ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებლის ღირსება

საკამათო არ უნდა იყოს, რომ ქვეყნის სიძლიერე განათლებული მოქალაქეებისა და სხვადასხვა დარგის პროფესიონალების სიმრავლეზეა დამოკიდებული. ამრიგად, თუ გვინდა, ქვეყანა გავაძლიეროთ, უპირველესად განათლების სისტემის გაძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ. უკანასკნელ ათწლეულებში ჩვენს ქვეყანაში ამის მცდელობა უდავოდ შეინიშნებოდა: სასკოლო განათლების სისტემაში თითქმის ყველა მიმართულებით განხორციელდა ძირეული ცვლილებები – შემუშავდა ახალი სასწავლო გეგმა, შეიქმნა ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები, დაიწყო ზრუნვა პედაგოგთა პროფესიული დონის ასამაღლებლად სატრენინგო პროგრამების გზით, – მაგრამ თუ ბოლო ხანს ჩატარებული პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებით ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს ძალისხმევა თითქმის უშედეგო აღმოჩნდა.
პედაგოგი რომ ცენტრალური ფიგურაა განათლების სისტემაში, ფაქტია. რა ცვლილებებიც არ უნდა დავგეგმოთ, რა კონცეფციებიც არ უნდა შევიმუშაოთ, თუ არ გვეყოლება მასწავლებელი, რომელიც ყოველივე ამას განახორციელებს, განათლების სისტემაში ძირეული გარდაქმნები აუხდენელ ოცნებად დარჩება. ვინ არის დღეს დაკავებული მოზარდი თაობის სწავლა-აღზრდით? ნუთუ მართლა ასეთი კატასტროფული მდგომარეობაა ჩვენს სკოლებში, მართლა ასე ცოტაა კვალიფიციური პედაგოგი, როგორც სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებმა გვიჩვენა? ისევე როგორც ყველა სფეროში, რა თქმა უნდა, განათლების სისტემაშიც არიან მაღალი დონის პროფესიონალებიც და ისეთი პედაგოგებიც, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ კვალიფიკაციის ამაღლება. შესაძლოა, ისეთიც ბევრი შეგვხვდეს, რომლებიც სრულიად შემთხვევით მოხვდნენ სკოლაში, თვითონაც გრძნობენ, რომ მათი ადგილი აქ არ არის და სიამოვნებით დატოვებდნენ სკოლას, უკეთესი სამსახური რომ ეშოვათ. ასეა თუ ისე, ჩვენ ბევრი კარგი პედაგოგიც გვყავს. ალბათ ძნელია მოიძებნოს ქვეყანა, სადაც მასწავლებელი გაუსაძლის პირობებში, თითქმის უხელფასოდ, წლობით იმუშავებდა, ჩვენმა პედაგოგებმა კი ეს გააკეთეს. საქართველოს უახლოეს წარსულში იყო პერიოდი, როცა მასწავლებელი უტრანსპორტობის გამო კილომეტრებს გადიოდა ფეხით, რომ გაყინულ სკოლამდე მიეღწია და აღსაზრდელებისთვის გაკვეთილი ჩაეტარებინა, სკოლაში დაეკავებინა, რომ ისინი ქუჩაში არ აღმოჩენილიყვნენ. გაწეული სამსახურის ანაზღაურებას ისინი თვეობით ელოდნენ, ხოლო აღებული ხელფასით ელემენტარულ მოთხოვნილებებსაც კი ვერ იკმაყოფილებდნენ. მაშინდელი უშუქობისა და უფულობის პირობებში პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ოცნება თუ შეიძლებოდა, თუმცა ბევრი მასწავლებელი ამ გაუსაძლის პირობებშიც ვერ ტოვებდა სკოლას და, უკეთესი მომავლის იმედით, ავად თუ კარგად, თავისი საქმის კეთებას აგრძელებდა. სწორედ ასეთი პედაგოგების წყალობით მოვიდა ჩვენი სკოლა დღევანდელ დღემდე.
საინტერესოა, რა მდგომარეობაშია დღეს ამდენ ჭირგამოვლილი მასწავლებელი, შეუძლია თუ არა, იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე და თავისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ფაქტია, დღევანდელ პედაგოგს სიახლეთა გაცნობის დიდი სურვილი აქვს. ამაზე მკაფიოდ მეტყველებს ინტერნეტ გაზეთ „მასწავლებელში”, ასევე ჟურნალ „მასწავლებელში” გამოქვეყნებულ სტატიებზე მათი გამოხმაურება და ისიც, რომ ხშირად ისინი ყოველგვარი იძულების გარეშე ერთვებიან სატრენინგო ჯგუფების მუშაობაში. მაგრამ რამდენად რეალურია დღეს პედაგოგის მხრივ თვითგანვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა?
დღევანდელ სკოლაში მასწავლებლების დიდი ნაწილი ყოველდღიურად 5-6 გაკვეთილს ატარებს, და ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ ფიზიკური და ფსიქიკური ძალების მოზღვავებას განიცდის, – უბრალოდ, ეს ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა შემოსავლის გასაზრდელად და საარსებო მინიმუმის მისაღებად. რა მაღალი კვალიფიკაციისაც არ უნდა იყოს მასწავლებელი, ფაქტია, სამი გაკვეთილის შემდეგ მისი შრომის ნაყოფიერება და ხარისხი ეცემა. თუმცა ხშირად ასეთი დატვირთვაც არ კმარა საარსებო მინიმუმის მისაღებად და პედაგოგები სამსახურის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ დაისვენონ, ოჯახს მიხედონ და მეორე დღეს ჩასატარებელი გაკვეთილებისთვის მოემზადონ, კერძო გაკვეთილებს ატარებენ. ცხადია, ასეთი რეჟიმით მცხოვრებ მასწავლებელს გაუჭირდება დამატებითი დროის გამონახვა საკუთარ თავზე სამუშაოდ და თვითგანვითარებისათვის.
ჩვენს ქვეყანაში კარგა ხანია წესად იქცა უცხო ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. თავისთავად, ეს ცუდი არ არის, მაგრამ იქნებ სხვა კუთხითაც გავცნობოდით მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას, გვენახა, როგორ ზრუნავენ ისინი პედაგოგებისთვის ხელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ყველამ, ვინც პედაგოგის პროფესიას ირჩევს, კარგად იცის, რომ ეს საქმიანობა მას ფუფუნებით ცხოვრების პირობებს ვერ შეუქმნის; ასე იყო ყოველთვის, ყველა ეპოქაში, ყველა ქვეყანაში და ალბათ ასე იქნება მომავალშიც, მაგრამ ქართველი პედაგოგებისთვის უკანასკნელ წლებში ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა. ყველამ, ვისაც თუნდაც ერთი გაკვეთილი ჩაუტარებია სკოლაში, კარგად იცის, რა სასიამოვნო, მაგრამ, ამასთან, რა მძიმე სამუშაოს შესრულება უხდება სკოლის მასწავლებელს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ის ხშირად შინაც აგრძელებს მუშაობას, ცხადი გახდება, რატომ არის აუცილებელი მასწავლებლისთვის სამუშაო დღის განტვირთვა, გაწეული შრომის უკეთესი ანაზღაურება და ნორმალური დასვენება. თუ ყოველივე ამას ყურადღება არ მიექცა, გამორიცხული არ არის, უახლოეს მომავალში პედაგოგს სკოლაში სამუშაოდ სერტიფიკატი კი არა, ფსიქიატრის ცნობა დასჭირდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის დასადასტურებლად.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ აუცილებელია პედაგოგის სტაბილურ ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვა და აზრის გამოხატვის უფრო მისაღები ფორმების მოძიება მის არასათანადო კვალიფიკაციაზე საუბრისას. უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით არასასურველი ვითარებაა ამ მხრივ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შემდგომ პერიოდში. მასწავლებლების საგამოცდო შედეგებით აღშფოთებული საზოგადოების კომენტარები, გაჟღერებული პრესით, ტელევიზიით და ინტერნეტით, ხშირად სერიოზულ სირთულეთა პირისპირ აყენებს მოზარდ თაობასთან მომუშავე პედაგოგებს. გულდასაწყვეტია ის სურათი, რომელსაც ყოველწლიურად გვიჩვენებს გამოცდები, მაგრამ, სამწუხაროდ, მიზეზების ძიებისას ანალიზი ცალმხრივად კეთდება. არ იქნება სამართლიანი, საყოველთაო გაკიცხვის ობიექტად ვაქციოთ პედაგოგი, რომელმაც ვერ ჩააბარა გამოცდა პროფესიულ უნარებში, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნულ საგამოცდო პროგრამაში შედის 14 ფსიქოლოგის საკმაოდ სერიოზული თეორიები, და ეს მაშინ, როცა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში ბევრ პედაგოგს ფსიქოლოგიის ელემენტარული საფუძვლებიც არა გაუვლია, გამოცდაზე კი ამ თეორიების მხოლოდ ცოდნას კი არ ვთხოვთ, არამედ პრაქტიკულ საქმიანობაში მათი გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ვუმოწმებთ. ჩვენ ის კი არ უნდა გვიკვირდეს, რომ პედაგოგი ვერ აბარებს აღნიშნულ გამოცდას, არამედ იმით უნდა დავინტერესდეთ, როგორ გამოიყენებს მომავალში თავის პედაგოგიურ საქმიანობაში მასწავლებელი გამოცდაზე გამოვლენილ ცოდნას. თუ უცხოეთის ქვეყნებში პედაგოგები ანალოგიური პროგრამებით აბარებენ სასერტიფიკაციო გამოცდებს, ეს მათთვის შესაძლოა მისაღებიც იყოს, ვინაიდან ამ ქვეყნების პედაგოგთა საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამები ფსიქოლოგიაში უხვად მოიცავს სპეცკურსებს, რომლებიც მასწავლებელს პროფესიული საქმიანობისთვის უდავოდ სჭირდება. ამრიგად, მასწავლებლების გაკიცხვის ნაცვლად, ხომ არ აჯობებდა, თვალი გადაგვევლო ჩვენი ქვეყნის პედაგოგთა საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამებისთვის და გარკვეული ცვლილებები შეგვეტანა მათში? ის ფაქტიც, რომ საკუთარ საგანს გამოცდაზე დიპლომიანი პედაგოგების მხოლოდ 4% აბარებს, უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამების გადახედვის აშკარა აუცილებლობაზე მიუთითებს.
საქართველოს განათლების სისტემა რომ დახმარებას და გაუმჯობესებას მოითხოვს, კარგა ხანია აღარ მიიჩნევა საკამათოდ, მაგრამ იმ ქვეყნის დაუღალავი ძიება, რომლის საგანმანათლებლო მოდელსაც ჩვენს ქვეყანაში გადმოვიტანდით, შესაძლოა კიდევ უფრო დამანგრეველი აღმოჩნდეს საქართველოს განათლების სისტემისთვის. სასურველია, გავეცნოთ ყველა მოწინავე ქვეყნის საგანმანათლებლო მოდელებს, მაგრამ შევქმნათ ჩვენი, ქართული. ამასთან, კარგი იქნება, თუ განათლების სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის შემუშავებაში აქტიურად ჩავრთავთ პრაქტიკოს პედაგოგებს. მოვუსმინოთ მათ – სკოლის მასწავლებელზე უკეთესად არავინ იცის, რა ჭირდება სკოლას, რა გააუმჯობესებს მდგომარეობას ჩვენს სკოლებში. საქართველოში ბევრი კარგი პედაგოგია, გავუფრთხილდეთ მათ ღირსებას, გვახსოვდეს, რომ უდიდესია მასწავლებლის როლი მოზარდის პიროვნების ფორმირებაში, ღირსებაშელახული პედაგოგი მაღალი ღირსების მქონე ადამიანს ვერ აღზრდის, საქართველოს გადარჩენა კი მხოლოდ ღირსეულ პიროვნებებს შეუძლიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი