ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოსმენის აქტივობები აიოლებს ენის შესწავლას

მოსმენა უმნიშვნელოვანესი  უნარია. მოსმენის საშუალებით მოსწავლე უცხო ენას და, საერთოდ, ენას შეისწავლის. როგორც ჰ. დუგლას ბრაუნი აღნიშნავს, ენის ,,მიღებით ჩვენ ვითავისებთ ლინგვისტურ ინფორმაციას, რომლის გარეშეც ვერ წარმოვქმნით ენას.“

უცხო ენის გაკვეთილზე თითოეული მოსწავლე მეტწილად ისმენს. იგი უსმენს თანაკლასელს ან მასწავლებელს. მიუხედავად იმისა, რომ ,ზოგადად, მოსმენას დიდი დრო ეთმობა, ენის მატარებლის მეტყველების მოსმენისას მოსწავლე ხშირად ბევრ სირთულეს  გადააწყდება და ვერ ან ცუდად იგებს ნათქვამს. მიზეზი ხშირად ისაა, რომ სათანადოდ არა აქვს გავარჯიშებული ყური.  თავისთვის უჩვეულო (ენის მატარებლის მიერ წარმოთქმული) გაბმული მეტყველების მოსმენისას მოსწავლე შეიძლება დაიძაბოს, რაც, როგორც ცნობილია, ასევე ხელს უშლის მოსასმენი მასალის გაგებას. ამ ბარიერის შემცირება ან დაძლევა მხოლოდ გაკვეთილზე მოსმენილი ტექსტის საშუალებით შეუძლებელი ჩანს, რადგან კვირის განმავლობაში გაკვეთილზე მცირე დრო ეთმობა ენის მატარებლის მიერ წაკითხული ტექსტის/ტექსტების მოსმენას.  იმისთვის, რომ მოსწავლე შეეჩვიოს უცხო ენაზე მეტყველების მოსმენას და მოსასმენი მასალა დაძაბვის გარეშე ან ნაკლები დაძაბვით აღიქვას,  საჭიროა ,,ყურის“ რეგულარული ვარჯიში. ამიტომ მოსწავლეებს ვავალებ უსმინონ სახლში სხვადასხვა ტიპის მოსასმენ მასალას და ვამოწმებ, თუ შეასრულეს ეს დავალება. ამ ტიპის დავალებას შესაძლოა მოსმენითი საშინაო დავალება ან დამოუკიდებლად მოსასმენი დავალებაც ვუწოდოთ. ვიდრე რეგულარულ მოსმენას დავიწყებთ, მოსწავლეებს ჯერ ინტერაქტიური მინი ლექციით ვუხსნი, თუ რატომაა სასარგებლო მოსასმენი დავალების შესრულება, მომყავს შესაბამისი მაგალითები სარგებელის შესახებ (პირველ რიგში ჩემი პრაქტიკიდან) და შემდეგ ვურჩევ, ყოველდღიურად უსმინონ ენის მატარებლების საუბარს, (ლექციას, მონოლოგს და სხვ.) იქნება ეს ტელე ან რადიო გადაცემა, ფილმი თუ ინგლისური ენის შესწავლისთვის ჩაწერილი სავარჯიშო. მოსმენის გეგმას და წესებს მოსწავლეებთან თანამშრომლობით ვადგენ.

დღეს ბევრი ბავშვი თავადაც უსმენს ენის მატარებლის მეტყველებას ონლაინ თამაშებში მონაწილეობის, ფილმების ან მულტფილმების ყურების დროს, მაგრამ არიან მოსწავლეები, რომლებიც ამას არ აკეთებენ, ან რეგულარულად არ აკეთებენ  ან რუსულ ენაზე საუბრის მოსმენას ანიჭებენ უპირატესობას. ამიტომ  მოსწავლეებს ხშირად ვთავაზობ   შეასრულონ მოსმენითი საშინაო დავალება ინგლისურ ენაში.

სასურველია, თავდაპირველად მოსწავლეებს მასწავლებელი  დაეხმაროს მოსასმენი მასალის შერჩევაში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არჩევანის საშუალება მოსწავლეებსაც მივცეთ. როგორც ცნობილია, ასეთ შემთხვევაში მოსწავლეს  მოტივაცია ემატება.  მასწავლებლის დახმარება საჭიროდ მიმაჩნია იმ მიზეზით,  რომ მოსწავლემ საეჭვო  ხარისხის ( როგორც ინგლისური წარმოთქმის,  ასევე შინაარსის მხრივ) ჩანაწერი არ                                                                                                                                  შეარჩიოს ყოველდღიური მოსმენისთვის. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც მოსწავლე ვებგვერდების შერჩევას შეეჩვევა, მას სრული ავტონომია უნდა ჰქონდეს მასალის შერჩევაში.

მოსასმენ მასალას ხშირად ვიღებ ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდიდან. გამომიყენებია პოდკასტები ბიბისის ვებგვერდიდან. მოსასმენი მასალის შერჩევისას ტექსტის სირთულესთან ერთად ვითვალისწინებ შინაარსსაც. არის მოსასმენი მასალა, რომელიც მოსწავლეთა კარიერულ წინსვლას უწყობს ხელს (ასეთია ბევრი გამომსვლელის სიტყვა ,,თედთოქის“ ვებგვერდზე https://www.ted.com/  ).

შესაძლებელია, მთელი კლასისთვის დამზადდეს და საკლასო ოთახში იყოს ენის შესწავლის  პოსტერი ქაღალდის ჯიბეებით. ერთ-ერთი ჯიბე განკუთვნილია მოსასმენი მასალისთვის. აქ მოსწავლეები ათავსებენ მოსმენილი მასალის  მოკლე რეზიუმეს რეკომენდაციით. შესაძლებელია, მოსწავლემ მოიტანოს დისკზე ჩაწერილი მასალა და შეიქმნას აუდიობიბლიოთეკა. მოსასმენი მასალები მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთმანეთს შეიძლება გაუზიარონ რომელიმე ონლაინ პლატფორმის (მაგალითად, ედმოდო) საშუალებითაც.

მოსასმენი მასალა შესაძლებელია იყოს როგორც ავთენტური, ასევე რომელიმე სახელმძღვანელოსთვის და საკითხავი მასალისთვის ჩაწერილი გამარტივებული ტექსტი, რომელიც ენის ფლობის  გარკვეულ დონეს არის მორგებული. როგორც ცნობილია, ავთენტურ მასალაზე მუშაობა ზრდის მოსწავლის მოტივაციას. თუმცა, იგივე მასალა შესაძლოა მოსწავლის დემოტივაციის გამომწვევიც გახდეს, თუ იმდენად რთულია, რომ მოსწავლე ვერ იგებს ან დიდ ნაწილს ვერ იგებს მასში. და მაინც, ავთენტურ მასალაზე მუშაობისას, ისევე როგორც სხვა დავალების  შერჩევის დროს, გასათვალისწინებელია მოსწავლის ინდივიდუალური თვისებები. ჩემი დაკვირვებით, მიუხედავად სირთულისა, ზოგიერთი მოსწავლე მაინც ავთენტურ მასალას ანიჭებს უპირატესობას მაშინაც კი, როცა იგი ძალზე რთული გასაგებია.  ავთენტური მოსასმენი დავალების გამარტივების მიზნით მოსწავლეს შეიძლება მივცეთ შემდეგი დავალებები:  ამოიცნოს, თუ რის შესახებაა ზოგადად მოსასმენი მასალა, ან ამოიცნოს რომელიმე კონკრეტული ინფორმაცია ან დახატოს დროის ხაზი, რომლითაც გამოხატავს მოსასმენ მასალაში გადმოცემული მოვლენების თანმიმდევრობას. ამ და მსგავსი ტიპის დავალებებს უწოდებენ ზოგადი გაგების დავალებებს (‘generic comprehension tasks’) და მათ მოსწავლეებს ხშირად აძლევენ ონლაინ საკითხავი მასალის დამუშავებისას.

შესაძლებელია, მასწავლებელმა და მოსწავლეებმა  პერიოდულად ერთად შეადგინონ მოსასმენი მასალის (ვთქვათ, ფილმების) სია, ან შეარჩიონ თემატიკა და გარკვეული დროის განმავლობაში მხოლოდ ამ თემის ირგვლივ უსმინონ მასალას. მაგალითად, ერთი კვირის განმავლობაში ყველა უსმენს წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიებს ან ვიდეომასალას წარმატების მიღწევის შესახებ. ამ მასალის გამოყენება შესაძლებელი იქნება საკლასო დისკუსიისთვის. ამ შემთხვევაში მოსმენითი საშინაო დავალება დისკუსიისთვის მოსამზადებელი ერთ-ერთი აქტივობა იქნება.

მოსმენითი  საშინაო დავალებების შესრულების დაწყებამდე მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს მოსმენის სტრატეგიებს , რომელიც მათ დამოუკიდებლად მოსმენის პროცესში დასჭირდებათ. ამ სტრატეგიების მითითება საჭიროა, რომ მოსწავლეებმა ეფექტურად იმუშაონ და მოტივაცია არ დაეკარგოთ დავალების შესრულებისას. გარდა ამისა, სასურველია, დროდადრო წარმოთქმისა და ინტონაციის გავარჯიშება და მოსწავლეების ყურადღების მიქცევა წარმოთქმის იმ თავისებურებებზე, რაც გაბმულ მეტყველებას ახასიათებს ინგლისურში.

მასალის მოსმენასთან ერთად მოსწავლეს შესაძლებელია დავავალოთ მოსმენის დღიურის /ჟურნალის წარმოება, რომელშიც ჩაიწერება, თუ რას მოუსმინეს მოსწავლეებმა, მოსმენის თარიღი, მოსასმენი მასალის ხანგრძლივობა, მოკლე ჩანაწერი (ერთი ან ორი წინადადება), თუ რის შესახებაა მოსასმენი მასალა. შესაძლებელია, მოსწავლემ დაწეროს მოსასმენი მასალის რეზიუმე და რამდენიმე წინადადებით წერილობით გადმოსცეს შინაარსი. დღიურის წარმოების წესების შედგენა სასურველია მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობით. დღიური მასწავლებელს ეხმარება გადაავლოს თვალი თუ რას უსმენს მოსწავლეს და მისცეს შესაბამისი მითითებები.

მოსმენითი საშინაო დავალების შესრულებისას მოსწავლეს შესაძლოა დავავალოთ უშუალოდ მოსმენის პროცესში ჩანაწერების გაკეთება.  ეს დაეხმარება მას, გაიაზროს მოსმენილი, გადმოსცეს შინაარსი საკუთარი სიტყვებით, გამოთქვას აზრი მოსასმენი მასალის შესახებ და გასაგებად გადასცეს თანატოლს, თუ რას მოუსმინა.  შესაძლებელია, ჩანაწერების გაკეთების ფორმატი, ჩანაწერების ფურცელი მასწავლებელმა და მოსწავლემ ერთობლივად შეიმუშაონ ან უკვე გამზადებული შაბლონი ჩამოტვირთონ შესაბამისი ვებგვერდიდან.

შესაძლებელია, მოსასმენი დავალების გამოკითხვა მოხდეს გაკვეთილის დასაწყისში ან რომელიმე სხვა ეტაპზე წყვილებში აზრის გაზიარებით.  ერთმანეთისთვის აზრის გაზიარება შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე წუთი. ამ დროს მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ, თუ რას მოუსმინეს, რის შესახებ იყო მოსასმენი მასლა და რეკომენდაციას აძლევენ თანაკლასელს, მოუსმინოს თუ არა ამ მასალას და  რატომ.

გარდა ამისა, შესაძლებელია მოსწავლეებმა ინდივიდუალურად რამდენიმე წუთი წერონ გაკვეთილის დასაწყისში (რამდენიმე წუთიანი წერის აქტივობა), თუ რა ახსოვთ მოსმენითი დავალებიდან და მასწავლებელს ჩააბარონ ნაწერები.

კიდევ ერთი დავალება, რაც მოსწავლეებმა მოსასმენ მასალაზე დაფუძნებით შეიძლება შეასრულონ, არის მოსწავლეების მიერ ამოცნობილი უჩვეულო წარმოთქმის და ინტონაციის ნიმუშების სიის შედგენა. ამ სიაში მოსწავლეები ჩაიწერენ და აღწერენ წარმოთქმის ყველა იმ თავისებურებას,  რომელიც თავად ამოიცნეს და რომელთაც ტექსტის გაგება გარკვეულწილად გაუძნელეს, ან, უბრალოდ, მათთვის სრულ სიახლეს და მოულოდნელობას წარმოადგენდა.

   დავალების გამოკითხვის კიდევ ერთი გზაა, როცა შემთხვევითობის პრინციპით გაძახებული ან მოხალისე მოსწავლე კლასის წინ გააკეთებს რამდენიმეწუთიან პრეზენტაციას მოსასმენი მასალის შესახებ. ამ პრეზენტაციაში, ისევე როგორც წყვილებში აზრების გაზიარებისას, მოკლე შინაარსის გადმოცემასთან ერთად მოსწავლე ისაუბრებს იმის შესახებ, თუ რატომ ურჩევს ან არ ურჩევს მეგობარს მოუსმინოს იმავე ჩანაწერს, მასალას.

იმისთვის, რომ კლასელებს ურჩიონ, მოუსმინონ თუ არა კონკრეტულ მასალას, მასალის შეფასების კრიტერიუმებს  მასწავლებელი და მოსწავლეები წინასწარ შეათანხმებენ. სავარაუდოდ, ასეთი კრიტერიუმები იქნება:

  1. მასალა ჩემი დონის შესაფერისი იყო;
  2. თანამედროვე ინგლისურია;
  3. თემა საინტერესო იყო;
  4. ახალნასწავლი ლექსიკური მასალის განმეორება შევძელი
  5. და ა.შ.

  შედეგები. ყოველდღიური მოსმენითი დავალება აუმჯობესებს როგორც მოსმენის, ასევე საუბრის უნარ-ჩვევებსაც. მოსწავლეები სწავლობენ იმ  სტრატეგიებს, რომლებსაც მათ ცხოვრებაში პრაქტიკული დანიშნულება აქვთ. მოსწავლეებს უუმჯობესდებათ წარმოთქმა, ინტონაცია. ისინი იმეორებენ ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს და ეცნობიან თანამედროვე ინგლისურს. ენობრივი უნარ-ჩვევების განვითარებასთან ერთად მოსწავლეები იძენენ ცოდნას მათთვის საინეტერესო საკითხების შესახებ. გარდა ამისა, დამოუკიდებლად მოსმენის შემთხვევაში მოსწავლეები  უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ საკუთარ სწავლის მიმართ. მოსასმენი სამუშაოს ერთობლივად დაგეგმვა ხელს უწყობს  მასწავლებელისა და მოსწავლის თანამშრომლობის განვითარებას. მასწავლებელი მეტს იგებს მოსწავლის ინტერესებისა შესახებ. მოსასმენმა მასალამ შესაძლოა უბიძგოს მოსწავლეებს განახორციელონ პროექტი ან რაიმე სხვა მათთვის საინტერესო აქტივობა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა
  2. Brown Douglas H., Teaching by Principles: An INgteractive Approach to Language Pedagogy, Second Edition, Longman, 2001
  3. Harmer Jeremy, The Practice of English Language Teaching, Fourth Edition, Pearson Education Limited, 2007
  4. Lindsay Cora with Knight Paul, Learning and Teaching English, Oxford University Press, 2006

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი