პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნება

ძნელად თუ მოიძებნება
ადამიანი, რომელიც პიროვნების ღირსებათა ჩამონათვალს არ მიაკუთვნებდეს დამოუკიდებლობას,
გამბედაობას, ხოლო სხვისი გავლენის მორჩილება, საკუთარი აზრის უქონლობა, პირიქით, ანტიპათიას
არ იწვევდეს მასში. სკოლისა და ოჯახის მთელი ძალისხმევაც თითქოს იქით არის მიმართული,
ჩამოუყალიბონ აღსაზრდელს დამოუკიდებელი აზროვნების, მოვლენათა დამოუკიდებლად შეფასების
უნარი, აღზარდონ ის გამბედავ პიროვნებად, მაგრამ ის აღმზრდელობითი ხერხები, რომლებსაც,
ჩვეულებრივ, იყენებენ ოჯახსა და სკოლაში, ხშირად საპირისპირო ეფექტს იძლევა. უცნაურია,
მაგრამ თუ მოზრდილი ადამიანისთვის დამოუკიდებლობა, გამბედაობა ღირსებებად მიიჩნევა,
ხოლო სხვისი გავლენის მორჩილება ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს, იმავე თვისებებს
ბავშვებში პირიქით ვაფასებთ. მაგალითად, იშვიათი როდია, როდესაც აღსაზრდელის დამოუკიდებლობას,
განსაკუთრებით – უფროსთან კონფლიქტის დროს, აღმზრდელი ყოველნაირად ახშობს, ხოლო ბავშვი,
რომელიც სიტყვაშეუბრუნებლად ასრულებს უფროსის ყოველ მითითებას, თუნდაც ის სრულიად ეწინააღმდეგებოდეს
მის წარმოდგენებს, პატივისცემით სარგებლობს. ასეთ მოსწავლეებს უმეტესად არც გააჩნიათ
საკუთარი აზრი, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად აზროვნება. საეჭვოა, ასეთმა ბავშვმა დიდობაში
გამოიმუშაოს მოვლენათა დამოუკიდებელი აღქმისა და შეფასების, სირთულეთა დაძლევის უნარი.
ბუნებრივია, თუ ბავშვი წლების განმავლობაში უფროსებთან – მშობლებსა და მასწავლებლებთან
– ურთიერთობისას უსიტყვო მორჩილებას იყო მიჩვეული, მომავალში დამოუკიდებელ პიროვნებად
ვეღარ ჩამოყალიბდება. ადამიანის ფსიქიკას უჭირს ერთი უკიდურესობიდან მეორეში ასეთი
ნახტომის გაკეთება.

რა უცნაურიც უნდა მოგვეჩვენოს,
ყველაზე ხელსაყრელი პირობები დამოუკიდებელი, დამოუკიდებლად მოაზროვნე  პიროვნების ჩამოსაყალიბებლად განვითარების კრიტიკულ
პერიოდებში იქმნება. სირთულეებმა, რომლებიც ამ დროს იჩენს თავს, შესაძლოა აღმზრდელს
დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში დიდი დახმარება გაუწიოს. განსაკუთრებით
დიდი როლი შეიძლება შეასრულოს ამ მხრივ ბავშვის სიჯიუტემ, რომელიც უფროსებისთვის ხშირად
დაუძლეველ წინააღმდეგობად იქცევა.

სიჯიუტის პირველ გამოვლენას
ბავშვის განვითარების პირველ კრიტიკულ პერიოდში, დაახლოებით 3-დან 5 წლამდე, ვხვდებით.
ალბათ ყველასთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც ამ ასაკის ბავშვი ჭამის დროს კოვზს ხელიდან
სტაცებს უფროსს, რომ საკუთარი ხელით მიირთვას, მაგრამ ვინაიდან მოტორიკა და სივრცეში
ორიენტაციის უნარი ჯერ საკმარისად არ აქვს განვითარებული, პირის მაგივრად კოვზი ცხვირთან
მიაქვს და ითხუპნება, რაც უფროსებს აღიზიანებს და აბრაზებს. იგივე ხდება ბავშვის ჩაცმისას,
როცა პატარა სიტყვებით „მე თვითონ” ხელიდან სტაცებს უფროსს ფეხსაცმელს ან ტანსაცმელს
და დამოუკიდებლად ჩაცმას ცდილობს, მაგრამ არც ეს გამოსდის ისე, როგორც საჭიროა და ამისთვისაც
იმსახურებს საყვედურს. აღმზრდელებს ურჩევნიათ, ყველაფერი თვითონ აკეთონ, ვიდრე ბავშვის
მიერ ცუდად შესრულებული მოქმედების გამო „საქმე გაირთულონ”: თვითონ ჩააცვან ბავშვს,
საკუთარი ხელით აჭამონ საჭმელი, ვიდრე უყურონ, რა გაჭირვებით იცვამს პატარა ან როგორ
ითხუპნის ჭამის დროს ცხვირ-პირს – ეს ხომ დამატებით საზრუნავს უჩენს მათ. მაგრამ უნდა
გავითვალისწინოთ, რომ დამოუკიდებლობის პირველ გამოვლენათა ჩახშობას ხშირად არცთუ სასურველი
შედეგი მოჰყვება. ბავშვი ერთხანს დაჟინებით მოითხოვს უფროსისგან, ამა თუ იმ საქმის
დამოუკიდებლად კეთების უფლება მისცენ, მაგრამ თუ ამას ვერ მიაღწია, „ბედს ეგუება” და
მოგვიანებით უკვე სიამოვნებით იღებს უფროსების მომსახურებას, თუმცა ამ დროს მშობლებს
უკვე აღიზიანებთ შვილის მათზე მეტისმეტი დამოკიდებულება. არცთუ იშვიათია შემთხვევა,
როცა 18-20 წლის ან უფრო მოზრდილი ახალგაზრდის მშობელი წუხს, რომ მის შვილს მის გარეშე
არაფრის გაკეთება არ შეუძლია. „ყველაფერი მე უნდა გავუკეთო, მე უნდა მოვაგვარო მისი
საქმეები. ჩაიც კი მე უნდა გავუმზადო. დილით ჩაიში შაქარს რომ ჩავუყრი, თუ არ მოვურიე,
შეიძლება უშაქრო ჩაი დალიოს”, – ამ სიტყვების ავტორი 20 წლის ბიჭის დედაა. მას შესაძლოა
აღარც კი ახსოვს, როგორ იქცეოდა თვითონ, როცა სამი წლის ასაკში შვილი ხელიდან სტაცებდა
კოვზს, რომ დამოუკიდებლად ეჭამა. სამწუხაროდ, მან თავის დროზე დამოუკიდებელი პიროვნების
ჩამოსაყალიბებლად ძალიან კარგი მომენტი გაუშვა ხელიდან.

პირველი კრიტიკული ხანა,
3-დან 5 წლამდე ასაკი, დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისთვის ნიადაგის მოსამზადებლადაც
კარგი პერიოდია. ამ ასაკის ბავშვის უსაყვარლესი კითხვა „რატომ?” იმდენად მოსაბეზრებელი
ხდება უფროსებისთვის, რომ ხშირად საყვედურობენ კიდეც მას გაუთავებელი კითხვების გამო.
ცნობილია, რომ კითხვა „რატომ?” საკმაოდ მაღალი დონის სააზროვნო უნარისთვის, ანალიზისთვის,
არის დამახასიათებელი. არ არის გამორიცხული, სამი წლის პატარა, რომელიც აქტიურად იწყებს
სამყაროს შემეცნებას, ამგვარი კითხვებით პრიმიტიულ დონეზე სწორედ ანალიზს ცდილობდეს.
თუ ჩვენ, ჩვენი მოუცლელობისა და დაღლილობის გამო, ჩავუხშეთ ბავშვს კითხვების დასმის
სურვილი და გასაქანი არ მივეცით მისი სააზროვნო უნარების განვითარებას, მალე ის დაკარგავს
ამის კეთების სურვილს და ჩვენ უკმაყოფილო ვიქნებით იმით, რომ ის არავითარ შემეცნებით
ინტერესს აღარ გამოამჟღავნებს.

დამოუკიდებელი პიროვნების
ჩამოყალიბების ხელშესაწყობად ძალიან კარგი დროა მეორე კრიტიკულ პერიოდიც – გარდამავალი
ასაკი, რომელიც 10-11-დან 15-16 წლამდე გრძელდება, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ ამ პერიოდში
რთულდება აღმზრდელისა და აღსაზრდელის ურთიერთობა გარდამავალი ასაკისთვის დამახასიათებელ
თავისებურებათა გაუთვალისწინებლობის გამო. კონფლიქტი, რომელიც გარდამავალ ასაკში იჩენს
თავს, მათ თავიდან ასაცილებლად მუშაობის არასწორად წარმართვის გამო ხშირად ჭაბუკობის
პერიოდშიც გრძელდება.

გარდამავალი ასაკის ყველაზე
მნიშვნელოვანი თავისებურებაა მოზარდში დიდობის გრძნობის აღმოცენება და მასთან უშუალოდ
დაკავშირებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილება. დიდობის გრძნობის აღმოცენებას
იწვევს ყველა ის ბიოლოგიური, ფიზიკური და სულიერი ცვლილება, რომლებიც გარდამავალ პერიოდში
ხდება. მოზარდი, ამჩნევს რა მასში მომხდარ ცვლილებებს, ასკვნის, რომ ის თითქმის აღარაფრით
განსხვავდება მოზრდილი ადამიანებისგან და მოითხოვს მათგან, თანატოლივით ეპყრობოდნენ.
თუ უფროსებმა არ გააკეთეს ეს და არ გაათავისუფლეს მოზარდი წვრილმანი მეურვეობისგან,
ზედმეტი კონტროლისგან, გადამეტებული და მომაბეზრებელი მზრუნველობისა და ხელმძღვანელობისაგან
– ყოველივე იმისგან, რაც რაღაცნაირად გამართლებული იყო სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო
ასაკის ბავშვის მიმართ, უარი არ თქვენს კატეგორიულ მოთხოვნებსა და მბრძანებლურ კილოზე,
ბავშვი თავს დამცირებულად, შეურაცხყოფილად გრძნობს და უხეში, ჯიუტი და ჟინიანი ხდება.
ცხადია, უფროსი იმდენ დამოუკიდებლობას ვერ მიანიჭებს
მოზარდს, რამდენსაც ის მოითხოვს, მაგრამ გარკვეულ საზღვრებში მისი დიდობის აღიარება
და ზოგიერთი საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვის უფლების მინიჭება დამოუკიდებელი
პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე მხოლოდ სასიკეთოდ იმოქმედებს.

გარდამავალ ასაკში სერიოზული
ცვლილებები ხდება ბავშვის ინტელექტუალური განვითარების მიმართულებით; ვითარდება ფილოსოფიური,
ფსიქოლოგიური აზროვნება, საკუთარი თავისა და სხვების შეცნობის სურვილი; მოზარდი აქტიურად
ცდილობს მოვლენების და ადამიანთა ქცევის გაანალიზებას და შეფასებას, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი
ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდეს დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.
ეს მაშინ მოხდება, თუ ჩვენ, ერთი მხრივ, სწორად წარვმართეთ მოზარდთან ურთიერთობა და,
მეორე მხრივ, სწორად დავგეგმეთ სასწავლო და საგაკვეთილო პროცესი.

დამოუკიდებელი აზროვნების
განვითარების ხელშესაწყობად საჭიროა:

პატივი ვცეთ მოზარდის აზრს, მაშინაც კი, თუ ის არ მოგვწონს,
მიუღებლად მიგვაჩნია.

● გავუღვივოთ ბავშვს
სოციალური დაცულობის განცდა მსჯელობის პროცესში. თუ მოზარდი პირადი აზრის გამოხატვისას
გარშემო მყოფთა სახეზე ირონიულ ღიმილს ამჩნევს, მომავალში მას აღარ გაუჩნდება საკუთარი
აზრის გამოთქმის სურვილი;

● მოვიწონოთ, როდესაც
ბავშვი ცდილობს თავისი აზრის არგუმენტებით დასაბუთებას, მაშინაც კი, თუ ეს აზრი მეცნიერულად
მიუღებელი და გაუმართლებელია.

● გავითვალისწინოთ, რომ
ჩვენ მხოლოდ გარკვეულ პერიოდამდე შეგვიძლია ბავშვის განვითარების პროცესში აქტიური
ჩარევა; გარდამავალი ასაკიდან ის იწყებს თვითაღზრდას და საკუთარი წარმოდგენისამებრ
ავითარებს ან აღმოფხვრის თავის თავში ამა თუ იმ თვისებას.

● ყურადსაღებია ისიც,
რომ ბავშვი, უპირველეს ყოვლისა, უფროსების ქცევაზე დაკვირვებით სწავლობს ყველაფერს.
თუ ჩვენ არ გამოვამჟღავნეთ დამოუკიდებლობა ამა თუ იმ მოვლენის, ამა თუ იმ ადამიანის
ქცევის ანალიზისა და შეფასების დროს, მოზარდს დამოუკიდებელ მსჯელობას, დამოუკიდებელ
შეფასებას ვერ მოვთხოვთ.

სკოლის უპირველესი მიზანი
დამოუკიდებელი, დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბება უნდა იყოს, რადგან
სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ძლიერი ქვეყნის საზოგადოებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი