას. – ხომ გინდა წასვლა?! მე დაგეხმარები! მამაშენისგან ბევრი პატივისცემა მახსოვს!

მიხას შესვლა არ უნდა, რადგან ეშინია (რომანოზზე სოფელში ათასი ჭორი დადის), მაგრამ აგვიანდება, რომანოზი კი დახმარებას დაჰპირდა. ჩამოხტა ბოლოს და ჭიშკრისკენ წავიდა, შემსუბუქებული ცხენიც ფეხის ათრევით უკან გაჰყვა.

– ცხენი მიაბი! მე ჩავუყვან მამაშენს! – უთხრა რომანოზმა და საბძლის ბოძზე მიუთითა, მერე კი საბძელში შევიდა. დაზაფრული მიხაც შეჰყვა. საბძელში ბნელა. სიბნელეში ორად-ორი მანათობელი წერტილი ჩანს. მიხამ სიბნელეს თვალი შეაჩვია და ელდა ეცა: მის წინ უშველებელი წითური მგელი დგას.

– ნუ გეშინია! მიდი და უკუღმა შეჯექი! – ეუბნება რომანოზი. მუხლებაკანკალებული მიხა მიდის და მგელზე უკუღმა ჯდება. რომანოზმა შავი სახვევით თვალები აუკრა და რაღაც შელოცვის წარმოთქმა დაიწყო. მიხას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს განათებულ ვიწრო გვირაბში მიჰქროდა. უცებ თვალი გაახილა, აღარც სახვევია, აღარც მგელი, აღარც საბძელი, აღარც რომანოზი. ქუთაისში, სემინარიის წინ დგას. პირჯვარი გადაიწერა და შიგნით შევიდა.

 

ეს იყო რამდენიმე ამბავი, რაც უცებ გამახსენდა. ვნანობ, რომ, როცა წამოვიზარდე, ის “არიკები” არ ჩავიწერე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი