პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მშვენიერების ჯვარცმა – გიორგი ლეონიძის „მარიტა“

„მარიტა თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა!“

მარიტა სახე-სიმბოლოა მშვენიერებისა, რომელიც ღვთაებრივთან არის წილნაყარი. დროდადრო სამყაროს მოევლინება ხოლმე ხორცშესხმული მშვენიერება, რათა წუთისოფლის წყვდიადი გაარღვიოს და ზესთასოფლისეული რწმენითა და სიკეთით აღავსოს. მარიტას სახის სიმბოლურობა სიღრმისეულად გაიაზრა და შთამბეჭდავად წარმოაჩინა ცნობილმა რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ, რომელმაც გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხის“ მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. თითქოს მოთხრობიდან გადმოსულა ლიკა ქავჟარაძის პერსონაჟი, სადა, გულწრფელი გოგონა, არაამქვეყნიური სილამაზითა და ღიმილით გამორჩეული.

„ვის არ უყვარს მზე?“ – ამ რიტორიკული კითხვით იწყებს მწერალი მოთხრობას. მართლაც, წარმოუდგენელია მზის უსიყვარულობა, რადგან იგი სამყაროს მაცოცხლებელი წყაროა, სიცოცხლის დამბადებელი და მისი შემწე. მზე ნათელია. ღმერთმა სამყაროს შექმნა სიბნელისა და სინათლის განყოფით დაიწყო და პირველი სიტყვები წარმოთქვა: „იქმენინ ნათელი“. მას შემდეგ სამყაროს ღვთაებრივ საჩუქრად ებოძა სინათლე. მზის სიყვარული ამხელს ადამიანთა სწრაფვას სიკეთისა და მშვენიერებისკენ. მზისკენ მიისწრაფვის ყველა: ადამიანები, მცენარეები, ცხოველები, მთელი სულიერი თუ უსულო სამყარო. მზისკენ ვნებიანად მსწრაფველთა შორის გიორგი ლეონიძე გამოარჩევს ბროწეულის ყვავილს და განსაკუთრებული სიყვარულით ხატავს. მისთვის ბროწეული მზის თვალსაჩინო სიმბოლოა.

ქრისტიანულ სიმბოლიკაში ბროწეულის ნაყოფი ეკლესიის სიმბოლოა, ხოლო მისი მარცვლები ერთ, უნივერსალურ ეკლესიად შეკრულ მორწმუნეებს განასახიერებს. ანტიკურ მითოლოგიაში ბროწეული სიყვარულის სიმბოლოა. იმავდროულად, ის არის პროზერპინას ატრიბუტი და ყოველ გაზაფხულზე მის დედამიწაზე დაბრუნებას გამოხატავს. ქრისტიანულ ხელოვნებაში გაზაფხულის დადგომისა და მიწის განახლების ანტიკურმა მნიშვნელობამ ახალი აზრი შეიძინა და აღდგომის იმედისა და უკვდავების სიმბოლოდ იქცა. ბროწეულის ნაყოფს იმდენად აფასებდნენ სილამაზისა და გემოს გამო, რომ მღვდელმთავრების ცისფერ სამოსს ან ეფოდს მისი გამოსახულებით ამკობდნენ: „და გაუკეთე კალთებზე ბროწეულები ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი მის კალთებზე ირგვლივ. და ოქროს ეჟვნები შეაბი მათ შორის, ირგვლივ. ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული სამოსის კალთებზე, ირგვლივ“ (გამ. 28:33-34) (ციტატა გიორგი კენჭოშვილის წიგნიდან „სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში“).

გიორგი ლეონიძემ ახალი პოეტური ხატი შექმნა ბროწეულისა. პოეტური პროზით დაწერილი სტრიქონები ფერადოვანი და მუსიკალურია: „როგორ მწვავს ბროწეულყვავილის ნაელვები გამოსხივებანი! მიყვარს ცეცხლური ყვავილი, მზიანეთის სხივმფენარა ალნაკადი ოქრომდინარი, სეფესანთელივით რომ ბრდღვიალებს; მიყვარს მისი გულის ავსებულობა! თითქოს მზე სავსებით შეუწოვიაო. არა, არა მჯერა, რომ იგი სხვა ყვავილივით დასჭკნეს როდესმე, ჩამოსცვივდეს, განქარდეს, ამტვერდეს! არა, არა მჯერა! მზის ნაბადებია; მის კოკორში დაგუბებული სხივთანაგალობარი; შიგ ჩაწერილია ანკარა სხივთა რაკრაკი; მზისობა უჩანს თითოეულს ნაკვთში. ყვავილი კი არა, მზის ნაკადულის კამკამია! – ასე იტყვის გულისხმისმყოფელი!“

მწერლის წარმოსახვაში ბროწეულის ყვავილი და მარიტა ერთმანეთს ერწყმის, თითქოს მარიტას სული განფენილია ბროწეულის ყვავილში – ისინი ერთმანეთს საიდუმლოდ გამსჭვალავენ და იქმნება პოეტური სამება: მზე-ბროწეულის ყვავილი-მარიტა. ამიტომაც არის, რომ მარიტასნაირნი დროდადრო ჩნდებიან სამყაროში და მერე ისევ იკარგებიან. ისინი მარადისობის მოციქულნი არიან თითქოს და ადამიანებთან მოაქვთ განცდა სამოთხისეული მშვენიერებისა. ხალხი სწორედ ასე აღიქვამს მარიტას: „პირმეტყველი სამოთხე იყო მარიტა!“ „ბუნების ასეთივე საჩუქარი იყო, ჩემს ოცნებას რომ შემოჰხვევია ბროწეულყვავილივით, – მარიტა! ნათლით სავსე, ღიმცრისკროვანი ყვავილი ჩემი ყრმობისა!“

მარიტა ამაღლებულის, შეუბღალავის, შორეულის განსახიერებაა. მოთხრობაში მწერალმა პირდაპირ კი არ შემოიყვანა თავისი რჩეული პერსონაჟი, არამედ მკითხველი თითქოს მოამზადა მასთან შესახვედრად, ერთგვარი ხიდი გადო ზეციდან მიწისკენ: მზე-ბროწეულის ხე-მარიტა. თითქოს ამ გზით მოევლინა იგი ქვეყნიერებას, მზის სხივს ჩამოჰყვა, მოთხრობის ბოლოს კი ის ამავე „გზას“ გაივლის – მის ნასახლარზე ბროწეულის ხე ამოვა. ისევ: მიწა-ბროწეულის ყვავილი-მზე. მარადიულის, ზეციურის ნაწილი მარადიულს, წარუვალს, ღვთაებრივს უბრუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ უფალმა იგი საგანგებოდ მოავლინა ადამიანთა თვალის ასახელად, გულისხმისყოფად, ზეცისკენ ასახედად, სინანულის განსაცდელად. სამწუხაროდ, მეორდება მისტერია მშვენიერის ჯვარცმისა და ამაღლებისა. ადამიანებს სინანული მხოლოდ ცოდვის ჩადენის შემდეგ ეუფლებათ. მარიტა სინათლის, თავისუფლების სიმბოლოა. მარიტა მზის, ესე იგი, ღვთის ნაწილია და მასვე უბრუნდება. გავიხსენოთ ნესტანის წერილი „ვეფხისტყაოსნიდან“. ქაჯეთის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ნესტანი ასე მიმართავს ტარიელს: „მზე უშენოდ ვერ იქმნების, რადგან შენ ხარ მისი წილი, /განაღამცა მას ეახლო…“ ხალხი ეუბნებოდა მარიტას: „შენ „მზევარ“ უნდა გერქვას, „მზევინარა“.

მარიტას გამორჩეულობისა და ღვთაებრივთან წილნაყარობის ხაზგასასმელად გიორგი ლეონიძე სხვა სიმბოლოებსაც მიმართავს. ის ახსენებს ყინწვისის ანგელოზს და არმაზის სერაფიტას: „მარიტას მერე მე აღარ გამკვირვებია არც ყინწვისის ღვთაებრივი ფრესკა, არც არმაზელი ტურფა სერაფიტა“. ყინწვისის ფრესკაზე გამოსახულია ლურჯად შემოსილი, საოცრად მეტყველი სახის ანგელოზი. ყინწვისის ანგელოზს შეადარა კონსტანტინე გამსახურდიამ შორენა („დიდოსტატის მარჯვენა“), რათა მისი სილამაზე წარმოეჩინა. სერაფიტაც მშვენიერების სიმბოლოა. ვინ არის სერაფიტა? არმაზში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს უძველესი საფლავის ქვა (ძვ. წ. მეორე საუკუნისა), რომელზეც ასეთი წარწერაა: „მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა…“ უდროოდ გარდაცვლილი სერაფიტის სახე იქცა პოეტთა შთამაგონებლად. ლეონიძემაც სწორედ ის გაიხსენა, რათა მარიტას სილამაზე ეგრძნობინებინა მკითხველისთვის.

გიორგი ლეონიძე მარიტას სახის წარმოსაჩენად კიდევ ერთ პერსონაჟს მოიხმობს. ეს არის ეთერი, ზღაპრის გმირი. ხალხი ხშირდ გაიოცებდა ხოლმე: „გლეხის ქალი და ეგრე ლამაზი?“ მაგრამ მაშინვე უპასუხებდა ვიღაც: „განა ეთერიც გლეხის ქალი არ იყო, უღარიბესი მეწისქვილის ასული, მეფისწული აბესალომი რომ ეტრფიალა?“ მზეთუნახავ ეთერთან შედარება მკითხველისთვის თვალნათლივს ხდის მარიტას ზღაპრულ სილამაზეს.

მარიტას პროტოტიპი იყო ლეონიძის ბავშვობის მეგობარი, შემკული ყოველგვარი ღირსებით; გამრჯე, კეთილი, სანდო. თავის მოთხრობაში მწერალმა მონატრებული გოგონა გააცოცხლა. „მარიტა ცისარტყელასავით დადიოდა სოფლის ორღობეში, თუმცა ორშაურიანი ჩითის კაბა ეცვა! რა უცნაურია ბუნება! როგორ იცის ზოგჯერ უხვად დასაჩუქრება! მარიტას სულის მშვენიერება აღემატებოდა მის გარეგან სილამაზეს. გულში ია ამოსდიოდა“. ცისარტყელასთან შედარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მარიტას არამიწიერობას, გამორჩეულობას. ხალხს აქვს მშვენიერების აღქმისა და განცდის უნარი: „ვისაც ღმერთი არ გინახიათ, მოდით და ნახეთ მუხათწყაროში! გადამეტი არ გეგონოთ და მარიტას მშვენების სამზერად საგანგებოდ მოდიოდნენ მეზობელ სოფლებიდან. მოდიოდნენ და უყურებდნენ: – რამ წარმოქმნაო? – ჰკვირობდნენ. მართლაც, ხეობის თვალი იყო მარიტა“. მით უფრო გასაოცარია თანსოფლელების დაუნდობლობა და სისატიკე მარიტას მიმართ. დოსტოევსკი წერდა: „სილამაზე იხსნის კაცობრიობას“. სილამაზეში ის მაცხოვარს გულისხმობდა. მარიტაც იმ მშვენიერებასთან არის წილნაყარი, ამიტომაც იწირება, „ჯვარს ეცმება“, რათა ხალხში ცოდვის შეგრძნება და სინანული გააჩინოს. ამიტომაცაა, რომ „იმასაც იტყოდნენ, ზეცაში მტრედი აფრინდა მახარობლადო, – მარიტა მოდისო!“ მტრედი ხომ სულიწმინდის სიმბოლოა. სახარების მიხედვით, მტრედი დააფრინდა იესოს მხარზე, როდესაც იოანე ნათლისმცემელმა მონათლა იორდანეში და ზეციდან გაისმა ხმა: „ესე არს ჩემი ძე, საყვარელი“. მარიტაც ღვთის შვილია: „საიქიოში ოქროს სკამი მიართვესო, დაღლილსაო. ღვთისმშობელს ეთქვა თურმე: ფერზე გეტყობა, ძლიერ დაღლილიხარ, დაჯე, შვილო, შორიდან მომავალი ხარ! იესო ქრისტემ კი ხელმანდილი ამოიღო, შუბლზე უნდა მოესვა, რომ გაეცოცხლებინა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო, მიწაზე დასაბრუნებლად ვერ გაიმეტა, მოინდომა, სულ გვერდით ჰყოლოდა, ახლაც გვერდითა ჰყავს ვარსკვლავადო…“ თითქოს მთელი სამყარო გლოვობს მარიტას დაღუპვას: „მთელი წელიწადი უწვიმარი იყო… ყანები ჩაიწვა. ვენახები გადახმა. ყანწი ვერავინ გაასველა!“ ეს არის ღვთისგან მოვლენილი სასჯელი ცოდვებისთვის.

სილამაზითა და ზნეობით გამორჩეული მარიტა ნიჭიერიცაა. ის საოცრად ქარგავს. გიორგი ლეონიძე კი ბავშვობიდანვე წერდა ლექსებს. თანაც მარიტა დედამისის ნათლული იყო. ასე რომ, ისინი ბავშვობაშივე დაუახლოვდნენ ერთმანეთს – უბრალო მეგობრებად კი არა, სულიერ თანატოლებად უფრო გრძნობდნენ თავს. გავიხსენოთ, როგორ აღწერს მწერალი მარიტას გამოჩენას თავის ცხოვრებაში. გიორგი ლეონიძის სოფელში ცხოვრობდა დედით ობოლი მარიტას ბებია – სათნოებით გამორჩეული დიდედა ლელაური. „ყვითელი აბრეშუმივით თმა-კულული… ლურჯი თვალები…. ისე ვიგრძენი, თითქოს ჩვენს ეზოში ია შემოვიდა. შემოვიდა და შემოეფინა… მე შევდექი და გაკვირვებულმა ცქერა დავიწყე, მერე მოწიწებით მივუახლოვდი, ხმის გაცემა გავბედე და… მალე ერთად ვთამაშობდით მე და მარიტა!“ ეს შთაბეჭდილება მის ხსოვნაში დრომ ვერ გააქარწყლა. ამიტომაც გააცოცხლა მარიტას სახე მოთხრობაში.

საგულისხმოა ერთი ეპიზოდი: მარიტა სთხოვს ლეონიძეს, დამიწერე ერთი ლექსი, რომ ფარდაგზე ამოვქარგოო, პოეტი კი იმდენად აღმატებულად რაცხს მაგობარს, რომ თავი ამ პატივის ღირსად არ მიაჩნია: „სად მქონდა ისეთი ლექსი, რომ ღირსი ყოფილიყო მარიტას გულისყურისა თუ მისი თითების შრომისა? ახლაც კი ვერ დავარწმუნებდი მარიტას, რომ მის მიერ ხალიჩაზე ამოქსოვის ღირსი ლექსი ჯერაც არ დამიწერია!“ კიდევ ერთი ძვირფასი ადამიანი იყო გიორგი ლეონიძის ცხოვრებაში, რომელიც მარიტასნაირი გატაცებით სთხოვდა ლექსს: „ერთხელ ჩემი მასწავლებელი, კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი, ჩამაცივდა: ჩქარა „საქართველოს ჰიმნისათვის“ ლექსი დამიწერეო! მალე გავთავისუფლდებით და ჰიმნი დაგვჭირდებაო! ეტყობა, სულხანიშვილს მარიტასავით სჯეროდა ჩემი ნიჭისა! ცხადია, თავი ხიფათში არ ჩავიგდე და კისრად ვერ ვიდე მუსიკოსის დავალება, ისევე როგორც მარიტას თხოვნა“. პოეტს ასეთი სიყვარული შემდეგ აღარავისგან უგრძნია: „საოცარია, როგორც მარიტა და ნიკო სულხანიშვილი მთხოვდნენ დაჟინებით ლექსს, ისე ჩემთვის აღარავის არ უთხოვია ლექსი, არც ერთ რედაქტორს, არც ერთ თაყვანისმცემელს!“

მოთხრობაში აღწერილია მარიტასა და მეძროხე გედიას მშვენიერი სიყვარულის ამბავი. გედია ნათელიძეა. რა თქმა უნდა, მწერალმა გმირს საგანგებოდ შეურჩია ასეთი გვარი, მისი ნათელი სულის ხაზგასასმელად.

მათ დიდ სიყვარულს მგზნებარება რომ მიანიჭოს, მწერალი მარიტასა და გედიას ახალ ტარიელსა და ნესტან-დარეჯანს უწოდებს.

გედიასადმი ტრფობა მარიტასთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გოგონა ძალად მიათხოვეს ბნელსა და ყომრალ შეთეს, გედიას ანტიპოდს. მარიტას ოჯახმა უპირატესობა მიანიჭა არა სიყვარულს, არამედ ქონებას. სულიერს მატერალური ამჯობინა და მარიტა ბნელი ძალის ტყვეობისთვის გასწირა. თუმცა მარიტას მამა, ჩაჩიკა, გრძნობდა და ამბობდა: „-რათ უნდა უსიყვარულო სიყვარული? კალთაში ჩაეშლებაო! ოქროთი ვერ მოიგებ ბედნიერებას!“ „შერთეს მარიტას უნდომი, უნდო, უყვარული ქმარი შეთე – მლაშე,ზვიადი, ყომრალი კაცი, მგლისფერი!“

ერთგვარ სულიერ ტყვეობად აღიქვამდა მარიტა შეთეს ოჯახში ცხოვრებას. ერთადერთი სიხარული მისთვის გედიასთან შეხვედრა იყო. თითქოს სამყაროს ჰარონიულობისა და მთლიანობისთვის იყო საჭირო გედიასა და მარიტას ერთად ყოფნა, ამიტომ უხაროდა ბუნებას, როცა ერთმანეთს ხვდებოდნენ: – გაუმარჯოს იმ ორ წვეთ თაფლს, რომელიც დღეს ერთ სიტკბოდ შეერთდება! – კისკისებდა სიო. ლოყაწითელი მაისის იასამნის მიბნედილი სურნელი მხიარულობდა…“

ბუნების ამ დღესასწაულს შლის და ანადგურებს ადამიანი, შეიძლება ითქვას, ბნელეთის მოციქული, ენაჭარტალა „ბალბალუკა-ნემსისპირა“, კივკივით მოსიარულე“. მას არ გამორჩენია მარიტასთან გედიას სტუმრობა. „კევიღეჭიამ გამოაქვეყნიერა ყოველივე. სოფლის ენაკეციამ ნაზი, ქლარცი და თავაზიანი ლაპარაკი იცოდა. და ამ ნაზ სიტყვათა გადაცემა-გადმოცემაში, თავისი ვითომდა კდემამოსილებით, მთელ სოფელს ამცნო გედიას და მარიტას ვითომდა საცოლქმრო შეყრა“.

სოფლის „მეუფროსე“ ციციკორემ მარიტა ზნეობის შემლახველად გამოაცხადა, სიწმინდეს ჩირქი მოსცხო და უმანკო სახელი ლაფში ამოსვარა.

მოთხრობაში იხატება საშინელი რიტუალი დასჯისა: ხალხმა მარიტა ვირზე უკუღმა შესმული სოფელში ჩამოატარა, თან ტალახს ესროდა. საოცარ სიჩუმეში მიმდინარეობდა ეს პროცესია, მაგრამ თითქოს დიდი ხმაურით ინგრეოდა კოსმოსი, რასაც გონებადახშული ხალხი ვერ ამჩნევდა: „ბრბო კი ჩუმად, უჩუმრად მიჰქუხდა, როგორც ღვარცოფი, და მის წინაშე უძლური იყო თვით ღმერთი!“

დიახ, ხალხი აღტაცებული იყო მარიტათი, მაგრამ როგორც კი არჩევანის წინაშე დადგა, თითქოს გონება დაებინდა და თვალთ დაუბნელდა. ხალხმა უკან დაიხია ბნელი ძალის წინაშე და მშვენიერება გაწირა, მეტიც – თვითონვე მიიღო მონაწილეობა მის განადგურებაში.

ბრბომ გაანადგურა თავისი სასიცოცხლო ენერგია – მშვენიერება, მარიტა ხომ ამქვეყნად მოვლენილი ღვთის საჩუქარი იყო. ღმერთმა კვლავ „გაწირა“ შვილი ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად. კვლავ გამეორდა ჯვარცმის მისტერია. ამიტომაც არის, რომ მწერალი მარიტას წამებულს უწოდებს: „მოჰყავდათ სოფლის წამებული“.

საოცრად შთამბეჭდავადაა აღწერილი მარიტას გარდაცვალება, რომელმაც ხალხის კათარზისი გამოიწვია. ადამიანები გამოფხიზლდნენ და სინანული იგრძნეს. მარიტას სიკვდილი სამყარომ იგლოვა. ეს ეპიზოდი ხალხური ლექსის გმირის, ხოგაის მინდის გარდაცვალებას ეხმიანება:

„ხოგაის მინდი კვდებოდა,

მზე წითლდებოდა, ცხრებოდა,

ჩამოდიოდა ვარსკვლავი,

მთვარე უკუღმა დგებოდა“.

მაგრამ ვერანაირი ბნელი ძალა ვერ მოსპობს მშვენიერების იდეას და სწორედ ამის გამოხატულებაა მარიტას ნასახლარზე ამოსული ბროწეული. მწერლისთვის კი გამოცანად რჩება მშვენიერების მოვლენისა და გაქრობის მისტერია: „მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება? თუ დროებით მიეფარება? ვინ იცის?!“

სამწუხაროდ, ადამიანები ღვთიურ კვალს ხშირად ვერ ამჩნევენ და მშვენიერებას უსულგულოდ თელავენ.

მარიტა ნესტანისეულ-თინათისეული რანგის გმირია, სინათლესთან კავშირითა და იდუმალებით. ბარათაშვილისეული „ნათელია, ზეცით მოსული, / რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული“ („რად ჰყვედრი კაცსა“).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი