პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბავშვი და კომპიუტერი

ჩვენს დროში, ინფორმაციის საოცარი მოზღვავების ჟამს, კომპიუტერმა ფართოდ შემოაბიჯა ადამიანის ცხოვრებაში. ბევრს ვეღარც კი წარმოუდგენია ცხოვრება ტექნიკის ამ საოცრების გარეშე. გასაკვირი არ არის, რომ ის უკვე ბავშვებისთვისაც ჩვეულებრივი მოხმარების საგნად იქცა.

კომპიუტერთან ურთიერთობას ბავშვი ადრე იწყებს – 2,5-3 წლისა უკვე ერთობა განმავითარებელი პროგრამებითა და კომპიუტერული თამაშებით, რომლებიც ავითარებს ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებას, რეაქციის სისწრაფეს, ხელის მოტორიკას, აცნობს ბავშვს ასოებს, რიცხვებს და გარემომცველი სამყაროს სხვა რეალიებს. პატარებს ძალიან უყვართ ინტერაქტიული სათამაშოები. სწორედ ასეთი სათამაშოა მათთვის კომპიუტერიც.

ბევრი ბავშვისთვის კომპიუტერი ყველაფერია, გონიერი მანქანა თითქმის მთლიანად ავსებს მათ ცხოვრებას. საშუალო და უფროსი სასკოლო ასაკის მოზარდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხშირად უმცროსკლასელები და სკოლამდელებიც კი საათობით სხედან მონიტორის წინ. ეს მშობლებს აშფოთებთ, თუმცა მათი მცდელობა, აუკრძალონ შვილებს კომპიუტერით დიდხანს გართობა, ამაოა.

თანამედროვე სამყაროში კომპიუტერი უბრალოდ აუცილებელია ბავშვისთვის, მაგრამ არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ყველაფერი კარგია ზომიერად. ძალიან სასარგებლო წამალიც კი ჭარბი დოზით საწამლავად იქცევა.

* მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან ჯდომამ შესაძლოა ავნოს ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მაშინ როდესაც მისი რაციონალური გამოყენება არათუ საზიანო არ არის, არამედ დიდი სარგებლობის მოტანაც შეუძლია.

* მონიტორზე სწრაფად ცვალებადი გამოსახულებების დიდხანს ყურება ვნებს მხედველობას, ამიტომ არ შეიძლება კომპიუტერთან განუსაზღვრელ ხანს ჯდომა: 5-6 წლის ბავშვისთვის ოპტიმალურია 10-15 წუთი, 7-8 წლისასთვის – 30-40 წუთი, 9-10 წლისასთვის – 30-45 წუთი, მერე კი შესვენებაა საჭირო. კომპიუტერთან ურთიერთობისა და დასვენების სწორი მონაცვლეობით ბავშვს მხედველობას დავუზოგავთ.

უნდა ვარიდოთ ბავშვი კომპიუტერს ცუდი განათების პირობებში. მხედველობაზე გავლენას ახდენს მანძილიც მონიტორიდან თვალებამდე – ის 50 სმ-ს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს, რათა მზერა მიმართული იყოს პერპენდიკულარულად, ეკრანის ცენტრისკენ. ბავშვი უნდა იჯდეს გამართული ან ოდნავ წინ წახრილი, ხელები თავისუფლად უნდა ეწყოს მაგიდაზე. თავად მაგიდა კარგად განათებულ ადგილას უნდა იდგეს, მაგრამ ისე, რომ სხივი ეკრანს არ ეცემოდეს. ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის პოზას კომპიუტერთან ჯდომის დროს. ერთსა და იგივე პოზაში დიდხანს ყოფნამ სკოლიოზი და ხერხემლის სხვა დაავადებები რომ არ გამოიწვიოს, სასურველია, ბავშვი სპორტსაც მისდევდეს. ხერხემლის პრობლემების თავიდან აცილებაში მოხერხებული ავეჯიც დაგვეხმარება – მაგიდა, სკამი ან სავარძელი ბავშვისთვის ზედმიწევნით კომფორტული უნდა იყოს.

* კომპიუტერით გატაცებული და ემოციურად დამუხტული ბავშვი ხშირად ვერ გრძნობს დაღლას და განაგრძობს მუშაობას, და თუ ეს სასწავლო პროგრამა კი არა, უბრალო კომპიუტერული თამაშია, ბავშვი შესაძლოა რამდენიმე საათიც ვერ მოსწყდეს კომპიუტერს. ასეთი რეჟიმის შედეგად ბავშვი გამუდმებით აღგზნებული, გაღიზიანებული და უმართავია, სძინავს ცუდად, ხშირად იღვიძებს და აღვიძებს მშობლებს. კომპიუტერით გატაცებული, კომპიუტერზე დამოკიდებული ბავშვი ნაკლებ დროს უთმობს სწავლას. კომპიუტერთან საათობით ჯდომის გამო ბავშვი ხშირად კარგავს რეალობისა და დროის შეგრძნების უნარს, იწყებს ცხოვრებას ვირტუალურ სამყაროში. არის შემთხვევები, როდესაც ასეთ მოზარდს უჭირს ხალხთან ცოცხალი, მეტყველებითი ურთიერთობა, ახასიათებს ემოციების სიძუნწე – ნამდვილი, ლაღი სიცილი, ღიმილი მისთვის უცხოა. ამ შემთხვევაში უნდა შემცირდეს კომპიუტერთან ურთიერთობის ხანგრძლივობა, შევთავაზოთ ბავშვს მხოლოდ ხარისხიანი, ასაკის შესაფერისი კომპიუტერული პროგრამები. კომპიუტერზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების საუკეთესო გზაა ყურადღების გადატანა სხვა საქმიანობაზე – სპორტზე, ხელოვნებაზე. თუ ამით ბავშვთან ერთად მშობლებიც დაინტერესდებიან, პროცესი დაჩქარდება.

ხშირად კომპიუტერზე დამოკიდებულებას ხელს უწყობს ოჯახის წევრებს შორის არსებული გაუგებრობა და გაუცხოება, სკოლაში არსებული მტრული დამოკიდებულება.

მშობლებს არცთუ უსაფუძვლოდ ეშინიათ, კომპიუტერულმა თამაშებმა ფსიქიკა არ დაუზიანოს ბავშვს. ასე რომ არ მოხდეს, უფროსი რეგულარულად უნდა ადევნებდეს თვალყურს, რით არის დაკავებული კომპიუტერთან მჯდომი ბავშვი. კარგი იქნება, თუ მშობელი პედაგოგთან კონსულტაციების შემდეგ თვითონვე შეურჩევს ბავშვს ისეთ კომპიუტერულ თამაშებს, რომლებიც ნერვულ დაძაბულობას კი არ გამოიწვევს, არამედ, პირიქით, შემეცნება-განვითარებას შეუწყობს ხელს. ძალადობის, სისასტიკის ამსახველი და სისხლიანი სცენები არამც და არამც არ არის რეკომენდებული; უმჯობესია, ბავშვს შევთავაზოთ ის, რაც ემოციურ და ინტელექტუალურ პოტენციალს განუვითარებს.

კომპიუტერული თამაშებისა და პროგრამების შერჩევისას ინდივიდუალური თავისებურებებიც უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, ჰიპერაქტიურობისკენ მიდრეკილი ბავშვი უნდა თამაშობდეს აუჩქარებელ, შედარებით მშვიდ თამაშებს, ხოლო ზედმეტად აუღელვებელსა და მშვიდს უფრო დინამიკური თამაშები სჭირდება. მნიშვნელოვანია თამაშის რიტმიც – თუ ბავშვი დაძაბულია, ხშირად უნდა შეისვენოს.

* გაუმართლებელია კომპიუტერის გამოყენება ბავშვის დასასჯელად ან წასახალისებლად. მთავარია, ბავშვის ენერგია წარვმართოთ სწორად – შევურჩიოთ ხარისხიანი თამაშები და საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც შევძლებთ, მნიშვნელოვნად გავაფართოოთ პატარა მომხმარებლის გამოცდილება და ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. კომპიუტერთან ურთიერთობა მხოლოდ გართობა კი არ უნდა იყოს ბავშვისთვის, შემეცნებითი საქმიანობის ელემენტებსაც უნდა შეიცავდეს.

* კომპიუტერს აქვს კიდევ ერთი ნაკლი – გამოსხივება. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ის ისეთივეა, როგორიც დედამიწის რადიაციული ფონი. კარგი კომპიუტერის ელექტრომაგნიტური გამოსხივება ნორმატივებს აკმაყოფილებს, თუმცა ოთახში, სადაც მუშაობს კომპიუტერი, იცვლება ჰაერის მახასიათებლები, ტემპერატურამ შესაძლოა 26-27 გრადუსამდე მოიმატოს, ტენიანობა 40-60%-მდე ქვეითდება, ნახშირორჟანგის რაოდენობა იმატებს. ყოველივე ეს შრომის უნარს ვნებს. ბავშვები მტკივნეულად რეაგირებენ ჰაერის ასეთ ცვლილებებზე. მათ შესაძლოა გაუჩნდეთ ყელის სიმშრალე, დაეწყოთ ხველა.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება უსაფრთხოების წესების დაცვა:

* კომპიუტერი უნდა დაიდგას კუთხეში ან კედელთან ისე, რომ მისი უკანა მხარე კედლისკენ იყოს მიქცეული.

* კომპიუტერი არ უნდა დაიდგას საწოლ ოთახში.

* ოთახი, სადაც კომპიუტერი დგას, ყოველდღე სველი წესით უნდა ლაგდებოდეს. არ არის სასურველი ოთახში ხალიჩების დაფენა.

* მუშაობამდე და მუშაობის შემდეგ კომპიუტერი სპეციალური საწმენდით უნდა გაიწმინდოს.

* მიიჩნევა, რომ ჩვენი მწვანე მეგობრები, კაქტუსები, ასევე ამცირებენ კომპიუტერის ნეგატიურ ზემოქმედებას.

* ოთახი ხშირად უნდა განიავდეს. აკვარიუმი ან ნებისმიერი სხვა წყლით სავსე ჭურჭელი ზრდის ჰაერის ტენიანობას.
თუ ამ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, კომპიუტერი ნაკლებ ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი