პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ლიტერატურული მოზაიკა

წარსული უკვე უცვლელი მომცემულობაა, აწმყოთი ვაკეთილშობილებთ მომავალსაც (მიშელ უელბეკის ,,მორჩილება”)

 არის ცხოვრებაში ტკივილისა და უსიამოვნებების მუტაციები, მაგრამ რისთვისაა წიგნი, ჩემი განუყრელი მესაიდუმლე და ნუგეშისმცემელი? მიშელ უელბეკის ,,მორჩილებაში”, მიუხედავად იმისა, რომ მთლად აპოკალიფსური ვითარებაა, სულიერებისაგან ადამიანის დაცლის ტრაგედია და პოლიტიკად ნაქცევი ისლამი, წალეკვით რომ ემუქრება მთელ სამყაროს (მოქმედება მომავალში ხდება), მაინც ვიპოვე შვება. ნაწარმოების მთავარი გმირი, ფრანსუა, ჩემსავით მე-19 საუკუნეს რომ ეტრფიალება, სრულიად უმწეოა საკუთარი ტკივილებისგან გაუცხოებულ, სიყვარულისგან დაწრეტილ გარემოსთან: ,,კომპიუტერის ეკრანს თვალი მოვაცილე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი ფანჯრისკენ; ოსპის მარცვლის ფორმის განცალკევებული ღრუბელი, რომლის გვერდები ჩამავალ მზეს ნარინჯისფრად შეეღება, შარლენის სტადიონის თავზე ეკიდა, ისეთივე უმოძრაო, ინდიფერენტული, როგორიც პლანეტათაშორისი ფრენისთვის განკუთვნილი კოსმოსური ხომალდი. მხოლოდ ყრუ, შენელებულ ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ საკმარისად მტანჯველს, რომ ნათლად აზროვნებისთვის ხელი შეეშალა; მხოლოდ იმას ვხვდებოდი, რომ კიდევ ერთხელ დავრჩი მარტო, სიცოცხლის მისუსტებული სურვილით, და მომავალში მოსალოდნელი უთვალავი უსიამოვნებით… ეს იყო ნელი დეგრადაცია ,,იმ ფუნქციების ერთობლიობის, რომლებიც სიკვდილს ეწინააღმდეგება”. ის ეძებს ხსნას და ამაოდ ესტუმრება გარეუბნის ერთ-ერთ მონასტერს, რომელშიც სუსტადაა ცივილიზაციის ნიშნები. გადაწყვეტს, რომ იქ მისი ადგილი არაა, თუმცა მასში იღვიძებს სიცოცხლის სასიამოვნო შეგრძნება: ,,ამქვეყნად ცხოვრების ყველაზე უმწიკვლო სიხარულია საწოლში ჩაწვე მარტო, ხელის გაწვდენაზე გქონდეს კარგი წიგნები და თამბაქოს პაკეტი”… გმირისადმი თანაგრძნობამ ტვინი აქტიურად ამიმუშავა. მაინტერესებს, წიგნშიც და ცხოვრებაშიც რამდენად გადარჩება ტექნოკრატიის, გაუცხოების ბრჭყალებში მოქცეული ადამიანი, თუ მორჩილებით, ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს. ან სადაა ხსნა, წიგნში თუ ადამიანებში, რომლებსაც ერთმანეთის აღარ ესმით, თუ რწმენაში, რომელიც ყველაზე ამაღლებული, ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს სულისა და არა თავს მოხვეული ყრუ ფანატიზმი… ცხოვრება სრულად ვერა ან საერთოდ არ პასუხობს კითხვებს, მაგრამ კითხვის დასმა უკვე ცხოვრებაა…

 

რატომ დაიღალნენ ატმის ყვავილები?

 

ვნახე აკირა კუროსავას ,,სიზმრები”, კიდევ ერთი წინასწარმეტყველება კაცობრიობის სავარაუდო მომავლისა. თვალსაჩინოა განსხვავება ,,რეალურ” და სიზმრის, მხატვრული სინამდვილის, წარმოსახვით პერსონაჟებს შორის, რომელთა გრიმი და თეატრალურობა ძალიან ჩამოჰგავს ძველბერძნულ, ტრაგიკულ ნიღბებს.

ცხოვრების სიტკბოს შეგრძნება ისეთი მძაფრია, თითქოს გარდაცვლილი იხსენებს დედის გამომცხვარი ნამცხვრის გემოს ან როგორც ბავშვობის შთაბეჭდილება ატმის მშვენიერი ბაღის ყვავილობისა.

მაგრამ ადამიანმა შეიძლება დაარღვიოს ბუნების (ღმერთის) სისავსე, ვეღარ შეძლოს მისი გულის შეცნობა და დადგეს აპოკალიფსი – სამყარო დაცარიელებული კაცთა მოდგმისგან (განსაკუთრებულია ეპიზოდი, როცა რადიაციისგან განადგურებულ ქალაქში მარტო ნივთებიღაა, მათ მფლობელთა გარეშე დატოვებულ ამოუვსებ სიცარიელეში), რომლებიც დემონებად ქცეულან, რადგან ჭუჭყიანმა ჰაერმა და წყალმა მათი გულებიც შემუსრა. ძლიერი ჭამს სუსტს. ეს ჯოჯოხეთია, უარესი სიკვდილზე, რომელიც სანატრელი გამხდარა, რადგან ისინი, როგორც დემონები, უკვდავებით არიან დაწყევლილნი (აქვე, საინტერესოა, ბოლო ნოველაში ,,წყლის წისქვილების სოფელი” მიცვალებულის დაკრძალვა მხიარული ჰანგებითა და სახეებით. სიკვდილი აღქმულია, როგორც ცხოვრების ბრძნული კანონი, მისივე დამამშვენებელი და დამაგვირგვინებელი).

ცხოვრების აზრი მის სიმძაფრეშია, თუნდაც შემოქმედის ვნებებში, მწვერვალების დაპყრობაში ან სამშობლოს მომხვდურთანგან დასაცავად ომში წასვლასა და ბრძოლაში. ცხოვრების აზრი ტანჯვაშიცაა და ბედნიერებაშიც, სიკვდილშიც და დაბადებით ყველაფრის ახლიდან აღმოჩენა-შეცნობაშიც.

,,ღამე არაა საჭირო დიდი სინათლე, რადგან, მთავარია, ვარსკვლავები დავინახო” – ამბობს ნოველის ერთ-ერთი გმირი, 103 წლის მოხუცი.

დავამატებდი: არც სუპერ ტექნიკაა საჭირო, მაინცდამაინც, რადგან აუცხოებს ადამიანებს, რობოტებს ამსგავსებს.

მართლაც, საოცრად ,,ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ”, ჩვენ ხომ იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთისკენ სავალი გზები ვეძებოთ… განა, არის რამე ადამიანის თვალებში არეკლილ ფიქრზე, სიყვარულზე ან თუნდაც მწუხარებაზე მშვენიერი?

 

კაცი და ყოფა (ფრანც კაფკა ,,მეტამორფოზა”)

 

ფრანც კაფკამ თავისი აბსურდის ფილოსოფიით დიდი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის მწერლებსა და ეგზისტენციალიზმზე. ,,ერთხელ დილით შფოთიანი ძილის შემდეგ გამოღვიძებულმა გრეგორ ზამზამ შენიშნა, რომ თავის საწოლში საშინელ მწერად გადაქცეულიყო” – მის ამ ცნობილ მოთხრობა-შედევრს როგორ არ ხსნიან: შოპენჰაუერის ფილოსოფიითა თუ ფროიდის ფსიქოანალიზით, ბიბლიითაც, თითქოს, გრეგორ ზამზა ქრისტეა, რადგან ხოჭო, ძველი რწმენით, დებს მხოლოდ ერთ კვერცხს და შობს რა საკუთარივე თავს, წმინდა ცხოველად არის მიჩნეული, ან სცენა, როცა მამა (მამა ღმერთი) ცდილობს ვაშლის (პირველცოდვის) სროლით მოკლას შვილი, ან გრეგორის სიკვდილით ოჯახი თავისუფლდება, როგორც კაცობრიობა ქრისტეს სიკვდილის შემდეგ და ა.შ. ისე, საინტერესოა: მოთხრობაში ხდება მთავარი გმირის ფიზიკური (სულიერად ის თითქმის არ იცვლება) და მისი ოჯახის წევრების სულიერი მეტამორფოზები.

ყოფა და ადამიანი. თუ მეორე დამორჩილდება პირველს, ეს უკანასკნელი მას გაანადგურებს. როდისაა საჭირო და ყოფას მორგებული ადამიანი? როცა ძლიერია ფიზიკურადაც და მატერიალურადაც (როცა გრეგორ ზამზა კომივოიაჟორია და მთელ ოჯახს ინახავს). ეს ძალა ქრება და კაცი ემსგავსება გრეგორს, არსებობის ხორცსაკეპში გასატარებელ ხოჭოს, რომელსაც ცხოვრება გემრიელად მიირთმევს და ინელებს. მოთხრობაში ბევრი რამაა ავტობიოგრაფიული: მკაცრი მამის თანამდევი ხატი, კაფკას, როგორც ჩინოვნიკის, სიძულვილი უფროსის, თანამშრომლებისა და კლიენტებისადმი, მაზოხისტური სურვილი თვითგანადგურებისა და ზიზღი საკუთარი თავისადმი, ცხოვრების ქაოსურობის, უმიზნობისა და არალოგიკურობის გამო. თითქოს მწერალი, რომელსაც ჰქონდა გამოცდილება ავადმყოფობის გამო ნაადრევი პენსიონერობისა, გვაფრთხილებს, რა შეიძლება მოჰყვეს სოციალურ პასიურობას, ადამიანის ტვირთად ქცევას თვით ყველაზე ახლობლებისთვისაც. ადამიანის, რომლის ადგილი არსად რჩება და მისი სიკვდილის შემდეგ სამყაროც, თითქოს, ქშენით თავისუფლდება მისგან, როგორც უსარგებლო ნარჩენისგან. – ,,ახლა რა ვქნა?” – გაიფიქრა გრეგორმა და სიბნელეში მიმოიხედა. მალე აღმოაჩინა, რომ საერთოდ ვეღარ ინძრეოდა. ეს არც გაჰკვირვებია, გასაოცარი ის უფროა, აქამდე როგორ ახერხებდა მოძრაობას ასეთი წვრილი ფეხებით. სხვა მხრივ შედარებით კარგად გრძნობდა თავს. თუმცა მთელი სხეული სტკიოდა, გრძნობდა, რომ ტკივილი თანდათან უყუჩდებოდა და მალე სულ გაუვლიდა. ზურგში ჩაჭედილ დამპალ ვაშლსა და მის გარშემო წამოჭრილ ანთების კერას, რომელიც მთლიანად მტვრით იყო დაფარული, თითქმის ვეღარ გრძნობდა. თავის ოჯახს ახლა სიყვარულით გულაყუჩებული იგონებდა. ისიც თვლიდა, რომ უნდა გამქრალიყო, და კიდევ უფრო გადაჭრით, ვიდრე მისი და. იგი წმინდა და ნეტარი ფიქრებით იყო გართული, სანამ რატუშის საათმა ღამის სამი არ ჩამოჰკრა. როდესაც ფანჯრის მიღმა ყველაფერი განათდა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. შემდეგ, სურვილის საწინააღმდეგოდ, თავი ჩამოუვარდა და უკანასკნელი სუნთქვა აღმოხდა“.

ამ მოთხრობაში საშინელი მარტოსულობაა მწერლისა და სულიერ, პიროვნული განადგურება ფიზიკურამდე, როგორც პერსპექტივა ბევრისთვის, ვინც ჩვენ მსგავს სოციუმში ცხოვრობს.

ბოდიში დღევანდელი პესიმიზმისთვის. იმედია, ხვალ სხვაგვარად ვიფიქრებ და კაფკას ამ ნააზრევსაც რაღაც სხვა, იმედიან ცხოვრებისეულ გაგრძელებას მოვუძებნი. ერთი კია: არასდროს უნდა ვიქცეთ ყოფისთვის ადვილად მოსანელებელ მასალად. ჩვენით ხომ ძალიან დიდი აზრია გამოთქმული…

 

ხორხე ლუის ბორხესიპიერ მენარი, “დონ ხოტისავტორი

                                            (ანოტაცია და მოკლე მიმოხილვა)

 

 

 „მძიმე და გამომფიტავი სიგიჟეა დიდი წიგნების წერა, ანუ ხუთას გვერდად გავრცობა იდეისა, რომელიც სავსებით შეიძლება გადმოიცეს ხუთიოდე წუთში“ – წერს ე. წ. მაგიური რეალიზმის ლათინურ-ამერიკული სკოლის ფუძემდებელი ხორხე ლუის ბორხესი.

გთავაზობთ მის ერთ-ერთი „ხუთწუთიან“,ცნობილ მოთხრობას -„პიერ მენარი, „დონ კიხოტისავტორი. მასში ვეცნობით რომანისტ პიერ მენარს, რომლის ხილული ნაშრომების ვრცელი ნუსხა დასაწყისშივეა მოცემული. მაგრამ, საინტერესო ისაა, რომ იგი წერს „დონ კიხოტს“. ეს არაა გათანამედროვებული მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტი“, არც მეორე, ანუ კოპირებული, არამედ საბოლოო და სრული ვარიანტი, რომელშიც სასურველი იქნებოდა ხორცშესხმა ალფონს დოდეს სახელგანთქმული ჩაგონებისა: გონებამახვილი ჯენტლმენი დონ კიხოტისა და მისი საჭურველთმტვირთველის ერთ ფიგურად გაერთიანება. პიერ მენარი სწერს ავტორს: „ჩემი მიზანი უბრალოდ გამაოგნებელია…თეოლოგიური და მეტაფიზიკური მტკიცებულების საბოლოო პირობა – გარემომცველი ქვეყნიერება, ღმერთი, იღბალი, სამყაროული ფორმები – არ არის უფრო საბოლოო, უფრო უჩვეულო, ვიდრე ჩემი გაცხადებული რომანი“. მოთხრობის ავტორის აზრით, პიერ მენარის შედარება სერვანტესის „დონ კიხოტთან“ აღმოჩენაა. მაგალითად, ის, რაც სერვანტესთან წერია: „ჭეშმარიტება, რომლის დედა ისტორიაა, დროის მეტოქე, საქმეთა საცავი, წარსულის მოწმე, აწმყოს ნიმუში და მრჩეველი, მომავლის დამცველი“ – შემარყეველი იდეაა მენარისათვის. მისი აზრით, ისტორიული ჭეშმარიტება ის კი არ არის, „რაც მოხდა“, არამედ რაც გჯერა, რომ მოხდა, ხოლო ბოლო მონაკვეთი – „აწმყოს ნიმუში და მრჩეველი“- „უსირცხვილოდ პრაგმატულია“.

მოთხრობაში ჩანს გმირის ერთგვარი ნიჰილისტური დამოკიდებულება ზოგადად სინამდვილის, კერძოდ კი ცნობილი ნაწარმოებისადმი. მენარის შენიშვნით, „დონ კიხოტი“ სასიამოვნო წიგნია, თუმცა „დღეს პატრიოტული სადღეგრძელოების, გრამატიკული მედიდურობის, ურცხვი მდიდრული გამოცემების შესაძლებლობა მოგვეცა. სახელი და დიდება ვერგაგების ფორმაა, შესაძლოა, ყველაზე უარესი ფორმაც“. ეს ნიჰილიზმი კი იმ ამაოებიდან მოდის, კაცობრიობის ნებისმიერ ქმედებას, გარჯას რომ მოელის. აქედან გამომდინარე, საინტერესოა ისიც, რომ ამ გამეორებული წიგნის წერას მოთხრობის გმირი რომანისტი ღამეებს უთენებს, მერე კი, გვიან საღამოობით, გარეუბნებში სეირნობისას წვავს თავის ხელნაწერებს „მხიარულ კოცონებზე“, რათა არავინ იხილოს. მთავარია, ფიქრი, მედიტაცია, წარმოსახვა, როგორც აზროვნების ნორმალური, ბუნებრივი სუნთქვა.

ბორხესის აზრით, ამ მოთხრობის არარეალობა ბედისწერაშია, რომელსაც მთავარი გმირი თავის თავზე იღებს.

ჩემი აზრით კი, მსგავსი სახის, აბსურდულობითა და ფანტასმაგორიულობით გამორჩეული ლიტერატურა, მიუხედავად იმისა, რომ ასახავს გარკვეულ ადამიანურ ფენომენსა თუ ღირებულებებს, ავტორისავე სიტყვები რომ მოვიშველიოთ, „ინტელექტუალური ვარჯიში“ უფროა, ვიდრე სინამდვილის ესთეტიკური აღქმა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი