ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნი და წიგნის კითხვა

ვფიქრობ, დღეს აღარავის უკვირს, წიგნთან და წიგნის კითხვასთან დაკავშირებით, უფროსების მხრიდან ბავშვების მიმართ გამოთქმული საყვედურების მოსმენა: „საერთოდ არ უნდა წიგნის გადაშლა, მხატვრულ ლიტერატურას ვინ ჩივის, სკოლის  სახელმძღვანელოსაც არ კიდებს ხელს. არ მესმის, საერთოდ როგორ ახერხებს სკოლაში ნიშნების მიღებას, წიგნით მე მას ვერასოდეს ვხედავ!“ „ჩემი გიოც იგივე მდგომარეობაშია, სმარტფონს არის მიწებებული და თუ არ დავუმალე, შეიძლება ღამეც კი გაათენოს“ – თავის გულისტკივილს გიოს დედაც ვერ მალავს. იმისათვის, რომ დავეხმაროთ ბავშვს წიგნის მიმართ დამოკიდებულების შეცვლაში, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ის მიზეზები, რომლებიც არსებულ პრობლემას აყალიბებს.

წიგნის და წიგნის კითხვის მიმართ ინტერესის არარსებობის ძირითადი მიზეზები:  

  • კომპიუტერულ ტექნიკაზე მიჯაჭვულობა – უკანასკნელ ათწლეულებში კომპიუტერული ტექნიკის უეცარმა შემოჭრამ ჩვენს ცხოვრებაში არა მხოლოდ ბავშვებს, უფოსებსაც დაუკარგა წიგნის მიმართ ინტერესი; თუ ადრე ტრანსპორტსა და ქუჩაში წიგნით ხელში ადამიანის დანახვა არავის უკვირდა, დღეს ტრანსპორტში მყოფი, წიგნში თავჩარგული ადამიანი შეიძლება საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცეს და ირონიული ღიმილიც არ დაიშურონ მის მიმართ, მაშინ, როცა სმარტფონს „მიწებებული“ და კომპიუტერული თამაშებით დაკავებული ადამიანის დანახვა აღარავის აკვირვებს;
  • ინფორმაციის სწრაფად მიღების სურვილი – ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფად მოხმარებადი ინფორმაციის საუკუნეში, სადაც ჩვენს მაგივრად უკვე ყველაფერი მოიძიეს, „დაღეჭეს“ და ახლა მხოლოდ გადაყლაპვა სჭირდება. წიგნის წაკითხვა საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად კი უფრო მეტ დროს, ძალისხმევას, ნებელობას საჭიროებს. იმის გამო, რომ აღნიშნული უნარები ბავშვს ჯერ კიდევ საკმარისად არა აქვს განვითარებული, ის იოლ გზებს ეძებს სასურველი ინფორმაციის მისაღებად;
  • მშობლების დაკავებულობა და მოუცლელობა ბავშვისთვის წიგნის წასაკითხად – როგორც წესი, ყველაზე ხშირად კითხვით დაინტერესებული ბავშვები ისეთ ოჯახებში გვხვდება, სადაც ადრეული ბავშვობიდან მშობლები ბევრს უკითხავენ თავის პატარებს. სამწუხაროდ, დღევანდელი ცხოვრების რიტმი და არსებობისათვის ბრძოლა ბევრ მშობელს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ გამოყოს საჭირო დრო ბავშვთან ურთიერთობისათვის და მისთვის წიგნის წასაკითხად;
  • წიგნის კითხვის პრესტიჟულობის დაქვეითება მოზარდებში – სამწუხაროდ, წიგნის კითხვა მოზარდს თანატოლთა წრეში სასურველი ადგილის დამკვიდრებაში, ხშირ შემთხვევაში, ვერანაირ დახმარებას ვერ უწევს, პირიქით, წიგნის კითხვით უზომო გატაცებამ შეიძლება ის ერთგვარი დაცინვის ობიექტადაც კი აქციოს. კომპიუტერული ტექნიკის ოსტატურად ფლობა და სხვადასხვა სახის კომპიუტერული თამაშების ცოდნა კი მის ავტორიტეტს, როგორც წესი, თანატოლთა წრეში საკმაოდ ამაღლებს. ამიტომ, თუ ბავშვს მეგობრებში ავტორიტეტის მოპოვება სურს, საეჭვოა, რომ მან ეს წიგნის კითხვით გააკეთოს.

     რეკომენდაციები ბავშვის წიგნით და წიგნის კითხვით დასაინტერესებლად:

  • ბავშვს ვერ ვაიძულებთ შეიყვაროს წიგნი. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ მას წიგნის სიყვარული და უკეთესია ეს საკუთარ მაგალითზე გავაკეთოთ. უპირველეს ყოვლისა, დავამკვიდროთ ჩვენ სახლში კითხვის კულტურა. თუ ბავშვი ვერ ხედავს, რომ ვკითხულობთ და ამასთან სიამოვნებას ვიღებთ წიგნის კითხვით, საეჭვოა, რომ მას წიგნი შეუყვარდეს და აქტიური მკითხველი გახდეს. ბავშვებს ასწავლის და მათზე აღმზრდელობით ზეგავლენას ახდენს არა სიტყვები, არამედ ჩვენი მოქმედებები;
  • წავუკითხოთ ბავშვს წიგნები რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან, უკეთესი იქნება უკვე დაბადებიდან მივაჩვიოთ ის წაკითხულის მოსმენას. მართალია, ამ დროს პატარა ჯერ კიდევ ვერ გაიგებს, ვერ გაიაზრებს წაკითხულს, მაგრამ ახლობელი ადამიანის რბილი და ნაზი ხმა მასზე შესანიშნავად იმოქმედებს. ამასთან, მომავალში მას გაუადვილდება ბგერების და სიტყვების დამახსოვრება. მშობლიური ენის ჟღერადობა, საყვარელ ადამიანთან გატარებული დრო, წიგნის კარგ მეგობრად აღქმის ჩვევა ხელს შეუწყობს, რომ მომავალში ის კარგ მკითხველად ჩამოყალიბდეს და გატაცებით დაიწყოს კითხვა;
  • წიგნები უნდა იყოს ბავშვისთვის ხელმისაწვდომი და სახლში თვალსაჩინო ადგილას განთავსებული. თუ პატარა წიგნების გარემოცვაში ცხოვრობს, ისინი მისი ცხოვრების აუცილებელი ნაწილი ხდება;
  • ვაქციოთ კითხვა აქტიურ პროცესად, ნუ ვაიძულებთ ბავშვს წაიკითხოს დამოუკიდებლად, ჩვენ გარეშე, თუ მას ეს ჯერ კიდევ არ გამოსდის კარგად. პირიქით, უკეთესი იქნება, თუ ჩვენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გავაგრძელებთ მისთვის წიგნის კითხვას მას შემდეგაც, რაც ის დაეუფლება კითხვას. ზოგიერთი მშობლის შეცდომა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უკითხავს ბავშვს მანამ, სანამ ის პატარაა და წყვეტს ამის კეთებას, როგორც კი ბავშვი ისწავლის ასოების ცნობას. უფრო მეტიც, 6-7 წლის ბავშვს ასეთი მშობელი პირდაპირ აიძულებს კითხვას და დაჟინებით უმეორებს ერთი და იგივე სიტყვას – „საჭიროა“. გავითვალისწინოთ, რომ ასე შეიძლება გამოვიწვიოთ მხოლოდ სიძულვილი წიგნის კითხვის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში და შეიძლება სამუდამოდაც კი. თავდაპირველად კითხვა რთული პროცესია და არ ღირს დამწყებ მკითხველს ბევრი მოვთხოვოთ. გავაგრძელოთ ბავშვისთვის წიგნის კითხვა სანამ ის დაწყებით კლასებში სწავლობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ცოტა მოგვიანებითაც კი. ბავშვში კითხვისადმი ინტერესის გასაღვიძებლად შეიძლება შევწყვიტოთ კითხვა ყველაზე საინტერესო ადგილას, მოვიმიზეზოთ რაიმე გადაუდებელი საქმე და შევთავაზოთ ბავშვს თავად განაგრძოს კითხვა იმ ადგილიდან, სადაც გავჩერდით. ამასთან, შეგვიძლია გამოვიჩინოთ დაინტერესება ვთხოვოთ მას მოგვიანებით მოგვიყვეს, რასაც წაიკითხავს, რადგან ჩვენ თავად დრო არ გვქონდა მის წასაკითხად. ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვისთვის კითხვა ასოცირდებოდეს არ სიტყვასთან „საჭიროა“, არამედ სიტყვებთან „მინდა“ და „საინტერესოა“;
  • ნუ მოვახდენთ ზეწოლას ბავშვზე. მოვერიდოთ მისთვის ულტიმატუმის წაყენებას – „თუ ამ წიგნს წაიკითხავ, მიიღებ ჯილდოს“! ასეთი მიდგომა აბსოლუტურად დესტრუქციულია, განსაკუთრებით თუ გვინდა, რომ ბავშვს კითხვისადმი სიყვარული და ინტერესი გამოვუმუშაოთ და არ მივაღწიოთ იმას, რომ  გაიზუთხოს ტექსტი სახელმძღვანელოდან ჩვენთვის სასურველი შეფასების მისაღებად. ტერორით ადამიანს ვერ შევცვლით. ულტიმატუმები, რომლებსაც ჩვენ ვუყენებთ ბავშვს, მის ცნობიერებაში აყალიბებს სრულიად ნათელ სურათს – „ სიამოვნება და წიგნები შეუთავსებელი რამ არის, წიგნები მტერია“. ყოველივე ამის შემდეგ ადვილი არ იქნება შევაყვაროთ ბავშვს წიგნი. ხანდახან პატარას შეიძლება არ უნდოდეს კითხვა, ნუ აიძულებთ მას აკეთოს ეს – კითხვა უნდა იყოს სიამოვნება და არა ვალდებულება;
  • წიგნის შერჩევისას გავითვალისწინოთ ბავშვის ინტერესები. მნიშვნელოვანია, რომ წიგნის შინაარსი იყოს იმის შესაბამისი, რითიც ცხოვრობს ბავშვი მოცემულ მომენტში, მნიშვნელობა არა აქვს იქნება ის 2 წლის, თუ 12 წლის. თუ პატარა წყალქვეშა სამყაროთია გატაცებული, მივცეთ მას თემატური საბავშვო ენციკლოპედია; თუ ბავშვს მოზარდებისთვის დამახასიათებელი პრობლემები აწუხებს (თანატოლებთან, უფროსებთან ურთიერთობა, საკუთარი თავისა და სხვების შეცნობის სურვილი), შევურჩიოთ ისეთი მხატვრული ნაწარმოებები, სადაც პერსონაჟებს მსგავსი პრობლემები აქვთ;
  • ვიზრუნოთ ანალიზის უნარის განვითარებაზე ადრეული ბავშვობიდან. კითხვის დროს ხშირად დავუსვათ ისეთი შეკითხვები, რომლებზე პასუხის გაცემისას ის საკუთარ პოზიციას, საკუთარ დამოკიდებულებას დააფიქსირებს წაკითხულთან დაკავშირებით;
  • ნუ ვაიძულებთ ბავშვს იკითხოს ის, რასაც ჩვენ ვანიჭებთ უპირატესობას და საიდანაც უფრო მეტ ცოდნას მიიღებს. როცა მას გამოუმუშავდება კითხვის ჩვევა და შეუყვარდება წიგნი, ის თავად შეცვლის ბევრ რამეს არჩევანში და უფრო სერიოზულ წიგნებსაც აირჩევს;
  • ჩავრთოთ თამაშის ელემენტები კითხვის პროცესში, მაგ. შევთავაზოთ ბავშვს მოაწყოს ჩრდილების თეატრი ან სპექტაკლი წაკითხული ნაწარმოების მიხედვით. თუ პატარას არ სურს წიგნის ბოლომდე წაკითხვა, შევეცადოთ ერთად მოვიფიქროთ, თუ რითი შეიძლებოდა დამთავრებულიყო მთავარი გმირის ისტორია;
  • აქტიურად გამოვიყენოთ ემოციები კითხვის პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები ძალიან კარგად „კითხულობენ“ ემოციებს, შეიძლება პატარამ ყველაფერი ვერ გაიგოს, რასაც წავუკითხავთ, მაგრამ ის აუცილებლად ჩაწვდება, იგრძნობს მის არსს კითხვის პროცესში ჩვენ მიერ გამოხატული ემოციებით;
  • შევარჩიოთ ბავშვისთვის წიგნები ხარისხიანი სურათებით. გავითვალისწინოთ, რომ მისთვის სურათების დათვალიერება წიგნში ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე კითხვა. ამიტომ, რაც უფრო მეტი ლამაზი ილუსტრაციების შემცველი წიგნით იქნება პატარა გარემოცული, მით უფრო აქტიურად დაინტერესდება ის წიგნებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში შანსებიც მეტი იქნება, რომ ბავშვს კითხვა შეუყვარდეს;
  • პატარებს ძალიან უყვართ, როდესაც მათ ერთი და იგივე წიგნს რამდენჯერმე უკითხავენ. ხშირად რამდენიმე წაკითხვის შემდეგ უკვე ზეპირად იციან ესა თუ ის ზღაპარი, მაგრამ, 10-ჯერ წაკითხვის შემდეგაც მზად არიან კვლავ მოისმინონ ის. ნუ დავიზარებთ და კვლავაც წავუკითხოთ პატარას მისთვის საინტერესო წიგნი. ახლა, ჩვენ ამაზე 10 წუთს დავხარჯავთ, 10 წლის შემდეგ კი აღარ დავიჩივლებთ, რომ კომპიუტერის გარდა ბავშვი არაფრით ინტერესდება.

დაბოლოს, ვიზრუნოთ და ყველაფერი  გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვმა ტელევიზორი და კომპიუტერი წიგნზე ადრე არ გაიცნოს და მათთან უფრო მეტი დრო არ გაატაროს, ვიდრე მშობლებთან, რომლებიც მისთვის წიგნის კითხვით იქნებიან დაკავებული. მაგრამ, თუ მაინც ასე მოხდება, სავარაუდოდ ბავშვი ვერასოდეს გაიგებს, რომ კითხვა ეს სიამოვნებაა. ხოლო უფროსების მხრიდან თავის მართლება სიტყვებით – „ახლა ასეთი დროა“ – მათ საქციელს ნამდვილად ვერ გაამართლებს. თუ ბავშვი 5-6 საათის განმავლობაში თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს და ამისათვის იყენებს სმარტფონს, რომელიც მას მშობლებმა აჩუქეს, პასუხისმგებლობა შვილის ტექნიკაზე მიჯაჭვულობაში სწორედ მათ  ეკისრებათ.  გავითვალისწინოთ, რომ კითხვა ჩვევაა, რომელიც სიამოვნებას უნდა ბადებდეს. ის მშობლები, რომლებმაც ბავშვები წიგნებისაგან სიამოვნების მიღებას მიაჩვიეს, მომავალში სავარაუდოდ ნამდვილად არ დაიჩივლებენ, რომ მათი შვილი წიგნებს არ კითხულობს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კითხვის ჩვევის ქვეშ არ მოიაზრება კითხვის სისწრაფე, რომელსაც ასეთ პატივს სცემს ბევრი მასწავლებელი. კითხვის ჩვევა, პირველ რიგში ეს არის წიგნის კითხვით მიღებული კმაყოფილება და სიხარული. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, წაკითხულის განხილვის, გაანალიზების უნარი და სურვილი. სისწრაფე თავად გამომუშავდება, განსაკუთრებით, თუ ამაზე დიდად არ შევწუხდებით და არ ვინერვიულებთ. „კითხვა – ეს სიხარულია“! – ასეთი უნდა იყოს ჩვენი დევიზი, როცა ვცდილობთ შევაყვაროთ ბავშვს წიგნი და წიგნის კითხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი