ჯადოსნობა გაკვეთილზე, ანუ როგორ შევქმნათ ანიმაცია მოსწავლეებთან ერთად

(ანიმაციური ფილმები იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო კეცხოველის მოთხრობების მიხედვით)

არ მეგულება ბავშვი, რომელსაც ანიმაცია და ანიმაციური ფილმები არ უყვარდეს. ისინი ამაზე ხშირად საუბრობენ. განიხილავენ, მსჯელობენ. ჰყავთ გამორჩეული ანიმაციური გმირი. აღმერთებენ მას. დაკვირვებული თვალისთვის ეს მარტივი შესამჩნევია, თუ მათ რვეულებს, ჩანთებს, წიგნის შემოსაკრავებს და სხვა სასწავლო ნივთებს დააკვირდება. თითოეულს ხომ მათი საყვარელი ანიმაციის გმირი ამშვენებს. და არა მარტო სასწავლო ნივთებს. ისინი სადღესასწაულო ტორტებსა და ჩაცმულობასაც კი ამის მიხედვით არჩევენ.

 

საკმარისია მასწავლებელმაც აგრძნობინოს ბავშვს, რომ მასაც აინტერესებს ანიმაციური სამყარო, მაშინვე ამ პატარა არსებების ნდობა აქვს მოპოვებული. მაშინვე მათი თანამოზიარე ხდება და იწყება სამხიარულო ამბები თუ თავგადასავლები. უცებ აცნობიერებ, რომ თავიანთ მესაიდუმლედ და მეგობრად გთვლიან. კვირა არ გავა, რომელიმემ ახალი ანიმაცია არ აღმოაჩინონ. სულს ვერ ითქვამენ, ისე ჰყვებიან მასწავლებლისა და კლასის წინაშე საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ და ერთად ყურების სურვილს გამოთქვამენ. ნახვის შემდეგ კი გისვამენ უამრავ შეკითხვას, აინტერესებთ ყველამ ის იგრძნო და განიცადა თუ არა, რაც თავად განიცადეს. და ასე საინტერესოდ გრძელდება  სასკოლო ცხოვრების ურთიერთობები.

ერთ-ერთი ასეთი  ანიმაციური ფილმის ყურების შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე თავად შეექმნათ მსგავსი მასალა. ბავშვები მაშინვე სიხარულით დამთანხმდნენ. სიამოვნებით მოირგეს ანიმატორების როლი. დავიწყეთ ტექსტების მოძიება და დამუშავება, შევისწავლეთ მოთხრობებში წარმოდგენილი გარემო, პერსონაჟები. შევქმენით დიორამები. ფოტოები გადავუღეთ, გავმართეთ მკითხველთა თეატრი, მცირე კომპიუტერული ჯადოსნობებიც ჩავრთეთ, გამოსახულება და ხმა ერთმანეთს მოვარგეთ და მცირე ზომის ანიმაციებიც დაიბადა. იმდენად მოგვეწონა, რომ ფილმების საჯაროდ ჩვენებაც მოვაწყვეთ. დაინტერესება დიდი იყო. ბავშვები კი ამაყები და ბედნიერები – ისინი ხომ თავს ნამდვილ ანიმატორებად თვლიდნენ.

 

გთავაზობთ ანიმაციებზე მუშაობის მიმდინარეობას:

 

პირველი ეტაპი – ტექსტებზე მუშაობა

 

პედაგოგი წინასწარ არჩევს მარტივ, შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილ ტექსტს/ტექსტებს (ამ შემთხვევაში ეს არის იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო კეცხოველის მოთხრობები). ტექსტებს  კითხულობენ საგაკვეთილო პროცესში და ხდება მათი დამუშავება/ გააზრება.

 

მეორე ეტაპი – ტექსტის დეკორაციებზე მუშაობა

 

საჭირო რესურსი: მუყაოს ყუთები, ფერადი ფურცლები, წებო, პლასტელინი, საღებავები და ფუნჯი.

 

ამის შემდეგ მოსწავლეთა ჯგუფები ირჩევენ მათთვის სასურველ მოთხრობას და მუშაობენ დეკორაციებისა და  პერსონაჟების შექმნაზე, ვინც როგორ ხედავს და როგორ წარმოუდგენია. ხდება გარემოს შესაბამისად დიორამის შექმნა, მოხატვა და პერსონაჟების გამოძერწვა.

 

მესამე ეტაპი – როლებში ინტონაციაზე მუშაობა

 

მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს „მკითხველთა თეატრის“ მეთოდის გამოყენებით და ცდილობენ გაითავისონ თითოეული როლი შესაბამისი ინტონაციებით. აწყობენ მკითხველთა თეატრს.

 

მეოთხე ეტაპი – ფოტოების გადაღება power point-ში აწყობა

 

დიორამებსა და პერსონაჟებს ვუღებთ ფოტოებს სხვადასხვა რაკურსის ტექსტის საჭიროებიდან გამომდინარე და ვამუშავებთ კომპიუტერულად პროგრამა power point-ში.

 

მეხუთე ეტაპი –  გახმოვანება

 

მოსწავლეები ეკრანის ჩანაწერის დახმარებით ცდილობენ საკუთარი ხმა მოარგონ სლაიდის სახით აწყობილი ტექსტის ეპიზოდებსა და პერსონაჟებს.

 

მეექვსე ეტაპი – მონტაჟი

საბოლოოდ ხდება შექმნილი მასალის კომპიუტერულ პროგრამა Moviemaker-ში დამუშავება მასწავლებლის მიერ.

 

მეშვიდე  ეტაპი – ტექსტის/ტექსტების გააზრების მონიტორინგი და შედარებითი ანალიზი.

 

ანიმაციური ფილმების ჩვენების შემდეგ ისევ ხდება ტექსტის გააზრებაზე მუშაობა სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით და შედარებითი ანალიზის გაკეთება.

 

მერვე ეტაპი – პრეზენტაცია

 

მოსწავლეები ქმნიან აფიშას, მოსაწვევებს და საბოლოო სახით შექმნილ რესურს წარუდგენენ დაინტერესებულ აუდიტორიას. მასალა კი გამოქვეყნდება სოციალურ ქსელში ან youtube-ზე.

 

რეფლექსია

 

საერთაშორისო კვლევებზე (PIRLS 2006, PIRLS 2011)  დაყრდნობითა და პირადი გამოცდილებით, სკოლებში ტექსტებზე მუშაობისას გარკვეულ სირთულეებს ვაწყდებით, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია სწავლების დაწყებით საფეხურზე.

 

ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული რესურსის (ანიმაციური ფილმების) შექმნა, რადგან ამ ასაკში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბავშვები ვიზუალურ მახასიათებლებს უფრო ადვილად იმახსოვრებენ და აღიქვამენ.

 

რესურსი უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობასა და თანამშრომლობის სურვილს. ის მოითხოვს ერთად ფიქრს, ერთად კეთებას და ამით რაღაცის აღმოჩენას, რადგან ის საერთო ძალისხმევის შედეგია.

 

რესურსი იძლევა უნარების კომპლექსური განვითარების საშუალებას – ზეპირმეტყველება, კითხვა, გააზრება, შემოქმედებითი აზროვნება, ხელის მოტორიკა.

 

რესურსი მისდევს გარკვეულ სქემას და მოიცავს თანმიმდევრულ პროცესებს, რაც აადვილებს საკითხის აღქმასა და გააზრებას.

 

ასეთი ფილმების დახმარებით მოსწავლე სწავლობს და შეიმეცნებს ხალისით, მაღლდება მოტივაცია შესასწავლი საკითხისა და, საერთოდ, საგნის მიმართ. სასწავლო მასალის აღქმაში ჩართულია სხვადასხვა უნარი და, შესაბამისად, დამახსოვრების ხარისხიც მაღალია, აკმაყოფილებს განსხვავებული სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების მოთხოვნილებებს.

 

თავად რესურსი შეიძლება პირდაპირი სახით ერთჯერადი გამოყენების არის, მაგრამ იდეის გამოყენება  ქართული ენის პედაგოგებს სწავლების სამივე საფეხურზე შეუძლიათ.

 

რესურსს აქვს უარყოფითი მხარეებიც – ის ტექნიკურად რთული შესასრულებელია და მოითხოვს სპეციალურ მომზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაუფლებაში (რადგან ფოტოები აწყობილია Powerpoint-ში და ვიდეორგოლი შექმნილია Moviemaker-ში). მოითხოვს ასევე დიდ დროს და მუდმივ განახლებას.

 

 

რესურსის მიზნები (I კლასი)

 

ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
  • უცნობი სიტყვების მნიშვნელობის დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს;
  • მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს).

 

ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას.

 

ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
  • პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
  • წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზითა და შესაბამისი ინტონაციით.

 

ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 

  • სვამს/პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
  • მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
  • მონაწილეობს ტექსტის სახელდახელო ინსცენირებაში, ირჩევს როლის შესატყვის ინტონაციასა და ჟესტ-მიმიკას.

 

ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის  ტექსტებს;
  • წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
  • აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.

 

 

მოსწავლეთა მიერ შექმნილი რესურსი (ანიმაციები):

 

ამაყი ყვავილი – https://youtu.be/o4_–OaQMMw

პეპელა და ფუტკარი – https://youtu.be/vl1yG6KrRZ0

მარადმწვანე ხეები – https://youtu.be/ICeqY7kgjYQ

ორი მეგობარი – https://youtu.be/xB15ySt_h60

სირცხვილი აიცილა – https://youtu.be/r4NZb0_jw8Q

 

 

 

კომენტარები

comments