შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გაკვეთილის მთავარი გმირები მოსწავლეები არიან

ამ ინტერვიუს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ოთახში ვწერდით. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საკლასო ოთახი იყო, მაგრამ დაკვირვების გარეშეც მიხვდებოდით, რომ ამ სკოლის საუკეთესო თავგადასავლები სწორედ აქ იწყება, გრძელდება და, როგორც მოსწავლეები ამბობენ, არასდროს მთავრდება. ამ ყველაფრის ღერძი 2017 წლის ათი საუკეთესო მასწავლებლიდან ერთ-ერთი, ისტორიის მასწავლებელი ნინო აბულაძეა, თუმცა თვითონ თავს ამ პროცესის მხოლოდ მეორეხარისხოვან პერსონაჟად მიიჩნევს, მთავარი გმირები კი მისი მოსწავლეები არიან.

ეს ოთახი სკოლის კლუბია, ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თავშეყრის ადგილი, სადაც ან გაკვეთილის 45 წუთში ვერმოსწრებული თემები გრძელდება, ან კლასგარეშე აქტივობები იმართება. კლუბის კედლები უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ვიზუალური მასალითაა სავსე. ათვალიერებ და ხვდები, რომ მათთვის არ არსებობს დახურული თემა: რასიზმი, თანასწორობა, თანამედროვე ტექნოლოგიები. და ეს ყველაფერი საქართველოს ისტორიის ამსახველი მასალის გვერდითაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ბავშვებს ქვეყნის წარსული ისევე აინტერესებთ, როგორც უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები.

არ არის იოლი, თანამედროვე ბავშვი საუკუნეების წინანდელი ამბებით ისე დააინტერესო, რომ არა მხოლოდ ისწავლოს, არამედ კვლევის სურვილიც გაუჩნდეს. ნინო აბულაძემ ეს შეძლო – მისი მოსწავლეები აქ არა მხოლოდ გაკვეთილების დასრულების შემდეგ, არამედ შაბათ-კვირასაც მოდიან, რათა გაკვეთილის ქრონომეტრაჟის მიღმა დარჩენილი ინტერესი დაიკმაყოფილონ.

მაგალითად, ჩაუტარებიათ სიმულაციური როლური თამაში არმაზის კერპის მსხვრევის თემაზე. მოსწავლეები ჟურნალისტებად გადაიქცნენ და საკითხის გასაშუქებლად მეოთხე საუკუნეში გადაინაცვლეს. გამოიკვლიეს მომხდარი, დააფიქსირეს თვითმხილველთა კომენტარები, იაზროვნეს კრიტიკულად და შედეგად მოამზადეს ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება, რომლის დასკვნასაც საბოლოოდ ტერორისტულ აქტამდე მივყავართ. მასწავლებელმა კი საუკეთესო შედეგი მიიღო: ამ თამაშისმაგვარი გაკვეთილის წყალობით მოსწავლეები არა მხოლოდ დაინტერესდნენ არმაზის თემით, არამედ სიღრმისეულადაც შეისწავლეს და ფანტაზიასაც ბოლომდე მისცეს გასაქანი.

ჰქონდათ კიდევ ერთი მსგავსი აქტივობა: თამარ მეფის ეპოქა ფეისბუკზე გააცოცხლეს. შექმნეს თავად თამარის, გიორგი რუსის, დავით სოსლანის, ყუთლუ არსლანის, აფრიდონისა და სხვათა პროფილები. თავად ნინო აბულაძე გიორგი მესამეს თამაშობდა. მან თამარი მხოლოდ შემოუშვა თამაშში, დანარჩენი კი მოსწავლეებს მიანდო.

ნინო აბულაძე არ მალავს, რომ მასწავლებლობის დასაწყისში ჩვეულებრივ ლექციური ტიპის გაკვეთილებს ატარებდა და არაფორმალურ სწავლებაზე არც ფიქრობდა. საერთოდ, მასწავლებლობასაც არ აპირებდა, ეთნოგრაფობასა და ქვეყნის შემოვლაზე ოცნებობდა. თუმცა 26 წლისამ სკოლაში დაიწყო მუშაობა და ყველაფერი შეიცვალა.

 

– მასწავლებელთა უმეტესობა სწორედ ამას უსვამს ხაზს – რომ პირველი დღე გადამწყვეტია. რას მოაქვს ეს განცდა? რა მაგია აქვს კლასში პირველად შესვლას?

– შედიხარ კლასში და 33 ბავშვის თვალები შემოგცქერის, რომლებიც ელოდებიან, რომ მათთვის რაღაც სასწაულს ჩაიდენ. მაშინვე მოქმედებაზე გადადიხარ. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენ წინ 33 ბავშვი კი არა, 33 ინდივიდი ზის, რომლებიც განსხვავებულ მიდგომას მოითხოვენ. ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთო, რათა თითოეული მათგანი აიყოლიო. ვერაფერი შეედრება განცდას, როცა ასპროცენტიან შედეგს იღებ.

– ასეთი შედეგი ხშირია?

– ვცდილობ, ასე იყოს, მაგრამ თუ რომელიმე მოსწავლეს დაუინტერესებლობა შევატყვე, არ ვნებდები, ბოლომდე უნდა გავხსნა. ვერაფრით ვიგუებ განზე მდგომ მოსწავლეს, უნდა ვიცოდე, რომ გრძნობს გაკვეთილს, რომელსაც ესწრება და აქტივობის სურვილიც უჩნდება. ამიტომ გამუდმებით ვეძებ გამოსავალს. მაგალითად, ვიღაცას გაკვეთილის საჯაროდ მოყოლა არ შეუძლია, მაგრამ ხატავს, ამიტომ, ვთხოვ, მოსაყოლი მასალა ნახატით ამიწეროს. შედეგი ყოველთვის საინტერესოა – ნახატით გაცილებით მეტს გადმოსცემენ, ვიდრე დაფასთან გამოსვლისას მოყვებოდნენ. თანაც ნახატებში ცოდნასთან ერთად მათი ხასიათის ამოკითხვაც შეიძლება.

– განათლებით ეთნოგრაფი ხართ, მაგრამ სპეციალობით არ მუშაობთ. რამდენად ინაზღაურებთ დანაკლისს სკოლაში?

– სკოლაში მუშაობით ეთნოგრაფობაზე ოცნებაც ავიხდინე. ხუთი წლის განმავლობაში მოსწავლეებთან ერთად, მთელი საქართველო მოვიარე. მაშინ მეშვიდე კლასი მყავდა და საქართველოს ისტორიის შესწავლის პარალელურად ტრადიციების გაცნობაც შევთავაზე. ბავშვებიც და მშობლებიც სიხარულით დამთანხმდნენ. გადავწყვიტე, სადაც ჩავიდოდით, იქაური სკოლებიც მოგვენახულებინა და ადგილობრივი მოსწავლეები გაგვეცნო. ახალციხიდან დავიწყეთ, ჩავიწერეთ ტრადიციები, თქმულებები, მოვიარეთ ტაძრები და ბოლოს შეგროვებული ინფორმაცია სპეციალურად გაკეთებულ ვებგვერდზეც განვათავსეთ. შემდეგ ჩვიდმეტი დღე მთიან აჭარაში გავატარეთ, ვიყავით გურიაში, თუშეთში, კახეთში. გარდა იმისა, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო პრაქტიკა იყო, ბავშვებმა უკეთესად გაიცნეს ქვეყანა. მხოლოდ ასეთი საინტერესო აქტივობებით შეიძლება, თანამედროვე მოსწავლე წარსულით დააინტერესო და შეაყვარო კიდეც.

– დღეს, ფაქტობრივად, ყველაფერი ტექნოლოგიებზე დგას. როგორ იყენებთ მათ სასწავლო პროცესში?

– უპირველეს ყოვლისა, არასდროს ვკრძალავ ტელეფონებს. კლასში გვაქვს პლანშეტებიც. დაე, გამოიყენონ ისინი და მეტი ინფორმაცია მიიღონ. არცთუ იშვიათად გაკვეთილებიდან პირდაპირ ჩართვასაც ვაკეთებ. ზოგს ასეთი მიდგომა არ მოსწონს, მაგრამ მე როგორც მასწავლებელს ძალიან მზრდის. გარდა ამისა, ეს ჩემი მეთოდებისა და სასწავლო რესურსების სხვა მასწავლებლებისთვის გაზიარების საშუალებაა. მსგავსი მეთოდით ბევრი მუშაობს, მათ შორის – რეგიონების სკოლების მასწავლებლებიც, სადაც საკმაოდ ბევრი აქტიური პედაგოგია. მაგალითად, როდესაც ჩემს კლასში „მაინკრაფტით“ საქართველოს რეგიონების შექმნა დავიწყეთ, ვიცოდი, რომ სხვას უკვე ჰქონდა „ვეფხისტყაოსანის“ თემაზე ნამუშევარი.

– ამ საკულტო ვიდეოთამაშის სასწავლო რესურსად გამოყენების ამბავი არასდროს გამიგონია…

– „მაინკრაფტის“ შესახებ 2016 წელს ბუდაპეშტში, განათლების გლობალურ ფორუმზე გვიამბეს და იქვე აგვიხსნეს, როგორ გამოგვეყენებინა. ცხადია, ჩემმა მოსწავლეებმა მასზე ყველაფერი იცოდნენ და მაშინვე ვთხოვე, ჩემთვისაც ესწავლებინათ. ამის შემდეგ კი საქართველოს რეგიონების შექმნა დავიწყეთ. უკვე გაკეთებული გვაქვს შიდა ქართლი და კახეთი, ნაწილობრივ – თბილისიც. ეს არის საოცარი პროცესი და შესანიშნავი სასწავლო რესურსი, რომლის გამოყენება სხვა საგნებშიც შეიძლება.

ასევე წარმატებით ვიყენებ „მაიკროსოფტის“ OneNote-საც. ყველანაირი მსჯელობა და დისკუსია, რასაც გაკვეთილზე ვერ ვასწრებთ, იქ გადაგვაქვს და ერთობლივად განვიხილავთ. ასეთ დროს ბავშვები გრძნობენ, რომ მე არ ვარ მთავარი, რომ ისინი პროცესის სრულუფლებიანი მონაწილეები, აუცილებელი რგოლები არიან. ზოგჯერ ვთხოვ კიდეც, ცოტა ხნით თავად იქცნენ მასწავლებლად, მოამზადონ თემა, რესურსები და გაკვეთილი ჩაატარონ, მე კი მერხთან ვჯდები. ასეთ დროს, როგორც წესი, ჩემს ხასიათსა და მანერებს ამჟღავნებენ, რაც საკუთარი თავის გვერდიდან დანახვის საშუალებას მაძლევს. ყოველთვის ვცდილობ, ვაგრძნობინო, რომ ჩემი გაკვეთილების მთავარი გმირები სწორედ ისინი არიან, მე კი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ვარ, რომელიც მხოლოდ მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე ზრუნავს.

– ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ კიდეც, რომ სკოლა მოსწავლეზე უნდა იყოს ორიენტირებული.

– მოსწავლე სკოლაში სიხარულით უნდა მოდიოდეს, მასწავლებელს კი არ ესმოდეს გაკვეთილის დასრულების მაუწყებელი ზარით გახარებული ბავშვების ჟრიამული. თავად ხშირად მესმის, როგორ წუხან ზარის დარეკვის გამო და მერწმუნეთ, ეს უდიდესი სიამოვნებაა. გამიგონია გადაჩურჩულებაც: „ახლა, ნახე, რაღაცას მოიფიქრებს, რაღაცას გვიმზადებს“. ეს ნიშნავს, რომ ჩემგან გამუდმებით ელიან სიახლეს და მეც ყველაფერს ვთავაზობ, რაც შემიძლია.

– მასწავლებლებს არა მხოლოდ სწავლება, არამედ აღზრდაც გევალებათ.

– ჩემი ყოფილი მოსწავლე ქეთი მურღულია ამჟამად ევროკავშირის წარმომადგენელია საქართველოში. რამდენიმე კვირის წინ ჩემს ახლანდელ მოსწავლეებს შეხვდა. ჩემთვის უდიდესი შეფასება იყო, როდესაც ქეთიმ მათ უთხრა, მახსოვს, ჩვენც ასეთი თავისუფლები ვიყავით გაკვეთილზე, შეგვეძლო აზრის გამოთქმა და ნებისმიერი თემის განხილვაო. საკითხის ახსნისას არასდროს ვიყენებ მტკიცებით ფორმას, მხოლოდ კითხვითს, რადგან პასუხის მოსმენა, პირველ რიგში, მოსწავლეებისგან მინდა. ვცდილობ, კრიტიკულად იაზროვნონ და იდეალად ქცეულ ცნობილ ადამიანებსაც მოუძებნონ ნაკლი, რათა მათი პიროვნების ნამდვილი არსი დაინახონ. ასე თვითკრიტიკულებიც ხდებიან, რაც ადამიანის აღზრდის პროცესში უმნიშვნელოვანესია.

– სკოლა „ჯეჯილში“ უმცროს კლასებს აწავლით, აქ კი უფროსებს. რამდენად განსხვავებულ მიდგომას იყენებთ მათთან ურთიერთობისას?

– ყველა ასაკის მოსწავლეს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, მასწავლებელს კი აუცილებლად უნდა შეეძლოს ლექსიკონის, ტერმინებისა და ახსნის მეთოდების ცვლა. მესამე კლასიდან მეცხრეში იმავე განწყობით ვერ შეხვალ. აქ არა მხოლოდ თემებია განსხვავებული, არამედ თავად ბავშვებიც: უფროსები სულ სხვანაირად აზროვნებენ და თავს თანატოლადაც გაგრძნობინებენ. მათ უკვე იციან, რომ ყველა აზრი მისაღებია, მაგრამ იციან ისიც, რომ აზრს მსჯელობა და არგუმენტებიც უნდა მოაყოლონ – მოსაზრება მსჯელობის გარეშე ცარიელი მოსაზრებაა. ისინი უფრო საზრიანები და სხარტები არიან, რაშიც მათ მედიაწიგნიერებაც ეხმარება, ეს კი ჩემს თაობას ძალიან აკლია.

წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, რა არის თანამედროვე სკოლის მთავარი პრობლემა?

– სკოლას აუცილებლად სჭირდება ახალი კადრები, ახალგაზრდა მასწავლებლები. ჩემს ყოფილ მოსწავლეში, რომელიც დღეს უკვე სტუდენტია, ვხედავ ადამიანს, რომელიც ოდესმე შემცვლის და ეს ძალიან მახარებს. მას აუცილებლად დავუთმობ ადგილს, როგორც კი მივხვდები, რომ მასწავლებლობა აღარ შემიძლია, რომ ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები, რომ გაკვეთილის ჩატარებისას მოსწავლეების თვალებში ინტერესს ვეღარ ვხედავ. ამას ყველა მასწავლებელი უნდა აცნობიერებდეს და ცდილობდეს, მუდმივად ვითარდებოდეს, რადგან ოცი წლის წინანადელი მეთოდებით დღეს გაკვეთილის ჩატარება აღარ შეიძლება. თუ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის უფსკრული გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ უნდა წავიდეს და ადგილი სხვას დაუთმოს. თუმცა ანაზღაურების გაზრდის გარეშე ესეც შეუძლებელია. ახალგაზრდას სჭირდება ფინანსური მოტივაცია, რადგან კარგი კადრი ყოველთვის შეძლებს სხვა სფეროში დასაქმებას. თუ ისინი მოსწავლეობის პერიოდშივე დაინახავენ, რომ სკოლა არის ადგილი, სადაც შეიძლება სიხარულით მოდიოდნენ, გავა წლები და აქ აუცილებლად დაბრუნდებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი