ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოგზაურობა დახუჭული თვალებით, ანუ პირადი გეოგრაფია

დადგა ყველა ბავშვისთვის საყვარელი დრო – საზაფხულო არდადეგები. სასწავლო წლის დასასრულს მოსწავლეები ფიქრით უკვე ზღვის სანაპიროს ან მთის სიმწვანეს არიან შეფენილები და გამრავლების ტაბულა მხოლოდ სწავლის დამთავრებამდე დარჩენილი დღეების, საათებისა და წუთების დასაანგარიშებლად თუ მოაგონდებათ. სამწუხაროდ, არსებობენ ბავშვები, რომლებსაც ქალაქიდან გასვლაზე მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ. მათ ოჯახებს არც წინაპრების დანატოვარი სოფლის მყუდრო კერია შემორჩათ და ვერც ფეშენებელური მწვერვალების დასალაშქრავად საჭირო „ძალაუფლება” იგდეს ხელთ. ეს ბავშვები ზაფხულობით სიცხისგან სანთელივით ჩამოღვენთილ ქალაქურ პეიზაჟს სჯერდებიან და მოუთმენლად ელიან ისეთ სასკოლო ღონისძიებას, როგორიცაა ექსკურსია.
***
სკოლა ისე დავამთავრე, ერთხელაც არ წავსულვარ კლასთან ერთად ექსკურსიაზე. ცუდი დრო იყო: აფხაზეთი, სამოქალაქო ომი, ჩაბნელებული და დაცხრილული ქალაქი. ჩემი პირველი ექსკურსია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შემოქმედებით ჯგუფს და მთაწმინდის პანთეონს უკავშირდება. მაშინ ეს პატარა მარშრუტი „დიდ გასეირნებად” მეჩვენებოდა უღიმღამო ყოველდღიურობის ფონზე. მოგვიანებით ექსკურსიებს კიდევ ერთი შორეული ოცნება – დასასვენებელი საგზურები დაემატა. როცა ერთ-ერთ ლიტერატურულ კონკურსზე ბორჯომის კომპოზიტორთა სახლის ათდღიანი საგზური მაჩუქეს, ჩემზე ბედნიერი ბავშვი ამქვეყნად არ მეგულებოდა. მაგრამ კონკურსში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ, თანაც ასეთი ღონისძიებები წელიწადში ერთხელ ან ორჯერ იმართებოდა. მე კი, პატარა მოგზაურს, მანძილისა და ახალი შეგრძნებების ყოველდღიური ულუფა მჭირდებოდა. საბედნიეროდ, შემოქმედ ბავშვთა სტუდიის მასწავლებლები კარგად იცნობდნენ ლიტერატურას და, ალბათ, მეც. ასე რომ, დიდხანს ძებნა არ დამჭირვებია. ასე მივაგენი ყველაზე ხელმისაწვდომ და უსაფრთხო „დროის მანქანას”.
ჩემი პირველი გეოგრაფიის მასწავლებელი
პირველი, რაც მაინ რიდისა წავიკითხე, „ოკეანეში დაკარგულები” იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოცი წელი მაინც გავიდა, დღემდე ვგრძნობ იმ მზეზე გამხმარი თუ ვეშაპის ქონზე აშიშხინებული ზიგენა ურო თევზის, ალბაკორებისა და მრავალი სხვა სახეობის თევზეულის გემოს, კატამარანის მგზავრები რომ ამზადებდნენ. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ოკეანესთან. სკოლაში გეოგრაფიას არ ვსწავლობდი. წიგნის წაკითხვის შემდეგ, კლიმატური პირობებით დაწყებული, მფრინავი თუ ტკიპა თევზებით დამთავრებული, ყველაფერი ვიცოდი ატლანტის ოკეანეზე. ასე გახდა მაინ რიდი ჩემი საყვარელი მწერალი და პირველი გეოგრაფიის მასწავლებელი.
 
ოკეანის ზედაპირის დალაშქვრას მის სიღრმეში მოგზაურობის სურვილი მოჰყვა.

ჟიულ ვერნის შესახებ დაწერილ ქართულ ან რუსულენოვან (სამწუხაროდ, ფრანგული არ ვიცი) სტატიებს თუ გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ ისევ კამათის საგნად რჩება, იყო თუ არა მარადი მოგზაური რეალურ ცხოვრებაშიც მოხეტიალე ადამიანი. ერთნი ირწმუნებიან, რომ მწერალმა საკუთარი კაბინეტიდან გაუსვლელად მოიარა მსოფლიო და საბუთად მის წიგნებში გაპარული გეოგრაფიული უზუსტობები მოჰყავთ, მეორენი კი ჟიულ ვერნის იახტების – „სენ-მიშელ I”-ის, „სენ-მიშელ II”-ისა და „სენ-მიშელ III”-ის მარშრუტს იშველიებენ მაგალითად. იმავდროულად, ორივე მხარე წერს, რომ ჟიულ ვერნი ვერ დაესწრო შვილის დაბადებას, რადგან იმ დროს თავისი იახტით სკანდინავიაში მოგზაურობდა.
მე რომ მკითხოთ, მკითხველი მწერლის წარმოსახვით გავლილ გზას მიუყვება თუ მისივე თვალით ნანახს, არა მგონია, ამის ცოდნა წიგნს ღირსებას მატებდეს ან აკლებდეს. ჟიულ ვერნის პირადი გეოგრაფიის წყალობით ოკეანის ფსკერის საიდუმლოებებსა და დედამიწის ცენტრისაკენ მიმავალ გზას მივაგენი, ჩვენი პლანეტის ერთგული თანამგზავრის კოჟრიან ზედაპირზეც მისი წიგნის გავლით მოვხვდი.
 
სამწუხაროდ, სკოლაში გეოგრაფიის გაკვეთილები არასდროს ჩამტარებია (მუსიკალურ გიმნაზიაში მხოლოდ ძირითადი საგნების სწავლებას სჯერდებოდნენ) და ამ საგანში დღემდე მოვიკოჭლებ. ასეთი შესანიშნავი მწერლები რომ არ მეპოვა, ალბათ მეც იმ ადამიანთა რიცხვს შევუერთდებოდი, რომელთა ცოდნა სამყაროს შესახებ მხოლოდ საკუთარი თვალით ნანახი კადრებით შემოიფარგლება.
ცოტა კი არა, ძალიან რომ გავიზარდე, მეოცე საუკუნის ყველაზე თანამედროვე ექსპრესით – კომპიუტერით დავიწყე მოგზაურობა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვსარგებლობ, დღემდე ვერ შევიყვარე ელექტრონული ბიბლიოთეკა – ეს მანათობელი წიგნები, ხელით რომ ვერ შეეხები, ვერ გადაფურცლავ, ვერც მოწონებულ ფრაზებს მონიშნავ ფანქრით. ელექტრონულ თაროებზე არავინ შემოაწყობს ფურცლებშეყვითლებულ წიგნებს, ამბავთან ერთად სიძველის მომჟავო-მოტკბო არომატითაც რომ გამახსოვრდება. ალბათ ძველი წიგნების სიყვარულის გამოა, რომ დღემდე ვმეგობრობ ჩვენი ქალაქის ბიბლიოთეკებთან, მთავარი სამკითხველო დაწესებულებით დაწყებული, უბნის ნახევარსარდაფში მოთავსებული ნესტიანი წიგნსაცავით დამთავრებული. ყველაზე ხშირად მაინც მეგობრების ბიბლიოთეკებს ვლაშქრავ. მოკლედ, ოღონდ კი კაცმა მოინდომოს და მოგზაურობის საშუალებას ყოველთვის იპოვის.
კომპიუტერის წყალობით საზღვრებიდან ყოველგვარი ვიზისა და სავსე ჯიბის გარეშე გაღწევის კიდევ ერთ ხერხს მივაგენი: ფოტომოგზაურობა ჰიმალაის მთიანეთიდან დავიწყე. საფეხურებად დავშალე და ავაწყვე ტიბეტელი ბერების მონასტრებისკენ მიმავალი კიბეები, მათთან ერთად შევღებე წითლად ქვიშა და ტანსაცმელი, მათი სიმშვიდე ვისწავლე… რატომ მაინცდამაინც ტიბეტი? ამ, ერთი შეხედვით, ხრიოკი და ცივი მიწის სიყვარული ალბათ მხატვრულ ფილმს „შვიდი წელი ტიბეტში” უნდა დავაბრალო. მახსოვს, რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე არა მარტო ეგზოტიკურმა გარემომ – ხალხმაც. დღემდე ყველაზე მეტად ისევ „სამყაროს სახურავისკენ” მიმიწევს გული, ან რა მიშლის ხელს? შემიძლია, ყველგან წავიდე, სადაც მომესურვება. ფოტოაპარატი რა ხანია გამოგონებულია, საინტერესო წიგნიც უფრო მეტი იწერება და ითარგმნება.
ამ ყველაფრის შემდეგ, იმედია, გადაჭარბებად არ ჩამითვლით, თუ ვიტყვი, ნამდვილი მოგზაური ვარ-მეთქი. მერე რა, თუ თვითმფრინავი მხოლოდ ფოტოსურათზე მინახავს და არც გემბანიდან დამიქნევია თეთრი ხელსახოცი გამცილებლებისთვის.
 
ყველა ადამიანი სხვადასხვა მიზეზით ხდება მოგზაური. თუ ჩემთვის ყოველდღიურობას მოწყვეტა ერთფეროვანი რეალობისგან გაქცევაა, სხვისთვის ეს დროსტარების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ზოგი თავგადასავლების ძიებითაა შეპყრობილი და გამუდმებით გადაადგილდება ავტოსტოპით, ველოსიპედით, თუნდაც ფეხით. ასეთი ადამიანებისთვის ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება სასჯელის ტოლფასია. ერთეულებს გაცილებით გლობალური მასშტაბის „გაქცევის” განხორციელება შეუძლიათ. მათ მოგზაურობას სარჩულად ხშირად პროტესტი უდევს მთელი სამყაროსა თუ საკუთარი თავის მიმართ.
ისევ ჟიულ ვერნს მივუბრუნდები და გაგახსენებთ მიზეზს, რამაც კაპიტანი „არავინ” ზღვის ფსკერს მიაჯაჭვა. მისი საუკუნის წინანდელი პროტესტი დღევანდელობის ქაოსშიც თანამედროვედ გამოიყურება: ომი და მშვიდობა ისევ განუყრელ წყვილად რჩება, არც კაცთა მოდგმას შეჰყვარებია უფრო მეტად ერთმანეთი და თუ მეოცე საუკუნის დასაწყისში ადამიანი წყლის სიღრმეში მაინც იყო ჭეშმარიტად თავისუფალი, ახლა არათუ დედამიწის, მთვარისაკენ მიმავალი ბილიკებიც დატკეპნილია. მაგრამ ადამიანის შესაძლებლობათაგან ჩემთვის ყველაზე გასაოცარს – დახუჭული თვალებით სამყაროს კი არა, სამყაროების დანახვის ნიჭს – საზღვარი მართლაც არ აქვს.
ოცდამეერთე საუკუნის ბავშვების პირადი გეოგრაფია დიდი ხანია ჩვენს გალაქტიკას გასცდა და შესაშური წარმოსახვის შედეგად გაჩენილი ახალი სამყაროების ოკეანეების გრძედებსა და განედებს ზომავს. ასე რომ, ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ფეშენებელური კურორტის სავარძელში მოიკალათებთ თუ საკუთარ ოთახში შეიყუჟებით. ამიტომაც არის, ხშირად სწორედ ცხელ ქალაქში დარჩენილი პატარა მოგზაურები რომ წერენ ყველაზე საინტერესო ესეს თემაზე „როგორ გავატარე ზაფხული”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი