პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ბავშვური სიხარბე – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

 

ერთხელ, ავტობუსით მგზავრობისას საინტერესო და საყურადღებო სცენის უნებლიე მოწმე გავხდი. პატარა, დაახლოებით 2-2,5 წლის ბიჭუნამ, რომელიც დედის კალთაში კომფორტულად მოკალათებულიყო, მის გვერდით მჯდომი, მასზე ოდნავ უფროსი ბავშვის ხელში სათამაშო დათუნია დაინახა და მისკენ გადაიხარა, რომ სასურველი ნივთი ხელში ჩაეგდო. სათამაშოს პატრონი ბიჭუნა მთელი ძალით ჩაებღაუჭა თავის ნივთს, გულზე მიიხუტა და ოდნავ განზე გაიწია, რომ მისი წართმევის უფლება არ მიეცა.  მის გვერდით მყოფი დედა ძალიან შეაწუხა შვილის საქციელმა და თხოვნით მიმართა მას: „გიო, მიეცი ცოტა ხნით შენი სათამაშო ამ ბიჭუნას, ის ხომ შენზე პატარაა, ითამაშებს და დაგიბრუნებს“. დედის ამ თხოვნას ბავშვი უკმაყოფილო სახით შეხვდა. ხოლო როცა დედა შეეცადა შვილისთვის სათამაშო ძალით გამოერთმია, რომ ატირებული ბავშვისთვის  გადაეცა, გიომ პროტესტის ნიშნად ყვირილი მორთო. „არა, მაინც ვის დაემსგავსე, ასეთი ძუნწი და ხარბი რომ ხარ. შენი ძმა არავისთვის არაფერს იშურებს, შენ კი არა თუ უცხო ბავშვისთვის, ძმისთვისაც არაფერი გემეტება“! შვილის საქციელით უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი გიოს დედა გარშემომყოფებთან თავის მართლებას ცდილობდა.   შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ სიტუაციაში ბავშვური სიხარბის გამოვლენას ორივე პატარასთან ჰქონდა ადგილი – გიოს საკუთარი სათამაშოს სხვისთვის გაზიარების, თუნდაც დროებით თხოვების სურვილი არ ჰქონდა, მეორე ბავშვი კი მიისწრაფოდა დაეკმაყოფილებინა სხვისი სათამაშოს დაუფლების სურვილი.

ზრდასრულ ადამიანებში სიხარბე, სიძუნწე განკიცხვადია საზოგადოების მხრიდან, ის უარყოფით თვისებად და დიდ ცოდვადაც ითვლება. შეიძლება თუ არა ასეთივე შეფასება მივცეთ ბავშვური სიხარბის გამოვლენასაც. რა თქმა უნდა – არა! მაშინ, რატომ გვაშფოთებს უფროსებს მისი გამოვლინებები პატარებში? ალბათ იმიტომ, რომ არასწორი დამოკიდებულების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, შესაძლებელია მომავალში ის ხასიათის თვისებად ჩამოყალიბდეს და სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს მისთვის საზოგადოებაში სასურველი ადგილის დამკვიდრების პროცესში.

სიხარბის პირველ გამოვლინებებს ბავშვებში 1,5-2 წლის ასაკში ვხვდებით. თუ აქამდე პატარა ძალიან ადვილად თმობდა, აძლევდა თავის სათამაშოებს სხვებს და არავითარ ყურადღებას არ აქცევდა იმას, თუ ვინ ითამაშებდა მისი სათამაშოებით,  2 წლისთვის ყველაფერი იცვლება – ყოველთვის მშვიდი პატარა უცებ ართმევს სათამაშოს  სხვა ბავშვს. დათმობა, როგორც წესი, არცერთს არ სურს, რის გამოც ყველაფერი ტირილით მთავრდება. ბევრ მშობელს სერიოზულად აშფოთებს და პანიკაში აგდებს  შვილის ასეთი საქციელი და ვფიქრობ, არცთუ უსაფუძვლოდ. მათ კარგად იციან, რომ ბავშვები, რომლებიც ამჟღავნებენ გულუხვობას, უზიარებენ, უყოფენ თავიანთ სათამაშოებს, საგნებს, ტკბილეულს სხვებს, ადვილად პოულობენ მეგობრებს და ხშირად საზოგადოების სული და გული ხდებიან. ის პატარები კი, რომლებიც ავლენენ სიხარბეს, ჩვეულებრივ განიცდიან სირთულეებს მეგობრების შეძენის პროცესში, უფრო მეტიც, ასეთ ბავშვებს თანატოლები დასცინიან კიდეც. რასაკვირველია,  არცერთი მშობელი არ ისურვებდა, რომ მის შვილს ასეთი ბავშვის ხვედრი გაეზიარებინა. და, ეს რომ არ მოხდეს, სასურველი იქნება ბავშვური სიხარბის გამოვლინებებზე სწორი რეაგირება.

უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ 2-3 წლის პატარებში ბავშვური სიხარბის გამოვლინებები, იმ ასაკობრივი ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც ამ პერიოდში ხდება, პანიკის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. ის შეიძლება ერთგვარ ასაკობრივ ნორმად და განვითარების ბუნებრივ ეტაპადაც კი ჩავთვალოთ. 2-3 წლის ასაკში იწყება „მე“-ს ცნობიერების ჩამოყალიბება. თუ ადრე ბავშვი საკუთარ თავს მესამე პირში მოიხსენებდა – „გიო ჭამს“,  „გიო თამაშობს“, ორი წლიდან ის იწყებს სიტყვების: „მე“, „ჩემი“ აქტიურად წარმოთქმას, გამოყენებას, და, ეს „ჩემი“ მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ხდება, რომ მისი პირადი ნივთების, სათამაშოების ნებისმიერი ხელყოფა  ბავშვის  მიერ აღიქმება, როგორც საკუთარი უსაფრთხოების დარღვევა. განაწყენებული პატარა ვერ ხვდება, რომ მისი საყვარელი სათამაშო სამუდამოდ არ მიაქვთ. შევეცადოთ ასეთ დროს გავუგოთ მას. თოჯინა, მანქანა და ნებისმიერი სხვა სათამაშო ბავშვისთვის იგივეა, რაც ჩვენთვის მობილური ტელეფონი, საფულე, ჩანთა, საყვარელი სუნამო, ან ნებისმიერი სხვა პირადი ნივთი. თუ ჩვენ თავად არ ვაძლევთ ჩვენს პირად ნივთებს სხვებს მოსახმარად, რატომ უნდა გააკეთოს ეს ბავშვმა, თუნდაც 3 წლის ასაკში. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ასაკში პატარას არ შეუძლია თანაგრძნობა. მან შეიძლება გულგრილად უყუროს მის მიერვე განაწყენებულ და ატირებულ თანატოლს, რომლის სათამაშოც დაუკითხავად აიღო. მისთვის ამ ასაკში პირველ ადგილზეა მისი საკუთარი სურვილები. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ თუნდაც ასეთ ადრეულ პერიოდში  რეაგირების გარეშე დავტოვოთ ბავშვური სიხარბის გამოვლინებები. ამასთან, მოქმედების ეფექტიანი ფორმის შესარჩევად უნდა ვიცოდეთ ბავშვის ქცევის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, რადგანაც პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება მოქმედების არა შედეგებთან, არამედ მიზეზებთან ბრძოლა. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ასაკობრივი თავისებურებების გარდა, არსებობს ინდივიდუალური თავისებურებებიც და სწორედ ამიტომ არის, რომ ერთი და იგივე ასაკის ორი ბავშვის ქცევა, ხშირ შემთხვევაში სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ბავშვური სიხარბის გამომწვევი ძირითადი მიზეზები:    

  • მშობლიური სიყვარულის დეფიციტი – შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე ხშირად ძუნწი ბავშვები იზრდებიან ისეთ ოჯახებში, სადაც სითბოს, სიყვარულის, ყურადღების გამოვლენა იშვიათი საჩუქარია ზედმეტად დაკავებული მშობლების მხრიდან. ხშირად ისინი ცდილობენ, რომ ბავშვის მიმართ უყურადღებობას კომპენსირება ნაირნაირი სათამაშოების და ნივთების ყიდვით გაუკეთონ. პატარა, რომელსაც აკლია ყურადღება მშობლების მხრიდან მათი მოუცლელობის გამო, მათ საჩუქრებს აღიქვამს, როგორც განსაკუთრებული ღირებულების მატრებელს, მუდმივად ჩახუტებული დააქვს, მათთან ერთად იძინებს, ეფერება, თუ მოწყენილია ან, თუ რამის ეშინია. მშობლების ნაჩუქარი, სრულიად პატარა, მომცრო ზომის სათამაშოც კი ბავშვმა შეიძლება აღიქვას, როგორც მისი საუკეთესო მეგობარი. და, ყოველივე ამის შემდეგ, ბუნებრივია მისთვის ძალიან მტკივნეული იქნება, თუ სთხოვენ, რომ ეს სათამაშო სხვას მისცენ, თუნდაც დროებით. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ დავადანაშაულოთ ბავშვი სიხარბეში და პრობლემის გადასაწყვეტად შიდა ოჯახური ურთიერთობების გარკვევაზე ვიზრუნოთ;
  • ეჭვიანობა და-ძმის, ყველაზე ხშირად კი უმცროსის მიმართ – თუ უმცროს დას ან ძმას მეტი ყურადღება ექცევა მშობლების მხრიდან, ბავშვი ავტომატურად თავის წყენას სიძუნწით და აგრესიულობით გამოხატავს მშობლების სიყვარულსა და ყურადღებაში მოცილე დის ან ძმის მიმართ;
  • ჰიპერმზრუნველობა. მშობლების სიყვარულისა და ყურადღების სიჭარბე – თუ ოჯახში ბავშვის ყველა სურვილი, მოთხოვნა დაუყონებლივ სრულდება, მას ძალიან გაუჭირდება ოჯახის გარეთ, სხვა სიტუაციებში ადამიანებთან ურთიერთობა. ასეთ ბავშვს სურს, რომ ყოველთვის და ყველგან ყურადღების ცენტრში იყოს და მისი ყველა სურვილი და მოთხოვნა დაუყონებლივ სრულდებოდეს. ის ძალიან ადვილად მოაწყობს ისტერიკას, თუ ვერ შეძლებს იმ სათამაშოს მითვისებას, რომელიც თანატოლის ხელში დაინახა და მოეწონა. ეს მაშინ, როცა თავად არავის არაფერს ათხოვებს, არ უზიარებს და არც უნაწილებს. ხშირად ის იმისთვისაც კი მზად არის, რომ შეჭამოს ყველა კანფეტი, რაც აქვს, რათა სხვას არაფერი დაუტოვოს, მაშინაც კი, თუ აღარ უნდა და არანაირ სიამოვნებას აღარ იღებს მისი მირთმევით;
  • სათამაშოს დაზიანების შიში – არის შემთხვევები, როცა პატარა საყვარელი სათამაშოს დაზიანების შიშის გამო არც თავად თამაშობს და არც სხვებს აძლევს ამ სათამაშოთი თამაშის უფლებას.

     რეკომენდაციები ბავშვური სიხარბის დასაძლევად: 

  • შევეცადოთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ემოციური წონასწორობა. ნუ გვექნება მწვავე რეაქცია ბავშვური სიხარბის გამოვლენაზე. ჩვენ ამას ადვილად შევძლებთ – შევინარჩუნებთ სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში და პატარას არასასიამოვნო ქცევაზე რეაგირებაც ადეკვატური გვექნება, თუ გარკვეული ვიქნებით ბავშვის ქცევის მიზეზებში;
  • ნურასოდეს ვაიძულებთ ბავშვს მისცეს, ან თუნდაც დროებით ათხოვოს თავისი სათამაშო, ნივთი სხვას, თუ მას ამისი სურვილი არა აქვს; მითუმეტეს მოვერიდოთ მისთვის, ძალის გამოყენებით, სათამაშოს ჩამორთმევას, რომ მისი თანდასწრებით სხვას გადავცეთ. ამით, ჩვენ ბავშვს გულუხვობას ვერ გამოვუმუშავებთ, ძალის გამოყენებას მასზე სუსტის მიმართ სასურველი ნივთის ხელში ჩასაგდებად კი ნამდვილად ვასწავლით;
  • ნუ მივაკერებთ პატარას იარლიყებს: „ხარბი“, „ძუნწი“, „გაუმეტავი“. შევაფასოთ ბავშვის ქცევა და არა მისი პიროვნება. განსაკუთრებით მოვერიდოთ ბავშვთან ჩხუბს და მის შერცხვენას სხვების თანდასწრებით. არ შეიძლება უცხო ადამიანების თანდასწრებით ჭკუის დარიგება დავუწყოთ ბავშვს – „ასე რომ იქცევი, ყველა იფიქრებს, რომ შენ ძუნწი, ხარბი და გაუმეტავი ხარ“. ამ გზით ჩვენ ბავშვს ჩამოვუყალიბებთ საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობას და ძლიერ დამოკიდებულს გავხდით გარშემომყოფთა აზრზე. თუ პატარას შთავუნერგავთ, რომ ის ძუნწია, დიდი ალბათობით,  დაიჯერებს  და მომავალში გაუჭირდება ამ ნაკლისგან განთავისუფლება;
  • ნუ შევადარებთ სხვა ბავშვს – „ნინი როგორი გულუხვია, შენ კი როგორი ძუნწი და ხარბი. ყველგან მარცხვენ!“ ასეთი სიტყვებით ბავშვს ვერ შევცვლით, თანატოლთან კონფლიქტის მიზეზი კი ნამდვილად გავხდებით;
  • ყოველთვის მოვუსმინოთ ბავშვს. ხანდახან პატარა უბრალოდ ეძებს ჩვენს თანაგრძნობას და თანაგანცდას. ასეთ დროს ჩვენი ყურადღება მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარია, ემოციური კონტაქტი კი სიხარბის საუკეთესო პროფილაქტიკაა;
  • ნუ წავუყენებთ ულტიმატუმებს – „თუ შენს სათამაშოს ამ ბიჭუნას არ ათხოვებ, აღარასოდეს არაფერს გიყიდი“! ჩვენი ასეთი სიტყვები და მოქმედება ბავშვს ნამდვილად ვერ შეცვლის;
  • ნაცვლად იმისა, რომ ვებრძოლოთ სიხარბეს, განვავითაროთ ბავშვში გულუხვობა. შეიძლება დაბადების დღეზე საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასაღებად მივცეთ მას კანფეტების გარკვეული რაოდენობა იმისათვის, რომ თანატოლებს გაუნაწილოს. იუბილარი ტკბილეულით გაუმასპინძლდება თავის მეგობრებს, რაც ერთგვარად გააუმჯობესებს მათ ურთიერთდამოკიდებულებას, საპასუხოდ კი მიიღებს გულწრფელ მილოცვებს და კარგ განწყობას;
  • შევაქოთ ბავშვი, როცა ის ახერხებს სხვისთვის სათამაშოს თხოვებას, ტკბილეულის განაწილებას და ამჟღავნებს გულუხვობას, ავლენს სიკეთეს. ეს განუმტკიცებს მას საკუთარი თავის რწმენას;
  • წავუკითხოთ პატარებს ჭკუისასწავლებელი ზღაპრები. კარგი ეფექტი აქვს ხალხურ ზღაპრებს, რომელშიც დასცინიან სიხარბეს, სიძუნწეს;
  • ვასწავლოთ ბავშვებს სათამაშოების გაცვლა თანატოლებში. თუ ის სხვისი სათამაშოთი დაინტერესდება, თავადაც შესთავაზოს სანაცვლოდ საკუთარი სათამაშოებიდან ისეთი, რაც მისთვის საინტერესო, მოსაწონი და მიმზიდველი აღმოჩნდება.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, აღზრდის საუკეთესო საშუალება პირადი მაგალითია. სწორედ ქცევის ჩვენს მოდელს ხედავს ბავშვი და გადააქვს ის საკუთარ მოქმედებაში. ნურასოდეს დავივიწყებთ, რომ პატარა სწავლობს ჩვენ მაგალითზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი