სატირული პარტიის ფენომენი

2019 წელს ჩატარებულმა ევროპარლამენტის არჩევნებმა ერთი უცნაური ფენომენის წარმოჩენას შეუწყო ხელი. პოლიტიკოსებისადმი საყოველთაო უკმაყოფილებითა თუ იმედგაცრუებით იუმორის შესანიშნავი გრძნობის მქონე მოქალაქეებმა ისარგებლეს. გერმანიის კვოტით ევროკავშირის წარმომადგენლობით ორგანოში სატირული პარტიის ორი წევრი აირჩიეს. ისინი გროტესკული ხერხების გამოყენებით შეეცდებიან თანამედროვე სამყაროს უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოწინავე პოლიტიკოსების წინაშე აქტუალიზებას.

რას ნიშნავს სატირული პარტია?

სატირულ პარტიად იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს მოიხსენიებენ, რომლებიც თავიანთ საქმიანობას პროგრამულ ღირებულებებზე არ აფუძნებენ. ამგვარი ჯგუფებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყურადღების ცენტრში აღმოჩენაა. პარტიული პროგრამაც ორგანიზაციის ლიდერთა იუმორისა და ცინიზმის გადმოცემის მთავარ საშუალებად გვევლინება. სატირული პოლიტიკური დასების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური წეს-წყობილების კრიტიკა ტრადიციული მეთოდებით აბსოლუტურად უშედეგოა. ისინი ამტკიცებენ, რომ სისტემის წინააღმდეგ გაბრძოლება მხოლოდ მშვიდობიანი, შოკისმომგვრელი და არაორდინალური სტრატეგიებით არის შესაძლებელი. სატირიკოსები გამაოგნებელი და უცნაური პოლიტიკური გზების გამოყენებით უარს ამბობენ ტრადიციული პარტიების სათამაშო მოედნით სარგებლობაზე. პირიქით, ისინი სხვებს იწვევენ თავიანთ ველზე საასპარეზოდ.

პირველი სატირული პარტია თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში არ შექმნილა. თავდაპირველად ამგვარი პოლიტიკური ორგანიზაცია მეოცე საუკუნის დასაწყისში, ჩეხეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა. მოძრაობას სათავეში მწერალი იაროსლავ ჰაშეკი ჩაუდგა. ენამახვილმა ხელოვანმა გაერთიანებას დახვეწილი სახელი შეურჩია – „პარტია კანონის ფარგლებში მოზომილი წინსვლისათვის“. პარტია დაუჯერებელი ლოზუნგებით გამოვიდა ავსტრო-უნგრეთის იმპერიული საბჭოს არჩევნებზე. ჰაშეკის მხარდამჭერები ხალხს მოუწოდებდნენ, რომ მათთან ერთად დაეწყოთ ბრძოლა ალკოჰოლიზმის საკანონმდებლო ვალდებულებად დაწესებისთვის, ინკვიზიციის განახლებისთვის, ჭკუასუსტი დეპუტატების სარეაბილიტაციო სამსახურების შექმნისა და მონობის აღდგენისთვის. სამწუხაროდ, ჩეხი მწერლის იუმორისტულ პროვოკაციას წერტილი დაუსვა მსოფლიო ომების ეპოქის დაწყებამ.

ჰაშეკის მოძრაობის დაარსებიდან ასი წლის შემდეგ საფუძველი თანამედროვეობის ყველაზე წარმატებულ სატირულ პარტიას ჩაეყარა. ალბათ, გაინტერესებთ რა სახელი შეურჩიეს ექსტრაორდინალურ პოლიტიკურ ჯგუფს. მათ ჩემი რუსულის მასწავლებლის, აწგანსვენებული სვეტლანა ივანოვნა იპატოვას ლოგიკით იხელმძღვანელეს. ვერელმა რუსმა ქართული კარგად არ იცოდა, ენის შესწავლის მიზნით კი მის ირგვლივ მყოფ არსებებს მათი თვითსახელებით მოიხსენიებდა. მაგალითად, მის ძაღლს ძაღლი ერქვა, კატას კი კატა. გერმანული იუმორისტული ჟურნალის – „ტიტანიკის“ რედაქტორმა, მარტინ ზონენბორნმა თავის პოლიტიკურ პარტიას „პარტია“ უწოდა. ორგანიზაციის სახელწოდების გამოცხადებამ, ბუნებრივია, რეპორტიორთა მხიარულება გამოიწვია, რომელსაც ახალი ძალის ლიდერი სერიოზულად გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ „Die Partei“ გაერთიანების სრული სახელის შემოკლებულ ვარიანტს წარმოადგენს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ქართული „ნიანგის“ გერმანული ექვივალენტის ავტორებმა თავიანთ პოლიტიკურ გუნდს “შრომის, სამართლებრივი სახელმწიფოს, ცხოველთა უფლებების დაცვის, ელიტების ხელშეწყობისა და საბაზისო დემოკრატიული ინივიატივების პარტია“ დაარქვეს. სრული ვარიანტიც და აბრევიატურაც დღემდე თანაბრად უცნაურად ჟღერს ევროპელი დამკვირვებლებისათვის.

2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე შოკისმომგვრელი იყო ზონებორნის კრებულის პროგრამული პრიორიტეტებიც. სატირიკოსებმა სასწრაფოდ მოითხოვეს მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირიდან „ავსტრია-უნგრეთის“ გარიცხვის თაობაზე. მოქალაქეებს გერმანული ატომური ბომბის ლაბორატორიის შექმნას დაპირდნენ. Die Partei თვითფრინავებით მგზავრობის აკრძალვის მომხრედაც გვევლინება. ორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა კი ასაკობრივი საარჩევნო ცენზის დაწესება გახლავთ. ისინი პენსიონერთა ნაწილისათვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის ინიციატივით გამოვიდნენ.

მარტინ ზონებორნი შესანიშნავი პერფორმერიც არის. მას ათობით პოლიტიკური ოინი აქვს განხორციელებული. პარტიის ლიდერი ხშირად დადის კარდაკარ, ხალხს ქვეყნის მმართველი კოალიციის წარმომადგენლად ეცნობა და ათას სისულელეებს უყვება ხოლმე ამომრჩევლებს. 2017 წელს მან საკუთარი მამა წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად. წინასაარევნო პერიოდში ენგელბერტ ზონებორნის მთავარ უპირატესობად მისი შვილის არსებობა სახელდებოდა. Die Partei-მ პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში განახორციელა. პარტიის ლიდერები ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ ჯგუფს შეხვდნენ. თბილისში მყოფმა გერმანელებმა მასპინძლებს მოატყუეს, რომ ბუნდესტაგში 30 დეპუტატი ჰყავთ, ლუდის ჭიქები ღვინის სასმისებად მიასაღეს და დღის ბოლოს ქართველ ოპოზიციონერებს სულ გერმანიის საბოლოოდ დანაწევრების სადღეგრძელო დაალევინეს.

მორიგი ხუთი წლის განმავლობაში Die Partei-ს ევროპარლამენტში ორი დეპუტატი ეყოლება. მორიგი ხუთი წლის განმავლობაში ევროპული პოლიტიკით დაინტერესებული პირები არ მოიწყენენ. პრობლემა ის არის, რომ მალე ტრადიციული პარტიების სისუსტის გამო კრიზისში ჩაფლული სამყაროს ბედს კლოუნები გადაწყვეტენ.

კომენტარები

comments